
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის ეკლესიის იერარქებმა მონაწილეობა მიიღეს ცნობილი სერბი ღვთისმეტყველის ეპისკოპოს ათანასესადმი (ევტიჩი) მიძღვნილი ხსოვნის დღეებში







სსკგ-ის კომუნიკაციი სამსახური, 24.02.2025. 2025 წლის 20-23 თებერვალს, უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით და ზაჰუმისა და ჰერცოგოვინის მიტროპოლიტ დიმიტრის მიწვევით, ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტმა ამბროსიმ და სარანსკისა და მორდოვიის მიტროპოლიტმა ზინობიმ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეები მოილოცეს და მონაწილეობა მიიღეს ეპისკოპოს ათანასეს (ევტიჩი) გარდაცვალების ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, – იუწყება ტვერის ეპარქიის პრეს-სამსახური.
20 თებერვალს მღვდელთმთავრები ეწვივნენ ბუდვაში წმინდა სამების უძველეს ტაძარს და ცეტინში ცეტინის მონასტერს, სადაც შედგა შეხვედრა და ძმური ურთიერთობა ჩერნოგორისა და პრიმორსკის მიტროპოლიტ იოანიკესთან.
იმავე დღეს მიტროპოლიტებმა ამბროსიმ და ზინობიმ ილოცეს მწუხრის ღვთისმსახურება ჩერნოგორისა და პრიმორსკის სამიტროპოლიტოს მთავარ საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც მიტროპოლიტმა ამბროსიმ სულის განსასვენებელი ლიტია აღასრულა საძვალეში, სადაც დაკრძალულია მიტროპოლიტი ამფილოქე (რადოვიჩი). დღის ბოლოს ეპისკოპოსებმა დაათვალიერეს წმინდა მღვდელთმთავარ საბას მშენებარე ტაძარი პოდგორიცაში და ჩერნოგორიისა და პრიმორსკის სამიტროპოლიტოს მართლმადიდებლური გიმნაზიის კომპლექსი.
21 თებერვალს მიტროპოლიტები ამბროსი და ზინობი ეწვივნენ მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს ტრებინეში, სადაც ისინი თბილად მიიღო ზაჰუმისა და ჰერცოგოვინის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. შემდეგ ეპისკოპოსებმა მოსალოცად იმოგზაურეს პრებილოვციში და ილოცეს ნაცისტებისა და უსტაშების მიერ რამდენიმე ათასი მართლმადიდებელი სერბის მკვლელობის ადგილზე. ამის შემდეგ ისინი ეწვივნენ ჟიტომისლიჩის ხარების მონასტერს, სადაც 1941 წელს უსტაშებმა ყველა მონოზონი დახოცეს. მოინახულეს ასევე მოსტარის სამების საკათედრო ტაძარი, რომლის აღდგენაც ამჟამად მიმდინარეობს.
22 თებერვალს, ხორციელი შვიდეულის მშობელთა შაბათს, მიტროპოლიტებმა ამბროსიმ და ზინობიმ ილოცეს საღმრთო ლიტურგიაზე და პანაშვიდზე და ეზიარნენ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს მოსტარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში. შემდეგ იერარქებმა მოილოცეს წმინდა ბასილი ოსტროჟელის მშობლიური სახლის ადგილზე აგებული სავანე და ტვრდოშის მონასტერი.
საღამოს ტრებინეს კულტურულ ცენტრში გაიმართა ეპისკოპოს ათანასეს (ევტიჩი) გარდაცვალების მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილი მოსახსენიებელი საღამო.
საღამოზე, რომელიც გაიხსნა გამოჩენილი სერბი ღვთისმეტყველის შესახებ ფილმის ჩვენებით, მის შესახებ თავიანთი მოგონებებით გამოვიდნენ ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ეპისკოპოსი კირილე (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია) და მღვდელმონოზონი ეგნატე (შესტაკოვი). მეუფე ათანასეს შრომების წაკითხვიდან მიღებულ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა სარანსკისა და მორდოვიის მიტროპოლიტმა ზინობიმ. საღამო მადლიერების სიტყვით დაასრულა მმართველმა ეპისკოპოსმა, ზაჰუმო-ჰერცოგოვინისა და პრიმორსკის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. მოსახსენიებელ საღამოს უძღვებოდა ჩერნოგორიისა და პრიმორსკის სამიტროპოლიტოს მდივანი დეკანოზი ოსტოია კნეჟევიჩი. შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ეპისკოპოსები, მონასტრების იღუმენები, მღვდელმსახურები, მონოზვნები და ერისკაცები ესწრებოდნენ.
23 თებერვალს, ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს, ტრებინეს ფერისცვალების საკათედრო ტაძარში, სადაც დაახლოებით ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, საღმრთო ლიტურგიას წარუძღვა ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი. მას თანამსახურებდნენ ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტი იოანიკე, სარანსკის და მორდოვიის მიტროპოლიტი ზინობი, დიუსელდორფისა და გერმანიის მიტროპოლიტი გრიგოლი, ზაჰუმისა და ჰერცოგოვინის მიტროპოლიტი დიმიტრი, დასავლეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი მაქსიმე, დელჩევო-კამენის ეპისკოპოსი მარკოზი (მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო), ბუენოს-აირესის ეპისკოპოსი კირილე, ბუდიმლიანო-ნიკშიჩის ეპისკოპოსი მეთოდე, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დროს გუნდთან ერთად მთელი ხალხი გალობდა.
ამბიონიდან ლოცვის შემდეგ ჩატარდა ეპისკოპოს ათანასეს (ევტიჩი) სულის განსასვენებელი ლიტია. ლიტურგიის განტევების შემდეგ მიტროპოლიტმა ამბროსიმ მლოცველებს სიტყვით მიმართა.
შემდეგ ტვრდოშის მონასტერში, ეპისკოპოს ათანასეს დაკრძალვის ადგილზე, ჩატარდა პანაშვიდი; სავანეში გაიმართა მოსახსენიებელი ტრაპეზი.
მიტროპოლიტებმა ამბროსიმ და ზინობიმ გულწრფელი მადლობა გადაუხადეს ზაჰუმისა და ჰერცოგოვინის მიტროპოლიტ დიმიტრის მიწვევისა და სტუმართმოყვარეობისთვის.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025