მთავარი გვერდი ახალი ამბები
მართლმადიდებლური დამოკიდებულება რომაულ-კათოლიკურ ეკლესი…

მართლმადიდებლური დამოკიდებულება რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში „დაურეგულირებულ ვითარებაში მყოფი წყვილებისა და ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევის ახალ პრაქტიკასთან მიმართებით

 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით, სინოდალურმა ბიბლიურ-საღვთისმეტყველო კომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი „მართლმადიდებლური დამოკიდებულება რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში „დაურეგულირებულ ვითარებაში მყოფი წყვილებისა და ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევის ახალ პრაქტიკისთან მიმართებით.

შესავალი

„დაურეგულირებულ ვითარებაში მყოფი წყვილებისა და ერთნაირსქესიანი წყვილების“[1] კურთხევის ახალი პრაქტიკა წარმოდგენილია დოკუმენტში „Fiducia supplicans“ (ლათ. „ნდობის თხოვნა“), რომელიც მიღებულია რომაულ-კათოლიკური ეკლესიის სარწმუნოებრივი სწავლების კონგრეგაციის მიერ. დოკუმენტი გამოქვეყნდა ვატიკანის ოფიციალურ რესურსებზე 2023 წლის 18 დეკემბერს. ის ხელმოწერილია კონგრეგაციის პრეფექტის, კარდინალ მანუელ ფერნანდესისა და დოქტრინალური განყოფილების მდივნის, არმანდო მატეოს მიერ, და დაამტკიცა და ხელი მოაწერა მას პაპმა ფრანცისკემ.

დეკლარაცია „Fiducia supplicans“ არის პასუხი კათოლიკური საზოგადოების კითხვებზე, „ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევის შესახებ სარწმუნოებრივი სწავლების კონგრეგაციის დოკუმენტთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტი თარიღდება 2021 წლის 22 თებერვლით[2], და მასში პირდაპირ არის ნათქვამი „ერთნაირსქესიანთა კავშირის“ კურთხევის შეუძლებლობაზე. სარწმუნოებრივი სწავლების კონგრეგაციის ახალ დოკუმენტში, რომელიც დამტკიცებულია რომის პაპის მიერ, ეს ცალსახა პოზიცია შეცვლილია: შემოთავაზებულია გარკვეულ პირობებში ისეთი წყვილების კურთხევის შესაძლებლობა, რომლებიც „დაურეგულერებულ ვითარებაში“ და „ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრებაში“ იმყოფებიან.

„Fiducia supplicans“-ის დეკლარაციაში გამოთქმული იდეები წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახრას ქრისტიანული ზნეობრივი სწავლებიდან და თეოლოგიურ ანალიზს მოითხოვს.

 

1.   აღნიშნულ დოკუმენტში კურთხევის „კლასიკური“ და „გაფართოებული“ გაგების შესახებ

 

კურთხევის მთავარი ატრიბუტი, დეკლარაციის თანახმად, წარმოადგენს აღნიშნული აქტის მიმართულობას „ღვთის დიდებაზე და მისი ერის სულიერ სარგებლობაზე“[3]. კურთხევის „კლასიკური“[4] გაგება „მოითხოვს, რომ ის, რაც იკურთხება, შეესაბამებოდეს ეკლესიის სწავლებაში გამოხატულ საღვთო ნებას“[5].

თუმცა, დეკლარაციის შემდგომი ლოგიკა მიმართული კურთხევის მნიშვნელობის კლასიკური გაგების „გაფართოებისა“ და „გამდიდრებისკენ“. ამ ახალი გაგების საფუძველად მითითებულია რომის პაპის, ფრანცისკეს მოსაზრება „ერთი ან რამდენიმე პირის მიერ კურთხევის ფორმების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეიცავს ქორწინების შესახებ მცდარ წარმოდგენებს“[6]. ეს მოსაზრება გამოთქმული იყო 2023 წელს ვატიკანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „პასუხებში ორი კარდინალის მიერ წარმოდგენილ კითხვებზე“[7]. იგი შეიცავდა მოწოდებას „არ დავუტეოთ სამწყემსო გულმოწყალება... და არ ვიყოთ „მსაჯულები, რომლებიც მხოლოდ უარყოფენ, უკუაგდებენ, გამორიცხავენ“[8], რამაც სარწმუნოებრივი სწავლების კონგრეგაცია აღძრა იმად, რომ ჩამოეყალიბებინა „განსაკუთრებული და ინოვაციური წვლილი კურთხევის სამწყემსო მნიშვნელობაში, რაც მათ საშუალებას აძლევს გააფართოონ და გაამდიდრონ თავიანთი კლასიკური გაგება ლიტურგიკული თვალსაზრისით“[9].

კურთხევის გაგების „გაფართოება“ ემყარება მხოლოდ იმ თეზისს, რომ მრავალრიცხოვანმა მორალურმა დადგენილებამ „შეიძლება დაჩრდილოს საღვთო სიყვარულის უპირობო ძალა, რომელსაც ეფუძნება კურთხევის ჟესტი“[10]. ამ თეზისიდან გამომდინარე, დეკლარაციის ავტორები ისეთი სიტუაციების თავიდან აცილებას გვთავაზობენ, როდესაც „უბრალო კურთხევისთვის საჭირო გახდებოდა იგივე ზნეობრივი პირობების დაცვა, როგორიც საიდუმლოებათა მიღებისას“[11].

მორალური პრინციპების დაცვის მოუთხოვნელობა მათგან, ვინც იკურთხება, აიხსნება იმის სურვილით, რომ ღვთის სიყვარული არ დაიჩრდილოს. მაგრამ ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარული არ შეიძლება გახდეს ცოდვილ თანაცხოვრებაში მყოფი წყვილების კურთხევის საფუძველი. ღმერთს უყვარს ადამიანი, მაგრამ იმავდროულად მას სრულყოფილებისკენ მოუწოდებს: „იყავით სრულყოფილნი, როგორც სრულყოფილია თქვენი ზეციერი მამა“ (მთ. 5:48). ღვთის სიყვარული ადამიანს მოუწოდებს, უარი თქვას სიცოცხლის გამანადგურებელ ცოდვაზე. შესაბამისად, ადამიანზე სამწყემსო ზრუნვაც ჰარმონიულად უნდა აერთიანებდეს ცოდვილი ცხოვრების წესის დაუშვებლობის მკაფიო მითითებას და სინანულთან მიმყვანებელ სიყვარულს.

დოკუმენტში არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს „დაურეგულირებული ვითარება“. ვინაიდან „ერთნაირსქესიანთა წყვილები“ ​​ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „დაურეგულირებული ვითარება“ გულისხმობს მამაკაცისა და ქალისა ისეთ თანაცხოვრებას, რომელიც არ არის ქორწინების საიდუმლოთი განწმედილი.

„Fiducia supplicans“-ის დოკუმენტში არაფერია ნათქვამი კურთხევის მიღებამდე ურთიერთობის კანონიკური „დარეგულირების“ აუცილებლობაზე. შესაბამისად, საუბარია ირიბი ლეგიტიმაციის ერთგვარი ფორმის შემოღებაზე, რაც, არსებითად, არალეგიტიმურია, მიუხედავად დოკუმენტში აღნიშნული წინაპირობისა იმის თაობაზე, რომ ასეთი კურთხევის მოთხოვნით, ადამიანი, რომელიც „დაურეგულირებულ“ თანაცხოვრებაში იმყოფება, თითქოს „არ აპირებს რაიმეს დაკანონებას, არამედ მხოლოდ უცხადებს თავის ცხოვრებას ღმერთს და ითხოვს მის დახმარებას, რომ უკეთ იცხოვროს და, ასევე, იხმობს სულიწმიდას, რათა სახარებისეული ფასეულობები უფრო ერთგულად დაიცვას“[12].

დეკლარაციაში ცოდვის ცნება რამდენჯერმე გვხვდება, მაგრამ   მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულის, მიტევებისა და კურთხევის შესახებ მსჯელობის კონტექსტში: „წუთისოფლის ცოდვა უზარმაზარია, მაგრამ ის არ არის უსასრულო“[13]; „მაშასადამე, ჩვენ ღმერთისთვის უფრო მნიშვნელოვნები ვართ, ვიდრე ყველა ის ცოდვა, რომლებიც შეიძლება ჩავიდინოთ“[14]; „როცა ადამიანი აცნობიერებს უფლის საბოძვარს და მის უპირობო სიყვარულს, თუნდაც ცოდვის დროს, განსაკუთრებით როცა ლოცვა შესმენილია, მორწმუნის გული ადიდებს ღმერთს და აკურთხებს მას“[15]; „თვით საეკლესიო ლიტურგია მოგვიწოდებს ცოდვებს შორისაც კი ასეთი ნდობისკენ“[16]; „ღმერთთან ურთიერთობა რომც იყოს ცოდვით შებღალული, მაინც ყოველთვის შეიძლება მისკენ ხელის გაწვდენა და კურთხევის თხოვნა, როგორც ეს პეტრემ გააკეთა ქარიშხლის დროს“[17].

დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ცოდვასთან ბრძოლაზე, ცოდვილი ცხოვრების უარყოფაზე, ცოდვის დაძლევაში მორწმუნისათვის სამწყემსო დახმარების გაწევაზე. დეკლარაციის ტექსტი ისეა შედგენილი, რომ მისგან შეიძლება დავასკვნათ, თითქოს ცოდვილი ცხოვრების წესი არ წარმოადგენს დაბრკოლებას ღმერთთან ზიარებისთვის. დეკლარაცია სრულიად დუმს სინანულის საიდუმლოზე, როგორც საღვთო მადლის მიღების აუცილებელ წყაროზე ყველასთვის, ვისაც სურს თავის ცხოვრებაში გამოასწოროს ყველაფერი, რაც შეუსაბამოა ღვთის ნებასთან.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დეკლარაციაში მოყვანილი პაპ ფრანცისკეს მოსაზრება კურთხევის მთხოვნელთა მოტივებზე: „როდესაც ადამიანი კურთხევას ითხოვს, მაშინ ის დახმარებისთვის ღმერთს მიმართავს. ეს არის ვედრება იმის შესახებ, რომ უკეთესად იცხოვროს; ეს არის მამისადმი ნდობა, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს, რომ უკეთესად ვიცხოვროთ”[18]. ცოდვილ კავშირში მცხოვრები წყვილის კურთხევასთან დაკავშირებით, ვერ დავეთანხმებით, რომ ყველა, ვინც კურთხევისთვის მოდის, სწორედ ამ მოტივით ხელმძღვანელობს. მათთვის, ვინც აცნობიერებენ თავიანთი მდგომარეობის სულიერ საშიშროებას და სურთ, დახმარებისთვის ღმერთს მიმართონ, უფრო ბუნებრივი და სწორი იქნებოდა კურთხევისა და სულიერი დახმარებისთვის მიემართათ არა როგორც წყვილს, არამედ თითოეულს დამოუკიდებლად, რათა განმტკიცებულიყვნენ ცოდვილი ცხოვრების წესის უარყოფის გადაწყვეტილებაში. სავსებით მოსალოდნელია, რომ წყვილმა, რომელიც კურთხევას ითხოვს ცოდვილი ცხოვრების წესზე უარის თქმის სურვილის გარეშე, მხოლოდ სინდისის დასამშვიდებლად მოისურვოს თავისი ურთიერთობის ლეგიტიმაცია, რომელიც შეუსაბამოა ქრისტიანული ცხოვრების ნორმებთან.


2.   „ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევის შესახებ

დეკლარაციის ავტორები აცხადებენ, რომ კათოლიკური ეკლესია გამოდის ქორწინების იმ გაგებიდან, რომ „განსაკუთრებული, სტაბილური და განუყოფელი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, ბუნებრივად გულისხმობს შვილების გაჩენას“[19]. ქორწინების ეს გაგება შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას, რომელიც ასახულია, კერძოდ, „ეკლესიური ქორწინების კანონიკური ასპექტების შესახებ“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დოკუმენტში: „ეკლესია კატეგორიულად არ ცნობს და არც არასდროს სცნობს ერთი და იმავე სქესის პირთა კავშირს, როგორც ქორწინებას, მიუხედავად სამოქალაქო კანონმდებლობით ასეთი კავშირის ქორწინებად აღიარებისა თუ არაღიარებისა, აგრეთვე, თანაცხოვრების სხვა ფორმებს, რომლებიც არ შეესაბამება ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, ადრე მოცემულ განსაზღვრებას“[20].

თუმცა, ქორწინების, როგორც ეკლესიის მიერ კურთხეული მამაკაცისა და ქალის კავშირის ხელშეუხებელ დებულებასთან ერთად, „Fiducia supplicans“-ის ტექსტი აცხადებს „ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევის შესაძლებლობას. დოკუმენტის მთელი ნაწილი, რომელიც ამ კურთხევებს ეძღვნება, რადიკალურ წინააღმდეგობაშია ქრისტიანულ ზნეობრივ სწავლებასთან.

დოკუმენტი, ფაქტობრივად, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის თანაცხოვრებას უთანაბრებს ქორწინების გარეშე ჰეტეროსექსუალურ თანაცხოვრებას. ამასთან, სხვადასხვა სქესის პირებს შორის ქორწინების გარეშე თანაცხოვრება ასახულია კათოლიკური ეკლესიის კანონიკურ სამართალში, მაშინ როდესაც „ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევა – ახალი მოვლენაა.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ასეთ თანაცხოვრებაში მყოფი პირები კურთხევის მისაღებად არ საჭიროებენ ცხოვრების წესის არანაირ ცვლილებას. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე „ვინც აღიარებს საკუთარ თავს შეჭირვებულად და საჭიროებს ღმერთის დახმარებას, მაგრამ არ მოითხოვს საკუთარი სტატუსის ლეგიტიმურობას, არამედ ითხოვს, რომ ყველაფერი, რაც მართალია, კეთილია და ადამიანურად სინამდვილეა მის ცხოვრებასა და ურთიერთობებში, შეივსოს, განიკურნოს და ამაღლდეს სულიწმიდის მეშვეობით“[21], შეუძლია მიიღოს კურთხევა, რომელიც გარდამოდის იმისთვის, „რომ ადამიანური ურთიერთობები მომწიფდეს და გაიზარდოს სახარების უწყების ერთგულებაში, განთავისუფლდეს არასრულყოფილებისა და სისუსტისგან და გამოხატოს საკუთარი თავი საღვთო სიყვარულის უფრო დიდ განზომილებაში“[22].

კურთხევის „გაფართოებული“ გაგების აღნიშნული გამოყენება „ერთნაირსქესიან წყვილებთან“ მიმართებით, იწვევს პრინციპულ უთანხმოებას. თუკი კურთხევის მიზანია ადამიანური ურთიერთობების განკურნება სულიწმიდის მეშვეობით, მაშინ ასეთი განკურნება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ ცოდვილი ურთიერთობების შეწყვეტა. იმისათვის, რომ „მომწიფდეს და გაიზარდოს სახარების უწყების ერთგულებაში“, და ასეთმა წყვილმა უნდა დაუტეოს ამ უწყებასთან შეუსაბამო ურთიერთობა. სხვა შემთხვევაში კურთხევა ცოდვის გამამართლებელი ხდება. ამრიგად, დეკლარაციის ლოგიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც წინააღმდეგობრივი ქრისტიანულ ზნეობრივ სწავლებასთან.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვილ კავშირში მყოფ პირებს უწოდებენ „შეჭირვებულებს“[23], თითქოს მორალური ნაკლი არ გულისხმობდეს მათ გაცნობიერებულ და თავისუფალ არჩევანს. აქცენტი გადადის ცოდვილის ზნეობრივი გადაწყვეტილების მიღების ფაქტის გაცნობიერებიდან მისი მდგომარეობის საწყალობელ ხასიათზე.

„Fiducia supplicans“-ის დოკუმენტში არ არის დეფინიცირებული „ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრება“, როგორც ცოდვა. საპირისპირო მაგალითს ამ შემთხვევაში წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომელიც იძლევა ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის გააზრებას დოკუმენტში – „სოციალური კონცეფციის საფუძვლები“, სადაც ჰომოსექსუალობა პირდაპირ და ცალსახად მიჩნეულია „ადამიანური ბუნების ცოდვილ დაზიანებად, რომლის დაძლევაც ხდება სულიერი ძალისხმევით, რასაც მოჰყვება ადამიანის განკურნება და პიროვნული ზრდა“[24].

დოკუმენტში „ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევა გათანაბრებულია „დაურეგულირებულ მდგომარეობაში“ მყოფ წყვილების კურთხევასთან. ორივე შემთხვევაში ეს კურთხევა გამოდის როგორც ქორწინების საიდუმლოს, ისე ლიტურგიკული წეს-განგების ფიქსირებული ჩარჩოების გარეთ. ამასთან, დოკუმენტში მოცემული პრაქტიკული რეკომენდაციები არანაკლებ ორაზროვანია, ვიდრე ის საღვთისმეტყველო პოზიციები, საიდანაც ისინი გამომდინარეობს.

დოკუმენტის სიტყვებით, „კეთილგონიერებამ და სამწყემსო სიბრძნემ შეიძლება უკარნახოს, რომ მორწმუნეთა შორის ცდუნების ან მჭმუნვარების სერიოზული ფორმების თავიდან ასაცილებლად, ხელთდასხმული მსახური შეუერთდეს იმ ადამიანთა ლოცვებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებიან ისეთ კავშირში, რომელიც ვერანაირად ვერ შეედრება ქორწინებას, მაგრამ სურთ, მიანდონ საკუთარი თავი უფალს და მის წყალობას, მოიხმონ მისი დახმარება და ესწრაფონ სიყვარულისა და ჭეშმარიტების მისეული განგებულების უკეთ გააზრებას“[25]. კურთხევის ფორმა, რომელიც გამოიყენება „დაურეგულირებული სიტუაციაში“ მყოფი პირებისა და „ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის“, „არ უნდა იყოს რიტუალურად დამტკიცებული საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან, რათა არ მოხდეს ქორწინების საიდუმლოსთვის დამახასიათებელ კურთხევასთან მისი აღრევა“[26].

სხვა სიტყვებით, დეკლარაციის ავტორები საშიშროებას ხედავენ არა თავად „დაურეგულრებულ სიტუაციაში“ ან „ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრებაში“, არამედ იმ ცდუნებაში, მჭმუნვარებაში ან აღრევაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მორწმუნეებს შორის იმის გამო, რომ მღვდლის მიერ მიცემული კურთხევა გარეგნულად ქორწინების საიდუმლოს მსგავსი იქნება. იმავე შედეგების თავიდან ასაცილებლად, დეკლარაცია განსაზღვრავს, რომ ასეთი წყვილების კურთხევა „არ წარმოადგენს ლიტურგიკული რიტუალის ნაწილს“[27].

ერთი მხრივ, ქორწინების, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის კავშირის, შესახებ საეკლესიო სწავლებასა და, მეორე მხრივ, „ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევის „ინოვაციური“ პრაქტიკის დანერგვას შორის დაპირისპირებიდან გამოსვლას დეკლარაციის ავტორები იმაში ხედავენ, რომ ასეთი კურთხევები უნდა იყოს „სპონტანური“: „აგრეთვე უნდა განვითარდეს ხელთდასხმული მღვდელმსახურების მწყემსური მგრძნობელობა, რათა სპონტანურად აღასრულონ კურთხევები, რომლებიც არ შეიცავს „De Benedictionibus“-ს“[28].

ამგვარად, სასულიერო პირები პირდაპირ არიან წახალისებულნი, გამოიგონონ რიტუალები, რომლებიც არ შედის ლიტურგიკულ კრებულში De Benedictionibus („კურთხევანში“), სადაც შეტანილია კურთხევების წეს-განგებები სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და სტატუსის ადამიანებისთვის. „ერთნაირსქესიანი წყვილების“ კურთხევა, ისევე როგორც „დაურეგულირებულ“ ურთიერთობებში მყოფი წყვილების კურთხევა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის კურთხევასთან ერთ რიგშია დაყენებული. თუმცა, ეს მიდგომა კვლავ უგულებელყოფს იმის აუცილებლობის თანხმობას ღვთის ნებასთან, რაც იკურთხება. ნაცვლად ამისა, მღვდლებს მოუწოდებენ „სპონტანურად“[29] აკურთხონ ის წყვილები, რომლებიც ეკლესიის ზნეობრივი სწავლების საწინააღმდეგო თანაცხოვრებაში იმყოფებიან.

შეშფოთება იმის გამო, რომ „ეს არარიტუალიზებული კურთხევები... არ იქცეს საიდუმლოთა მსგავს ლიტურგიკულ ან პარალიტურგიკულ აქტებად“[30], დოკუმენტში არაერთხელ ისმის სხვადასხვა ფორმით. მაგრამ ამ შეშფოთების ახსნა შემდეგნაირად არის გადმოცემული: „ეს იქნებოდა სერიოზული გაღატაკება, რადგან ის ზედმეტ კონტროლს დაუქვემდებარებდა ხალხის ღვთისმოსაობაში დიდი მნიშვნელობის მქონე ჟესტს, რაც ხალხის სიცოცხლეზე სამწყემსო ზრუნვაში მსახურებს თავისუფლებასა და სპონტანურობას ჩამოართმევდა“[31].

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საშიშროება ის კი არ არის, რომ ასეთი წყვილების კურთხევა ეკლესიის თვალსაზრისით უკანონო თანაცხოვრების წახალისებად გამოიყურება, არამედ მხოლოდ ის, რომ თუკი ასეთი კურთხევა მიახლოებული იქნება ლიტურგიკის დადგენილ ფორმებთან, მაშინ ზედმეტ ფორმალიზმს მიანიჭებს აქტს, რომელიც მოიაზრება როგორც „სპონტანური“.

სწორედ ამ მიზეზით, დოკუმენტის ავტორთა აზრით, „არ არის საჭირო დაურეგულირებულ ვითარებაში მყოფი წყვილების არც წახალისება და არც მათთვის კურთხევის შეთავაზება“. აღნიშნული კურთხევა „არასდროს უნდა შესრულდეს სამოქალაქო ქორწინების ცერემონიასთან ერთად ან მასთან კავშირში. არ უნდა იყოს, ასევე, გამოყენებული ჩაცმულობა, ჟესტები ან სიტყვები, რომლებიც ქორწინებას შეეფერება. იგივე ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც კურთხევას ითხოვს ერთნაირსქესიანთა წყვილი“. ასეთი კურთხევა, დოკუმენტის მიხედვით, შეიძლება გადაეცემოდეს ისეთ კონტექსტებში, როგორებიცაა „სიწმინდეების მონახულება, მღვდელთან შეხვედრა, ჯგუფურად წარმოთქმული ლოცვა ან მომლოცველობა“[32].

ყველა ზემოჩამოთვლილი რეკომენდაცია წარმოადგენს მცდელობას, თავიდან აიცილონ „ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრების“ ცოდვად აღიარება, ცოდვილი ცხოვრების წესის უარყოფის აუცილებლობა, და ამის ნაცვლად ჰქმნიან ილუზიას, რომ შეგნებული არჩევანი ცოდვილი ცხოვრების წესის სასარგებლოდ არ ართმევს წყვილს ღვთის კურთხევას.


3.   დეკლარაციაზე რეაქცია კათოლიკურ სამყაროში

კათოლიკურ სამყაროში ფართო რეზონანსი გამოიწვია დეკლარაციამ „Fiducia supplicans“. მას დადებითად გამოეხმაურნენ კათოლიკური ეკლესიის ლიბერალური ფრთის და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები. იმავდროულად, ტრადიციულად მოაზროვნე მრავალი კათოლიკე ღრმად იმედგაცრუებულია დეკლარაციით. მასთან საკუთარ უთანხმოებას გამოხატავენ კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა ადგილობრივი სტრუქტურებიც.

კერძოდ, ასტანაში 2023 წლის 19 დეკემბრის კათოლიკური მთავარეპარქიის განცხადებაში ნათქვამია: „ასეთი კურთხევა პირდაპირ და სერიოზულად ეწინააღმდეგება საღვთო გამოცხადებას და კათოლიკური ეკლესიის ორათასწლოვან განუყოფელ სწავლებასა და პრაქტიკას. დაურეგულირებულ სიტუაციებში მყოფი წყვილებისა და ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევა არის ღვთის უწმინდესი სახელის მძიმე შეურაცხყოფა, რადგან მას იხმობენ მრუშობის ან ჰომოსექსუალური აქტის ოფიციალური ცოდვილი კავშირის საკურთხევლად“[33].

ნიგერიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ 2023 წლის 20 დეკემბრის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კათოლიკური ეკლესიის სწავლება ქორწინების შესახებ უცვლელი რჩება. ამგვარად, საეკლესიო სწავლების თანახმად, შეუძლებელია ერთნაირსქესიანთა კავშირების კურთხევა“[34].

უნგრეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის 2023 წლის 27 დეკემბრის განცხადების თანახმად, „ყველა ადამიანი, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციისა, შეიძლება ინდივიდუალურად იყოს დალოცვილი, მაგრამ საერთო კურთხევა წყვილებისა, რომლებიც ერთად ცხოვრობენ უბრალო პარტნიორობით, არაეკლესიური ქორწინებით ან ერთნაირსქესიანთა კავშირები ყოველთვის თავიდან უნდა იქნეს აცილებული“[35].

ბელარუსის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის 2024 წლის 1 თებერვლით დათარიღებულ განცხადებაში ნათქვამია: „ბელარუსის კათოლიკური ეკლესია არ აპირებს პრაქტიკაში განახორციელოს დაურეგულირებულ კავშირში მყოფი წყვილებისა და ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის დეკლარაციით შემოთავაზებული შესაძლებლობა... არალიტურგიკული კურთხევა შეიძლება მიენიჭოს ყველას, ვინც ამას ითხოვს. თუმცა, აუცილებელია, ყოველთვის იქნეს თავიდან აცილებული ეგრეთ წოდებულ „სამოქალაქო ქორწინებაში“ მცხოვრები წყვილების კურთხევა, ასევე კანონიკურად ბათილი ქორწინებები და ერთნაირსქესიანი წყვილების კავშირები. ასეთი კურთხევა შეიძლება სხვა მორწმუნეებმა აღიქვან, როგორც ცოდვაზე თანხმობა“[36].

2024 წლის 28-29 თებერვალს გამართული რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის (KKЕР) პლენარული ასამბლეის LIX სხდომის შესახებ საინფორმაციო შეტყობინებაში ნათქვამია: „იმ გაურკვევლობების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიშვა Fiducia supplicans-ის დეკლარაციასთან დაკავშირებით, KKEР-მა საჭიროდ ჩათვალა ხაზგასმით აღენიშნა, რომ კათოლიკური დოქტრინა ოჯახისა და ქორწინების შესახებ უცვლელი რჩება... ცდუნებისა და დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, KKEР ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნებისმიერი სახის წყვილის კურთხევა, რომელიც ჯიუტად აგრძელებს ისეთ ურთიერთობას, რაც არ არის რეგულირებული ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით (თანაცხოვრება, მეორედ ქორწინება, ერთნაირსქესიანთა კავშირი), დაუშვებელია“[37].

 

დასკვნები

„Fiducia supplicans“-ის დეკლარაცია, მართალია, ფორმალურად ერთგულებას უცხადებს ქორწინების საიდუმლოს ქრისტიანულ გაგებას და კურთხევის პრაქტიკის, მაგრამ რეალურად ამ ერთგულებისგან მკვეთრ განდგომას პოსტულირებს. როგორც მოყვანილი ანალიზიდან ჩანს, ეს განდგომა ქრისტიანული ზნეობრივი იდეალის უარყოფას ნიშნავს.

ახალი გაგების შემოტანა, გარდა კურთხევის „კლასიკური“ გაგებისა (რომელიც უკავშირდება ღვთის ნების შესრულებას იმის მიერ, ვინც იკურთხება), დოკუმენტის ტექსტში არ არის დასაბუთებული წმინდა წერილით. ასეთი დასაბუთება არც შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან, არსებითად, კურთხევის შემოტანილი პრაქტიკა რადიკალურად ეწინააღმდეგება ბიბლიურ ზნეობრივ სწავლებას.

თეოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარულის ცალმხრივი და არასრული გაგება, როგორც ეს ამ დეკლარაციაში ასახული, საკმაოდ დიდი ხიფათის შემცველია. ამ გაგებით, ცოდვისა და მონანიების ცნებები ფაქტიურად ამოღებულია ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობიდან, რასაც ისეთ პარადოქსულ ლოგიკასთან მივყავართ, სადაც ცოდვითი ურთიერთობების მქონე ადამიანები მიმართავენ არა მონანიებასა და სულიერ ღვაწლს, არამედ რაღაც სახის კურთხევას „განკურნებისა“ და „ამაღლების“ მიღების იმედით. ამასთან, დეკლარაცია არ ასახავს იმ ფაქტს, რომ „განკურნებას“ და „ამაღლებას“ წინ უნდა უძღოდეს, სულ ცოტა, ცოდვითი ურთიერთობების უარყოფის სურვილი.

ქრისტიანულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების კონტექსტში ეს დოკუმენტი შეიძლება აღქმულ იქნას როგორც რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ გადადგმული ნაბიჯი „ერთნაირსქესიანთა კავშირების“ ნორმად აღიარებისკენ, რაც უკვე მოხდა მთელ რიგ პროტესტანტულ თემებში.

სამწყემსო მზურნველობას ყველა მორწმუნე საჭიროებს, მათ შორის ჰომოსექსუალური მიდრეკილების მქონენიც, მაგრამ ეს სამწყემსო მზრუნველობა უნდა იყოს მიმართული არა ცოდვილი ცხოვრების წესის დაკანონებაზე, არამედ ტანჯული სულის განკურნებაზე, როგორც ამის შესახებ სამართლიანად არის ხაზგასმული „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებში“: „ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, ისევე როგორც სხვა ვნებები, რომლებიც ტანჯავს დაცემულ ადამიანს, იკურნება საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით, ლოცვით, მარხვით, სინანულით, წმინდა წერილისა და წმინდამამებისეული ნაშრომების კითხვით, აგრეთვე, მორწმუნე ადამიანთა ქრისტიანული ერთობით, რომლებიც მზად არიან სულიერი დახმარების გასაწევად. უდგება რა ჰომოსექსუალური მიდრეკილებების მქონე ადამიანებს სამწყემსო პასუხისმგებლობით, ეკლესია ამავე დროს მტკიცედ ეწინააღმდეგება ცოდვილი ტენდენციის „ნორმად“ წარმოჩენის მცდელობებს[38].

მიუხედავად იმისა, რომ „Fiducia supplicans“-ის დეკლარაცია არის კათოლიკური ეკლესიის შიდა დოკუმენტი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის მოვალეობად თვლის, უპასუხოს ისეთი რადიკალური სიახლეების გამოვლენებს, რომლებიც უარყოფენ ქრისტიანული ზნეობის ღვთივგაცხადებულ ნორმებს. ეკლესია დედობრივი სიყვარულითა და სულგრძელებით იღებს ნებისმიერ ცალკე აღებულ ცოდვილს, რომელიც მისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვს, მაგრამ ვერანაირი ფორმით ვერ აკურთხებს „ერთნაირსქესიან წყვილებს“, რადგან ეს იქნებოდა ცოდვილი ხასიათის მქონე კავშირზე ეკლესიის ფაქტობრივი თანხმობა.




[1] Fiducia supplicans. 31.

[2] «Responsum» ad «dubium» de benedictione unionem personarum eiusdem sexus et Nota esplicativa: AAS 113 (2021), 431-434.

[3] Fiducia supplicans. 10.

[4] Fiducia supplicans. Предисловие.

[5] Fiducia supplicans. 9.

[6] Fiducia supplicans.26.

[7] რომის პაპი ფრანცისკე, პასუხები Dubia-ზე, რომლებიც შემოთავაზებულ იქნა ორი კარდინალის მიერ. https://www.vatican.va/roman_curia/congregations/cfaith/documents/rc_con_cfaith_risposta-dubia-2023_....

[8] Fiducia supplicans. 13.

[9] Fiducia supplicans. Предисловие.

[10] Fiducia supplicans. 12.

[11] Fiducia supplicans. 12.

[12] Fiducia supplicans. 40.

[13] Fiducia supplicans. 22.

[14] Fiducia supplicans. 27.

[15] Fiducia supplicans. 29.

[16] Fiducia supplicans. 34.

[17] Fiducia supplicans. 43.

[18] Fiducia supplicans. 21

[19] Fiducia supplicans. 4.

[20] О канонических аспектах церковного брака. I.

[21] Fiducia supplicans. 31.

[22] Fiducia supplicans. 31.

[23] Fiducia supplicans. 31.

[24] რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები. ХII, 9.

[25] Fiducia supplicans. 30.

[26] Fiducia supplicans. 31.

[27] Fiducia supplicans. 33.

[28] Fiducia supplicans. 35.

[29] Fiducia supplicans. 35.

[30] Fiducia supplicans. 36.

[31] Fiducia supplicans. 36.

[32] Fiducia supplicans. 40.

[33] ასტანაში წმინდა მარიამის მთავარეპარქიის განცხადება „Fiducia supplicans“-ის დეკლარაციასთან მიმართებით, რომელიც გამოქვეყნებულია 2023 წლის 18 დეკემბერს სარწმუნოებრივი სწავლების დიკასტერიის მიერ და მოწონებულია პაპ ფრანცისკესგან. https://catholic-astana.org/2023/12/19/zayavlenie-fiducia-supplicans/

[34] ნიგერიელმა კათოლიკებმა უარი თქვეს ერთნაირსქესიანთა კავშირების კურთხევაზე.. https://afrinz.ru/2023/12/nigerijskie-katoliki-otkazalis-blagoslovlyat-odnopolye-soyuzy/

[35] https://www.katolikus.hu/cikk/kozlemeny-52286114

[36] ბელარუსის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის განცხადება „Fiducia supplicans“-ის სარწმუნოებრივი სწავლების დიკასტერიის დოქტრინალური დეკლარაციის შესახებ. https://catholic.by/3/news/belarus/16874-pavedamlenne-kanferentsyi-katalitskikh-biskupa-u-belarusi-a...

[37] რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის (KKЕР) პლენარული ასამბლეის LIX სხდომის ინფორმაციული შეტყობინება. https://catholic-russia.ru/2024/informaczionnoe-soobshhenie-o-lix-zasedanii-plenarnogo-sobraniya-kon...

[38] რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საგუძვლები. ХII, 9.

გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب