მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე პატიმრობაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრებისა და კლირიკოსების ლოცვებში მოხსენიების შესახებ
სსსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 30.10.2023. მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტ გრიგოლის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე, დათარიღებული 2023 წლის 26 ოქტომბრით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპარქიის წინამძღვარს
მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე შესასრულებლად
თემა: თხოვნა საგანგებო ლოცვების შესახებ საპყრობილეში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოვლადუსამღვდელოესი მღვდელთმთავრებისა და კლირიკოსებისთვის
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო!
გასული წელიწადნახევრის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნამ ახალი ხასიათი შეიძინა: კანონიკური ეკლესიის მიმართ მიიღება დისკრიმინაციული კანონები, მძაფრდება შეუწყნარებლობა და სიძულვილი სასულიერო პირებისა და სამწყსოს მიმართ, ხდება რელიგიური ობიექტების უკანონოდ მიტაცება, ჩხრეკენ იერარქებისა და კლირიკოსების საცხოვრებლებს.
სამღვდელოება უხეშ წნეხს განიცდის სპეცსამსახურების დამამცირებელი დაკითხვებით, ეგზალტირებული ბრბოს ზეწოლით, რომელშიც ხშირად სქიზმატიკოსებთან ერთიანდებიან ყველაზე ეგზოტიკური წარმართები და საერთოდ ყოველგვარი სარწმუნოებისგან შორსმდგომი ადამიანები.
ფიქსირდება ღვთისმსახურთა დაკავებისა და ცემის, ასევე სიწმინდეების შეურაცხყოფის შემთხვევები. კანონიკური ეკლესიის რიგი მღვდელმთავრის წინააღმდეგ გრძელდება სასამართლო პროცესი. ჩერკასის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი ამჟამად შინაპატიმრობაშია, ხოლო ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მართლმადიდებლურ თემებს აძევებენ ტაძრებიდან და მონასტრებიდან. უძველესი კიევ-პეჩერის ლავრა დახურვის საფრთხის ქვეშაა; მისი წინამძღვარი, ვიშგოროდის მიტროპოლიტი პავლე, რომელიც მანამდე საგამომძიებლო იზოლიატორში იმყოფებოდა, ამჟამად შინაპატიმრობაშია.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, ყველას გთხოვთ, ძვირფასო მეუფეებო, 2023 წლის 19 ივლისს გამართულ სამღვდელთმთავრო თათბირის კვალად, მოუწოდოთ თქვენს მზრუნველობას რწმუნებულ ეპარქიების სასულიერო პირებს, მონაზვნებსა და მრევლს, აღავლინონ საგანგებო ლოცვები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოვლადუსამღვდელოესი მღვდელმთავრების, მწყემსების, მონაზვნებისა და ერისკაცებისთვის, რომლებიც მუქარის, ცილისწამებისა და დევნის მიუხედავად, ცდილობენ ეკლესიური ერთობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ავლენს აღმსარებლობის ღვაწლს, გაბედულად იმაღლებს რა ხმას ამ ერთობის დასაცავად.
უფლისმიერი სიყვარულით
+გრიგოლი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი,
მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი