მთავარი გვერდი ახალი ამბები
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი: „თანაშევეწიოთ სიკეთ…

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი: „თანაშევეწიოთ სიკეთისა და ღვთივნამცნები სიმართლის გამრავლებას“

ამ უძველეს სინოდალურ განყოფილებას ხშირად უწოდებენ ეკლესიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მართლაც, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება, რომელიც დიდი სამამულო ომის შემდეგ მალევე შეიქმნა, უპირველეს ყოვლისა მოწოდებული იყო კონტაქტების დასამყარებლად საერთაშორისო დონეზე. დროის გამოწვევების შესახებ, რომლებზედაც პასუხის გაცემა უწევდა სსკგ-ს თავისი 75-წლიანი ისტორიის მანძილზე, მისი შრომისა და პერსპექტივების თაობაზე, „მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალს“ მოუთხრო საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.    

გადავარჩინოთ სასულიერო სკოლები და მონასტრები 

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება 1946 წელს შეიქმნა, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ იწყებდა ფერფლიდან აღდგენას 1930-იანი წლების უსასტიკესი დევნისა და ომით გამოწვეული უმძიმესი განსაცდელების შემდეგ. სამი ათწლეულის განმავლობაში, რაც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გავიდა, პრაქტიკულად დაიკარგა რევოლუციამდელ პერიოდში გამომუშავებული კომუნიკაციების ყველა არხი. მნიშვნელოვანწილად დაკარგული იყო კონტაქტი რუსულ ეკლესიურ საზღვარგარეთთან. საგარეო საეკლესიო კავშირების მთელი სისტემა პრაქტიკულად თავიდან ასაწყობი გახდა.

ეს მისია დაეკისრა განყოფილების პირველ თავმჯდომარეს, კრუტიცკისა და კოლომნის მარადსახსენებელ მიტროპოლიტ ნიკოლოზს (იაკუშევიჩი). თანამშრომელთა მცირერიცხოვანი ჯგუფით მან თითქმის თხუთმეტი წელი იღვაწა ეკლესიათაშორისი ურთიერთობების ტრადიციული ფორმების აღორძინებისა და გაღრმავებისათვის. განყოფილების პირველმა თავმჯდომარემ დასაბამი დაუდო მთელ რიგ ახალ მიმართულებებს საგარეო საეკლესიო საქმიანობაში – ბევრწილად განსაზღვრა მისი შემდგომი განვითარების ძირითადი ვექტორი. მეუფე ნიკოლოზი ბევრ დროს უთმობდა კონტაქტების დამყარებას საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფოსთან, პოლიტიკის, მეცნიერებისა და კულტურის სამყაროსთან. ეკლესიის საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებული მოღვაწეობა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა დაიწყო ჯერ კიდევ სსკგ-ს შექმნამდე, 1945 წლის შემოდგომაზე, როდესაც იმოგზაურა საფრანგეთში მიტროპოლიტ ევლოგისა (გეორგიევსკი) და მისი ვიკარიუსების, აგრეთვე მიტროპოლიტ სერაფიმეს (ლუკიანოვი) შემოსაერთებლად რუსეთის ეკლესიასთან. შემდგომში მიტროპოლიტი ნიკოლოზი სათავეში ედგა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციებს ინგლისში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. ის აგრეთვე იყო ერთ-ერთი ინიციატორი 1948 წელს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და წარმომადგენლების თათბირის მოწვევისა, რომელიც რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალურობის 500 წლისთავის დღესასწაულს მიეძღვნა. მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ ეკლესიების მსოფლიო საბჭოში (ემს) შესასვლელად გახორციელებული სამზადისი ათ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და დაგვირგვინდა რუსეთის ეკლესიის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით იმ საფუძვლებზე, რომლებიც მან მოხაზა: „ჩვენ ვთანხმდებით... გამორჩეულად ჩვენი ზოგადსაეკლესიო ვალდებულების სახელით – ვემსახუროთ ყველა ქრისტიანთა შეერთებას ქრისტეს ეკლესიის წიაღში, და ეს არის წმინდა მართლმადიდებლობა, რომელიც სისავსით და სიმრთელით იმარხავს ერთხელ გადმოცემულ წმინდა სარწმუნოებას... სწორედ ემს-ს მეშვეობით კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის ხმა... შეიძლება მთელს მსოფლიოში გაისმას“.

სსკგ-ს შემდეგი თავმჯდომარე 1960 წელს გახდა პოდოლსკის ეპისკოპოსი, შემდგომში ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტი ნიკოდიმი (როტოვი). იგი დაუყოვნებლივ შეუდგა განყოფილების რეორგანიზაციას და მნიშვნელოვნად გააფართოვა მისი სტრუქტურები. შეიქმნა ეკუმენური და სამშვიდობო ჯგუფები სამეცნიერო-თეოლოგიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის საკითხების განსახილველად, ასევე – ჯგუფი კათოლიციზმის შესასწავლად. 1969 წელს განყოფილების თავმჯდომარის რწმუნებაში გადავიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიასთან არსებული ასპირანტურა.

მიტროპოლიტ ნიკოდიმის დროს მოხდა ქრისტიანთაშორისი კონტაქტების მნიშვნელოვანი გაფართოება. ამას მოწმობს 1961 წელს რუსეთის ეკლესიის შესვლა ემს-ში და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობა ვატიკანის მეორე კრებაზე – 1962-1965 წლებში, და ორმხრივი თეოლოგიური დიალოგების დაწყება რუსეთის ეკლესიისა ევანგელისტურ ეკლესიებთან, ანგლიკანური აღმსარებლობის ეკლესიებთან და რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა 1971 წელს მიტროპოლიტ ნიკოდიმის ინიციატივით რუსეთის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კრების გადაწყვეტილებას ძველ რუსულ რიტუალებზე და მათი გამოყენებაზე წყევლის გაუქმების შესახებ, რამაც საფუძველი ჩაუყარა მტკივნეული განხეთქილების გადალახვას, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მოხდა.

მეუფე ნიკოდიმის პირადი ძალისხმევის წყალობით, შესაძლებელი გახდა შენარჩუნებულიყო წმინდა მთაზე რუსული მონაზვნობის არსებობა, რომელსაც სრული გაქრობა ემუქრებოდა პოლიტიკური მიზეზების გამო: მრავალი წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ათონის რუსული საძმოს შევსება ჩვენი სამშობლოდან გამოსული მონაზვნებით.

ბევრი გააკეთა მიტროპოლიტმა ნიკოდიმმა 1970 წელს ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და იმავე წელს იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიის გამოცხადებისთვის. საბჭოთა კავშირის შიგნით კი ის საერთაშორისო საქმიანობას იყენებდა მონასტრებისა და ტაძრების დახურვისა და განადგურების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, სწორედ საერთაშორისო ყურადღების მიპყრობით მოახერხა მიტროპოლიტმა ნიკოდიმმა დახურვისგან გადაერჩინა ლენინგრადის სასულიერო სკოლები, სახელდობრ, მათში უცხოელი სტუდენტების ფაკულტეტის შექმნის გზით.

იმავდროულად აღწევდა ახალგაზრდა ეპისკოპოსების დანიშვნას საზღვარგარეთის კათედრებზე, რითაც შემდგომში მათი გადმოსვლის შესაძლებლობას ქმნიდა ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა და გაფართოვდა. მთელ ამ მრავალფეროვან სამუშაოს მიტროპოლიტი ნიკოდიმი ატარებდა მიუხედავად სამოქალაქო ათეისტური ხელისუფლების მიერ აღმართული დაბრკოლებებისა.

სამშვიდობო და სადიალოგო კურსი სახელმწიფო ხელისუფლებასთან 

წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 1961 წლის მარტში დაადგინა, რომ სსკგ-ის თავმჯდომარე უნდა იყოს ეპისკოპოსის ხარისში და წმინდა სინოდის მუდმივი წევრი. ეს მოწმობს იმ დიდ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც რუსეთის ეკლესია აკისრებდა განყოფილების თავმჯდომარეს, ხოლო მისი სახით – მთელ განყოფილებას.

1972 წელს მიტროპოლიტი ნიკოდიმი თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა მიტროპოლიტმა იუბენალმა (პოიარკოვი). მისი თავმჯდომარეობის პერიოდი ხასიათდება რუსეთის ეკლესიის აქტიური სამშვიდობო საქმიანობით.

ეს მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს თვალში, რომელიც 1970-იან წლებში ცდილობდა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვას. ამ პერიოდში რუსული ეკლესია იყო სამშვიდობო ფორუმების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ხოლო დასავლელი პარტნიორების მიერ ამ შეხვედრების მაღალი შეფასება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ ეკლესიის მთელი საგარეო საქმიანობის შეფასებაზე.

1982 წლიდან არასრული ცხრა წლის განმავლობაში განყოფილებას თავმჯდომარეობდა მიტროპოლიტი ფილარეტი (ვახრომეევი). მისი თავმჯდომარეობის პერიოდზე მოდის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მზადება რუსეთის ნათლობის 1000 წლისთავის აღსანიშნავი ზემისთვის და თვით ეს ზეიმი. განყოფილებამ, მიტროპოლიტ ფილარეტის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული მოცულობის, სირთულისა და მნიშვნელობის წვლილი შეიტანა საერთო საეკლესიო პროცესში, რომელიც უკავშირდებოდა 1988 წლის ივნისში რუსი ხალხისა და მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის საზეიმო აღნიშვნას. დღესასწაულმა ფართო საზოგადოებრივი ხასიათი მიიღო და უძლიერეს სტიმულად იქცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქვეყნის ცხოვრებაში სათანადო ადგილის აღსადგენად და თანდათანობით მისი მსახურების საუკუნოვანი ტრადიციების ასაღორძინებლად.

1990 წელს განყოფილებას სათავეში ჩაუდგა სმოლენსკისა და კალინინგრადის მთავარეპისკოპოსი კირილე, რომელიც მალე მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აყვანილი. იგი ამ განყოფილების თანატოლია, და ღვთის განგებით მას ეწერა თავისი ცხოვრება ამ უძველეს სინოდალურ ქვეგანყოფილებასთან დაეკავშირებინა.

ეკლესიის საგარეო საქმიანობაში მისი მონაწილეობა დაიწყო მიტროპოლიტ ნიკოდიმის დროს, როდესაც იგი შეიყვანეს რუსეთის ეკლესიის დელეგაციაში ემს-ს IV გენერალურ ასამბლეაზე უფსალაში (შვედეთი) 1968 წელს. თითქმის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იგი განყოფილებას. ამ პერიოდში მოხდა თვისობრივი ცვლილებები მის სტრუქტურასა და საქმიანობაში. პრინციპულად ახალ დონეზე გავიდა სახელმწიფო ხელისუფლებასთან დიალოგი, მიღწეულ იქნა ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობების ოპტიმიზაცია, გაფართოვდა და გამყარდა თანამშრომლობა საზოგადოებრივ, სამეცნიერო, პოლიტიკურ და კულტურულ ორგანიზაციებთან.

მომზადებული კადრების ბაზაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ჩამოაყალიბა ახალი განყოფილებები: რელიგიური განათლება და კატეხიზაცია, ურთიერთქმედება შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან, ახალგაზრდებთან მუშაობა, სოციალური მსახურება და სხვა.

განყოფილების საბიბლიოთეკო ფონდის ბაზაზე შეიქმნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ბიბლიოთეკა. განყოფილების ვალდებულებათა სპექტრი უკიდურესად ფართო იყო და, შესაბამისად, ახალი სინოდალური დაწესებულებების, კომისიების და სხვა საეკლესიო ორგანიზაციების ჩამოყალიბებამ, აგრეთვე მათზე საპასუხისმგებლო სფეროების გადაცემამ ამ მიმართულებებით საქმიანობისათვის, განყოფილებას საშუალება მისცა, ეწარმოებინა სამუშაოები გარე სამყაროსთან ურთიერთმოქმედების სხვა, ჯერ კიდევ აუთვისებელ, სფეროებში.

ამასთან დაკავშირებით, განყოფილების რესტრუქტურიზაცია მოხდა. გაჩნდა მართლმადიდებელთაშორისი და ქრისტიანთაშორისი კავშირების, ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის, უცხოეთის დაწესებულებებისა და მართლმადიდებლური მომლოცველობის სექტორების სამდივნოები. მოგვიანებით კი შეიქმნა კომუნიკაციის სამსახური და პუბლიკაციების სექტორი. ამან გამოიწვია მთლიანად განყოფილების მუშაობის ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდა.

დრო, როდესაც მიტროპოლიტი კირილე საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რუსეთის ეკლესიისთვის ახალი განსაცდელების პერიოდი გახდა. იშლებოდა დიდი ქვეყანა, მის ტერიტორიაზე იქმნებოდა ახალი სახელმწიფოები.

1991 წლის აგვისტოს კრიზისის ტრაგიკულ დღეებში, ეკლესიას, თანდათან იხვეჭდა რა საზოგადოებრივ ავტორიტეტს, მრავალი ათწლეულის განმავლობაში პირველად უწევდა თავისი დამოკიდებულების ფორმულირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ეს იმ პირობებში, როდესაც მასზე უძლიერესი ზეწოლა ხორციელდებოდა. სსკგ-სა და მისი თავმჯდომარის გამართული და შეხმატკბილებული მუშაობის წყალობით, შესაძლებელი გახდა ღირსეული და გაწონასწორებული პასუხის გაცემა, საკუთარი ხმის ამაღლება სისხლისღვრისა და ძმათამკვლელობების წინააღმდეგ.

რუსეთის ეკლესიის მხრიდან საჭირო გახდა აქტიური მოქმედებები 1993 წელსაც, როდესაც რუსეთის პრეზიდენტსა და მის პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირებამ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა.

ამ რთული მოლაპარაკებების მომზადებასა და წარმართვაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სსკგ-მ მიტროპოლიტ კირილეს თავმჯდომარეობით.

დღის წესრიგში - უკრაინის საკითხი და სხვა პრობლემები

იმავდროულად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სერიოზული პრობლემები შეექმნა რელიგიურ სფეროში. მე -20 საუკუნის დასასრული იქცა უნიის აღორძინების პერიოდად უკრაინაში. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, უნიატები იტაცებდნენ მოსკოვის საპატრიარქოს ტაძრებს, კლავდნენ მღვდლებს, ძალადობდნენ მართლმადიდებელ მორწმუნეებზე და სასტიკ კამპანიას აწარმოებდნენ მართლმადიდებლების დისკრედიტაციისათვის მასმედიაში.

მიტროპოლიტ კირილესთვის, როგორც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარისთვის, უნიის პრობლემა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში. ეს თემა იდგა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის ურთიერთობის დღის წესრიგის ცენტრში. განყოფილების ძალისხმევის შედეგი გახდა მთელი მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის მიმართვა უნიის თემაზე, რამაც დროთა განმავლობაში კათოლიკური მხარე იმის ოფიციალურ აღიარებამდე მიიყვანა, რომ უნიატიზმი და პროზელიტიზმი მცდარი მეთოდი აღმოჩნდა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობაში.

სსრკ-ს დაშლამ, მრავალი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგების გარდა, გამოიწვია მთელი რიგი ეთნიკური კონფლიქტები – მოლდოვაში, ტაჯიკეთში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სსკგ-ს თავმჯდომარის ინიციატივით, გაიმართა რუსეთის ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ისლამის, იუდაიზმისა და ბუდიზმის მიმდევართა თემების – მეთაურთა და წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე.

მიტროპოლიტმა კირილემ მოაწყო ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავების პროცესი, რომელიც წარმოადგენს ეკლესიის დამოკიდებულებას სხვადასხვა სოციალურ მოვლენასთან და პრობლემებთან. ამ დოკუმენტის სახელწოდებაა – „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები"; რომელიც მიღებულ იქნა 2000 წლის საიუბილეო სამღვდელთმთავრო კრებაზე. ხოლო 2007 წლის 17 მაისს მოხდა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა – ხელი მოეწერა კანონიკური ერთობის აქტს მოსკოვის საპატრიარქოსა და რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიას შორის, ანუ აღდგა რუსეთის ეკლესიის სრული ერთიანობა, რაც იყო შედეგი ხანგრძლივი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებისა, რომლებიც ტარდებოდა განყოფილებისა და პირადად მისი თავმჯდომარის აქტიური მონაწილეობით.

1990-იანი წლების დასაწყისის ისტორიულმა და პოლიტიკურმა რყევებმა არც ეკლესიას აუარა გვერდი. როდესაც 1992 წელს ფილარეტ დენისენკო, რომელიც იმ დროისათვის კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი იყო, დაემუქრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრებას მოსკოვის საპატრიარქოს დატოვებით, მიტროპოლიტმა კირილემ, როგორც განყოფილების თავმჯდომარემ, მისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და ინიციატივით მისი შეჩერება სცადა, და მაშინ ეს გამოვიდა. თუმცა, უკვე კრების შემდეგ, ფილარეტმა, ფიცით მიცემული დაპირების მიუხედავად, უარი თქვა, ნებაყოფლობით დაეტოვებინა კიევის კათედრა და განხეთქილების გზას დაადგა.

იქიდან მოყოლებული, სსკგ-ს დიდი ძალისხმევა დასჭირდა სქიზმისმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

უკრაინის ეკლესიის არცერთი ეპარქიალური ეპისკოპოსი არ გაჰყოლია სქიზმაში ფილარეტს, გაუძლო ყველა მონასტერმა და სამრევლოების დიდმა უმრავლესობამ. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერა და კვლავ დარჩა ქვეყნის უმსხვილეს კონფესიად. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა განხეთქილებაში მყოფი „კლირიკოსების“ მონანიება და კანონიკურ ეკლესიაში დაბრუნება..

1992 წელი აღინიშნა სამწუხარო უთანხმოებით რუმინეთის საპატრიარქოსთან, რომელმაც თავის იურისდიქციაში მიიღო მოლდავეთის სქიზმატიკოსები, რომლებისთვისაც შექმნა ე.წ. „ბესარაბიის სამიტროპოლიტო“.

მსგავსი ვითარება შეიქმნა ესტონეთშიც. მას შემდეგ, რაც 1990 წელს ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო, წარმოიქმნა სქიზმატიკოსთა მცირე ჯგუფი, რომელიც 1996 წელს თავის იურიდიქციაში მიიღო კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ. ამან გამოიწვია მოსკოვის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს თანხმდებოდა ფანარიონის ავაზაკურ ქმედებებს ესტონეთში, მაგრამ შემდგომში, მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობის შესანარჩუნებლად, წავიდა მოლაპარაკებებზე და აღადგინა ერთობა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან – უკიდურესი იკონომიით დათანხმდა ორი იურისდიქციის თანარსებობას ესტონეთში.

უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესისათვის რთულ წლებში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო სისტემატურად უწევდა ფარულ, ზოგჯერ კი ღია მხარდაჭერასაც უკრაინის საეკლესიო განხეთქილებას. 1993–1995 წლებში მან თანაზიარებაში მიიღო სქიზმატური სამრევლოები დიასპორაში და მათი „იერარქია“. იყო მცდელობები შეექმნათ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ე.წ. „მეტოქიონები“.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქო სიტყვით აღიარებდა კიევის სამიტროპოლიტოს მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში, თუმცა საქმით, ჩვენი ეკლესიის გვერდავლით, ფანარიონი საიდუმლო სეპარატიულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სქიზმატიკოსებთან და უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლებასთან უკრაინის განხეთქილების ლეგალიზაციისათვის. ამ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი გახდა 2008 წელს პატრიარქ ბართლომეოსის ჩამოსვლა კიევში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ან კიევის კანონიკური მიტროპოლიტის მხრიდან მოწვევის გარეშე. ცნობილი გახდა, რომ ვიზიტის მიზანი იყო განხეთქილებაში მყოფი ფილარეტ დენისენკოს სტრუქტურის აღიარება და მისთვის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭება. ფანარიონის მცდელობა, თავის ავანტურაში სხვა ადგილობრივი ეკლესიების წინმაძღვრების მხარდაჭერა მიეღო – ჩავარდა, ხოლო იმავდროულად კიევში უწმინდესი პატრიარქის, ალექსი II-ის ჩასვლამ ამ გეგმას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. მაშინ მოხერხდა უკრაინაში კონსტანტინეპოლის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა.  .

ამოცანაა – მსოფლიიოს ვუამბოთ რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმიანობის შესახებ

2009 წელს საღვთო განგებამ სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტ კირილეს საპატრიარქო ტახტზე მოუხმო და საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას სათავეში ამ სტრიქონების ავტორი ჩავუდექი. განყოფილების თავმჯდომარის პირველი რიგის ამოცანა იმ კურსის გაგრძელება გახდა, რომელსაც საფუძველი მისმა წინამორბედებმა თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას ჩაუყარეს. ამისთვის კი საჭირო იყო საკადრო მემკვიდრეობის შენარჩუნება. სამუშაოზე მიღებული თანამშრომლები ტრადიციულად იყენებენ უფროსი თაობის საუკეთესო პრაქტიკას, რაც მრავალი თვალსაზრისით საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს და გაიზარდოს ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც იმ წლებში დაგროვდა, როდესაც განყოფილებას ამჟამინდელი უწმიდესი პატრიარქი ხელმძღვანელობდა, და გადაეცეს ეს გამოცდილება ახალი თაობის დიპლომატებს ეკლესიის სასარგებლოდ.

ამასთან, დროის მოთხოვნიდან გამომდინარე, განყოფილების წინაშე ახალი ამოცანები დგება. მნიშვნელოვანია მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების თვისობრივად ახალ დონეზე გაყვანა რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით თავიდან განახლდა განყოფილების ინეტრნეტ-საიტი. შემდეგ შეიქმნა საპარტნიორო ურთიერთობების სისტემა უცხოური რესურსებით სხვადასხვა ენაზე.

მიმდინარე წლის დასაწყისში ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდამჭერი ფონდის ფინანსური მონაწილეობით ამოქმედდა განყოფილების ახალი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი. ამ პორტალზე არა მხოლოდ რუსულენოვან ინტერნეტ მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ სიახლეებს, აქტუალურ ინტერვიუებს, ავტორიტეტული მეცნიერებისა და თეოლოგების ანალიტიკურ მასალებს, ასევე მულტიმედიურ კონტენტს. მასალების რეგულარული განახლება ხდება კიდევ ცხრა ენაზე, ესენია: უკრაინული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, სერბული, რუმინული, არაბული. უახლოეს ხანში ვაპირებთ თორმეტამდე გავაფართოვოთ ენობრივი ვერსიები.

ეს ყველაფერი აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების იმ გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენი ეკლესია ბოლო წლებში შეეჯახა. და მთავარი მათ შორის არის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შეჭრა უკრაინაში და მისი უმძიმესი შედეგები მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.

იმ სიტუაციაში, როდესაც ყოველთა მართლმადიდებელთა კრებაში (რომელიც დაგეგმილი იყო 2016 წლის ივნისში) მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიებმა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ასევე გადაწყვიტა არ მიეღო მასში მონაწილეობა, ვინაიდან კრებისწინა პროცესის დასაწყისიდანვე (რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდებოდა) რუსული ეკლესია ამტკიცებდა, რომ კრება შეიძლება იყოს საყოველთაო მართლმადიდებლური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა საყოველთაოდ აღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია და რომ მასზე გადაწყვეტილებები კონსენსუსით უნდა იქნეს მიღებული. ხოლო კონსენსუსი არ არის მხოლოდ იმ ადგილობრივი ეკლესიების თანხმობა, რომლებიც კრებაზე შეიკრიბნენ, არამედ – ყველა საყოველთაოდ აღიარებული ადგილობრივი ეკლესიის თანხმობა.

კრეტის კრებიდან ორი წლის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ათმა ადგილობრივმა ეკლესიამ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ გადაწყვეტილება მიიღო წმინდა კანონებისა და სამასი წლის წინ მისთვის დაკისრებული ისტორიული ვალდებულებების უპრეცედენტო დარღვევაზე; სცადეს, უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაცია, – რომელიც აერთიანებს მილიონობით მორწმუნეს, თორმეტ ათასზე მეტ სამრევლოსა და ორას ორმოცდაათზე მეტ მონასტერს, – და მისი შეცვლა უკრაინულ განხეთქილებაზე დაფუძნებული ახალი ფსევდოეკლესიური სტრუქტურით მოინდომეს, რომელიც ფაქტიურად ფანარიონის კონტროლს ექვემდებარება.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შეჭრამ ახალი საფრთხე შეუქმნა მართლმადიდებლობის ერთობას როგორც უკრაინაში, ისე მთელს მსოფლიოში და გამოიწვია მასობრივი ძალადობის ტალღა და ეკლესიების მიტაცება უკრაინაში.

რუსული ეკლესიისთვის ეს შემოტევა მოულოდნელი არ იყო, რადგან სსკგ-მ იცოდა ფარული კონტაქტებისა და მოლაპარაკებების შესახებ ფანარიონსა და უკრაინელ სქიზმატიკოსებს შორის, რომლებიც გასულ წლებში მიმდინარეობდა. თავის მხრივ, განყოფილებამ ყველაფერი გააკეთა ამ განხეთქილების თავიდან ასაცილებლად.

სამწუხაროდ, ამ მოღალატური გეგმების (წერილობითი მიმართვები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსადმი და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების განმეორებითი მცდელობები) აღკვეთისკენ მიმართულ ძალისხმევებს წარმატება არ მოჰყოლია. უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა პატრიარქ ბართლომეოსთან სტამბოლში 2018 წლის აგვისტოში, კონსტანტინეპოლის ეკლესიის წინამძღვრის კანონიკურ გზაზე დაბრუნების ბოლო მცდელობა იყო. მაგრამ ფანარიონის ხელმძღვანელობამ უგულებელყო ეკლესიის ერთობა და სიმშვიდე ამწუთიერი პოლიტიკური სარგებლის სანაცვლოდ.

ასეთ რთულ მომენტში განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი კონტაქტები ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან. ყველა ეკლესია დროულად და დეტალურად იქნა ინფორმირებული ოფიციალური მიმოწერით, მრავალრიცხოვანი შეხვედრებითა და სატელეფონო საუბრებით წინამძღვრებთან, იერარქებთან, თეოლოგებთან უკრაინაში რეალური საეკლესიო ვითარების, მართლმადიდებლური ერთობისათვის მზარდი საფრთხისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის შესახებ. შედეგად, 2018 წელს კონსტანტინეპოლის უკრაინაში შეჭრას წინასწარი მხარდაჭერა არც ერთი ადგილობრივი ეკლესიისგან არ მიუღია.


კონსტანტინეპოლმა ასევე ვერ მოიპოვა ფართო მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სცადა უკრაინის განხეთქილების ლეგიტიმაცია და მას ე.წ. „ავტოკეფალია“ მიანიჭა. სამ ადგილობრივ ეკლესიაში, სადაც წინამძღვრები დაემორჩილნენ კოლოსალურ ზეწოლას როგორც ფანარიონის, ისე მსოფლიო პოლიტიკური ძალების მხრიდან, ვერ შეძლეს, იერარქებისგან მიეღოთ პროცედურულად სწორი გადაწყვეტილება უკრაინის სქიზმატური სტრუქტურის ფსევდოავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით.

ეკლესია უნდა დავიცვათ იმ საზღვრებში, რომლებშიც ის წინაპრებისგან მივიღეთ

კონსტანტინეპოლის შეჭრამ უკრაინაში განსაკუთრებული განსაცდელი მოუტანა უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას. მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გაიშალა მისი ეკლესიების მიტაცების ტალღა, მიიღეს დისკრიმინაციული კანონები და მასზე ძლიერი პოლიტიკური, ადმინისტრაციული და საინფორმაციო ზეწოლა განახორციელეს.

კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის ხელმძღვანელობით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამ განსაცდელებს ღირსეულად გადის, ინარჩუნებს ერთობას როგორც თავის შიგნით, ისე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსესთან. ეგრეთ წოდებული „სამრევლოების განხეთქილებაში გადასვლის“ დაანონსებული ტალღა, რომელიც ძალადობითა და მასიური გაყალბებებით ხორციელდებოდა, კრახით დასრულდა – მხარდაჭერა ვერ პოვა მორწმუნეებში, რამეთუ შეეჯახა აქტიურ ინფორმაციულ, სამართლებრივ და ადამიანის უფლებადამცველ სამუშაოებს.

ჩვენი ეკლესიის ერთობა შენარჩუნებულია, ის არ შემცირებულა თავისი ზომებში. პირიქით, აღდგა მოსკოვის საპატრიარქოს ერთობა მის იმ ნაწილებთან, რომლებიც დედა-ეკლესიისგან მოწყვეტილი აღმოჩნდნენ რუსეთში სამოქალაქო არეულობის მძიმე წლებში. 2007 წელს რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიასთან ზიარების აღდგენის შემდეგ, 2019 წელს დედა-ეკლესიას შემოუერთდა რუსული ტრადიციის დასავლეთ ევროპის სამრევლოების სამთავარეპისკოპოსო.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შენარჩუნება იმ გეოგრაფიულ საზღვრებში, რომლებშიც იგი ჩამოყალიბდა საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი მრავალეროვნული და დიდი ეკლესიის შინაგანი ერთობის შენარჩუნება და განმტკიცება – ეს არის ჩვენ მიერ გადატანილი განსაცდელების მთავარი შედეგი. რაც შეეხება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებს გარეთ არსებულ ვითარებას, სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილება, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქის მოქმედების შედეგი გახდა – ღრმავდება. ამის გამო მთელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მწუხარებს და ლოცულობს მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობის აღდგენისათვის. მორწმუნე ადამიანები არ არიან პასუხისმგებელნი მათ ქმედებებზე, ვინც სქიზმატიკოსებთან ზიარება გადაწყვიტეს. ეს მათი არჩევანია,

ჩვენ კი მოწოდებულნი ვართ შევინარჩუნოთ ეკლესია იმ ისტორიულ საზღვრებში, რომლებშიც ის წინაპრებისგან მივიღეთ. და ამაში საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება ყოველთვის იქნება უწმინდესი პატრიარქისა და წმინდა სინოდის საიმედო თანამსახური.

წმინდა მართლმადიდებლობის ერთობის განმტკიცების გარდა, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ამოცანაა, შეასრულოს მართლმადიდებლობის დამოწმების მისია სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დამყარებისას, აგრეთვე მოახდინოს ქრისტიანთა ძალისხმევის საერთო კონსოლიდაცია დროით მოტანილი გამოწვევების წინაშე. როგორც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ არაერთხელ აღნიშნა, ეს სფერო ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია განყოფილების საქმიანობაში და ბოლო წლებში წარმატებით და დინამიურად ვითარდება.

რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობა დღეს შეიძლება დახასიათდეს, როგორც გაფორმებული „სტრატეგიული ალიანსი“ ქრისტიანული ცივილიზაციის დასაცავად.

უპირობოდ ნიშანდობლივ მოვლენად იქცა ისტორიაში პირველი შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის ჰავანაში, 2016 წლის თებერვალში. მისი შედეგებით მიღებულმა დეკლარაციამ წინასწარ განსაზღვრა რამდენიმე წლის ერთობლივი მუშაობის პარადიგმა: ქრისტიანული ზნეობის დაცვა, პლანეტის სხვადასხვა რეგიონში დევნილი და-ძმების დაცვა, სახარების ჭეშმარიტების დადასტურება და დამოწმება აგრესიული სეკულარიზმისა და ლიბერალიზმის წინაშე, მშვიდობის შენარჩუნება დედამიწაზე ახალი გლობალური ომის მუქარის წინაშე.

კუბაზე მიღწეული შეთანხმებების ერთ-ერთი ნაყოფი იყო ჩვენი ეკლესიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა – წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზ მირლიკიელის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება ბარიდან მოსკოვში და პეტერბურგში 2017 წლის მაის-ივნისში, სადაც ორ მილიონზე მეტ მორწმუნეს რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და სხვა ქვეყნებიდან, საშუალება მიეცა მისთვის თაყვანი ეცა.

ბევრი გაკეთდა ჩვენი ეკლესიების მიერ სირიის ქრისტიანების მხარდასაჭერად და ამ ქვეყნის მთელი გაჭირვებული მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად. შესაბამისი ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიწყო მაშინვე, ჰავანის ისტორიული შეხვედრის შემდეგ.

ძალიან მალე მათ შეუერთდნენ ამ ღონისძიებებს სხვა ქრისტიანული თემები და მუსლიმური ორგანიზაციებიც კი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა აღმოსავლეთის ძველ ეკლესიებთან კვლავაც აქტიურად ვითარდება. ჩვენი ურთიერთობის უპრეცედენტო დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო წლებში, ჩამოყალიბდა მათი ლიდერების რუსეთში ვიზიტებისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესთან შეხვედრების დროს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბევრი ძველი აღმოსავლური ეკლესია მსახურობს იმ რეგიონებში, რომლებსაც ქრისტიანთა დევნის ტალღამ გადაუარა.

სწორედ რუსეთში და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ხედავენ ისინი თავის დაცვას და მხარდაჭერას. გარდა ამისა, ეს ეკლესიები ძალიან მტკიცედ დგანან ქრისტიანულ ზნეობაზე. ეს არის ჩვენი ურთიერთობის საფუძველი.

უნიკალური გახდა კოპტურ ეკლესიასთან მონაზონთა დელეგაციების გაცვლის პროექტი. ერთი მხრივ, ეგვიპტე არის ქრისტიანული მონაზვნობის სამშობლო, იქ შენარჩუნებულია პირველი ქრისტიანული მონასტრები თავდაპირველი სახით, სადაც შესაძლებელია სამონაზვნო ცხოვრების დამაარსებელთა წმინდა ნაწილების თაყვანისცემა, ვითარდება მომლოცველობის მარშრუტები, რომლებიც დაკავშირებულია ამ მიწაზე წმინდა ოჯახის ცხოვრებასთან. მეორე მხრივ, კოპტებს დიდი ინტერესი აქვთ რუსული მონასტრების ტრადიციების მიმართ, რომლებშიც ისინი ხედავენ ჭეშმარიტი სამონასტრო სულის განსახიერებას მისი უძველესი ტრადიციების კალაპოტში.

განსაკუთრებული ისტორიული სიახლოვით გამოირჩევა ჩვენი ურთიერთობა სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამშვიდობო და საშუამავლო ძალისხმევით 2020 წელს მთიან ყარაბაღში დაპირისპირების გამწვავების პერიოდში, როცა დადივანქის მონასტერი და ყარაბაღის სხვა სიწმინდეები რუსი სამშვიდობოების მფარველობის ქვეშ იქნა აყვანილი. სსკგ-მ ასევე დიდი მონაწილეობა მიიღო 2016 წელს სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების საბლაღოჩინოს ჩამოყალიბებაში.

შენარჩუნებულია ღირებული კონტაქტები უცხოელ პროტესტანტულ და ანგლიკანურ თემებთან, კერძოდ ინგლისის ეკლესიასთან, ბილი გრეჰემის ევანგელურ ასოციაციასთან და ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიებთან, ქრისტიანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან. მათთან თანამშრომლობა უპირველესად პრაქტიკულ სიბრტყეზე ხდება. ჩვენ ერთობლივად ვეხმარებით საგანგებო სიტუაციებში – სტიქიურ უბედურებებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში – დაზარალებულებს; მრავალი წელია ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდების სახარებისეული ფასეულობების სულისკვეთებით აღზრდაზე, სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციაზე, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვაზე, ღარიბების, მოხუცებისა და ინვალიდების დახმარებზე.

პროტესტანტული სამყარო და მასში მიმდინარე პროცესები არაერთგვაროვანია. ადგილი აქვს ზოგიერთი სამრევლოს გადახრას საეკლესიო სწავლების ლიბერალიზაციისკენ – სეკულარული სამყაროს მოთხოვნების შესაბამისად. მათთან, ვინც ამ სფეროში შეუქცევადი გადაწყვეტილებები მიიღო, ჩვენმა ეკლესიამ ურთიერთობა გაწყვიტა. ამ თვალსაზრისით, საორიენტაციოდ ბევრი მორწმუნე ხელმძღვანელობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მტკიცე პოზიციით, რომელიც უარყოფს ყოველგვარ კომპრომისს ზნეობის სფეროში და ამოწმებს ქრისტიანებისთვის ბიბლიური მორალის საფუძვლების შეუძვრელობას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივების გლობალური მასშტაბის პოპულარიზაციას ხელს უწყობს მისი მონაწილეობა ქრისტიანთაშორის ორგანიზაციებში, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს. ჩვენი ხმა მოთხოვნადია ამ მოედნებზე, ხალხი უსმენს მას ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. თავის მხრივ, სწორედ მოსკოვის საპატრიარქომ და პირადად უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ, – როდესაც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე იყო, – მიაღწიეს იმას, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ყველა დოკუმენტი კონსენსუსით მიიღება, რაც მართლმადიდებელ დელეგატებს საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ მათ შინაარსზე.

პრიორიტეტი არის ქრისტიანების დაცვა, დიალოგი და კეთილმეზობლობა

უნდა აღინიშნოს სსკგ-ს ურთიერთობების აქტიური განვითარება სხვა რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლებთან. ვითარდება ასევე დიალოგი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ისეთ საერთაშორისო მუსულმანურ ორგანიზაციებს შორის, როგორიცაა მსოფლიო ისლამური ლიგა.

კონფესიათაშორისი, ასევე რელიგიათაშორისი თანამშრომლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახდა 2017 წელს უწმიდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით დაარსებული რელიგიათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით, რომლის წევრებიც შეიკრიბნენ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს ეგიდით. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ქრისტიანული, არამედ მუსლიმური ორგანიზაციებიც. სამუშაო ჯგუფმა ბარზას რეგიონში (დამასკო) 1200 მოსწავლისთვის განკუთვნილი ხუთსართულიანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რესტავრაცია მოახდინა, რომელიც საომარი მოქმედებების დროს განადგურდა. სკოლის აღდგენისთვის თანხა რუსეთის რელიგიურმა თემებმა შეაგროვეს. მათში მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი წვლილი.

2017 წლიდან 2019 წლამდე, რელიგიათაშორის სამუშაო ჯგუფმა ას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა ლატაკიას, ჰომსს, ალეპოს, დამასკოს და ბექაას ველს. ყველა ჰუმანიტარული აქცია სირიის ქრისტიან და მუსლიმ ლიდერებთან ერთად განხორციელდა.

ჰუმანიტარული ასპექტი ხდება საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასა და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა უწყებას შორის ურთიერთმოქმედების მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ ურთიერთმოქმედების წყალობით განხორციელდა არაერთი პროექტი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის დასახმარებლად.

სსკგ ცდილობს სისტემატურად მიიქციოს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ქრისტიანთა დევნის პრობლემაზე. სისხლიანი კონფლიქტების სერიის მიზეზით, აღმოსავლეთის უძველესი ბიბლიური მიწების ქრისტიანული თემები დაუცველები აღმოჩნდნენ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის შემოტევის წინაშე. ისლამურ ლოზუნგებს ამოფარებულ ბოევიკებს მიზნად ჰქონდათ არა მხოლოდ ქრისტიანების განადგურება, როგორც ასეთების, არამედ მათი ორათასწლიანი ყოფნის ყოველგვარი კვალის წაშლაც ამ მიწაზე. საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებამ სერიოზული მუშაობა გასწია იმისათვის, რომ ქრისტიანთა უფლებების დაცვის თემა მუდმივად დარჩეს საჯარო სივრცის დღის წესრიგში.

2015 წლის მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 65 სახელმწიფომ მიიღო პირველი ამგვარი სახის რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების მხარდასაჭერად, რომლის ინიციატორადაც მოსკოვის საპატრიარქო გამოვიდა. 2015-2019 წლებში ათენსა და ბუდაპეშტში ჩატარდა ოთხი საერთაშორისო ფორუმი, რომლებიც მიეძღვნა ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა დევნის, ასევე, რელიგიური და კულტურული პლურალიზმისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საკითხებს. ამ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

და თუ სირიასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ იქიდან ქრისტიანების გადინება შეწყდა, მაშინ ჩვენი ძმებისა და დების მდგომარეობა აფრიკის ბევრ ქვეყანაში ბოლო წლებში მართლაც ტრაგიკული გახდა. სწორედ აფრიკა – კონტინენტი მსოფლიოში ყველაზე დინამიურად მზარდი ქრისტიანული მოსახლეობით, გახდა ისეთი რეგიონი, სადაც ყველა მეტ ქრისტიანს კლავენ რწმენის გამო.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურ ძალისხმევას იყენებს აფრიკაში მცხოვრები ქრისტიანების დასაცავად. როგორც წესი, დევნის ფაქტები დაუსჯელი რჩება, რადგან გაუმჟღავნებელია მედიის მხრიდან და თითქმის უცნობი რჩება ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით, აფრიკის ქრისტიანთა მხარდაჭერის ერთ-ერთი პირველრიგითი ფორმაა – მათი გასაჭირის შესახებ ინფორმაციის მიტანა ფართო საზოგადოებამდე. სსკგ ამ ვითარების მონიტორინგს აწარმოებს და ყოველთვის რეაგირებს ქრისტიანთა გენოციდის ფაქტებზე.

განყოფილების საქმიანობის სფეროში სხვა ამოცანებზე საუბრისას, არ შეიძლება არ ვახსენოთ დიალოგი ძველმესტილეებთან. მე-17 საუკუნეში მომხდარი ტრაგიკული განხეთქილების დაძლევა არის ამ ურთიერთქმედების საბოლოო მიზანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მიმართულებები. ძველმესტილეთა სამრევლოების საქმეთა კომისიის ფარგლებში განიხილება ასეთი სამრევლოების მონაწილეობის პრინციპები და ფორმები რუსეთის ეკლესიის შიგნით ზოგადსაეკლესიო ცხოვრებაში. განყოფილების ეგიდით მოქმედებს ძველრუსული კულტურის საპატრიარქო ცენტრი, რომელიც შეიქმნა რუბცოვოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახ. მოსკოვის ტაძრის ბაზაზე ამ სამრევლოების საქმიანობის კონსოლიდაციის მიზნით.

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების კიდევ ერთი ამოცანაა – ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის დიალოგის მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოწმების მნიშვნელოვანი შემადგენელი, მიმართული გარე სამყაროსკენ.

განყოფილების განსაკუთრებული ამოცანაა – საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა. ეს სამუშაო მიმდინარეობს ერთობლივად მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოსთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, Россотрудничество-სთან და ფონდ „Русский мир“-თან ერთად.

განყოფილების 75 წლის იუბილის აღნიშვნის წელს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სსკგ-ს არ აქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ზოგადსაეკლესიო დღის წესრიგისგან. ჩვენ არ განვსაზღვრავთ ეკლესიის პოლიტიკას გარე საეკლესიო ურთიერთობების სფეროში – მას მღვდელთმთავრობა განსაზღვრავს: სამღვდელთმთავრო კრება და წმინდა სინოდი პატრიარქის მეთაურობით. არცთუ მარტივი, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები: კრეტის კრებაში ჩვენი ეკლესიის არმონაწილეობის შესახებ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ, დიპტიქიდან იმ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრების ამოღება, რომლებმაც კანონიკურად აღიარეს უკრაინის განხეთქილება – ყველა ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სინოდის მიერ. და საერთოდ, ყველა საკვანძო გადაწყვეტილება საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში მიიღება სინოდის მიერ, მისი შემდგომი შეწყნარებით სამღვდელთმთავრო კრების მხრიდან.

განყოფილების ამოცანა კი არის ამ გადაწყვეტილებების მომზადება და შემდეგ მისი ახსნა მთელი მსოფლიოსათვის და, რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ რუსეთის ეკლესიის ინტერესები ყველა შემთხვევაში დაცული იყოს.

არის რაღაც, რაც დეპარტამენტის საქმიანობაზეა დამოკიდებული, და არის რაღაც, რაც მასზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, ჩვენზე არ არის დამოკიდებული საგარეო პოლიტიკური ვითარება – ეს მოცემულობაა და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია. ცხადია, რომ რუსეთის ირგვლივ არსებულმა ვითარებამ შეუძლებელია არ იმოქმედებს რუსეთის ეკლესიის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკლესია მრავალეროვნულია, აქვს ეპარქიები და სამრევლოები სხვადასხვა ქვეყანაში, არაკეთილმოსურნენი მას ზოგჯერ რუსეთის სახელმწიფოსთან აიგივებენ და სხვა ქვეყნებში მას კინაღამ „მეხუთე კოლონად“ აცხადებენ; და ესეც მოცემულობაა.

მაგრამ არის რაღაც ისეთი, რაზეც შეიძლება გავლენა იქონიო. დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდის დაცვა და მისი დამოწმება უცხოდმადიდებელი საზოგადოების წინაშე, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითობის პატრისტული გაგების დაცვა, დევნილი ქრისტიანების გამოქომაგება, დიალოგი სხვა ტრადიციებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან. განყოფილების წინაშე ბევრი ამოცანა დგას.

მნიშვნელოვანია, რომ სსკგ, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურული ნაწილი, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს საზოგადოებაში მრავალი პრობლემის გადასაჭრელად, ხელს შეუწყობს შეიარაღებული კონფლიქტების შეწყვეტას და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და, მთლიანობაში, სიკეთისა და ღმერთის მიერ ნამცნები სიმართლის გამრავლებას ადამიანთა საზოგადოებაში.

„საეკლესიო ცნობარი“ («Церковный вестник») / სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب