მოსკოვში გაიმართა წიგნის – „კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება. 1676–1686 წწ. კვლევა და დოკუმენტები“ – ბერძნულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია
სსკგ-ის კომუნიკაციო სამსახური, 06.05.2026. 2026 წლის 5 მაისს, მოსკოვში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა, «Η επανένωσητης μητροπόλεως Κιέβου μετη Ρωσική Ορθόδοξη Εκκλησία (1676–1686): μελέτες και έγγραφα» („კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება. 1676–1686 წწ. კვლევა და დოკუმენტები“).
2019 წელს, „მართლმადიდებლური ენციკლოპედიის“ საეკლესიო-სამეცნიერო კვლევის ცენტრის სპეციალისტებმა და წამყვანი რუსი ისტორიკოსების ჯგუფმა, ბორის ნიკოლოზის ძე ფლორეის ხელმძღვანელობით, მოამზადეს და გამოაქვეყნეს ნაშრომი „კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება, 1676–1686 წწ.: კვლევა და დოკუმენტები“. პრეზენტაციის დროს წარმოდგენილ იქნა ამ ნაშრომის ახალი ვერსია, რომელიც ითარგმნა და გამოიცა თანამედროვე ბერძნულ ენაზე.
პრეზენტაციის გახსნისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, წმინდა ანდრიას სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა დიონისემ (შლიონოვმა) აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ წიგნში წარმოდგენილია კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის ეკლესიასთან შეერთების შესახებ რუსეთის არქივების ყველა დოკუმენტი, რომლებიც ყურადღებით შეისწავლეს და გააანალიზეს წამყვანმა რუსმა მეცნიერებმა.
გამოცემაში წარმოდგენილია 246 ასეთი საარქივო დოკუმენტი. РГАДА-ს საარქივო დოკუმენტები აღებულია ექვსი ფონდიდან. გამოცემაში წარმოდგენილი დოკუმენტები თემატურად და ქრონოლოგიურად არის დალაგებული. გამოცემის დასასრულს მოცემულია სტატია „ეკლესიის იერარქების მოხსენიების ფორმები საღვთო ლიტურგიაზე რუსულ და უკრაინულ ტრადიციებში“: 1) ბიზანტიური მოდელები; 2) საწყისი ტრადიცია (კიევი და მოსკოვის რუსეთი XVI საუკუნის ჩათვლით); 3) პირველი ცვლილებები, დაწყებული XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე; 4) ახალი ტრადიციის დამკვიდრება XVII საუკუნის შუა პერიოდიდან; 5) ტრადიციის საბოლოო კოდიფიცირება XVIII საუკუნიდან.
„1686 წლის აქტების ავტორიტეტი არცერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ დაყენებულა კითხვის ნიშნის ქვეშ. თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უპირობოდ აღიარა რუსეთის ეკლესიის სრული იურისდიქცია კიევის სამიტროპოლიტოზე. ამას მოწმობს ეპისკოპალური „სინტაგმატარიები“, კანონიკური კრებულები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს XVIII–XIX სს. ოფიციალური გამოცემები, ასევე ფანარიონის ოფიციალური მიმოწერა რუსეთის ეკლესიასთან“, – ხაზგასმით აღნიშნა მამა დიონისემ თავის გამოსვლაში.
XVII საუკუნეში რუსეთის ეკლესიის დროებითი გაყოფა მოსკოვის საპატრიარქოდ და კიევის სამიტროპოლიტოდ დასრულდა შეერთებით და ამ მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როდესაც აღიარა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული იურისდიქცია კიევის სამიტროპოლიტოზე. „სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიცია ახლა რადიკალურად შეიცვალა, – მოწმობს იღუმენი დიონისე. – კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრიმატის თეორიზე დაყრდნობით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ხელი შეუწყო არაკანონიკური „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის“ შექმნას და მას უკანონო „ავტოკეფალია“ მიანიჭა“. ისტორიული სიმართლისა და კანონიკური ნორმების ამ უგულებელყოფამ გამოიწვია და მივყავართ ღრმა და მტკივნეული განხეთქილებებისკენ მთელს მსოფლიო მართლმადიდებლობაში“.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, რომელმაც აღნიშნა: „უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საჭიროდ ჩათვალა, რომ ისტორიის, კანონიკური სტატუსისა და კიევის სამიტროპოლიტოს მოსკოვის საპატრიარქოსთან შეერთების შესახებ გამწვავებულ დავაში, აუცილებელი იყო მაქსიმალური კეთილსინდისიერებით საარქივო კვლევის ჩატარება და დოკუმენტების მთელი კომპლექსის წარმოჩენა. არა ცალკეული ტექსტები, არამედ ამ ტექსტების მთელი კორპუსი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ცნობისმოყვარე მკითხველი საზოგადოებისთვის, რათა ყველამ შეძლოს, თავად შეაფასოს კიევის სამიტროპოლიტოს მოსკოვის საპატრიარქოსთან შეერთების დროებით ან მუდმივ ხასიათთან დაკავშირებული სხვადასხვა სადავო მტკიცებულების სისწორე“.
მამა ნიკოლოზის თქმით, ამ სამუშაოს დიდი დრო დასჭირდა და ის გამოჩენილმა მეცნიერებმა შეასრულეს. თუმცა, ამის შემდეგ გაირკვა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ბერძნულ ენაზე გამოქვეყნებული დოკუმენტების ძალიან ნაკლულოვან, შერჩევით კრებულებთან შედარებისთვის, აუცილებელი იყო „ისტორიული მემკვიდრეობის მთელი ეს სიმდიდრე ბერძნულენოვანი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო, მათაც უნდა ჰქონოდათ აღნიშნული ნაშრომის გაცნობის შესაძლებლობა“.
„მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო დასრულდა. ამით ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. გვინდა, რომ ეს ტექსტები ხელმისაწვდომი გახდეს სამეცნიერო საზოგადოებისთვის, მათ შორის რუსეთის ფარგლებს გარეთ“, – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა.
შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა, და სსკგ-ის თავმჯდომარისგან, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისგან, გულწრფელი მისალმება და საუკეთესო სურვილები გადასცა.
გარდა ამისა, პრეზენტაციას ფარგლებში მოისმინეს იღუმენ დიონისეს (შლიონოვი) მოხსენება თემაზე: „კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთების შესახებ დისკუსიაში ხელთდასხმის „უფლების“ ან „ნებართვის“ საკითხზე“.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, ბიზანტიური ისტორიისა და კულტურის სპეციალისტი, დეკანოზი ვალენტინ ასმუსი; ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო სამართლის კათედრის დოცენტი, ისტორიულ-ლიტურგიკული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მღვდელი მიხეილ ჟელტოვი; ПСТГУ-ს საეკლესიო ინსტიტუციების კვლევითი ლაბორატორიის გამგე, მღვდელი პავლე ერმილოვი; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ვ. ვ. ვინოგრადოვის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ზ. ე. ობორნევა; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ეკლესიის ისტორიის კათედრის ლექტორი (მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი), ათანასე ზოიტიკასი.
ასევე სიტყვით გამოვიდნენ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ა. ი. სოლოპოვი; ვ. ვ. ვინოგრადოვის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი კ. ა. მაქსიმოვიჩი; მოსკოვში ბერძნული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი თეოდორა იანიცი.
***
2020 წლის 27 ოქტომბერს, კიევის სასულიერო აკადემიაში XII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის, „სულიერი და საერო განათლება: ურთიერთობების ისტორია – თანამედროვეობა – პერსპექტივები“, ფარგლებში გაიმართა კრებულის, „კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება. 1676–1686 წწ. კვლევა და დოკუმენტები“, პრეზენტაცია.
2021 წლის 16 სექტემბერს ამ კრებულის პრეზენტაცია შედგა სინოდალური ბიბლიური და საღვთისმეტყველო კომისიის კონფერენციის ფარგლებში: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური მოძღვრების შუქზე“, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის წმინდა სერგის დარბაზში.
ამ კრებულის გამოცემა, რომელიც მომზადებულია „მართლმადიდებლური ენციკლოპედიის“ საეკლესიო-სამეცნიერო კვლევის ცენტრის მიერ, წარმოადგენს ისტორიულ და კანონიკურ პასუხს იმ მოვლენებზე, რომლებიც უკავშირდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან „კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში გადაცემის შესახებ 1686 წლის სინოდალური გადაწყვეტილების „გაუქმებას“ და „პცუ“-ს სქიზმატური ფორმირების „ავტოკეფალიის აღიარებას“.
ეს გამოცემა წარმოადგენს აქტუალურ ისტორიულ და კანონიკურ პასუხს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე განხორციელებულ ცალმხრივ ქმედებებზე და მის მცდელობებზე, გადაიხედოს 1686 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთების შესახებ.
დოკუმენტები ნათლად აჩვენებს, რომ კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება იმ დროს პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მართლმადიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი შესაძლო გამოსავალი იყო; რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთების ინიციატივა უკრაინელი ხალხისგან, თავად კიევის მიტროპოლიტისგან, მისი სასულიერო პირებისა და მორწმუნეებისგან მოდიოდა, და რომ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლოდროინდელი პრეტენზიების საწინააღმდეგოდ, მის 1686 წლის გადაწყვეტილებას, კიევის სამიტროპოლიტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ, არ ჰქონდა დროის ან უფლებამოსილების შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბოლოო და შეუქცევადი იყო.