მოსკოვის საპატრიარქო
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 06.09.2024. 2024 წლის 3 სექტემბერს ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო განცხადება უკრაინაში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც გზას უხსნის უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:
„წმინდა ეპისკოპოს გორაზდის (პავლიკი) მოწამეობრივი აღსრულების 82-ე წლისთავის წინ, ჩვენ ღრმა მწუხარებით გვავსებს ცნობა იმის შესახებ, რომ 2024 წლის 20 აგვისტოს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვა. ეს გადაწყვეტილება პირთამდე ავსებს სიმწრის თასს, რომელსაც უკვე რამდენიმე ათეული წელია სვამენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მორწმუნეები, – ეს არის დევნისა და ჩაგვრის, სიძულვილისა და ცილისწამების, აგრესიისა და თავდასხმების თასი, რასაც თან ახლავს დაღვრილი სისხლიც კი.
ეპისკოპოსების დაპატიმრება, ტაძრებისა და მონასტრების ჩამორთმევა, ასევე ყველა სხვა რეპრესიული ზომები, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და მრევლის წინააღმდეგ, ძალიან მტკივნეულად მოგვაგონებს იმ მეთოდებს, რომლითაც სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმები ეპყრობოდნენ ქრისტიანულ ეკლესიას. დამთრგუნველია, რომ ასეთი კანონი მიიღო დემოკრატიული სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანომ, რომლისგანაც აპრიორი უნდა ელოდო, რომ ის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მთავარი გარანტი იქნება.
მართლმადიდებელ ეკლესიას თავის ისტორიაში არაერთხელ განუცდია მომენტები, რომლებიც შეიძლება გამოითქვას ფსალმუნის სიტყვებით: „მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა“ (ფს. 119:161). ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ღმერთი ახლაც არ დატოვებს თავის ერთგულ ერს დახმარების გარეშე და კვლავ აღსრულდება წმინდა წერილის სიტყვები: „ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ“ (ფს. 117:5).
ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ონოფრეს, ასევე მთელ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: „თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება“ (1 კორ. 12:26). ჩვენ არ ვივიწყებთ ამ სიტყვებს და ვლოცულობთ ღმრთის მიმართ, რათა დაეხმაროს და გადაარჩინოს ყველა დევნილი და ტანჯული. ვთხოვთ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და მრევლს, განაგრძონ ლოცვა მშვიდობისთვის უკრაინასა და მთელს მსოფლიოში. გვჯერა, რომ ამ ლოცვებს შეუერთდება ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“.