მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის პატრიარქი პორფირე ბელგრადში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის შესახებ ფილმის პრემიერას დაესწრო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.09.2024. სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში (სერბეთი) დოკუმენტური ფილმის –„ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ – პრემიერა გახსნა, რომელიც ეძღვნება უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას. როგორც РИА Новости იუწყება, პრემიერის ჩვენება ოთხშაბათს, 18 სექტემბრის საღამოს, „იუგოსლავიის კინოთეკის“ შენობაში შედგა.
ფილმის რეჟისორი და სცენარისტი იოვან მარკოვიჩია. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი, ცნობილი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა, მართლმადიდებელი მღვდელი, ფილოსოფოსი და პოეტი მარიო სელვინი გენუიდან (იტალია), კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პედაგოგი ვუკან მარკოვიჩი და დონბასელი მუსიკალური პროდიუსერი იური ბარდაში დამსწრე საზოგადოებას უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს ფილმის შესახებ. დოკუმენტურ ფილმში აღწერილ ზეწოლაზე უკრაინელ მორწმუნეებთან მიმართებით, ისაუბრეს აგრეთვე ფილოსოფოსმა რუსლან კალინჩუკმა ივანო-ფრანკოვსკიდან და მღვდელმა ნიკოლოზ მოგილნიმ კიევიდან.
„ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ ეს ფილმი მსოფლიოს ეხილა; ყველა, ვინც თავისი წვლილი შეიტანა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ფილმის შექმნაში და ყველა კეთილი ნების ადამიანი“, – განაცხადა სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ ფილმის ჩვენებამდე.
ღონისძიებაში მონაწილეთა შორის იყვნენ აგრეთვე ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი, რეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელიც ამ დოკუმენტური ფილმის პროდიუსერია, სერბეთში Sputnik-ის მთავარი რედაქტორი ლუბინკა მილინჩიჩი და საზოგადო მოღვაწენი.
ფილმში ნაჩვენებია უკრაინის ხელისუფლების მიერ გაჩაღებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის ქრონიკა, მათ შორის, ეკლესიების ძალისმიერი ჩამორთმევისა და კიევ-პეჩერის ლავრიდან ბერების გამოსახლების, მორწმუნეებისა და მღვდლების დარბევის ფაქტები, რომლებიც აპროტესტებენ ეკლესიის მრევლისა და სამღვდელოების შევიწროებას. ფილმში ასევე საუბარია უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც გულისხმობს კანონიკური ეკლესიის აკრძალვას უკრაინაში. ტაძრებსა და მონასტრებში ტარდება ჩხრეკები, ეპისკოპოსებსა და მღვდლებს დევნიან სასამართლო წესით, აპატიმრებენ, თავს ესხმიან.
„რაც ადრე იუგოსლავიაში ხდებოდა, ის ახლა, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, – აცხადებენ ფილმის შემქმნელები, რომლებსაც ციტირებს «Комсомольская правда“. – ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვაზე უკრაინაში და, ვცდილობთ, მაყურებელს მივაწოდოთ ცოტა მეტი ინფორმაცია, ვიდრე მედიიდან შეუძლია შეიტყოს მთელ ევროპასა და სერბეთში. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველას ენახა ეს ფილმი და დაეწყო ფიქრი იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა უნდა ქმნათ და როგორ ვიცხოვროთ შემდგომში“.
რეჟისორი ემირ კუსტურიცას თქმით, მართლმადიდებლებისთვის აუცილებელია ერთად ყოფნა, რადგან მართლმადიდებლობას – მრავალი ხალხის, მათ შორის, სერბების რელიგიას – ახლა სერიოზული საფრთხე ემუქრება, იუწყება ТРК «Звезда».
როგორც ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა აღნიშნა, ვ. ზელენსკიმ უკრაინაში „გააკეთა ის, რაც ისტორიაში არ გაუკეთებია ნერონისა და დიოკლეტიანეს დროიდან დაწყებული არც ერთ მდევნელს, მტანჯველსა და ბოროტმოქმედს: არავის არასდროს ჰქონია ეკლესიის აკრძალვის მცდელობა, მან კი ეს გააკეთა“.