ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი: „მსოფლიო საზოგადოება ჩვენი ეკლესიის დასაცავად ერთიანდება“
როგორც ცნობილია, 2023 წლის 19 დეკემბერს, სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და სამღვდელოების ჯგუფმა, გაეროსთან საკონსულტაციო სტატუსის მქონე ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ასოციაციის შექმნის თაობაზე, კერძოდ, ეს არის: „ეკლესია ქსენოფობიისა და რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ“. მსოფლიო რელიგიური და ადამიანის უფლებათა დღის წესრიგში ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ შეტყობინება ჟენევის პრესკლუბმა გაავრცელა. პორტალ „Православная жизнь“-ის კორესპონდენტი ესაუბრა ამ ასოციაციის შექმნის ინიციატორს და თანათავმჯდომარეს, ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ ფეოდოსის (სნიგირევი).
– თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ადგილობრივი ეკლესიების სხვა იერარქებთან ერთად, თქვენ წამოიწყეთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ასოციაციის შექმნა „ეკლესია ქსენოფობიისა და რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ“. ცნობილია, რომ ასოციაცია შეიქმნა უკრაინაში მართლმადიდებელთა უფლებების დაცვის უმთავრესი მიზნით. მაგრამ მორწმუნეებისთვის პრობლემები მხოლოდ უკრაინაში არ არის. გთხოვთ, გვითხრათ, რა პერსპექტივები აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ამ ახალი საერთაშორისო სტრუქტურის საქმიანობას, მისი მთავარი მიზანი რა არის?
– მართლმადიდებელი მორწმუნეების ინტერესების იურიდიული დაცვის აუცილებლობა საერთაშორისო დონეზე დიდი ხანია მომწიფებულია, რადგან მსოფლიოში არსებობენ სტრუქტურები, რომლებიც ათწლეულებია ქრისტიანობის საწინააღმდეგო დღის წესრიგს უწყობენ ხელს. კერძოდ, ე.წ. „აბორტის უფლება“, „ლგბტ თემების უფლებები“, „ევთანაზიის უფლება“ და ა.შ. ეს მოძრაობები, არსებითად, არის არა ამ იდეების მატარებლების „უფლებების დაცვა“, არამედ ამ დღის წესრიგის აგრესიული თავსმოხვევა გარშემომყოფებზე. ამ თემების „უფლებათა დაცვის“ საფარქვეშ ჩვენ მოწმენი ვხდებით ღია ომისა ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ და, პრინციპში, ჯანსაღი ადამიანის ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ. ეს აგრესია სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იწვევს სხვადასხვა სახის აკრძალვებსა და შეზღუდვებს ქრისტიანებისთვის რელიგიური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვაზე, რწმენის აღმსარებლობაზე. და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. და რაც უფრო შორს მიდის ეს პროცესი, მით უფრო ხისტ და შეურიგებელ ფორმებს იღებს.
ამ პრობლემებთან ერთად, არსებობს კიდევ პოლიტიკური ჯგუფების მოქმედებები რიგ ქვეყნებში რომლებიც მიუღებელია ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით. სარგებლობენ რა სახელისუფლო ძალაუფლებით, ისინი ცდილობენ რელიგიურ სფეროში ჩარევას. ასე იყო, მაგალითად, ჩერნოგორიაში (მონტენეგროში), სადაც პოლიტიკოსებმა, რომლებიც თავს დაესხნენ ეკლესიას, საბოლოოდ დაკარგეს ძალაუფლება. ახლა კი, სამწუხაროდ, მსგავსი პროცესი ხდება აქ, უკრაინაში. ამიტომ, აუცილებელია საერთაშორისო დონეზე მორწმუნეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად პრაქტიკული სამუშაოები განხორციელდეს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა მიმართულებით.
– ასოციაციის პრეს-რელიზში ნახსენებია გაეროში საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ამ სტრუქტურის შექმნაში. როგორია ამ ორგანიზაციების საქმიანობის სფერო?
– ამჟამად ჩვენს ასოციაციაში უკვე გაერთიანებულნი არიან პროფესიონალი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ადვოკატები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სფეროში, საინფორმაციო და პიარ-სააგენტოები, რაც ასოციაციას საშუალებას მისცემს იმუშაოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორიცაა გაერო, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ევროკავშირის კომისიები და კომიტეტები. ამავდროულად, ჩვენი ასოციაცია გეგმავს მუშაობას როგორც იურიდიულად, ანუ საჩივრების შეტანას საერთაშორისო ორგანოებში, ისე პირადი კონტაქტების გზით იმ სახელმწიფო მოხელეებთან, რომლებსაც აქვთ საჯარო პროცესებზე ზემოქმედების კანონიერი შესაძლებლობები.
ჩვენ გვესმის მედიის მუშაობის მნიშვნელობა და ამიტომ ჩვენი პირველი საჯარო ნაბიჯი იყო უცხოური მედიის მუდმივი ინფორმირება უკრაინაში მართლმადიდებელი მორწმუნეების პრობლემების თაობაზე. ჩვენ ვახორციელებთ ამ სამუშაოს, როგორც ჟენევის პრეს-კლუბის, ასევე სხვა არხების მეშვეობით. მაგალითად, ჩვენი ასოციაციის რამდენიმე წევრი რეგისტრირებულია ევროკავშირის ლობისტთა Transparency Register-ის რეესტრში და აქვთ ევროპარლამენტში საერთაშორისო მუშაობის შესაბამისი გამოცდილება. ჩვენი წევრების მეშვეობით აშშ-ში ვგეგმავთ ურთიერთმოქმედებას ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, კონტაქტები უნდა ვიქონიოთ, ასევე, აშშ-ის მთავრობის დეპარტამენტებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რელიგიურ საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე, აგრეთვე, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში განთავსებულ სტრუქტურებთან.
– თქვენო მეუფებავ, შეუძლიათ თუ არა მათ გამოიყენონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ასოციაციის – „ეკლესია ქსენოფობიისა და რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ – პროგრამა ადგილებზე, სამრევლოებსა და მონასტრებში საკუთარი უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების დასაცავად? შეიძლება თუ არა ჩვეულებრივი მღვდელი ან ერისკაცი გახდეს მისი წევრი? თუ ეს მოითხოვს გარკვეულ იურიდიულ სტატუსს?
– ასოციაცია ითვალისწინებს მასში ფართო მონაწილეობის შესაძლებლობას როგორც მორწმუნეების: ერისკაცების, კლირიკოსების, იერარქების, ისე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების: ესენი შეიძლება იყვნენ ადვოკატები, ჟურნალისტები, მეცნიერები, რომლებსაც სურთ დაიცვან საკუთარი სარწმუნოება და დაეხმარონ უსამართლობისა და ტირანიისგან დაზარალებულ მსხვერპლს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი კარი ღიაა კეთილი ნებისა და ცხოვრების ტრადიციული ღირებულებების მქონე ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც აცნობიერებს იმის დამღუპველობას, რაც ახლა ხდება უკრაინაში სინდისის თავისუფლებასთან მიმართებით და მსოფლიოში ანტიქრისტიანული ღრუბლის მოახლოებით.
ასოციაციაში დაგეგმილია მრავალდონიანი მონაწილეობა. უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ცნობილი უცხოელი იერარქი აპირებს შემოუერთდეს საერთაშორისო ასოციაციის – „ეკლესია ქსენოფობიისა და რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ – საკოორდინაციო საბჭოს. მაგრამ, საკოორდინაციო საბჭოს გარდა, ასოციაცია, რა თქმა უნდა, მონაწილეობის სხვა ფორმებსაც ითვალისწინებს, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. იურიდიული და დიპლომატიური საერთაშორისო სამუშაოების ბლოკისგან განსხვავებით, რომელიც უკვე განლაგებულია და ეფექტურად მუშაობს, ამ სამუშაოებში მონაწილეთა უფრო ფართო ფენების ჩართვის ბლოკი ამჟამად მომზადების ეტაპზეა. ახლა ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ ვლოცულობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ თავისი კურთხევითა და დახმარებით უფალი სასიკეთოდ წარმართავს მისი შვილების მცდელობებს.
– გვითხარით, არის თუ არა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რაიმე რეაქცია ადამიანის უფლებათა ახალი ასოციაციის საქმიანობის პროგრამულ მიმართულებებზე, თუ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი? როგორ შეუძლია მისმა მუშაობამ გავლენა მოახდინოს УПЦ-ს მდგომარეობაზე?
– საქმე ისაა, რომ ჩვენი უფლებადამცველი ასოციაციის წევრები საკმაოდ დიდი ხანია მუშაობენ მორწმუნეთა უფლებების დასაცავად. 19 დეკემბრის შეთანხმების ხელმოწერა იყო მხოლოდ გარეგანი ნიშანდობლივი მოვლენა, რომელმაც დააფიქსირა სტატუს-კვო და გაასაჯაროვა. ასოციაციის წევრებმა დღეისათვის უკვე ჩაატარეს საკმაოდ ვრცელი სამუშაო საერთაშორისო დონეზე და აქვთ მნიშვნელოვანი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ჩვენ კოორდინაციას ვახორციელებდით საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან „ამსტერდამი და პარტნიორები“, ხოლო ჩვენი ასოციაციის წევრის, უფლებადამცველი ორგანიზაცია Public Advocacy-ის შესაძლებლობებმა, რომელიც მრავალი წელია მუშაობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემებზე, მოგვცა საშუალება ეფექტური ურთიერთობა დაგვემყარებინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებთან, ასევე კომიტეტებთან, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ სამართლებრივი გადაწყვეტილებები იმ სახელმწიფოებთან დავებში, რომლებიც არღვევენ მორწმუნეთა უფლებებს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინტენსიურმა მუშაობამ განაპირობა ის, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების პრობლემები საერთაშორისო დღის წესრიგის ცალკე საკითხად იქცა, უცხოურ პრესაში ბევრი პუბლიკაცია გამოჩნდა, მორწმუნეთა უფლებების დარღვევა. განხილული იყო გაეროში, საჯარო დისკუსია გაჩნდა აშშ-ს მედია და პოლიტიკურ სივრცეში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ სამუშაოს გარკვეული ხელშესახები შედეგები უკვე მიღწეულია.
ამავდროულად, არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების ისეთი დარღვევები, როგორიცაა ეკლესიების ჩამორთმევა, კანონის მიღების მცდელობა „УПЦ-ის აკრძალვის შესახებ“, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებები მიწის ნაკვეთების წართმევებთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა – ყოველივე ეს უკვე იწვევს მწვავე საერთაშორისო კრიტიკას, რომელთაგან ზოგიერთი გავრცელდა საზოგადოებრივ მედიაში და საზღვარგარეთ პოლიტიკური ბრძოლის სეგმენტშიც კი. ამიტომ, მარტივი ადეკვატური ლოგიკის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის ინტერესებში იქნებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დღის წესრიგის ამოღება პოლიტიკური მეინსტრიმიდან და ფოკუსირება უკრაინის უფრო აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ჩვენი მთავრობა შეიცვლის დამოკიდებულებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და იპოვის საკუთარ თავში ძალას, შეაჩეროს თვითნებობა და უკანონობა, რაც ხდება უკრაინულ საზოგადოებაში ჩვენი კონფესიის მორწმუნეებთან მიმართებით.
და მაინც, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და სირთულისა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას, მოვიზიდავთ ახალ მონაწილეებს, მათ შორის, გავაშუქებთ მორწმუნეთა უფლებების დარღვევის პრობლემებს სხვადასხვა ქვეყანაში, ამ საქმეში ჩავრთავთ როგორც ადგილობრივ ეკლესიებს, ასევე პროფესიული სეგმენტების წარმომადგენლებს იურიდიული, საინფორმაციო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი თანამოქალაქეების პრობლემების მოგვარებით.
– მეუფევ, უკრაინის და არა მხოლოდ უკრაინის მორწმუნეებს, გაუხარდათ ჩერკასის სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც შეგეცვალათ თქვენ აღკვეთის ღონისძიება – სადღეღამისო შინაპატიმრობა ღამის შინაპატიმრობით. თქვენ ახლა კვლავ გაქვთ შესაძლებლობა აღასრულოთ საზოგადო ღვთისმსახურება და სრულყოფილად მართოთ ეპარქია დღისით. განა ეს არ მიუთითებს УПЦ-ს სასულიერო პირების მიმართ სასამართლო პროცესების გარკვეულ დადებით ტენდენციები?
– ჯერ ალბათ ნაადრევია რაიმე ტენდენციებზე საუბარი. ტენდენციისთვის საჭიროა მეტი მსგავსი ფაქტი, გვჭირდება კარგი დინამიკა სხვა პროცესებში. ეს კი ჯერ არ არის. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის გამბედაობაზე და წესიერებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, რომელმაც კანონის და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. რატომ წესიერება? იმიტომ, რომ ახლა ჩვენ ყველანი – მოსამართლეებიც და „ბრალდებულებიც“ – ვცხოვრობთ უპრეცედენტო საინფორმაციო ზეწოლის გარემოში. ეს არის ზეწოლა ჯანსაღ აზროვნებაზე. ჩვენ ისეთ ატმოსფეროში ვცხოვრობთ, სადაც თუნდაც უბრალო არააგრესიული დამოკიდებულება სხვანაირად მოაზროვნე ადამიანის მიმართ, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელია, გასაკიცხად ითვლება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური არც კონსტიტუციური და არც მორალური თვალსაზრისით, მაგრამ ასეა. ამგვარ ატმოსფეროში პატიოსან ადამიანად დარჩენა არ არის ადვილი.
– სრულდება შობის მარხვა, დაიწყო ახალი 2024 წელი, მოდის ქრისტეს შობის დიდი დღესასწაული. რას ელით ყველაზე მეტად მომავალ ახალ წელს და რას უსურვებთ მკითხველთა აუდიტორიას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ მორწმუნეს ამ წმიდა წინასაშობაო დღეებში?
– ველოდები მომავალ ახალ წელს, და ვუსურვებ პორტალ „Православная жизнь“ -ის ყველა მკითხველს და ყველა მორწმუნე ადამიანს ღვთის დიდ საბოძვარს – ომის დასრულებას. ასევე ვისურვებდი, რომ ომის დასრულებას მოეტანოს არა უიმედო მწუხარება და განუკურნებელი სიძულვილი, არამედ ღვთის ურყევი მშვიდობის იმედი და მისი ყოვლადმიმტევებელი სიყვარულის გარიჟრაჟი; ომგადატანილი ადამიანების ლოცვა ყოფილიყოს მშვიდი, ნათელი და მადლიერი, რომ ეს ლოცვა იყოს ყოველგვარი სიბნელის, ყოველგვარი უწმინდურებისა და ბოროტების მინარევების გარეშე და სავსე ყოფილიყოს ღვთის განგებულებისადმი ნდობით, სულიერი სიმშვიდით, ღვთისადმი მადლიერებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ამ ომის ასობით ათასი უდანაშაულო მსხვერპლი მარადიული სიმშვიდის პოვნას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრება, რათა ომის საშინელება აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს ცხოვრებაში.
მიტროპოლიტ თეოდოსის (სნიგირევი) ესაუბრა დიაკონი სერგი გერუკი