მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
„მესამე რომი“: ესქატოლოგიიდან პოლიტიკურ მითამდე …

„მესამე რომი“: ესქატოლოგიიდან პოლიტიკურ მითამდე

Illustration_1.jpg
პავლე კუზენკოვი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ეკლესიის ისტორიისა და ისტორიული ქრონოლოგიის სპეციალისტი. მსუ-ს ისტორიული ფაკულტეტისა და სრეტენის (მირქმის) სემინარიის დოცენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პედაგოგი.

„მოსკოვი – მესამე რომი“. ეს გამოთქმა ხშირად გვესმის სხვადასხვა კონტექსტში. ერთნი მასში ხედვენ რუსეთის პრეტენზიას მსოფლიოს ზესახელმწიფოს სტატუსზე, მეორენი – მცდელობას, დაასაბუთონ მოსკოვის საპატრიარქოს პირველობა, მესამენი – ეძებენ რაღაც განსაკუთრებულ მემკვიდრეობით კავშირს რუსეთსა და ბიზანტიასა, და მის წინამორბედ რომის იმპერიას შორის. მაგრამ თუ ამ „ფორმულის“ ისტორიას თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ მისი მნიშვნელობა უფრო ღრმაა და არანაირი კავშირი არა აქვს არც პოლიტიკურ ბატონობაზე და, მით უფრო, არც რაიმე სახის სტატუსურ პრეტენზიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. „მესამე რომის“ აზრი ღრმად მისტიკური და იდუმალია და მისი ფესვები ბიბლიურ ესქატოლოგიაში უნდა ვეძებოთ.

მსოფლიო სამეფოები დანიელ წინასწარმეტყველთან

კაცობრიობის ისტორიაზე წარმოდგენების ისტორია, როგორც „მსოფლიო სამეფოების“ ცვლილებაზე, იწყება ძველი აღთქმის დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან. ამ წიგნში გადმოცემულია წმინდა დანიელის ცხოვრება და წინასწარმეტყველება. ეროვნებით იუდეველი, იგი ბაბილონის ტყვეობის წლებში ცხოვრობდა და მეფე ნაბუქოდონოსორ II (605–562 წწ. ქრისტეს შობამდე) და მისი მემკვიდრეების სამეფო კარზე მსახურობდა.

სხვა სიუჟეტებს შორის დანიელის წიგნი შეიცავს წინასწარმეტყველის მიერ ნაბუქოდონოსორის სიზმრის ახსნას კერპის შესახებ (დან. 2:1-49). ბაბილონის მეფემ უცნაური სიზმარი იხილა, რომელმაც ის შეაშფოთა, მაგრამ ვერცერთმა ბრძენმა მისი ახსნა ვერ შეძლო. დანიელმა კი ნაბუქოდონოსორს მის მიერ ნანახი სიზმარიც დაწვრილებით მოუყვა და მისი მნიშვნელობაც აუხსნა: კერპის ოქროს თავი, ვერცხლის მკერდი, სპილენძის მუცელი და რკინის წვივები თიხანარევი ტერფით, აღნიშნავდნენ სამეფოების თანმიმდევრობით ცვლილებას. ხოლო ლოდი, რომელიც ხელისუკვრელად მოსწყდა ადგილიდან, კერპს დაეცა და შემუსრა, ნიშნავს ღმერთის მიერ დადგენილ სამეფოს, რომელიც „უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა“ (2:44). 

წიგნის მე-7 თავში თავად დანიელის სიზმრისეული ხილვაა გადმოცემული (7:1-28). წინასწარმეტყველს აბობოქრებული ზღვიდან გამომავალი ოთხი მხეცი წარმოუდგა: არწივის ფრთებიანი ლომი, სამეშვიანი დათვი, ოთხფრთიანი და ოთხთავიანი ავაზა და მეოთხე მხეცი – საშინელი და საზარელი რკინის ვეება კბილებითა და ათი რქით. ამ რქებს შორის ახალი მომცრო რქა წამოიზარდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. ამ რქას კაცის მსგავსი თვალები და ამპარტავნულად მოლაპარაკე პირი ჰქონდა. შემდეგ ცეცხლოვან ტახტზე „დაჯდა ძველი დღეთა“ თოვლივით სპეტაკი სამოსლით, და მის წინაშე „დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები“. საზარელი მხეცი მოლაპარაკე რქით მის თვალწინ მოკლეს და ცეცხლში ჩააგდეს. დანარჩენ მხეცებს კი ძალაუფლება ჩამოერთვათ. დანიელმა დაინახა: „აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (7:13-14). 

ერთ-ერთმა იქ მდგომმა დანიელს აუხსნა, რომ ეს ოთხი ვეება მხეცი ოთხ მეფეს ნიშნავს, რომლებიც მიწიდან აღდგებიან. შემდეგ უზენაესის წმინდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოში. 

Illustration_2.jpg

დანიელის წინასწარმეტყველება ცხოველ ინტერესს იწვევდა: ამ წინასწარმეტყველმა ზუსტად მიუთითა ქრისტეს მოსვლის ჟამი (დან. 9:25-26). მის მიერ აღწერილი ოთხი სამეფო კარგად მოერგო მსოფლიო ისტორიას: ახალბაბილონური სამეფო (ოქროს ლომი) შეცვალა სპარსეთმა (ვერცხლის დათვი), რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფომ ჩაყლაპა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ნაწილებად დაიშალა (ოთხთავიანი სპილენძის ავაზა). ამის მერე თითქმის მთელი მსოფლიო გააერთიანა თავისი რკინის მკლავებში რომის ძლიერმა იმპერიამ. ყველა დანარჩენისგან მას ის განასხვავებდა, რომ არ ჰყავდა ერთი მმართველი ეთნოსი (ამით აიხსნება ის, რომ საზარელი მხეცი არცერთ სხვა მხეცს არ ჰგავს), ხოლო თიხის რკინასთან შერევა ადვილად აიხსნება მეომარი რომაელების აღრევით დაქვემდებარებულ ხალხებთან. რქები შეიძლება მივუსადაგოთ ხელისუფლებისათვის მებრძოლ იმპერატორებს, ხოლო ამპარტავნული პირის მქონე რქა, რომელიც წმინდანებს ებრძოდა და ჯაბნიდა, ბუნებრივად იგივდებოდა ანტიქრისტეს მოსვლასთან, რის შემდეგაც ღვთის სასუფეველი უნდა დამდგარიყო.

Illustration_3.jpg

სწორედ ასე განმარტა დანიელ წინასწარმეტყველის წიგნი წმ. იპოლიტე რომაელმა (III ს.), რაც შემდგომში საკმაოდ პოპულარული გახდა. სხვათა შორის, წმ. იპოლიტემ გამოთვალა წარსული სამეფოების ვადები და რომაელების ბატონობის სავარაუდო ხანიც გამოთვალა: 500 წელი. საინტერესოა, რომ ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ იმპერიის დაარსებიდან (30 წელი ქრისტეს შობამდე) მის დაცემამდე რომულუს ავგუსტუსის დროს (476 წ.), თითქმის ამდენივე დრო გავიდა – 506 წელი. მაგრამ „დაეცა“ მხოლოდ მისი დასავლური ნახევარი. რომის აღმოსავლური იმპერია, რომელსაც ბიზანტიის სახელით ვიცნობთ, არათუ გადარჩა, არამედ თითქმის 1000 წელი კიდევ იარსება.

Illustration_4.jpg

ახალი რომი – კონსტანტინეპოლი

324 წელს კონსტანტინე დიდმა, პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა, თავისი ხელისუფლების ქვეშ გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი. მან თითქმის მაშინვე დაიწყო რომის იმპერიის ახალი დედაქალაქის – კონსტანტინეპოლის, ახალი რომის მშენებლობა. მას ელოდებოდა ძველი რომის ესტაფეტის მიღება და მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება. ამიერიდან იმპერია ქრისტიანული გახდა, მათი მმართველები კი თავს მხოლოდ ზეციერი მეუფის მიწიერ ადგილმონაცვლეებად მიიჩნევდნენ. საკრალური გაგებით სახელწიფომ ადგილი დაუთმო ქრისტეს ეკლესიას, რომლის წინამძღვრებმაც ადგილებზე ჩამოაყალიბეს იერარქია, და სათავეში მას ხუთი ყველაზე ავტორიტეტული ეპისკოპოსი ჩაუდგა – „მსოფლიო პატრიარქები“. ძველი სახელწოდებით კონსტანტინეპოლს ხშირად უწოდებდნენ ბიზანტიას, საიდანაც მივიღეთ ჩვენთვის ჩვეული სახელწოდება მთელი იმპერიისა – ბიზანტია. მაგრამ თვით ბიზანტიელები საკუთარ თავს რომაელებს უწოდებდნენ და არასდროს შეპარვიათ ეჭვი, რომ კვლავ რომის იმპერიაში განაგრძობდნენ ცხოვრობდნენ, ანუ იმ უკანასკნელ მსოფლიო სამეფოში, რომელსაც ქრისტეს მეორედ მოსვლა და მარადიული საღვთო სასუფევლის დადგომა უნდა მოჰყოლოდა. სწორედ ეს ქმნიდა ქრისტიანული იმპერიის „პოლიტიკურ პროგრამას“: მის მიწიერ მმართველებს მათთვის რწმუნებული ერი უნდა მოემზადებინათ ქრისტესთან შესახვედრად, რათა საშინელ სამსჯავროზე პირადად ეგოთ პასუხი საკუთარ ქვეშევრდომთა ზნეობრივ მდგომარეობაზე. ამით აიხსნება ის, რომ იმპერატორთა უმრავლესობა ესოდენ ძრწოლით ეკიდებოდა რელიგიის საკითხებს და ზრუნავდა ეკლესიაზე: დოგმატების სიწმინდესა და სასულიერო პირთა კეთილმსახურებზე იყო დამოკიდებული სახელმწიფოსა და მისი ყველა ქვეშევრდომის კეთილდღეობა.

სამხედრო წარუმატებლობა და სახელმწიფოს შიდა მოუწყობლობა ქრისტიანების მხრიდან ესქატოლოგიური პერსპექტივით აღიქმებოდა – როგორც ქრისტეს ერის ღვთის ერთგულებაში განსამტკიცებელი განსაცდელი. მაგრამ მართლმადიდებელი სახელმწიფოების მდგომარეობა საუკუნიდან საუკუნემდე უარესდებოდა. VII საუკუნიდან მთელი აღმოსავლეთი სხვა რელიგიის – ისლამის ბატონობის ქვეშ მოექცა. დასავლეთი კი, გერმანელი ხალხის ხელმწიფების პირობებში, რომის პაპის ირგვლივ გაერთიანდა, რომელსაც ქრისტეს ერთადერთ კანონიერ ადგილმონაცვლედ თვლიდა და მოწყდა რა ბერძნულ სამყაროს, მისი მოუსვენარი მოკავშირიდან მართლმადიდებლური ბიზანტიის შეურგებელ მეტოქედ იქცა. ახალი რომი იზოლაციაში აღმოჩნდა. ხოლო როდესაც ბერძნები აღორძინებული ელინური ნაციონალიზმით მოიხიბლნენ და ერთმორწმუნე მეზობლებს – ბულგარელებსა და სერბებს ზურგი შეაქციეს, მაშინ დაიწყო სწორედ იმპერიის დასასრული.  

Illustration_5.jpg

სასოწარკვეთილებამდე მისული ბიზანტიელი იმპერატორები და საეკლესიო პოლიტიკოსები, იმის იმედით, რომ იქნებ სახელმწიფო შეენარჩუნებინათ, ორჯერ მივიდნენ ქედმოდრეკილნი დასავლეთთან და მიიღეს რომისგან ნაკარნახევი ლიონისა (1274 წ.) და ფლორენციის (1439 წ.) უნიების პირობები. თუმცა არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ამ ეკლესიურ კომპრომისებს არ მოუტანია მათთვის მოსალოდნელი საგარეო პოლიტიკური დივიდენდები. ნაცვლად ამისა, პირიქით, ქვეყნის შგნით მიიღეს ძლიერი სახალხო პროტესტი.  

აი, როგორ აღწერს ფლორენციის უნიის შედეგებს ბიზანტიელი ისტორიკოსი დუგა: „მაშინვე, როგორც კი იერარქები ტრირემიდან ჩამოვიდნენ, კონსტანტინეპოლის მოსახლეობა, ჩვეულებისამებრ, შეეგება, მიესალმა და ჰკითხა: „როგორ არის ჩვენი საქმე? როგორ ჩაიარა კრებამ? გავიმარჯვეთ თუ არა?“. პასუხად მათ მიუგეს: „ჩვენ გავყიდეთ ჩვენი რწმენა, სიწმინდე უწმინდურებაზე გავცვალეთ, ვუღალატეთ წმინდა მსხვერპლს და აზიმატები გავხდით“... ხოლო თუ ვინმე ეკითხებოდა: „რატომ მოაწერეთ ხელი?“. ისინი პასუხობდნენ: „ფრანკების გვეშინოდა“. როცა ინტერესდებოდნენ, აწამეს თუ არა ვინმე ფრანკებმა, ან ხომ არ უცემიათ, ან დილეგში ხომ არ ჩაუსვამთ, ისინი პასუხობდნენ: „არა“. „მაშ, რატომ?“. „არ ვიცით, – ამბობდნენ, – ხელმა თვითონ მოაწერა, რატომ არ გაგვიხმა! ენა თვითონ დაეთანხმა – ნეტა, ვინმეს ამოეგლეჯა!“. სხვას ვერაფერს პასუხობდნენ, რადგან ზოგიერთ იერარქს ხელმოწერისას ნათქვამი ჰქონდა: „ხელს არაფერს მოვაწერთ, სანამ საკმარის თანხას არ მოგვცემთ“. მათ მისცეს და ამათაც ჩააწეს კალამი. უამრავი ფული დაახარჯეს მათ – თითოეულ მამას ხელში ჩაუთვალეს. შემდეგ ეს ქმედება მათ შეინანეს, მაგრამ ვერცხლი უკან არ დაუბრუნებიათ. იმის აღიარებით, რომ საკუთარი სარწმუნოება გაყიდეს, მათ იუდაზე მძიმე ცოდვა ჩაიდინეს, რადგან იუდამ ვერცხლი უკან დააბრუნა. ამიტომაც უარყო ისინი უფალმა. აინთო ცეცხლი იაკობზე და დაატყდა მისი რისხვა ისრაელს“ (Красавина С.К. Дука и Сфрандзи об унии православной и католической церквей // Византийский временник. 1973. Т. 27. С. 145.)

Illustration_6.jpg

ფსკოველი ბერი ფილოთეოსი და მისი „ფორმულა“ 

ბიზანტიის დაცემა 1453 წელს თანამედროვეთათვის თავზარდამცემი მოვლენა გახდა, თუმცა – კანონზომიერ და სრულიად მოსალოდნელი. ბიზანტიის ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი აღიარებდა კიდეც: „სჯობს ქალაქში თურქული ჩალმა დავინახოთ, ვიდრე ლათინური ცილინდრი“, და როდესაც მეჰმედ II-ის ჯარი კონსტანტინეპოლში შეიჭრა, რომელსაც თავგანწირვით იცავდნენ, ბევრმა ეს შეაფასა როგორც დამსახურებული შურისგება მართლმადიდებლობის ღალატისათვის.

XV საუკუნის ნახევარში მსოფლიოში აღარ იყო არცერთი მართლმადიდებელი სახელმწიფო. ახალი რომი თურქების ფეხქვეშ აღმოჩნდა. ბულგარეთი, სერბეთი ვლახეთი, მოლდოვეთი – უკვე დიდი ხანია იმავე ოსმანების ქვეშ გმინავდნენ. ბიზანტიური სამყაროს უკანასკნელი ნამსხვრევები – ტრაპიზონი და ყირიმში თეოდოროს სამთავრო 1461 და 1475 წლებში დაეცნენ. რჩებოდნენ კიდევ საქართველო და რუსეთი, მაგრამ ისინიც, რამდენიმე ნაწილად დაყოფილნი, სავალალო არსებობას ეწეოდნენ მუსულმანი დამპყრობლების უღელქვეშ. მაშ, ვინ აიღებს უკანასკნელი სამეფოს დავარდნილ დროშას? ბევრი მიიჩნევდა, რომ უკვე დადგა დროებათა სისრულე და სამყარო მეორედ მოსვლის წინაშეა, მით უმეტეს, რომ ახლოვდებოდა მისტიური 7000 წელი სამყაროს შექმნიდან.

თუმცა ყველა არ იზიარებდა აპოკალიპტურ განწყობას და ხელებდაშვებული არ ელოდა სამყაროს დასასრულს. ზოგიერთმა იერარქმა მზერა მიაპყრო მართლმადიდებლური სამყაროს ერთადერთ კუთხეს, სადაც ფლორენციის უნიამ ღია აღშფოთება გამოიწვია ხელისუფლებისა და ეკლესიის მხრიდან. სწორედ იქით, შორეული მოსკოვისკენ გაემართა 1460-იან წლებში იერუსალიმის პატრიარქი იოაკიმე, რომელმაც გააცნობიერა, რომ შეცდომა იყო დასავლეთზე იმედის დამყარება თურქეთის წინააღმდეგ უნიის სანაცვლოდ. იოაკიმემ მოსკოვამდე ვერ მიაღწია – ყირიმში გარდაიცვალა. მაგრამ მალე მის კვალად რუსეთისკენ მთხოვნელთა და შუამავალთა რიგები დაიძრა მთელი ქრისტიანული აღმოსავლეთიდან, რამაც რუს მოაზროვნეებში გაამყარა აზრი, რომ მოსკოვის სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა.

1472 წელს მოსკოვის დიდი მთავარი ივანე III ვასილის ძე დაქორწინდა სოფიაზე (ზოიაზე), რომელიც იყო ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის ძმისწული. მალე, ამის შემდეგ, 1480 წელს რუსეთი მთლიანად გათავისუფლდა ურდოს ხარკისგან და 1493 წელს ივანე III გახდა სრულიად რუსეთს ტიტულიროვანი ხელმწიფე. ბევრისათვის დამაშინებელმა 7000 წელმა მშვიდობიანად ჩაიარა და სამყაროს შექმნიდან ახალი ათასწლეულის დაწყება ახალი მართლმადიდებელი სახელმწიფოს – რუსეთის ბობოქარი ზრდის ეპოქად იქცა.

Illustration_7.jpg

სპირიდონ-საბას „ეპისტოლე მონომახის საჩუქრების შესახებ“ (დაახ. 1503წ.), XI საუკუნეში იმპერატორი კონსტანტინე მონომახი თავის შვილიშვილს, რუს მთავარ ვლადიმერ მონომახს ანდერძად ეუბნება: „დაე, ღვთის ეკლესიამ უშფოთველად იცხოვროს და მთელმა მართლმადიდებლობამ დაიმკვიდროს მშვიდობა ჩვენი სამეფოსა და შენი თავისუფალი თვთმპყრობელი დიდი რუსეთის ხელმწიფობის ქვეშ. დაე ამიერიდან იწოდებოდეს ღვთივკურთხეულ მეფედ, დაგვირგვინებული ამ სამეფო გვირგვინით უწმინდესი მიტროპოლიტის ნეოფიტეს ხელითა და ეპისკოპოსების თანხმობით“.

Illustration_8.jpg

საგულისხმოა, რომ იმპერატორი აქ სრულებითაც არ უთმობს მას თავის ტიტულსა და ცენტრალურ ადგილს, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მფარველს, არამედ ერთგვარდ თავისი მსახურების თანაზიარად ხდის რუს მთავარს, რომელსაც დიდი რუსეთის „თავისუფალ და თვითმპყრობელ“ მეფედ აღიარებს. სწორედ ამ ტიტულს „აღადგენს“ 1547 წელს ივანე ვასილის ძე მრისხანე მეფობაზე თავისი ცნობილი კურთხევის დროს.

ყველაზე ცნობილი ტექსტი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფოს ახალი კონცეფციის შემცველია – ეს არის ფსკოვის ელიაზარის მონასტრის ფილოთეოსის 1523 წლის ეპისტოლე მოხელე მიხეილ მისური-მუნეხინის მიმართ. თავისი წერილის ბოლოში (რომელიც იმ დროისათვის ძალიან აქტუალურ თემას ეხებოდა, კერძოდ, დასავლელი წინასწარმეტყველების უარყოფას) სწავლული ბერი ადრესატს აუწყებს „რაღაც დაფარულს“ „ჩვენი უგანათლებულესი და მაღალთვითმპყრობელი ხელმწიფის ამჟამინდელ მართლმადიდებელ სამეფოზე“ (იგულისხმება დიდი მთავარი ვასილი III ივანოვიჩი):

„იცოდე, ქრისტესმოყვარევ და ღვთისმოყვარევ, რომ ყველა ქრისტიანული სახელმწიფო დასასრულს უახლოვდება და ჩვენი ხელმწიფის ერთ სამეფოში ერთიანდება – წინასწარმეტყველური წიგნების თანახმად, ანუ რომის სამეფოში. რამეთუ ორი რომი დაეცა, მესამე კი დგას, ხოლო მეოთხე არ იქნება. პავლე მოციქულიც ბევრჯერ მოიხსენიებს რომს თავის ეპისტოლეებში, და განმარტებებშიც წერია: „რომი – მთელი სამყაროა“... ხომ ხედავ, ღვთის რჩეულო, რომ ყველა ქრისტიანული სამეფო დაძირულია ურწმუნოთა მიერ, მხოლოდ ჩვენი ხელმწიფის სამეფო დგას ქრისტეს მადლით. დიდი სიფრთხილითა და ღვთისკენ მზერით უნდა მოეკიდოს ამას ხელმწიფე, ოქროსა და წარმავალი სიმდიდრის იმედი არ უნდა ჰქონდეს, არამედ ყოვლისმბოძებელ ღმერთს სასოებდეს“.   

უკანასკნელი სიტყვები შეიცავს, სწორედ, „ფილოთეოსის ფორმულის“ შინაარსს: „მესამე რომის“ ტვირთი, უკანასკნელი მიწიერი სამეფოსი, რუს ხელმწიფეს უდიდეს ზნეობრივ პასუხისმგებლობას აკისრებს. ახლა უკვე ის არის პასუხისმგებელი მთელს მსოფლიოზე, და უნდა მართოს „დიდი სიფრთხილით“ – სასოებდეს არა მიწიერ სიმდიდრეს, არამედ ყოვლისმომმადლებელ ღმერთს.

განსხვავავებული აზრის მიუხედავად, დიდ რუსი მთავრები და მეფეები პრეტენზიას არ აცხადებდნენ ე. წ. ბიზანტიურ მემკვიდრეობაზე. ივანე III დაქორწინება სოფია პალეოლოგზე, კონსტანტინეპოლის უკანასკნელი იმპერატორის კონსტანტინე XI ძმისწულზე, არანაირი უფლებრივი შედეგის მომტანი არ ყოფილა, რადგან მემკვიდრედ სოფიას ძმა ითვლებოდა – ანდრია, რომელმაც საკუთარი უფლებები ჯერ საფრანგეთის მეფეს, კარლოს VIII მიჰყიდა, მერე კიდევ ესპანეთის ფერდინანდს. ასე რომ, საუბარი რომც ყოფილიყო მოსკოვზე, როგორც მეორე რომის მემკვიდრეზე, ამაში მხოლოდ სულიერი მემკვიდრეობა და „უკანასკნელი სამეფოს“ მისტიკური ტვირთი უნდა გვეგულისხმა. 

იერემია კონსტანტინეპოლელი და მოსკოვის საპატრიარქო

რუსეთის სახელმწიფო აქტებსა და დოკუმენტებში „მესამე რომის“ კონცეფციამ ასახვა ვერ ჰპოვა. მოსკოვის ხელმწიფენი ამ თეზისს აშკარად სიფრთხილით ეკიდებოდნენ. არასწორად გაგებული ეს თეზისი შეიძლება ბიზანტიის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე პრეტენზიად მიეღოთ, რასაც გარდაუვლად მოჰყვებოდა ოსმანეთის იმპერიასთან ურთიერთობის გართულება. ძლიერ სულთანთან ომი კი სრულებითაც არ შედიოდა რუსეთის მმართველთა გეგმებში, თუმცა ამისკენ მათ უბიძგებდნენ დასავლელი „პარტნიორებიც“ და ბევრი ბერძენიც, – ოსმალეთის უღლის გადაგდებზე რომ ოცნებობდნენ.

Illustration_9.jpgრაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ფილოთეოსის ფორმულამ მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა ბერძენი იერარქის სიტყვაში – ეს იყო კოსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II. მის მიერ 1589 წელს ხელმოწერილი დამტკიცების სიგელში, რუსეთში საპატრიარქოს საყდრის დაარსების შესახებ, ვკითხულობთ მეფე თეოდორე იოანეს ძის მიმართ შემდეგ სიტყვებს:  

„ძველი რომი აპოლინარიოსის ერესმა დაღუპა, მეორე რომი კი, რომელიც არის კოსტანტინეპოლი, აგარიანელთა შვილიშვილებმა, უღმერთო თურქებმა ჩაიგდეს ხელში, შენი კი, ჰოი, კეთილმსახურო მეფეო, რუსეთის დიდი სამეფო – მესამე რომი, კეთილმსახურებით ყველას გარდაემატა, და ყველა ღვთისმოსავი სახელმწიფო შენთან გაერთიანდა, და ცის ქვეშ შენ ერთადერთი იწოდები ქრისტიან მეფედ, მთელს მსოფლიოში, მთელს საქრისტიანოში“ (Собрание государственных грамот и договоров. Т. II. С. 97.)

„მესამე რომის“ იდეა რუსეთის იმპერიაში

პეტრე დიდის ეპოქაში რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიაში მკვეთრი შემობრუნება ხდება. პეტრეს არ უყვარდა ბიზანტია, რომლის დაღუპვაც, მისი აზრით, მმართველების ფარისევლობამ და სამხედრო საქმეების უგულებელყოფამ გამოიწვია. თავის იდეალად მან მეორე კი არა, პირველი რომი აირჩია,რასაც მოწმობს მის მიერ იმპერატორის ტიტულის მიღება და სენატის დაწესება; და თუმცა რუსეთის იმპერია ძველებურად აცხადებდა პრეტენზიას მართლამდიდებლური სამყაროს ლიდერობაზე, მაგრამ ამ ლიდერობამ დაკარგა „უკანასკნელი სამეფოს“ მისტიკური ხასიათი.

Illustration_10.jpgXIX ს.-ში მესამე რომის კონცეფცია, მისი თავდაპირველი ესქატოლოგიური დატვირთვით, თითქოსდა, დავიწყებას მიეცა. 

მაგრამ 1849 წ., ნიკოლოზ პირველის საგარეო პოლიტიკური წარმატებების პიკზე, 45 წლის რუსი დიპლომატი თეოდორე ტიუტჩევი წერს ლექსს „რუსეთის გეოგრაფია“, სადაც ასახავს „რუსეთის სამეფოს“ შთამბეჭდავ საზღვრებს და აშკარა პარალელს ავლებს ბერი ფილოთეოსის იდეასთან:

შვიდი შიდა ზღვა და შვიდი დიდი მდინარე...

ნილოსიდან ნევამდე, ელბიდან ჩინეთამდე,

ვოლგიდან ევფრატამდე, განგიდან დუნაიმდე...

აი, რუსეთის სამეფო... და არ გარდავა უკუნისამდე, როგორც სულმა განჭვრიტა და დანიელმა იწინასწარმეტყველა.

მომავალი იმპერიული დიდების იმედები სასტიკად გააცამტვერა ყირიმის ომმა. მაგრამ ბიზანტიური მემკვიდრეობის იდეით შემდგომშიც ბოდავდა რიგი რუსი პუბლიცისტების გონება, და ის წმინდა სოფიას ტაძარზე ჯვრის აღმართვის ოცნებაში ტრანსფორმირდებოდა.

თუმცა უნდა ვაღიროთ, რომ რუსეთის რეალური პოლიტიკა სავსებით პრაგმატულია. კონსტანტინეპოლის დაპყრობა და სრუტეებზე კონტროლის აღება, მართლაც არაერთხელ დამდგარა დღის წესრიგში. მაგრამ მათ უკან თითქმის მხოლოდ გეოპოლიტიკური დ ეკონომიკური ინტერესები იდგა. უკანასკნელი სამეფოს მისტიკური იდეები მთლიანობაში უცხო იყო რომანოვების იმპერიისათვის, რომელიც დასავლეთის ცივილურ ცხოვრებაზე იყო ორიენტირებული. მხოლოდ ნიკოლოზ II დროს იხილვება ბიზანტიის პოლიტიკური ტრადიციის მიმართ ინტერესის ერთგვარი გამოცოცხლება, მაგრამ ეს იყო მხოლოდ უკანასკნელი აღტყინება 1917 წლის კატასტროფისა და მთელი პოლიტიკური იდეოლოგიის შემდგომი რადიკალური ცვლილების წინ.  

„რომის ტვირთი“ თანამედროვე კონტექსტში

უნდა აღინიშნოს, რომ კონცეფცია „მოსკოვი – ახალი რომი“ არცთუ იშვიათად გამოდიოდა პოლიტიკური საფრთხობელის როლში, რომლითაც ევროპის სახელმწიფოების მმართველები საკუთარ ხალხს აშინებდნენ.

განსაკუთრებით გამაღიზიანებლად გამოიყურებოდა ეს კონცეფცია ბერძნებისათვის, რომლებიც თავად ოცნებობდნენ ბიზანტიის აღდგენაზე. ძველი დროის რუსი ბერის ფორმულას ბერძნული ნაციონალიზმის იდეოლოგები უცნაურად აკავშირებდნენ მითიური „პანსლავიზმის“ იდეასთან და მასში რუსეთის პრეტენზიას ხედავდნენ მსოფლიო ბატონობაზე სლავურ ერებზე დაყრდნობით და, რა თქმა უნდა, ელინების – მეორე რომის ამ ჭეშმარიტი მემკვიდრეების – საზიანოდ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შიშის არანაირი სერიოზული საფუძველი არ არსებობდა, XIX–XX საუკუნეების ბევრი ბერძენი პუბლიცისტი ეჭვობდა რუსეთის გეგმებზე, რომ ის ბიზანტიის მემკვიდრეობის უზურპირებას აპირებდა, ხოლო რუსეთის ეკლესია – ძველი საპატრიარქოების შევიწროებას.

თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს არასოდეს განუცხადებია პრეტენზია მსოფლიო მართლმადიდებლობის „თავობაზე“. სტალინის დროსაც კი, 1945–1948 წლების ცნობილი პროცესების დროს, საბჭოთა მთავრობის გეგმებმა – „გადაეხალისებინა“ მსოფლიო მართლმადიდებლობა რუსეთის ეკლესიის სასარგებლოდ თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნებისათვის, ვერ ჰპოვა რეალიზება რმე-ს მმართველი მღვდელთმთავრების ოფიციალურ განცხადებებსა თუ მოქმედებებში, – რამეთუ მშვენივრად აცნობიერებდნენ ამ ავანტურისტული პროექტის სამწუხარო შედეგებს მთელი მართლმადიდებლობის ერთობისათვის (იმ წლების ოფიციალური მასალები ხელმისაწვდომია „მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალის“ არქივში (http://www.jmp.ru/ymarh4354y.php?y=54).).

მით უმეტეს ჩვენს დღეებში არ არსებობს არც ერთი აქტი, დოკუმენტი ან გამოსვლა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა, სადაც თუნდაც მინიშნება ან სურვილი იქნებოდა გამოხატული სხვა ძმური ავტოკეფალური ეკლესიების დამორჩილებისა და მათზე განდიდებისა. ამ ფაქტზე, ისე როგორც „მოსკოვი – მესამე რომი“-ს იდეის არააქტუალობაზე თანამედროვე საეკლესიო-პოლიტიკური სიტუაციისათვის, არაერთხელ მიუთითებდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეები – როგორც მიტროპოლიტი კირილე (ამჟამად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი), ასევე, მიტროპოლიტი ილარიონი (იხ. წერილი ფილადელფიის მიტროპოლიტ მელიტონისადმი (23.12.2004) და ინტერვიუები (13.07.2019; 04.12.20020; 13.12. 2020).

Illustration_11.jpg

„სლავური მუქარის“ მირაჟი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბერძენი მეცნიერების უარზეც კი იმოქმედა, გამოეყენებინათ ისტორიული სახელწოდება „რუსიკი“ („Русик“, „Ῥωσικόν“) წმინდა პანტელეიმონის ათონის მონასტრისათვის. ხოლო, უკრაინის გამო მოსკოვის საპატრიარქოსთან თავის დღევანდელ დესტრუქციულ დაპირისპირებაში, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი და მისი თანამოაზრენი ცდილობენ, გაითამაშონ „ელინური სოლიდარობის“ კარტი და სხვა ადგილობრივი ეკლესიების ბერძენ იერარქებს დაჟინებით მოუწოდებენ, აშკარად არაკანონიკური მხარე მიიღონ. 

ყველა ამ ფობისა და ეჭვის საფუძველში, – რომლებიც სამწუხაროდ, განსაზღვრავენ მართლმადიდებლობისათვის დესტრუქციულ კონსტანტინეპოლის საეკლესიო პოლიტიკას, დევს იდეის: „მოსკოვი – მესამე რომი“ არსის სრული გაუცნობიერებლობა, რომელსაც ზოგიერთი ბერძენი იერარქი „ყბედობად“, „შეურაცხყოფად“ და „მკრეხელობად“ მიიჩნევს (ამის შესახებ იხ. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გენერალური მდივნის, ფილადელფიის მიტროპოლიტ მელიტონის წერილი (27.05.2004) და მეტიც, „სატანისტურ და იმპერიალისტურ თეორიად“ მოიხსენიებენ – https://www.orthodoxkorea.org/gr-interview-met-ambrosios-russian-orthodox-patriarchate-korea/ , https://www.archons.org/-/moscow-tramples-canons-undermines-korea). 

ბერმა ფილოთეოსმა, რომელმაც 500 წლის წინ წარმოადგინა ეს ფორმულა, მხოლოდ იმ ეპოქის ისტორიული რეალობის კონსტატაცია მოახდინა: ყველა მართლმადიდებელი სახელმწიფოს გაქრობა მსოფლიო რუკიდან, გარდა მოსკოვის რუსეთისა, და ყველა ავტოკეფალური ეკლესიის (მათ შორის კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს) დაქვემდებარება უცხოდმორწმუნე მმართველებისადმი. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ „უკანასკნელი სამეფოს“ კონცეპტი არც მაშინ, არც შემდგომში არ ნიშნავდა რუსეთის პრეტენზიას არც ბიზანტიის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე და არც, მით უმეტეს, მსოფლიო ბატონობაზე.   

უფრო პირიქით: „მესამე რომი“ – ეს არის მსოფლიო ისტორიის „უკანასკნელი სამეფოს“ მისტიკური სახე, რომლის მმართველებიც უმაღლეს ზნეობრივ პასუხისმგებლობას ატარებენ მთელი კაცობრიობის ხვედრისათვის და იმედს არა „ამ საუკუნის“ წარმავალ სიმდიდრეზე, ძალასა და დიდებაზე უნდა ამყარებდნენ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე.

სტატიის ავტორი
პავლე კუზენკოვი
გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب