მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 11.05.2026. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მილოცვის წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია:
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ!
ქრისტე აღდგა!
მიიღეთ ჩემი უგულითადესი მილოცვა სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქების უძველეს საყდარზე არჩევასთან დაკავშირებით.
უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც ბრძნულად ზრუნავს თავის ეკლესიაზე, თქვენ მხრებზე დაგადგათ საპატრიარქო მსახურების მძიმე ჯვარი, გარწმუნათ რა მართლმადიდებლობის ბედი უძველესი ივერიის კურთხეულ მიწაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მწემსთმთავრებმა, სულიწმიდის ხელმძღვანელობით, თქვენში დაინახეს მარადსახსენებელი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღირსეული მემკვიდრე, მისი შრომის გამგრძელებელი, მისი ბრძნული მცნებების მცველი და ქრისტეს ერთგული მსახური (შდრ. კოლ. 1:7). თქვენი ღვთივგანსვენებული წინამორბედის შემდეგ, თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოში სიტყუაი ღმრთისაი რბიოდეს და იდიდებოდის (2 თეს. 3:1), ასევე ღმრთის წმინდა ეკლესიებს შორის ერთობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე წმინდა კანონების ურყევი საფუძვლების შესაბამისად. ჩვენთვის ძვირფასია ის ფაქტი, რომ თქვენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან, სადაც მიიღეთ საღვთისმეტყველო განათლება და გაიარეთ სამწყემსო მსახურება, უწევდით რა სულიერ ხელმძღვანელობას ქართულ სამრევლოს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენი პატრიარქობის წლებში გაძლიერდება და განვითარდება ჩვენს ეკლესიებს შორის ტრადიციულად ძმური ორმხრივი ურთიერთობა, რომელმაც დროში გამოცდას გაუძლო და დარჩა კეთილი და სანდო სხვადასხვა, ზოგჯერ ფრიად არასახარბიელო, პოლიტიკურ ვითარებაში.
ვლოცულობ გულმოწყალე ღმრთის მიმართ, რომ მან ყოველთვის გაგაძლიეროთ თქვენს მაღალ საწინამძღვრო მსახურებაში და შეგვეწიოს ყველას, დაუზიანებლად შევინარჩუნოთ სულიერი ერთობის კავშირები ჩვენს და-ეკლესიებსა და მათი სულიერი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ერთმორწმუნე ხალხებს შორის.
მოკრძალებული სიყვარულით ქრისტეში,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების
განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026