ავტოკეფალიის დადგენა: კანონიკური ასპექტი
პორტალმა «Богослов.ru» გამოაქვეყნა ღვთისმეტყველების დოქტორისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის საპატიო პროფესორის, დეკანოზ ვლადისლავ ციპინის მოხსენება, რომელიც მან 2023 წელს წაიკითხა მოსკოვის სასულიერო აკადემიის სრულიად რუსეთის პოკროვსკის [ღვთისმშობლის საფარველის] კონფერენციაზე.
ავტოკეფალური ეკლესია, როგორც ცნობილია, არ არის დამოკიდებელი არცერთ სხვა ადგილობრივ ეკლესიაზე, – თუმცა, ამასთან, ყველა ადგილობრივი ეკლესია, შედის რა ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შემადგენლობაში, ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ავტოკეფალური ეკლესიები თანაბარ უფლებებს ფლობენ, მაგრამ დიპტიქში სხვადასხვა ადგილი უკავიათ, რაც გულისხმობს ერთმანეთის წინაშე პატივით უპირატესობას, მაგრამ არა – უფლებებში განსხვავებას. ეკლესიები ერთნაირები არ არიან რაოდენობრივი პარამეტრებით – სასულიერო და საერო პირთა რიცხოვნობით, გავლენით, ისტორიული როლით.
ავტოკეფალიის არსი ისაა, რომ ამ სტატუსის მქონე ადგილობრივ ეკლესიას ხელისუფლების დამოუკიდებელი წყარო აქვს. მისი პირველი ეპისკოპოსი საკუთარი ეპისკოპოსების მიერ იდგინება, ხოლო თავად ადგილობრივ ეკლესიას შესწევს უნარი, შეინარჩუნოს იერარქიული მსახურების სამოციქულო მემკვიდრეობა საკუთარ თავში. III მსოფლიო საეკლესიო კრებამ, როდესაც კვიპროსის ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია დაადასტურა, განაჩინა, რომ „კვიპროსის ეკლესიის მღვდელთმთავრებს ყოველგვარი ხელყოფის გარეშე უნდა შეუნარჩუნდეთ უფლება, წმინდა მამათა კანონებისა და ძველი ჩვეულების თანახმად, თავად აღასრულონ კეთილკრძალულ ეპისკოპოსთა ხელთდასხმა“ (მე-8 კანონი). ვინაიდან მღვდელთმთავრის ქიროტონიისთვის, ჩეულებრივ, სამი ეპისკოპოსის მონაწილეობაა აუცილებელი, ხოლო აღსაყდრება ხდება დაქვრივებულ კათედრაზე, აქედან გამომდინარეობს, რომ ეკლესიის ავტოკეფალური არსებობისთვის ეკლესიას სულ მცირე ოთხი საეპისკოპოსო კათედრა უნდა ჰქონდეს.
ახალი ავტოკეფალიის დადგენის საფუძველი შეიძლება იყოს იმ ტერიტორიის სრული ან ნაწილობრივი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, სადაც ავტოკეფალური ეკლესიის შექმნაა განზრახული, მისი გეოგრაფიული დაშორება დედა-ეკლესიის (კირიარქალური ეკლესიის) ძირითადი ტერიტორიიდან, აგრეთვე რეგიონის ეთნიკური და ენობრივი განსხვავებულობა. თუმცა, ეს ფაქტორები თავისთავად არ არის საკმარისი ავტოკეფალიის დასადგენად. ავტოკეფალიის დადგენის აუცილებელი პირობაა ეკლესიური ერის, სასულიერო პირებისა და ეპისკოპატის მისწრაფება მისკენ, თანაც ყველა ამ დონეზე მათი მნიშვნელოვანი უმრავლესობისა.
ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის ნაწილისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისა და მისი დადგენის წესის საკითხმა ჩვენს დროში განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა. მის გარშემო წარსულშიც წარმოიშობოდა და დღესაც წარმოიშობა დავები, რომლებიც ხშირად მტკივნეულ ხასიათს იღებს, იწვევს არეულობასა და განხეთქილებას, ზოგჯერ კი საქმე კანონიკური ზიარების გაწყვეტამდეც კი მიდის. ავტოკეფალიის კანონიკურად უდავო კრიტერიუმების დასადგენად აუცილებელია გაირკვეს, ვის ეკუთვნის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება. პრინციპი, რომლის თანახმადაც არავის შეუძლია სხვას მიანიჭოს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე თავად აქვს, იურიდიული და კანონიკური აქსიომაა. ამიტომ ახალი ავტოკეფალური ეკლესიის დაფუძნება შეუძლია მსოფლიო ეკლესიის ეპისკოპატს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ან სხვა რამ გზით.
ისტორიულად, მსოფლიო კრებები – საეპისკოპოსო ხელისუფლების უმაღლესი და საგანგებო ორგანოები – მართლაც წყვეტდნენ ადგილობრივი ეკლესიების დაფუძნების (I მსოფ. კრების მე-5 კანონი), მათი რანგისა და საზღვრების დადგენის (II მსოფ. კრების მე-2 კან.), აგრეთვე, ზოგიერთი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების საკითხებს. ასე, მაგალითად, ეფესოს კრებამ დაადასტურა კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალია (მე-8 კან.), ხოლო ქალკედონის კრებამ, რომელმაც აღიარა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა მას ყოფილი ავტოკეფალური ეკლესიები – ასიის, პონტოსა და თრაკიის დიოცეზები (28-ე კან.).
თუმცა, რადგან საეკლესიო კრებები ძველ დროშიც გამონაკლის მოვლენას წარმოადგენდა და უკვე თორმეტ საუკუნეზე მეტია აღარ მოწვეულა, ახალი ავტოკეფალიის საკითხი, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ეპისკოპატის მიერ წყდება, რომლის უფლებამოსილებაც, მსოფლიო ეპისკოპატისგან განსხავებით, მხოლოდ თავისი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში ვრცელდება. ამასთან, ადგილობრივი ეპისკოპატის ნება შეიძლება გამოიხატოს როგორც სრული კრების მიერ, ისე, გამონაკლის შემთხვევებში, ეპისკოპოსთა მცირე კრების – სინოდის – მიერ (ქალკედონის კრების მე-19 კანონი, ტრულის კრების მე-8 კანონი, ანტიოქიის კრების მე-20 კანონი).
ამრიგად, მსოფლიო კრების გარდა, ახალი ავტოკეფალიის დადგენის კანონიერ საფუძვლად მხოლოდ დედა-ეკლესიის ნება შეიძლება იყოს. თუმცა ისტორიამ სხვა მაგალითებიც იცის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ავტოკეფალია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ეპისკოპატის მიერ გამოცხადებულა, რომელიც თვითნებურად გამოსულა ავტოკეფალური ეკლესიის კრებსითი ეპისკოპატისა და მისი პირველიერარქის დაქვემდებარებიდან. კანონიკური თვალსაზრისით, ამგვარი ქმედებების უკანონობა აშკარაა; თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი საეკლესიიო ცხოვრების რეალურად მომწიფებული მოთხოვნილებებით იყო განპირობებული, თვითნებური აქტის შედეგად წარმოშობილი განხეთქილება მოგვიანებით იკურნებოდა მისთვის დედა-ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის კანონიერი მინიჭებით. ასე, მაგალითად, ელადის ეპისკოპატმა ელადის ეკლესიის ავტოკეფალია ჯერ კიდევ 1833 წელს გამოაცხადა, ხოლო კანონიკურად მას იგი მხოლოდ 1850 წელს მიენიჭა. პოლონელმა ავტოკეფალისტებმა 1923 წელს უკანონოდ გამოაცხადეს რუსეთის დედა-ეკლესიისგან გამოყოფა და არაკანონიკურად მიიღეს ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან; მხოლოდ 1948 წელს გადაწყდა პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი კანონიკურად სწორი გზით.
ავტოკეფალია შეიძლება დადგენილი წესის გვერდის ავლითაც დამყარდეს, მაგრამ კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, მაშინ, როცა დედა-ეკლესიის ხელისუფლება ერესში ან განხეთქილებაში ჩავარდება. ასეთ შემთხვევაში ძალაში შედის ორგზისი კრების მე-15 კანონი: „თუკი ვინმე წინამძღვარს განეშორება იმის გამო, რომ იგი წმინდა კრებათა ან მამათა მიერ დაგმობილ მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და ეკლესიაში აშკარად ასწავლის მას, და ასეთ ეპისკოპოსთან თანაზიარებისაგან თავს შეიკავებს საკრებო განხილვამდე, ასეთნი არამცთუ კანონებით დადგენილ ეპიტიმიას არ იმსახურებენ, არამედ, პირიქით, მართლმადიდებელთათვის შესაფერ პატივსაც მიიღებენ, რადგან მათ განიკითხეს არა ეპისკოპოსები, არამედ – ცრუეპისკოპოსები და ცრუმოძღვრები, და განხეთქილებით კი არ აღუმართავთ ეკლესიის ერთობაზე ხელი, არამედ, პირიქით, გულმოდგინება გამოიჩინეს და იზრუნეს ეკლესიის დაცვაზე განხეთქილებისა და გაყოფისაგან“. ეს კანონი ასევე ვრცელდება ეკლესიის ერთი ნაწილის ერთგულ მართლმადიდებელ ეპისკოპატზე, რომლის უმაღლესი ხელისუფლება მართლმადიდებლობას განეშორა. სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა რუსეთის ეკლესია ფლორენციის კრების შემდეგ. ამიტომ 1448 წელს მან კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებლობა განიმტკიცა პატრიარქისა და სინოდის თანხმობის გარეშე, რადგან მათ მართლმადიდებლობას უღალატეს და ამით მსოფლიო ეკლესიას მოსწყდნენ.
ადგილობრივი ეპისკოპატის ხელისუფლება მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებში ვრცელდება. თუ რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ამ პრინციპს არღვევს, მაშინ იგი სერიოზული შიდამართლმადიდებლური კონფლიქტების წყაროდ იქცევა. ამიტომ კანონიკურად გაუმართლებელია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ის ქმედებები, რომლებიც მისი ზოგიერთი წინამძღვრის მიერ განხორციელდა დაწყებული პატრიარქ მელეტი IV-ით (მეტაქსაკისი). სწორედ მან გამოაცხადა 1922 წელს გამოგონილი დოქტრინა, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განსაკუთრებული იურისდიქცია ეკუთვნის მთელს მართლმადიდებლურ დიასპორაზე. ეს ნიშნავდა ფანარიონის იურისდიქციის გავრცელებას იმ ეპარქიებზე, სამრევლოებზე, მონასტრებსა და მისიებზე, რომლებიც სხვა ადგილობრივი ეკლესიების მისიონერული მსახურების შედეგად წარმოიშვა დიასპორაში. უფრო მეტიც, პატრიარქმა მელეტი IV-მ თავისი იურისდიქციული პრეტენზიები იმ ეპარქიებზეც გაავრცელა, რომლებიც 1917 წლის მოვლენების შედეგად რუსეთის ეკლესიის ისტორიულად ერთიან კანონიკურ ტერიტორიაზე ახალწარმოქმნილ ლიმიტროფებში – პოლონეთში, ფინეთში, ლატვიისა და ესტონეთში – აღმოჩნდნენ. ამ დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ამ სახელმწიფოების ხელისუფალთა პოლიტიკურ ინტერესებს აჰყვა, რომლებიც ადგილობრივ საეკლესიო ხელმძღვანელობას უბიძგებდნენ ან აიძულებდნენ, კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის მიემართათ თხოვნით, მის იურისდიქციაში მიეღო ისინი. ასე, 1923 წელს, დევნილი რუსეთის ეკლესიის იერარქიასთან შეუთანხმებლად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში იქნა მიღებული პოლონეთის, ფინეთისა და ესტონეთის მართლმადიდებელი ეპარქიები. 1924 წელს პატრიარქმა გრიგოლ VII-მ კანონიკური თვალსაზრისით უკანონოდ მიანიჭა ავტოკეფალია პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო 1935 წელს, წმინდა მღვდელმოწამე იოანე (პომერის) მკვლელობის შემდეგ, პატრიარქმა ფოტიმ თავის იურისდიქციაში მიიღო, ანუ ფაქტობრივად მიიტაცა, ლატვიის ეკლესია.
ჩვენს დროში კი ვხედავთ ფანარიონის ახალ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მსოფლიო ეკლესიის ერთობის შერყევისკენ და ეს ხორციელდება მართლმადიდებლობისადმი უცხო ან პირდაპირ მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალების ინტერესების სასარგებლოდ. საუბარია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეჭრაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რომელიც ერთობაში იმყოფება რუსეთის დედა-ეკლესიასთან, ასევე ე.წ. „ავტოკეფალიის ტომოსის“ გამოცემაზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების ოფიციალური თხოვნით გადაეცა სქიზმატურ დაჯგუფებებს. ამ დაჯგუფებებმა მანამდე გაერთიანების შესახებ თანხმობას მიაღწიეს უკრაინის ხელისუფლებისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ინიცირებულ „გამაერთიანებელ კრებაზე“. კრების მონაწილეთაგან მხოლოდ სამი პირი იყო კანონიკურად ხელთდასხმული ეპისკოპოსი. მათგან ერთი მოგვიანებით ანათემირებული სქიზმატიკოსი გახდა, ხოლო დანარჩენი ორი – განდგომილი. ამასთან, ეპისკოპოსის ხარისხი მიენიჭათ იმ პირებსაც, რომლებიც მსახურებაშეჩერებული და სამღვდელო ხარისხიდან განკვეთილი სქიზმატიკოსების მიერ იყვნენ ხელთდასხმულნი. ამ ავანტიურას გარდაუვლად მოჰყვა კანონიკური ზიარების გაწყვეტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის; კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიპტიქში პირველ ადგილს იკავებდა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს წიაღში მთელი მართლმადიდებელი სამწყსოს არანაკლებ ორ მესამედი იმყოფება. შედეგად, წარმოიშვა კრიზისი ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა ურთიერთობებში, რომელიც თავისი შედეგებით შეედრება იმ კრიზს, რომელიც ქრისტეს ეკლესიამ XI საუკუნეში განიცადა. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა საფრთხეშია.
ამ კონტექსტში დღემდე გრძელდება პოლემიკა. ერთი მხრივ, ფანარიონისა და მის მიერ სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე განხორციელებული შეჭრის აპოლოგეტებსა და, მეორე მხრივ, ამ ქმედებების კრიტიკოსებს შორის. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დამცველთა არგუმენტაცია ორ ძირითად მიმართულებად შეიძლება დაიყოს. პირველი ისაა, რომ მათი მტკიცებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ შეჭრილა სხვა ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის სფეროში, რადგან კიევის სამიტროპოლიტო თითქოს ყოველთვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკურ სივრცეში რჩებოდა. მეორე კი ისაა, რომ თითქოს კონსტანტინოპოლს ეკუთვნის ისეთი უფლებამოსილებანი, როგორსაც კათოლიკური ეკლესიოლოგია რომის საყდარს მიაწერს; ამიტომ იგი სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებისგან განსხვავებით განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს და უფლებამოსილია საბოლოო ინსტანციაში მიიღოს გადაწყვეტილებანი, რომელთა შესრულებაც ყველა ადგილობრივი ეკლესიისთვის სავალდებულოა. ამგვარი პოზიციის გამარტივებული ფორმით წარმოდგენა შეიძლება იმ ადამიანის მდგომარეობას შევადაროთ, რომელიც სხვის ქონებას დაეუფლა და, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ სხვისი არაფერი მიუთვისებია, ხოლო, მეორე მხრივ, ამბობს, რომ მისი მითვისების სრული კანონიერი უფლება ჰქონდა.
ამრიგად, არსებული ვითარების გასაანალიზებლად აუცილებელია, განვიხილოთ ისტორიული საკითხი უკრაინის ეკლესიის იურისდიქციული კუთვნილების შესახებ, ასევე, კანონიკური და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით შევაფასოთ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობა, რომელთა მიხედვითაც ფანარიონი საკუთარ თავს მსოფლიო იურისდიქციის მატარებლად მიიჩნევს. ამ საპატრიარქოს VII საუკუნიდან აქვს ბიზანტიის იმპერატორის მიერ მინიჭებული საპატიო სახელწოდება „მსოფლიო“, ისევე, როგორც იმდროინდელი რომის იმპერიის მრავალ სხვა ინსტიტუციას ჰქონდა საპატიო ტიტული – „ეკუმენისტური“ (ანუ მსოფლიო).
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აპოლოგეტთა მტკიცება, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე იმყოფებოდეს კონსტანტინოპოლის კანონიკური იურისდიქციის ქვეშ, ეწინააღმდეგება როგორც ისტორიულ ფაქტებს, ისე რეალურ ვითარებას და წარმოადგენს მთელი რიგი შეცდომებისგან აგებულ კურიოზულ კონსტრუქციას. რუსეთის ეკლესია, რომელიც 1448 წლამდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა, თავიდანვე ერთიან საეკლესიო ორგანიზმს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობდა მისი წინამძღვრის – მიტროპოლიტის – რეზიდენცია: კიევში, კლიაზმის სანაპიროზე მდებარე ვლადიმირში თუ მოსკოვში. მისი ტიტული – „კიევისა და სრულიად რუსეთისა“ – ხაზს უსვამდა მართლმადიდებელი რუსეთის ერთიანობას, რომლის ტერიტორია კარპატებიდან ზემო ვოლგამდე ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ XV საუკუნის შუა წლებამდეც არსებობდა ავტოკეფალიის მოპოვების ყველა აუცილებელი წინაპირობა – რუსეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა ბიზანტიის იმპერიისგან, უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც იმ დროისთვის თვით იმპერიის ზომებს აღემატებოდა, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სხვა მიტროპოლიების მოსახლეობზე სულ ცოტა ათჯერ მეტი, –რუსეთის სამიტროპოლიტოს ავტოკეფალიის მოსაპოვებლად არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს მანამ, სანამ კონსანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციიდან გამოსვლის კანონიკური აუცილებლობა არ წარმოიშვა.
იმ სინაქსზე, რომელიც 2018 წლის სექტემბერში სტამბოლში გაიმართა, ქრისტოპოლის ეპისკოპოსმა მაკარიმ თავის მოხსენებაში გასაოცარი ცინიზმით აღწერა 1448 წელს მართლმადიდებლობის დასაცავად მოსკოვში განხორციელებული ქმედებები. მისი თქმით: „1448 წელს მოსკოვის ადგილობრივმა კრებამ, კანონების საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებლად და თვითნებურად აირჩია მიტროპოლიტი იონა ისიდორეს მემკვიდრედ... ჩვენი რუსი ძმები თვლიან, რომ მას შემდეგ მოსკოვის სამიტროპოლიტომ მოიპოვა თავისი „ავტოკეფალია“, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, არ არსებობს ამ ქმედების კურთხევის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი“. ნუთუ ამ ტირადის ყოვლადუსამღვდელოეს ავტორს მართლა ჰგონია, რომ არსებობს კანონები, რომლებიც მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს ავალდებულებს, დარჩნენ რწმენიდან განდგომილი პირველიერარქების იურისდიქციის ქვეშ მანამ, სანამ მათგან ავტოკეფალიის კურთხევას არ მიიღებენ? ასეთი კანონები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. სამაგიეროდ არსებობს ორგზისი კრების მე-15 კანონი, რომელიც ზემოთ უკვე მოვიხმეთ და რომელიც მწვალებლობაში ჩავარდნილ პირველიერარქებთან ზიარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
არანაკლებ გაოცებას იწვევს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის განცხადება 1686 წლის აქტის გაუქმების შესახებ; ამ აქტის თანახმად კიევის სამიტროპოლიტო მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შევიდა. არგუმენტები, რომლებსაც კონსტანტინოპოლში უკრაინის ეკლესიის დღემდე საკუთარ კანონიკურ იურისდიქციაში ყოფნის დასამტკიცებლად იშველიებენ, – მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს, – საღი აზრის აშკარა შეურაცხყოფად გამოიყურება. კანონიკურ სამართალში არსებობს ხანდაზმულობის ცნება, რომლის ვადა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად განისაზღვრება, თუმცა, ჩვეულებრივ, ათწლეულებით, და არა საუკუნეებით; უფრო ხშირად – 30 წლით. თუ კონსტანტინოპოლში მიაჩნდათ, რომ 1686 წელს კიევის სამიტროპოლიტოს გადაცემა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში არაკანონიკური აქტი იყო, მაშინ მას შემდეგ გასული რამდენიმე საუკუნე სრულიად საკმარისი დრო იყო პროტესტის გამოსათქმელად. ამასთან უნდა გავიხსენოთ, რომ კიევის მიტროპოლიის გადაცემის აქტის „დროებით“ და „არასრულ“ ხასიათზე ლაპარაკი მხოლოდ 1924 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ პოლონეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ამას წინ უძღოდა პოლონეთის საეკლესიო სტრუქტურის ფაქტობრივი ჩამოშორება რუსეთის ეკლესიისგან. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პატრიარქ ტიხონის დროს მას მხოლოდ ავტონომიური სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ავტოკეფალია უბოძა. პატრიარქმა ტიხონმა ეს ვერაგული ქმედება მყისვე გამოაცხადა არაკანონიკურად და საჯაროდ დაგმო – და არა სამი საუკუნე-ნახევრის შემდეგ.
საერთაშორისო სამართალში 1686 წლის აქტის გაუქმების ანალოგი იქნებოდა, რომ გაეუქმებინათ, მაგალითად, 843 წლის ვერდენის ხელშეკრულება, რომლითაც კარლოს დიდის იმპერია სამ სამეფოდ გაიყო. უფრო ახლო პარალელს კი წარმოადგენს ყოფილი ბრიტანული და ფრანგული კოლონიებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების აქტების, ან პოლონეთისა და ფინეთის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ას წელზე მეტი ხნის წინ გამოცემული დეკრეტების გაუქმება. ამ სამართლებრივმა აქტებმა ისეთი რეალური ვითარება შექმნა, რომლის გაუქმებაც კალმის ერთი მოსმით ვეღარ მოხდება ვერც ლონდონში, ვერც პარიზში და ვერც სტამბოლში.
მსოფლიო იურისდიქციაზე ფანარიონის პრეტენზიების დასასაბუთებლად მოჰყავთ ქალკედონის კრების მე-9 და მე-17 კანონების თავისებური ინტერპრეტაცია. მე-9 კანონი ადგენს: „თუ კლირიკოსს თავის, ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან აქვს სამართლებრივი დავა, სამთავროს კრებას მიმართოს; ხოლო თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლირიკოსი, მაშინ ან დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფეო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს“. მე-17 კანონი ასეთ განწესებას შეიცავს: „ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის ან კონსტანტინეპოლის საყდრის სამსჯავროს, როგორც ზემოთ ითქვა“. დღეს კონსტანტინოპოლში ეს კანონები იმგვარად განიმარტება, თითქოს სასულიერო პირებსა და ეპისკოპოსებს უფლება ჰქონდეთ, თავიანთი პატრიარქების სასამართლო გადაწყვეტილებები კონსტანტინოპოლში გაასაჩივრონ. თუმცა ისტორიული კონტექსტისა და თვით კანონების შინაარსის ანალიზი მხოლოდ ერთი დასკვნის საფუძველს იძლევა: აქ საუბარია ასიის, პონტოსა და თრაკიის დიოცეზების ეპისკოპოსებისა და კლირიკოსების უფლებაზე, მიმართონ ამ რეგიონის ეგზარქოსებს, როგორც ეს ძველად იყო მიღებული, ან, ამ დიოცეზების კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში გადასვლის შემდეგ, პირდაპირ მიმართონ კონსტანტინოპოლის საყდარს. სწორედ ქალკედონის კრებამ მიანიჭა მას იურისდიქცია იმ „დიდ საეგზარქოსოებზე“ რომლებიც 28-ე კანონშია მოხსენიებული – პონტოზე, ასიასა და თრაკიაზე. ვინაიდან ამ სამმა საეგზარქოსომ შეადგინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, – ამასთან, მათი ეგზარქოსების ფუნქციები მალევე შეიზღუდა, – ამიტომ მე-9 და მე-17 კანონებში მოცემული ნორმა მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შიდა კანონიკურ სივრცეზე ვრცელდება. იოანე ზონარამ ქალკედონის კრების მე-17 კანონის განმარტებისას ეს აზრი სრულიად ნათლად გამოხატა: „ამ კანონის აზრი, სასამართლო უფლებამოსილების განაწილებასთან დაკავშირებით, შემდეგია: როდესაც ეპისკოპოსს დავა აქვს სხვა ეპისკოპოსთან, ან კლირიკოსს – ეპისკოპოსთან, საქმის განმხილველად დგინდება მიტროპოლიტი, რომელსაც კანონი ასევე სამთავროს ეგზარქოსს უწოდებს. ხოლო როდესაც ეპისკოპოსს საჩივარი აქვს თავისი მიტროპოლიტის წინააღმდეგ, მაშინ კანონი საქმის განხილვას კონსტანტინოპოლის პატრიარქს არწმუნებს. თუმცა კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის ყველა მიტროპოლიტის მოსამართლე, არამედ მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულთა. მას არ შეუძლია თავისი სასამართლოს წინაშე გამოიძახოს სირიის, პალესტინის, ფინიკიის ან ეგვიპტის მიტროპოლიტები მათი ნების საწინააღმდეგოდ. სირიის მიტროპოლიტები ანტიოქიის პატრიარქის სასამართლოს ექვემდებარებიან, პალესტინისა — იერუსალიმის პატრიარქისას, ხოლო ეგვიპტის მიტროპოლიტთა საქმეები ალექსანდრიის პატრიარქმა უნდა განიხილოს, რომლისგანაც ისინი ხელთდასხმას იღებენ და რომელსაც ემორჩილებიან“.
ისტორიულად ჩვენთან ახლო პერიოდში, ორი საუკუნის წინ, წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა თავის „პიდალიონში“ კრიტიკულად შეაფასა მე-9 და მე-17 კანონების შინაარსის მცდარი ინტერპრეტაციები. მისი განმარტება იმდენად ზუსტი და ამომწურავია, რომ უპრიანია მისი ვრცელი კომენტარის მოკლე შეჯამება მოვიყვანოთ: „კანონი აცხადებს, რომ თუ ეპისკოპოსს ან კლირიკოსს დავა აქვს ეპარქიის მიტროპოლიტთან, მან დაე, მიმართოს ეპარქიის დიოცეზის სასამართლოს. ეს იგივეა, რაც იმის თქმა, რომ კონსტანტინოპოლის საყდარს დაქვემდებარებულმა სასულიერო პირებმა და მიტროპოლიტებმა დიოცეზის ეგზარქოსის ან კონსანტინოპოლის პატრიარქის სასამართლოს უნდა მიმართოს, როგორც თავისი პატრიარქისას. კანონი არ ამბობს, რომ თუ სასულიერო პირს დავა აქვს სხვა დიოცეზის მიტროპოლიტთან, ან – მიტროპოლიტს რომელიმე დიოცეზის ან ეპარქიის მიტროპოლიტთან, ის უნდა გასამართლდეს კონსტანტინოპოლის სასამართლოში“. განმარტება, ღირსი ნიკოდიმოსის, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წევრი იყო, ქვას ქვაზე არ ტოვებს ქალკედონის კრების მე-9 და მე-17 კანონების შინაარსის არასწორი ინტერპრეტაციისგან, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მსოფლიო იურისდიქციაზე პრეტენზიების გამართლებისკენ არის მიმართული.
ფანარიონის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს იმ ტერიტორიაზე შეჭრას, რომელიც მას კანონიკურად არ ეკუთვნის. ეს არის ქმედება, რომლისთვისაც დამნაშავენი, სარდიკიის კრების მე-2 კანონის თანახმად, არა მხოლოდ წოდებიდან განკვეთას ექვემდებარებიან, არამედ, როგორც კანონშია ნათქვამი, „ასეთებისგან არავინ, თვით თავისი სიკვდილის ჟამსაც, არ იქნეს თანაზიარების ღირსი, ერისკაცების თანასწორადაც კი“. წმინდა აღმსარებელმა, მოსკოვის პატრიარქმა ტიხონმა 1924 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქ გრიგოლ VII-ს მისწერა: „ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები და გაკვირვებულები ვართ, რომ <…> კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაური, ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე, როგორც სრულიად რუსეთის მართლმადიდეებელი ეკლესიის მეთაურთან და კანონიერ წარმომადგენელთან, ერევა რუსეთის ავტოკეფალური ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და საქმეებში“. წმინდა კრებები (იხ. II მსოფლ. კრების მე-2 და მე-3 კანონები და სხვ.) ყოველთვის აღიარებდნენ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის მხოლოდ პატივით პირველობას, მაგრამ არ აღიარებდნენ და არც აღიარებენ მისი ხელისუფლების პირველობას“.
III მსოფლიო კრების მე-8 კანონი მოითხოვს, რომ „ღვთისსათნო ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ხოლო ვინც გაავრცელა და ძალადობრივად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე: ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, ღვთისმოსაობის საფარქვეშ რათა არ შემოიპაროს საერო ხელისუფლების ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვმადლა“.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქო პრეტენზიას აცხადებს სახელისუფლო უფლებამოსილებაზე სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან მიმართებით. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ პატივის პრიმატი, რომელსაც ის ადრე ფლობდა მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში, არა დოგმატური, არამედ ისტორიული ხასიათის იყო – მსოფლიო მართლმადიდებლობისგან რომის საყდრის მოწყვეტის სამწუხარო ფაქტის შემდეგ პატივით მეორე კათედრამ დიდი ხნით დაიკავა პირველი ადგილი დიპტიქში. არანაირ კანონიკურ უპირატესობას, გარდა პატივის პირველობისა, ეს ადგილი მას არ ანიჭებს. იურისდიქციული შედეგები მას არ გააჩნია. მხოლოდ გამეორება შეიძლება, რომ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის თვალსაზრისით, ყველა ავტოკეფალური ეკლესია თანასწორია და დიპტიქში ადგილი არანაირ უპირატესობას და პრივილეგიას არ ანიჭებს რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას იმ ეკლესიებთან შედარებით, რომლებსაც დიპტიქში მისი შემდგომი ადგილები უკავიათ. სწორედ ეს თემა – აქვს თუ არა სახელისუფლო უპირატესობა დიპტიქში პირველ საეპისკოპოსო კათედრას – იყო მთავარი საპოლემიკო საგანი მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში. XX საუკუნემდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსები, თეოლოგები და კანონისტები ამ დავაში მართლმადიდებლურ პოზიციას იცავდნენ. გასულ საუკუნეში კი, პატრიარქ მელეტით დაწყებული, ისინი ფაქტობრივად გადავიდნენ კათოლიკურ შეხედულებაზე, – აღიარეს რა ყველა ის უფლება მართლმადიდებელ ეკლესიაში, რასაც კათოლიკურ ეკლესიაში პაპები ფლობენ.
მოვლენათა ამგვარ სამწუხარო განვითარებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს აფრიკელი ეპისკოპოსების წერილი პაპ კელესტინესადმი, რომელიც კართაგენის კრების კანონებშია შეტანილი:
„მამებმა განსაჯეს, რომ არცერთი სამთავრო არ განიცდის სულიწმიდის მადლის ნაკლებობას <…> და მით უფრო, როცა თითოეულს, თუ ეჭვი შეეპარება უახლოესი მოსამართლეების გადაწყვეტილების სამართლიანობაში, უფლება აქვს მიმართოს თავისი სამთავროს კრებებს და თვით მსოფლიო კრებასაც კი. განა ვინმე დაიჯერებს, რომ ჩვენს ღმერთს შეუძლია სამართლიანი განსჯა მხოლოდ ერთ ადამიანს შთააგონოს, ხოლო კრებაზე შეკრებილ უამრავ მღვდელს ეს მადლი დაუმალოს?“. წერილი სრულდება პაპისადმი მიმართული შემდეგი გაფრთხილებით:
„ამრიგად, ნუ ინებებთ, ზოგიერთთა თხოვნით, თქვენი სამღვდელოებიდან გამომძიებელთა აქ წარმოგზავნას, ნუ დაუშვებთ ამას, რათა ქრისტეს ეკლესიაში, – რომელიც ღვთის ხილვის მსურველთ უზაკველობის ნათელსა და თავმდაბლობის დღეს ანიჭებს, – ამა სოფლის კვამლისებრი ქედმაღლობა არ შემოვიტანოთ“. კართაგენის კრების მამათა ეს გაფრთხილება ძველად რომმა უგულებელყო, ხოლო ჩვენს დროში მას ფანარიონი იგნორირებს.
პატრიარქ ბართლომეოსისა და მისი სინოდის ქმედებები, აგრეთვე მათი თეოლოგიური დასაბუთება, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგან მათში იკვეთება ეკლესიოლოგიური დოქტრინა, რომელიც არსებითად კათოლიკურ სწავლებას იმეორებს.
აი, პატრიარქ ბართლომეოსის რამდენიმე გამონათქვამი, რომლებიც თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს რომის ეპისკოპოსის განსაკუთრებული უფლებამოსილების დამცველთა არგუმენტებს:
„მართლმადიდებლობა ვერ იარსებებს მსოფლიო საპატრიარქოს გარეშე“;
„მართლმადიდებლობისთვის მსოფლიო საპატრიარქო არის საფუარი, რომელიც ეკლესიისა და ისტორიის „მთელ ცომს აფუებს“ (გალ. 5:9);
„მსოფლიო საპატრიარქო პასუხისმგებელია საეკლესიო და კანონიკური წესრიგის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების მოწესრიგებაზე, რადგან მხოლოდ მას აქვს კანონიკური პრივილეგია, აღასრულოს ეს მაღალი მოვალეობა“.
სწორედ ამ მტკიცებებით გამოდიოდნენ რომის ეპისკოპოსებიც დიდი სქიზმის წინა ეპოქაში, სწორედ მსგავსი პრეტენზიები იქცა საბოლოოდ განხეთქილების მიზეზად ეკლესიაში. ამგვარი დოქტრინის კვალიც კი არ არის არც წმინდა წერილში, არც წმინდა გარდამოცემაში და არც წმინდა კანონებში. ეკლესია პატივით იხსენიებს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსთა და პატრიარქთა შორის წმინდანად შერაცხილ მრავალ იერარქს, მაგრამ ამავე კათედრაზე მსხდომთა შორის იყვნენ ისეთნიც, რომლებიც მსოფლიო კრებათა მიერ ანათემას გადაეცნენ, და მათი რაიცხვი არცთუ მცირეა.
საეკლესიო ხელისუფლების კანონიკური წესრიგის დარღვევის ერთ-ერთი უახლესი მაგალითი იყო ლატვიის ეკლესიის მოწყვეტის მცდელობა მისი დედა-ეკლესიის – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან. 2022 წლის 8 სექტემბერს ლატვიის სეიმმა, პრეზიდენტ ე. ლევიტსის ინიციატივით, ცვლილებები შეიტანა კანონში ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის შესახებ და მას „ავტოკეფალია“ მიანიჭა, ამასთან გააუქმა მისი დამოკიდებულება საზღვარგარეთის საეკლესიო ცენტრებზე. მანამდე ლატვიის ეკლესიას თვითმმართველი ეკლესიის სტატუსი ჰქონდა, რომელიც მას 1992 წელს პატრიარქალური ტომოსით მიენიჭა. ამ სტატუსის შესაბამისად, იგი დამოუკიდებლად წყვეტდა სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხებს თავის კანონიკურ ტერიტორიაზე. ამავე დროს, იგი რჩებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, რომელიც ისტორიულად მისი დედა-ეკლესიაა.
ლატვიელი კანონმდებლების ჩარევა წმინდა საეკლესიო საქმეებში, იურიდიული თვალსაზრისით უჩვეულო კურიოზს წარმოადგენს. მით უფრო, რომ მანამდე არ ყოფილა მიღებული არც ერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც ლატვიის მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიის სტატუსს მიანიჭებდა. სხვა რელიგიური გაერთიანებების მსგავსად, იგი კვლავაც სახელმწიფოსგან გამოყოფილია. შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლებას არ გააჩნია სამართლებრივი უფლებამოსილება, ჩაერიოს მის შიდა ცხოვრებაში, მათ შორის – საეკლესიო სტატუსისა და მართლმადიდებლურ სამყაროში მისი ინსტიტუციური ადგილის განსაზღვრის საკითხებში. თვით საბჭოთა კავშირშიც კი, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე დევნას განიცდიდა, საეკლესიო საქმეებში ასეთი ჩარევა სამართლებრივი ფორმით არ ცხადდებოდა. ფორმალური იურიდიული საზღვრები მაინც დაცული იყო, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე ლატვიის ხელისუფლებასთან მიმართებით.
და კიდევ ერთი გარემოება: სეიმის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აშკარა დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით. თუ ლატვიაში მართლმადიდებლებს ეკრძალებათ კანონიკური კავშირის შენარჩუნება თავის დედა-ეკლესიასთან, მაშინ რა საფუძველზე არ ვრცელდება მსგავსი აკრძალვები ლატვიელი კათოლიკეებისთვის, სხვა კონფესიებისა და რელიგიის მორწმუნეებისთვის? ან იქნებ რიგაში უკვე მზადდება კანონი, რომელიც აუკრძალავს ადგილობრივ კათოლიკურ თემს ვატიკანისადმი დაქვემდებარებას, რომელიც, როგორც ცნობილია, ლატვიის ფარგლებს გარეთ და მისგან შორს მდებარეობს?
ლატვიის ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოლიტიკაში ძირეულად ახალი არაფერია. ლატვიის ყბადაღებული სუვერენიტეტის განმეორებითი ფაზის დასაწყისიდანვე, ამ ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი მართლმადიდებლები ეროვნებისა და ენის ნიშნით უცერემონიო დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ. რუსებსა და სხვა ეროვნების რუსულენოვან მაცხოვრებლებს ჩამოერთვათ პოლიტიკური და რიგი სამოქალაქო უფლებები; პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებად დასაცინად მისცეს ე.წ. „არამოქალაქეთა პასპორტები“. ცხადია, ლატვიის მრავალრიცხოვანი „არამოქალაქეებისთვის“ სარჩევნო უფლებების აღდგენის შემთხვევაში, ქვეყნის პარლამენტი სრულიად განსხვავებული შემადგენლობით დაკომპლექტდებოდა და კანონების მიღებისას აღარ იხელმძღვანელებდა დისკრიმინაციული, ანტიმართლმადიდებლური და რუსოფობიური მოტივებით. ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა და საერო ხელისუფლების უხეში ჩარევა წმინდა საეკლესიო საქმეებში უნიკალური მოვლენა არ არის, თუმცა უკანასკნელი ორი საუკუნის მსოფლიო იურიდიულ პრაქტიკაში მსგავსი მაგალითები არც ისე ბევრია. ზანგებისა და მულატების მონობა შეერთებულ შტატებში 1865 წელს გაუქმდა. ერთი საუკუნის შემდეგ, ჯონ ფ. კენედის პრეზიდენტობის დროს, მოქალაქეთა ამ კატეგორიის მიმართ სეგრეგაციის პოლიტიკა დასრულდა (მაშინაც კი, ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობისგან განსხვავებით, ისინი მოქალაქეები იყვნენ!). სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი – ქვეყნის მოსახლეობის დაყოფა თეთრკანიანებად, შავკანიანებად და ფერადკანიანებად – 1994 წელს რასისტული რეჟიმის დაცემასთან ერთად წარსულს ჩაბარდა. ლატვიაში მიმდინარე მოვლენებთან ყველაზე ახლო ისტორიული პარალელია 1935 წელს ნიურნბერგში მიღებული „რეიხის მოქალაქეობის კანონი“ და „გერმანული სისხლისა და გერმანული ღირსების დაცვის კანონი“.
2022 წლის 20 ოქტომბერს ლატვიის ეკლესიის კრებამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას ლატვიის ეკლესიისთვის სრული დამოუკიდებლობის, სხვა სიტყვებით – ავტოკეფალიის, მინიჭების თხოვნით მიმართა. ამ მიმართვის პასუხად წმინდა სინოდმა განმარტა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი წესდების თანახმად, ეს თხოვნა ჯერ განიხილება ეპისკოპოსთა კრებაზე, შემდეგ კი საკითხს გადაწყვეტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრება. მანამდე კი ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ძალაში რჩება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების XII თავით („თვითმმართველი ეკლესიები“) განსაზღვრული ნორმები.
ლატვიის ეკლესიისთვის კანონიერად, და არა პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. უფრო იმიტომ რომ, არსებული ვითარების პირობებში მის სამწყსოს განსაკუთრებული მხარდაჭერა და მფარველობა სჭირდება დედა-ეკლესიის მხრიდან, რომლის საპატრიარქო ტახტი დიდი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და საკუთარი მეგობრების დაცვა და რომელმაც ისტორიაში არაერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი, ვისაც ეს სჭირდებოდა. ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციას, რომელიც ოცდაათ წელზე მეტია, რაც დაიწყო, დღეს დამატებითი გამოხატულება მიეცა მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ განხორციელებული ზეწოლის სახით. ამ ვითარებაში მორწმუნენი მოწოდებულნი არიან, აღმსარებლობითი მოშურნეობით იღვაწონ კანონიკური წესრიგისა და საეკლესიო ერთობის დასაცავად, რადგან „ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება“ (მთ. 24:13). ხოლო, ვისაც მართლმადიდებელი რუსეთი სძულთ და ეთნიკურ მტრობას და რელიგიურ შუღლს აღვივებენ, ზედმეტი არ იქნება თუ გაიხსენებენ, როგორ მთავრდებოდა წარსულში აგრესიული თავდასხმები მართლმადიდელობასა და წმინდა რუსეთზე.
2023 წლის 13 აგვისტოს, რიგის მიტროპოლიტმა ალექსანდრემ, ორი ეპისკოპოსის თანამსახურებით, ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა არქიმანდრიტი იოანე (ლიპშანსი) და ვალმიერის ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსად დაადგინა. თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების თანახმად, თვითმმართველი ეკლესიების ეპისკოპოსებს შესაბამისი ეკლესიის სინოდი ირჩევს იმ კანდიდატთაგან, რომელთაც ამტკიცებენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი და წმინდა სინოდი. არქიმანდრიტ იოანეს კანდიდატურა დასამტკიცებლად არც პატრიარქისთვის და არც წმინდა სინოდისთვის არ წარუდგენიათ. შესაბამისად, მისი ეპისკოპოსად კურთხევა თვითნებურ და არაკანონიკურ აქტად შეფასდა. ამრიგად, სახეზეა წესდების აშკარა დარღვევა, მაშინ როცა თავად წესდება კანონიკურ ნორმებს ეფუძნება. ადგილობრივი წყაროების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება წინასწარ იყო შეთანხმებული ლატვიის სახელმწიფო ხელისუფლებასთან.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტმა ალექსანდრემ გადაუხვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ლიტურგიკული მოხსენიების დადგენილ წესს და მის დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირებსაც მოსთხოვა, უარი ეთქვათ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კანონიკურ მოხსენიებაზე. 2023 წლის 19 ივლისს გამართულ სამღვდელმთავრო თათბირზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეკლესიის ერთიანობის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მხრიდან ამ მოწოდებას პასუხი არ მოჰყოლია. 2023 წლის 24 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დაგმო ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ქმედებები, როგორც ეკლესიის ერთობისთვის საზიანო.
ყველას, ვინც ცდილობს ლაქიასავით ემსახურონ და ასიამოვნონ ამწუთიერი ძალაუფლების მქონე ხელსუფლებას, არ აწყენდათ დაფიქრებულიყვნენ კანონიკური მართლმადიდებლობის ღალატის მძიმე შედეგებზე როგორც მარადიულ, ისე ამ დროებით ცხოვრებაში. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: განხეთქილების ცოდვა იმდენად მძიმეა, რომ მას მოწამეობრივი სისხლიც ვერ
განბანს.