მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა მიტროპოლიტ იოანიკეს, ჩერნოგორიის კათედრაზე აღსაყდებასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიტროპოლიტ იოანიკეს (მიჩოვიჩი) ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტების კათედრაზე აღსაყდრება მიულოცა.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს იოანიკეს, ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ!
გულითადად გილოცავთ ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტების ძველ კათედრაზე დადგინებას.
რუსეთის ეკლესია განგაშითა და მღელვარებით ადევნებდა თვალს ჩერნოგორიაში ბოლო დღეების მოვლენებს, ლოცულობდა მშვიდობის შენარჩუნებისა და ქრისტიანული სიყვარულის გამრავლებისთვის ჩვენს მოძმე მართლმადიდებელ ხალხში.
მიუხედავად გარე ზეწოლისა და გაჟღერებული მუქარებისა, სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ, ჩვენმა უფლისმიერ საყვარელმა ძმამ, უშიშრად და გადაჭრით აღიყვანა თქვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ისტორიულ და დიდებულ საყდარზე ცეტინეში. ახლა თქვენ, ისევე როგორც მისმა უწმინდესობამ, საქმით გამოავლინეთ ქრისტეს სიტყვის ერთგულება: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ (ინ. 10:11).
თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ეკლესიამ ჩერნოგორიაში მრავალი განსაცდელი გაიარა. ყველაზე რთულ საომარ ვითარებაში, რელიგიური კონფლიქტებისა და სასტიკი დევნის პირობებში, ის უცვლელად ინარჩუნებდა სიმტკიცეს და რწმენის სიწმინდეს, მაცხოვრისათვის განცდილი ვნებებისას ძალას იკრებდა, იყო მისი ღვთისმოყვარე ხალხის სული და ემსახურებოდა მას მტკიცე სულიერ და ზნეობრივ საყრდენად. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დიდებული და წმინდა წინამორბედების კათედრაზე თქვენ იქნებით მათი ღირსეული მემკვიდრე, კაშკაშა მანათობელი სამწყსოსთვის, რომელიც თქვენთან ერთად დაამოწმებს სიმტკიცეს მამებისეული სიწმინდეების, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ეკლესიის კანონიკური მოწყობის დაცვის საქმეში.
ლოცვით ვუსურვებ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ღვთის შეწევნას მომავალ სამსხვერპლო მსახურებაში, ძლიერ სულიერ და ხორციელ ძალებს, ხოლო მთელ თქვენს ღვთისმოსავ სამწყსოს – მშვიდობასა და სიხარულს იესო ქრისტეში.
უფლისმიერი სიყვარულით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი