მოსკოვის საპატრიარქო
ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა სქიზმატიკოსების მიერ ჩერკასის საკათედრო ტაძრის მიტაცებას დიდი ტრაგედია უწოდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.10.2024. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა, მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსის ჩერკასში მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის რეიდერულ მიტაცებასთან დაკავშირებით.
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელიც დაატყდა თავს თქვენს მართლმადიდებლურ ქალაქ ჩერკასს, კერძოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძრის ძალადობრივი დაპყრობა, რაც ორ ეტაპად მოხდა ქალაქის მერის მოთხოვნით“, – ნათქვამია ლოვჩანის ეპარქიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში. – 17 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ტაძარში, სადაც მართლმადიდებლები იყვნენ შეკრებილნი და წმინდა ლიტურგია აღევლინებოდა, კამუფლაჟებით და კაპიუშონებით შენიღბული 100-მდე ადამიანი შეიჭრა. მორწმუნეებმა თქვენი, მათი ეპისკოპოსის მეთაურობით, მოახერხეს მიტაცებისგან ტაძრის დაცვა, მაგრამ იმავე დღეს დილით თავდასხმა განმეორდა და, ამჯერად, ფიზიკური ძალის გარდა, თავდამსხმელებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს“.
ეპისკოპოსმა გაბრიელმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ თავდამსხმელთა მოქმედების შედეგად დაიჭრა მმართველი ეპისკოპოსი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერკასის ეპარქიის მრავალი მორწმუნე: თქვენ თავში დაგარტყეს და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შედეგად, თქვენ გონება დაკარგეთ და საავადმყოფოში მოხვდით. ბევრი მორწმუნეც დაშავდა, მათ შორის მოხუცი ბერი, რომელსაც სასტიკად სცემეს“.
წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია გამოიძახეს, „მათ არაფერი გააკეთეს ტაძარში მლოცველთა დასაცავად თავდამსხმელთა აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებისგან“.
მომხდართან დაკავშირებით, ბულგარეთის ეკლესიის იერარქმა გაიხსენა პავლე მოციქულის სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი, სამართლიანი ხელისუფლება: „ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ“ (რომ. 13:3-4).
ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსისადმი მიმართვაში მიტროპოლიტმა გაბრიელმა აღნიშნა, რომ ლოვჩანის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში ლიტურგიის დროს ლოცულობენ მშვიდობისთვის და მოძმე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, „რათა ღმერთმა დაიცვას იგი ძალადობისგან და შესაძლებლობა მისცეს მას თავის ტაძრებსა და მონასტრებში კვლავინდებურად განაგრძოს ლოცვა საკუთარი მართლმადიდებელი სამშობლოსთვის, ხალხისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024