მოსკოვის საპატრიარქო
2026 წლის 22 ოქტომბრის წმინდა სინოდის ოქმები
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.10.2026. 2026 წლის 22 ოქტომბერს, მოსკოვის დანილოვოს მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა.
ოქმი No82
იმსჯელეს მღვდლად და დიაკვნად ხელთდასხმისას კანდიდატის საქიროტონიო ფიცის ტექსტში დამატების შეტანასთან დაკავშირებით, ასევე საქიროტონიო გამოცდის ტექსტის დამტკიცების შესახებ.
ცნობა:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2011 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი No21), დაამტკიცა მღვდლად და დიაკვნად ხელთდასხმის ფიცის ერთიანი ტექსტი. რაც შეეხება ხელთდასხმისას კანდიდატების გამოცდის ტექსტს, ეს აქამდე არ ყოფილა დამტკიცებული წმინდა სინოდის მიერ.
ეკლესიის მართვის, სამწყსო მზრუნველობისა და ეკლესიური ცხოვრების ორგანიზაციის საკითხებში კრებათაშორისმა კომისიამ, თემაზე „მღვდელი და სამრევლო სოციალურ ქსელებში – მიზნები, ამოცანები, მეთოდები და საქმიანობის საზღვრები“ მუშაობისას, აღნიშნა, რომ ამ თემის ირგვლივ წამოჭრილი ზოგიერთი პრობლემა არ არის ასახული ხელთდასხმის ფიცში.
კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ეპარქიებში არ არსებობს ერთგვაროვნება საქიროტონიო გამოცდის ტექსტში. საკითხის შესასწავლად მოთხოვნილი იქნა ეპარქიებში გამოყენებული ტექსტები და მიღებული იქნა 209 პასუხი. მათი განხილვის შემდეგ კომისიამ თავისი წინადადებები წარუდგინა წმინდა სინოდს.
დაადგინეს:
1. საქიროტონიო ფიცის ადრე დამტკიცებული ტექსტის დამატება:
სიტყვების შემდეგ: „ჩემი მღვდელთმთავრის ნების გარეშე, არ დავტოვო და თვითნებურად არსად გადავიდე იმ ადგილიდან, სადაც მსახურებისთვის ვიქნები გამწესებული“
– დაემატოს სიტყვები: „არ ვისაუბრო საჯაროდ ეკლესიის სახელით იერარქის კურთხევის გარეშე, არ გავაკეთო ისეთი განცხადებები მედიაში ან ინტერნეტში (მათ შორის სოციალურ მედიაში), რომლებიც დისკრედიტაციას უწევს მართლმადიდებელ ეკლესიას ან ამახინჯებს მის სწავლებას, არ გამოვიყენო ინტერნეტ-სივრცე პირადი სარგებლის მიღების მიზნით“.
2. დამტკიცდეს მღვდლებისა და დიაკვნების საქიროტონიო გამოცდის ტექსტები, რომლებიც თან ერთვის ამ ჟურნალს.
3. გამოქვეყნდეს საქიროტონიო ფიცისა და საქიროტონიო გამოცდის დამტკიცებული ტექსტები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ საიტზე და გავრცელდეს ისინი ეპარქიებში გამოსაყენებლად.
4. ეკლესიის მართვის, სამწყსო მზრუნველობისა და ეკლესიური ცხოვრების ორგანიზაციის საკითხებში კრებათაშორისმა კომისიამ დამატებით გამოიმუშაოს სამონაზვნო კანდიდატების გამოცდის ტექსტი.
ოქმი No98
მოისმინეს:
საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება სასულიერო პირის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გადასვლის შესახებ შემოსულ თხოვნასთან დაკავშირებით.
ცნობა:
2006 წლის 17-19 ივლისის სხდომაზე წმინდა სინოდმა (ოქმი No53) დაადგინა, რომ სასულიერო პირის სხვა კანონიკურ იურისდიქციაში გადაყვანა ხორციელდება ეპარქიის ეპისკოპოსის წარდგინებით, წმინდა სინოდის თანხმობით და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის განტევების სიგელის საფუძველზე. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, წერილი გამოგზავნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილებაში, რომელშიც ითხოვს, განვიხილოთ შესაძლებლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის საეკლესიო დასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის სასულიერო პირის, პროტოდიაკონ არჩილ ჩხიკვაძის გადასვლის შესახებ. რუზსკის მთავარეპისკოპოსი ტიხონი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის ყოვლადუსამღვდელოესი მმართველი, არ ეწინააღმდეგება ხსენებული სასულიერო პირის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში გადასვლას.
დაადგინეს:
გაიცეს კურთხევა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინისა და ავსტრიის ეპარქიის სასულიერო პირის, პროტოდიაკონ არჩილ ჩხიკვაძის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის საეკლესიო დასში გადასვლის შესახებ. გაეგზავნოს აღნიშნული სასულიერო პირის განტევების სიგელი სრულიად საქართველოს უწმინდეს და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო