უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე მწყემსმთავრების, მწყემსების, დიაკვნების, სამონაზვნო დასისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგული შვილის მიმართ
ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო და დიაკონნო, ყოვლადპატიოსანნო ბერ-მონაზონნო, ძვირფასო ძმებო და დებო!
ამ დიდებულ და წმინდა დღეს, რომელიც სავსეა აღდგომის სიხარულითა და ნათელით, ბაგედან ბაგეში, გულიდან გულში გადაეცემა ცხოვრების დამამტკიცებელი სახარება:
ქრისტე აღდგა!
ამ სიტყვებით ჩვენ ვაღიარებთ ურყევ რწმენას იმისას, ვის წინაშეც ვნების პარასკევს ჯვართან ვიდექით, ვისაც მოწაფეებთან და მენელსაცხებლე დედებთნ ერთად დავსტიროდით და სუდარის წინ ვლოცულობდით. დღეს კი ანგელოზთა მხედრობასთან ერთად, რაც მიწიერი და ზეციური ეკლესიის ერთობის გამომავლინებელია, საზეიმოდ ვღაღადებთ: „ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღჰსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი“ (სააღდგომო კანონის, მე-4 გალობის სძლისპირი).
პასქა უფლისა – ნათელი მოწმობაა ღვთის სიბრძნისა და კაცობრიობისადმი შემოქმედის უდიდესი სიყვარულისა. ისტორიის დასაწყისი, როგორც ვიცით, შეიბღალა სულიერი ტრაგედიით: პირველმშობელთა დაცემით სამოთხის კარი ადამიანებისთვის დაიკეტა, ტანჯვა და სიკვდილი კი მას შემდეგ გარდაუვალი შედეგი გახდა ადამიანის ცოდვილობისა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაკარგეს ღმერთთან – ცხოვრების წყაროსთან – ურთიერთობა, ადამიანებს მაინც არ მოკლებიათ მისი სიკეთე და სიყვარული.
როგორც XIV საუკუნის წმინდანი, ნიკოლოზ კაბასილა წერს, „ღვთის სიყვარული უზომო იყო, მაგრამ მისი გამომხატველი ნიშანი ხილულად არ ჩანდა“ (შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ. სიტყვა VI). სიყვარული ვლინდება მოყვასისადმი სიკეთის აღმოჩენით და იმის მზადყოფნით, რომ ნებაყოფლობით დაითმინო მისთვის ყველა სიძნელე, შეჭირვება და სატანჯველიც კი, და აი, მაცხოვარი ავლენს ყოველივე ამას. თავისი განხორციელებით იგი ანახლებს ცოდვით დაზიანებულ კაცობრივ ბუნებას, ჯვარცმის ღვაწლით კი ბოროტების ბატონობისგან გვათავისუფლებს. „ასე მივიღეთ ჩვენ ცხოვრება ქრისტეში, – ასკვნის ღირსი ეფრემ ასური, – ხორცი უფლისა დავაგემოვნეთ ხის ნაყოფებთან ერთად... მისი მართალი სისხლით განბანილნი ვართ წყევლისგან და აღდგომის სასოებით... მისი ცხოვრებით ვცხოვრობთ“ (ოხთავის განმარტებიდან, 21).
მაცხოვრის აღდგომამ კაცობრიობას ცათა სასუფევლის კარი გაუღო და ჩვენი მიწიერი ყოფა წარუვალი აზრით აღავსო. უფალმა საკუთარი თავი უბოძა ყველა მის მორწმუნეს როგორც სათნოების ნიმუში და მოიხვეჭა უხრწნელება, რათა მის კვალში იაროს ყველა ცხონებულმა, – როგორც ღირსი მაქსიმე აღმსარებელი წერს (ამბიგვა, 42). ამისათვის კი ჩვენ უკვე აქ, მიწაზე, უნდა ვისწავლოთ მარადიულობის ჰაერით სუნთქვა – განვიძარცვოთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ (კოლ. 3:9), ვიცხოვროთ სახარების შესაბამისად და მონაწილეობა მივიღოთ წმინდა ეკლესიის საიდუმლოებებში, რომელიც არის მემკვიდრე ღვთის დიდი აღთქმებისა.
მაცხოვრის აღდგომის რწმენა აქრობს ყოფითი ცხოვრების მღელვარების ალს და წუთისოფლის ამაოებაზე ამაღლების შესაძლებლობას იძლევა; გვეხმარება ცოდვის საცდურების უარყოფასა და სხვადასხვა შიშის დაძლევაში. საღვთო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ მოწოდებულნი ვართ გამოვავლინოთ „სიყვარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა“ (1 ტიმ. 1:5); მის გულმოწყალებაზე პასუხად – წყალობა გავიღოთ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე; მის ზრუნვაზე პასუხად – ვიზრუნოთ საზოგადოებრივ ცხოვრების მოწყობაზე მაღალ, სახარებისეულ იდეალებთან თანხმობაში.
პასექის ზეიმი, რომლისთვისაც არ არსებობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი საზღვრები, სულიერად აერთიანებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით ქრისტიანს. ეს მრავალხმიანი მიწიერი გუნდი უხორცო ზეციური ძალების დასსთან ერთად ქებას აღუვლენს უფალ იესოს, რომელმან ყოველთათვის დასთხია სისხლი და ცხოველითა სიკუდილითა, სოფელი მოიყიდა (პარაკლიტონი, მე-6 ხმის შაბათის ცისკრის დასდებელი).
ეს სამადლობელი წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე, ათასწლეულიდან ათასწლეულამდე გამარჯვებად ისმის მთელს დედამიწაზე მიუხედავად ყოველნაირი საცდურისა, სიძნელისა და განსაცდელისა. არ წყდება ის დღესაც, როდესაც მსოფლიო დამღუპველი ეპიდემიისგან იტანჯება.
ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანალმობა და თანადგომა ავადმყოფებისა და უძლურებისათვის, ასევე მათთვის, ვინც დაკარგა და გლოვობს ახლობლებსა და ნათესავებს, ვინც მოკლებულია ყოფით სახმარს, ვინც ვერ დადის ტაძარში. მოდით, ჩვენი ძალისმიერი დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულთ, გულგრილად ნუ ჩავუვლით გვერდზე იმათ, ვინც ადამიანურ თანაგრძნობას, ყურადღებასა და ზრუნვას საჭიროებს.
სულ ცოტა ხნის წინ, ეპიდსაწინააღმდეგო ზომების გამო, ბევრ ჩვენგანს არ შეეძლო ღვთისმსახურებაზე დასწრება. მიღებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, დააფასო და გამოიყენო ნებისმიერი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღო ერთობლივ ლოცვაში, ღვთისმსახურებაში, წმინდა საიდუმლობებში, განსაკუთრებით – საღვთო ევქარისტიაში, რომელიც ქრისტესთან და ერთმანეთთან გვაერთებს.
ჩემო ძვირფასებო, გულითადათ გილოცავთ აღდგომის უდიდეს დღესასწაულს და გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასა და სიუხვეს ცხოვრებისმომცემელი ქრისტესგან. დაე, ღირსგვყოს მოწყალე უფალმა უსრულესი მოღება მადლითა მისითა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა მისისასა, რათა სიხარულით დავამოწმოთ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
+კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი,
2021 წ.