
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისალოცი ადრესი გაუგზავნა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევასთან დაკავშირებით. მილოცვის ტექსტი სრულად მოცემულია ქვემოთ.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას
მაღალყოვლადუსამღვდელოეს იოანეს,
ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის არჩეულ მღვდელთმთავარს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ!
გულითადად გილოცავთ ალბანეთის უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას!
ღვთის ყოვლადსახიერმა განგებულებამ თქვენი თანამოძმე-მღვდელთმთავრების საკრებო ნების მეშვეობით დაგადგინათ მოწამე-ეკლესიის საჭესთან, მარადსახსენებელი უნეტარესი მთავარეპისკოპოსის, ანასტასისის მემკვიდრედ. ეს მაღალი და საპასუხისმგებლო მსახურება დაკავშირებულია ეკლესიის ერთობის დაუღალავ ზრუნვასთან, რწმენის სიწმინდისა და ეკლესიის კანონიკური საფუძვლების გულმოდგინე დაცვასთან, რაც დღევანდელ რთულ დროში განსაკუთრებულ სიბრძნეს და დიდ სიმამაცეს მოითხოვს. გულმოდგინედ ვლოცულობ თქვენთვის და მთელი გულით გისურვებთ, რომ სულიწმიდის მადლმა ყოველთვის გააძლიეროს თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალები, რათა თქვენი შრომით სიტყუაი ღმრთისაი რბიოდეს და იდიდებოდის (2 თეს. 3:1).
დაე კურთხეული და მშვიდობიანი იყოს თქვენი საწინამძღვრო მსახურება ალბანეთის უძველეს მიწაზე! დაე განამრავლოს დიდმა მღვდელთმთავარმა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვენდამი რწმუნებული ღვთისმოსავი სამწყსო და მიანიჭოს ღვთის ერთგულ შვილებს მარადიული ხსნა ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა (ებრ. 7:16)!
უფალში ძმური სიყვარულით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
13.03.2025
07.01.2025