მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინის სოფელ პრიუტოვკაში ეკლესიის დაკავებისას თავდამსხმელებმა მორწმუნეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.09.2024. 31 აგვისტოს კამუფლაჟიანმა თავდამსხმელთა ჯგუფმა საკეტები გადაჭრა და უკრაინის კიროვოგრადის ოლქის სოფელ პრიუტოვკაში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის ტაძრის ტერიტორიაზე შეიჭრა. როგორც შემთხვევის ადგილიდან ალექსანდრიისა და სვეტლოვოდსკის მიტროპოლიტი ბოგოლეპი იტყობინება, მართლმადიდებელთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლმაქრები გამოიყენეს.
დამპყრობლები სალოცავის ტერიტორიაზე ჩაიკეტნენ და ტაძრის მრევლსა და სასულიერო პირებს იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. «Дозор»-ის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს რაიდერების ცინიკური ქცევა. მღვდელთან მიმართებით ცეცხლმაქრი გამოიყენეს, შემდეგ კი კამუფლაჟიანმა ქალმა ტელეფონის კამერით დაიწყო მისი გადაღება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ეკუთვნის, „მეუ“-ს აქტივისტები ფალსიფიცირებული დოკუმენტებით ცდილობენ მის მიტაცებას. პოლიცია კი, ამ დროს, დამნაშავეთა ინტერესების დამცველად გამოდის.
სანამ მორწმუნეები გალავანთან ლოცულობდნენ, დამპყრობლებმა ტაძარი შეურაცხყვეს. „ჩვენმა ხალხმა ფანჯრებიდან დაინახა, რომ ისინი ტაძარში დარბოდნენ... სასმელებით დადიოდნენ და ღვთის სახლის მიმართ უპატივცემულოდ იქცეოდნენ. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწევა ჩვენს ქონებას, წმინდა ტრაპეზს, და ვითხოვთ თქვენს ლოცვებს, რომ ჩვენი სიწმინდე არ იქნეს შეურაცხყოფილი და ასეთი ცინიკური და არასულიერი დამოკიდებულება შეწყდეს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ბოგოლეპმა და ლოცვითი შეწევნა ითხოვა წმინდა გიორგის თემისთვის.