
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 11.03.2025. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.
მის უნეტარესობას, უნეტარეს იოანე X-ს, დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს
თქვენო უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და ღვთის საყდართან თანამსახურო!
გულითადად მოგესალმებით მშვიდობის, ჯანმრთელობისა და ღვთის ყოვლისშემძლე შემწეობის სურვილებით თქვენს რთულ საპატრიარქო მსახურებაში.
სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ჩვენი თანამოძმე ქრისტიანების მკვლელობების შესახებ შემაშფოთებელი ამბების მიღების შემდეგ, მინდა გულწრფელი მხარდაჭერა გამოვუცხადო თქვენს საყვარელ უნეტარესობას და დიდი ანტიოქიის სამოციქულო ეკლესიას, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სირიაში ქრისტიანული თემის დაცვასა და ქვეყანაში მშვიდობისა და ერთიანობის დამყარებაზე. გარწმუნებთ, ძვირფასო ძმაო, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც თავის ისტორიაში ასევე აქვს ტანჯვის მწარე გამოცდილება, ამ განსაცდელის ჟამს გულმოდგინედ ლოცულობს ანტიოქიის და-ეკლესიისა და მისი შვილებისთვის.
ცნობისთვის ვუგზავნით რა თქვენს უნეტარესობას ჩვენი ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების მიერ გაკეთებული განცხადების ტექსტს, შევთხოვ გულმოწყალე უფალს, დაიცვას ანტიოქიის ეკლესია ყოველგვარი უბედურებისა და თავდასხმებისგან, ანუგეშოს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით (ფს. 28:11) სირიის სისხლით მორწყულ მიწაზე.
ქრისტეში ძმური სიყვარულით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025