მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფალში საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – თქვენს 90 წლის იუბილეს.
თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების გზა განუყრელად არის დაკავშირებული ქრისტესთან, რომელიც თქვენ ყრმობიდანვე შეიყვარეთ. ეკლესიის დევნის სასტიკ წლებში თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა. ღირსი სერგის დიდ სენაკში სულიერი განათლების მიღების შემდეგ, თქვენ შეუდეგით გულმოდგინე შრომას ივერიის ეკლესიის საკეთილდღეოდ, რითაც განამრავლეთ უფლისგან ბოძებული მადლი. იხილეს რა თქვენი კეთილკრძალულება და მოშურნეობა ქრისტეს სადიდებლად, თქვენმა თანამოძმე-მღვდელთმთავრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აგირჩიეს.
მრავალი წელია თქვენ ბრძნულად მართავთ თქვენდამი რწმუნებულ სამკვიდროს, – ევლინებით რა სამწყსოს, პირველიერარქის ღირსეულ მაგალითად, რომლისა ჯერ-არს უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მნისაჲ, და რომელი არს კეთილის მოყუარე, მართალი და ღირსი (ტიტ. 1:7-8). თქვენი მდიდარი გამოცდილება, – როგორც ყოფითი, ისე სულიერი ცხოვრებისა, – რომელსაც გულუხვად უზიარებთ ყველას, ვინც თქვენთან მოდის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძვირფასეს მონაგარს წარმოადგენს.
აღვასრულებთ რა ამ დღეს მხურვალე ლოცვებს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, გისურვებთ თქვენ ღმერთისგან უხვ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძალების სიმტკიცეს მრავალჟამიერ.
უფლისმიერი ძმური სიყვარულით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024