ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი: რამდენიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულ ადგილს გვთავაზობს ნამდვილი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩასატარებლად
სკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.04.2026. სერბულმა პორტალმა «Жизнь Церкви» გამოაქვეყნა ინტერვიუ ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსისთან. საუბრის თარგმანი გამოაქვეყნა საიტმა Патриархия.ру.
– მე-20 საუკუნეში სერბეთის ეკლესიამ წარმოშვა ორი დიდი სულიერი მოძღვარი და მართლმადიდებლობის მოწმე: წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი) და ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი), რომლებიც ბევრს წერდნენ ევროპის სულიერი კრიზისის, სეკულარიზაციისა და მართლმადიდებლობის მოახლოებული ტანჯვის შესახებ. ხედავთ თუ არა უკრაინის მოვლენებში, განსაკუთრებით იმ დევნებში, რასაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განიცდის, მათი ზოგიერთი სულიერი გაფრთხილებების აღსრულებას? და იხილვება თუ არა თანამედროვე ევროპის დექრისტიანიზებული სახე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ხშირად თვალთმაქცურ დამოკიდებულებაში?
– უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნენი უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზ სერბს, რომლის გარდაცვალების 70 წლისთავი 18 მარტს აღვნიშნეთ. ასევე, ღირს იუსტინეს (პოპოვოჩი), წმინდა მღვდელთმთავარ საბა სერბს და სერბეთის სხვა წმინდანებსა და მათ სულიერ მემკვიდრეობას.
თუ უკრაინაში მომხდარი მოვლენების სულიერ მიზეზებს განვიხილავთ, ნებისმიერი მიუკერძოებელი ადამიანი აშკარა პარალელებს დაინახავს თქვენ მიერ ხსენებული წმინდანების აზრებთან. მე-20 საუკუნის დასაწყისში, დღევანდელი გარემოებების მსგავს ვითარებაში, წმინდა ნიკოლოზმა (ველიმიროვიჩი) ყურადღება გაამახვილა გლობალური კრიზისის სულიერ მიზეზზე: ხალხმა დაივიწყა ღმერთი და განშორდა მას. მეჩვენება, რომ წმინდანი სულიერად სწორი იყო და ასეთივე რჩება ჩვენს უკრაინულ საზოგადოებასთან მიმართებაშიც.
ის ჩვენი თანამედროვენი კი, ვისთვისაც მართლმადიდებელი წმინდანების სიტყვები ავტორიტეტული არ არის, მსგავს დასკვნებს სხვა, ასე ვთქვათ, ავტორიტეტებში პოულობენ: ნიცშე, ჰაიდეგერი და სხვა ფილოსოფოსები, რომლებიც, საკუთარი პოზიციიდან, არსებითად იგივეს ამბობდნენ. ევროპასთან დაკავშირებით, ისინი საუბრობდნენ ღმერთის ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ცნობიერებიდან გაქრობის დამანგრეველ შედეგებზე, ჰუმანიზმის კრიზისზე როგორც დესაკრალიზაციის შედეგზე, ადამიანურობის გაქრობის პერსპექტივაზე. შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ევროპაში ბევრისთვის გასაგები და პატივსაცემი იოანე პავლე II ასევე ბევრს ფიქრობდა იმ ფაქტზე, რომ დასავლეთი კომუნიზმის ნანგრევებზე „სიკვდილის ცივილიზაციას“ აშენებს. ეს ყველაფერი დღეს ჩვენ თვალწინ ხდება, და არა მხოლოდ ევროპაში.
მაგრამ ერთია ჰუმანისტურ პრინციპებზე ფიქრი და მათი დეკლარირება, და სულ სხვაა – მიჰყვე ღვთის მცნებებს და ზნეობრივად იცხოვრო, ინანიებდე ცოდვებს და უკეთესდებოდე, სულიერად ვითარდებოდე. სრულიად ნათელია, რომ საზოგადოებაში ზნეობრივი პრინციპების გარეშე თავისუფლება თანდათან მის საპირისპიროდ – მონობად – გადაიქცევა. და ამას ჩვენ ახლა ყოველგან ვხედავთ. ეს არის არჩევანი ზნეობასა და გარყვნილებას შორის და, მაშასადამე, ღმერთში რეალურ თავისუფლებასა და მონობას შორის, საბოლოოდ კი – სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მაგრამ, დიდად სამწუხაროა, რომ დღეს ამას პრაქტიკულად ვერავინ ხვდება. ადამიანები და საზოგადოებები, რომლებმაც ღმერთი ამოშალეს თავიანთი ცხოვრებიდან, ისეთ საქმეებში ცვივდებიან, რომლებზეც, მოციქული პავლეს სიტყვებით, ლაპარაკიც კი შეუფერებელია, სირცხვილია. ერები და ქვეყნები, რომლებიც ამას აკეთებენ, განწირულნი არიან თვითგანადგურებისთვის.
წმინდა იუსტინე (პოპოვიჩი) ამბობს, რომ ცოდვა არის ძალა, რომელიც სულს წამლავს და ცხოვრებას „მცირე ჯოჯოხეთად“ აქცევს, რომელიც პერსპექტივაში მარადიულ ჯოჯოხეთად იქცევა. და სწორედ ცოდვის გამრავლებაში ხედავს სერბი წმინდანი ომებისა და სნეულებების მიზეზს, რომლის ძლევაც მხოლოდ ქრისტეს ღმერთკაცობრივი ძალითაა შესაძლებელი.
ქრისტე მაცხოვარი დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის მისამართით სვამს კითხვას: „ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?“ (ლკ. 18:8). და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინაში ასობით ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი კვლავ პასუხობს ამ კითხვას დადებითად, მოთმინებითა და გაბედულად.
– თქვენ გადაიტანეთ ფიზიკური თავდასხმები, სასამართლო პროცესები და ბულინგის მედია-კამპანიები. რა იყო თქვენთვის, როგორც ეპისკოპოსისთვის, ამ პერიოდში ყველაზე მძიმე ასატანი სულიერ ასპექტში?
– გმადლობთ შეკითხვისთვის... ვფიქრობ, ცხოვრების ეს პერიოდი ჯერ არ არის გავლილი. უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა გრძელდება: რეიდერული მეთოდებით გვართმევენ ტაძრებსა და მონასტრებს, შექმნილია სამართლებრივი ჩარჩო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული აკრძალვისთვის შეთხზული საფუძვლებით, სცემენ მორწმუნეებს. ამ რელიგიურ ბულინგში მონაწილეობენ სხვადასხვა ინსტიტუციები, – როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო; იქმნება შესაბამისი საინფორმაციო ფონი მრავალი მედია საშუალების ჩართულობით. კონსტიტუცია უკრაინაში დღეს, როგორც იტყვიან, „დაპაუზებულია“. ისინი, ვინც ცდილობენ საკუთარი თავის და სხვების დაცვას სამართლებრივი გზებით ან უბრალოდ საუბრობენ არსებულ პრობლემებზე, იდევნებიან და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია შეთხზული.
დღეის მდგომარეობით, პირადად ჩემ წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა ცნობილი და, შესაძლოა, სხვა საქმეებიც იყოს, რომელთა შესახებაც ჯერ არ ვიცი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩემს სახლში ოთხი ჩხრეკა ჩაატარა, რომლის დროსაც ჩერკასის ეპარქიის სტატუტი წაიღეს. ყოველი ჩხრეკისას მიჰქონდათ ტელეფონი და კომპიუტერი, მაგრამ ვერაფერი უკანონო მათში ვერ აღმოაჩინეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ისმენდნენ ჩემს სატელეფონო საუბრებს და ახორციელებდნენ თვალთვალს, მაგრამ ვერაფერი კრიმინალურის დაფიქსირება ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, ამჟამად სამი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ჩემი საჯარო განცხადებებისა და ქადაგებების გამო, – დაწყებული ჯერ კიდევ ომამდელი პერიოდიდან. ერთი სასამართლო პროცესი ახლახან დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით.
სასჯელი მივიღე ქადაგებისთვის, მხადაჭერისა და ნუგეშის სიტყვებისთვის იმ მონაზვნების მიმართ, რომლებიც 2023 წლის ნოემბერში ჩერკასში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის სისხლიანი დაპყრობის დროს სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა დამნაშავეებმა ყინვაში გარეთ გამოაგდეს. და ეს სრულებითაც არ არის გაზვიადებულად ნათქვამი. ქადაგება მიმართული იყო ნაცემი მღვდლებისა და მორწმუნეების მიმართ... ეს ქადაგება საჯაროდ ხელმისაწვდომია, ისევე როგორც ჩვენი სასულიერო პირებისა და საერო პირების სისხლიანი ცემის კადრები სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რადიკალების მიერ მონასტრის დაპყრობის დროს. მაშინ საჩივარი ჩემზე შეიტანა მსახურებაშეჩერებულმა ჩვენი ეპარქიის ყოფილმა მღვდელმა, რომლის ვაჟიც ამ თავდასხმაში მონაწილეობდა, თავად ეს მღვდელი კი „მეუ“-ში გადავიდა. სწორედ მას ჩააბარეს საბოლოოდ დამპყრობლებმა მათ მიერ მოოხრებული მონასტრის გასაღები და გადასცეს ის სამართავად. და თავდასხმის ამ ბენეფიციარმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჩემი გაჩუმების მიზნით, რათა სხვებსაც არ ეცადათ გამოეაშკარავებინათ ის ბნელი საქმეები, რომლებიც ამჟამად ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ ხორციელდება. პროკურატურამ მოითხოვა ჩემთვის ორწლიანი პატიმრობა და ახლა ამას დაჟინებით მოითხოვენ სააპელაციო სასამართლოშიც, რომელსაც უახლოეს ხანში ველოდებით.
მესმის, რომ უკრაინაში ბევრს ურჩევნია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები და სასულიერო პირები ეკლესიის მიმდინარე დევნის შესახებ დუმდნენ. მაგრამ როგორ შეიძლება ეპისკოპოსი გვერდზე გადგეს, როდესაც რწმენის გრძნობას შეურაცხყოფენ, ქრისტიანებს კი აბუჩად იგდებენ?.. პრინციპში მე ბოროტების დაფარვის წინააღმდეგი ვარ.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ განაჩენებს და, მათ შორის, ჩემს განაჩენს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ მის გასაჩივრებას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას არა მხოლოდ სააპელაციო დონეზე, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, გავასაჩივრებთ საკასაციო ინსტანციაშიც, უკრაინის უზენაეს სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანგარიში, რომლის მიხედვითაც უკრაინა ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების 98%-ს აგებს. ეს ხომ, რაღაცას მეტყველებს?
შეიძლება, რა თქმა უნდა, ადამიანურად ვეცადოთ, გავიგოთ ზოგიერთი უკრაინელი მოსამართლის ლოგიკა, ვისაც დღეს უსამართლო და ხშირად დანაშაულებრივი ვერდიქტებიც კი გამოაქვთ „პოლიტიკურ“ საქმეებზე. ამის მიზეზია შიში საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის, კარიერისთვის, ზოგჯერ კი, უბრალოდ, პოლიტიკური შეხედულებით ხდება განაჩენის გამოტანა. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებების გამართლება არ შეიძლება. ისევე, როგორც არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები კონკრეტული მოსამართლეების გამართლება. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ისინი სამართლიან შეფასებას მიიღებენ.
თქვენ მკითხეთ, რა არის ჩემთვის ამ პერიოდში სულიერად ყველაზე მძიმე ასატანი. გიპასუხებთ. ეს არის ღალატი. ეს ყველაზე მძიმეა, რასაც დღეს მუდმივად ვაწყდებით საზოგადოებისა და ეკლესიის სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა დონეზე. ჩვენი ყოფილი პრინციპების ღალატი, ჩვენი ისტორიის ღალატი და, საბოლოო ჯამში, საღი აზრის ღალატი. ომმა და ეკლესიის დევნამ გამოავლინა ადამიანების შინაგანი არსება, თითქოს წესიერების ნიღაბი ჩამოხსნეს და მათი ნამდვილი სახე გამოამზეურეს. ბევრ ადამიანში გამოჩნდა შინაგანი კეთილშობილება ან მისი არარსებობა. ზოგჯერ ამასთან შეჯახება ძალიან მტკივნეულია.
მაგრამ უფალი ბრძანებს: „ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ“ (მთ. 5:11-12). ქრისტეს სიტყვები აძლიერებს და ანუგეშებს მორწმუნეებს ეკლესიის დევნის დროს.
– სამწუხაროდ, თქვენს ეპარქიაში ტაძრების ჩამორთმევისა და მორწმუნეთა უფლებების დარღვევის მრავალი შემთხვევა იყო. გთხოვთ, მოგვიყვეთ, როგორ უმკლავდებიან ამ პერიოდს ჩვეულებრივი ადამიანები. რა ეხმარება სამრევლოებს, რომ არ გაიფანტონ, ხოლო მრევლს – შეინარჩუნონ რწმენა ცემის, დასახიჩრებისა და ტაძრებიდან გაძევების მიუხედავად? იქნებ იცით კონკრეტული ისტორიები, რომლებიც განსაკუთრებით გამოკვეთს ჩვენი ძმებისა და დების მტკიცე დგომას მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად?
– ტაძრების დაკარგვა – ეს დროებითი მოვლენაა. ასეთი რამ ხშირად მომხდარა ეკლესიის ისტორიაში. ლიტურგიკული ცხოვრება კი არის ის, რაც გვაერთიანებს ჩვენ, ქრისტიანებს. ისევე, როგორც ადრე, ტაძრებიდან განდევნილი სამრევლოები კვლავაც განაგრძობენ მონაწილეობას ევქარისტიასა და სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში. არავინ დაკარგულა, ვინც კი ცხოვრობს უფალი იესო ქრისტეთი და მისი ბარძიმით. ჩვენი სამრევლოები, როგორც წესი, წინასწარ ეძებენ დროებით შენობებს ლიტურგიკული ცხოვრებისთვის და თუ მათ ტაძარს ძალით მიიტაცებენ, მაშინ ისინი გადადიან ღვთისმსახურებისა და ლოცვისთვის წინასწარ მომზადებულ ადგილებზე. ეს ყველაზე ხშირად არის კერძო სახლები სოფლებში, რომლებიც ტაძრებად არის გადაკეთებული, ან ბინები, სხვენები და მრავალსართულიანი შენობების სარდაფები ქალაქებში. ღია წყაროებში ასეთი მრავალი მაგალითის პოვნა შეგიძლიათ არა მხოლოდ ჩერკასის ეპარქიაში, არამედ სხვა ეპარქიებშიც. თუმცა, რაც დრო გადის, ჩვენ სულ უფრო ნაკლებად ვცდილობთ ასეთი ადგილების აფიშირებას, რადგან ეკლესიის დევნა თანდათან უფრო მკაცრდება; ზოგიერთ დასავლეთ რეგიონში, მაგალითად ლვოვის ოლქში, ასეთ საიდუმლო ლოცვის ადგილებშიც კი საშიში ხდება შეკრება. დასავლეთ უკრაინიდან აღმოსავლეთისკენ თანდათანობით მოედინება დაუნდობელი დევნის ტალღა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა საიდუმლო შეკრებები აქაც ხდება ხანდახან რადიკალების სამიზნე.
რადიკალებს, როგორც წესი, ადგილობრივი ხელისუფლება მფარველობს, ზოგჯერ კი ყველაზე უკანონო გზით. ავიღოთ მაგალითად ჩერკასში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძრის, ძალის გამოყენებით ჩამორთმევის შემთხვევა. სისხლიან ჩამორთმევაში სხვადასხვა უწყების სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ და ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, მართლმადიდებელი მორწმუნეების დარბევის და სასტიკი ცემის დროს, ადგილზე საქალაქო საბჭოს დეპუტატებიც შენიშნეს, ხოლო პირველი, ვინც ტაძარში გამოჩნდა ტაძრის კარიბჭიდან ნაცემი მორწმუნეების გამოძევების შემდეგ, იყო ქალაქის მერი ანატოლი ბონდარენკო თავისი გარემოცვით. თუმცა, ამ სიტუაციაში ყველაზე შოკისმომგვრელი ის კი არ არის, რომ ოკუპირებული საკათედრო ტაძარი დე იურე დღემდე ჩვენი ეპარქიის საკუთრებაა და არც პროკურატურას და არც სასამართლოს ეს არ აინტერესებს; ვითარების გროტესკი ისაა, რომ „მეუ“-ს წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენი საკუთრების ოკუპირება მოახდინეს, უკვე წელიწად-ნახევარია ვერ ახერხებენ სხვისი ტაძრის გამოყენების საფასურის გადახდას და ცდილობენ, ჩვენ, ნაცემ და გამოძევებულ მესაკუთრეებს, სასამართლოს მეშვეობით მათ ნაცვლად გადაგვახდევინონ კომუნალური გადასახადები! აი, რა დონის სიგიჟეში გვიხდება ახლა ცხოვრება.
მაგრამ ღვთის ძალა უძლურებაში სრულ იქმნების. და ჩვენი მრავალი მორწმუნე სამართლიანად აღიქვამს დევნის ამ პერიოდს, როგორც ღვთისგან განსაკუთრებული კურთხევის დროს ჩვენი დასუსტებული სულიერი ცხოვრებისთვის. საერთო სირთულეები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მრევლსა და მღვდლებს, მათ ლოცვებს უფრო მხურვალეს და წმინდა ზიარების მიღების სურვილს უფრო დაუძლეველს ხდის.
– თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლა იზრდება. გამოიყენება სულ უფრო დახვეწილი და იეზუიტური მეთოდები. ერთ-ერთი მათგანია მღვდლების იძულებითი მობილიზება ჯარში. რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა? ეს ეხება მთელს უმე-ს თუ მხოლოდ ცალკეულ ეპარქიებს? და როგორი რეაგირება უნდა მოახდინოთ ახლა ამ გამოწვევაზე?
– იძულებითი მობილიზაცია არა მხოლოდ მორწმუნეების პრობლემაა; უკრაინის ბევრ მოქალაქეს, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ სურს ან არ შეუძლია ჯარში მსახურება. ამის მიუხედავად, ბევრი მათგანი იძულებით მობილიზაციას განიცდის. რაც შეეხება ჩვენს მღვდლებს, ეს, ერთი მხრივ, ზოგადი ტენდენციის ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი ვართ სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან შედარებით.
დღეს თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების ფიზიკური განადგურების განზრახ მცდელობაზე მობილიზაციის გზით. უკრაინაში ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა სპეციალური დისკრიმინაციული კანონი, რომელიც კრძალავს ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირების მობილიზაციისგან გათავისუფლებას, სხვა უკრაინული კონფესიებისგან განსხვავებით, რომლებსაც აქვთ ჯარისგან სრულად გათავისუფლების უფლება. ჩემი აზრით, ეს გაკეთდა აშკარა მიზნით: მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეთაუროდ და მოძღვრების გარეშე დაეტოვებინათ უმე-ს სამრევლოები. დღეს ჩვენს სასულიერო პირებს ქუჩებიდან ძალით იტაცებენ და ფრონტზე აგზავნიან. ასეთი შემთხვევები ათობითაა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ზოგიერთი მღვდელი სწრაფად იღუპება ფრონტზე, რადგან ეკლესიის წესების თანახმად, მას იარაღის ხელში აღების უფლებაც კი არ აქვს.
სულ რამდენიმე დღის წინ, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიაზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამოვედი (რადგან უკრაინის სასამართლოები ქვეყნიდან გასვლის ნებართვას არ მაძლევენ, რომ პირადად დავესწრო სესიას). გავაკეთე განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ აკავებენ ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელ სასულიერო პირებს და აიძულებენ ხელში იარაღით სამხედრო მწყობრში დგომას, თუმცა კარგად იციან, რომ ეს კანონიკურად აკრძალულია. ამასთან, უმე-ს სასულიერო პირებს, იძულებითი მობილიზაციის შემდეგ, კატეგორიულად ეკრძალებათ კაპელანებად მსახურება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მორწმუნეებისთვის სამწყსო მზრუნველობის გაწევა. ეს სერიოზული პრობლემა, დისკრიმინაცია რელიგიური კუთვნილების საფუძველზე, ხშირად სასულიერო პირების სიკვდილს იწვევს.
– მაგრამ დღეს ხომ უკრაინა თავს დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოდ აცხადებს. რას უყურებს ომბუდსმენი, რომელიც პასუხისმგებელია მოქალაქეების, მათ შორის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე?
– კარგი შეკითხვაა. ასე გიპასუხებთ. როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარს და იძულებით უფლებათა დამცველს, არაერთხელ მომიხდა ჟენევაში გაეროს სასესიო დარბაზში გამოსვლა სხვადასხვა მოსმენებზე, რომლებიც ეხებოდა ჩვენი ეკლესიის მორწმუნეების უფლებების დარღვევის საკითხს ჩემს ქვეყანაში. რამდენჯერმე უკრაინის ომბუდსმენ დიმიტრი ლუბინეცისა და ჩემი გამოსვლები ერთმანეთის მიყოლებით იყო, სულ რამდენიმე წუთის ინტერვალით. მან შესანიშნავად იცის, ვინ ვარ მე და რაზე მიწევს საუბარი გაეროს მანდატის მფლობელებისა და დიპლომატების წინაშე. და მაინც, მან არა მხოლოდ არასდროს გამოხატა ინტერესი ჩემი გამოსვლების თემის მიმართ, რომელიც უშუალო კავშირშია მის პირდაპირ პასუხისმგებლობასთან უკრაინაში, არამედ, კანონის დარღვევით, უკრაინის ომბუდსმენმა სრულიად უგულებელყო ჩემი ოფიციალური მიმართვაც კი პირადად მისდამი ჩერკასის ეპარქიის სახელით, ჩერკასის რეგიონში მორწმუნეების უფლებების დარღვევისა და ჩვენს ქალაქში საკათედრო ტაძრის ძალადობრივი მიტაცების შესახებ, რომლის დროსაც ბოევიკები ჩვენს მრევლს ესროდნენ, მე კი თავში ხელკეტებს მირტყამდნენ. ეს მიმართვა სათანადოდ იყო შედგენილი ჩვენი ადვოკატების მიერ და შეიცავდა დოკუმენტურ ინფორმაციას ჩვენს რეგიონში, ჩემს ეპარქიაში ეკლესიის დევნის შესახებ. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია ასევე მოითხოვა გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიამ უკრაინაში, მისი სიზუსტე გადამოწმდა და ის საფუძვლად დაედო გაეროს რამდენიმე ანგარიშს უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ჩვენმა ომბუდსმენმა კი ეს ყველაფერი უბრალოდ უგულებელყო. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად ახასიათებს უკრაინაში ადამიანის უფლებების ამჟამინდელ მდგომარეობას.
– სულ ახლახან, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე ითქვა, რომ უკრაინის ეკლესიური კონფლიქტი უნდა მოგვარდეს საყოველთაო მართლმადიდებლურ დონეზე. თქვენი აზრით, რეალისტურია თუ არა ახლა საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ან თათბირის მოწვევა? მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში მართლმადიდებლობის დაცვის აუცილებლობის ეგიდით, და ამ შეკრების ფარგლებში უკრაინის საკითხის განხილვა?
– ეკლესიის ბედი ღვთის ხელშია. დიახ, თეორიულად, საყოველთაო მართლმადიდებლურ კრებას შეუძლია ხელი შეუწყოს მართლმადიდებლური ერთობის დამყარებას სულით და ჭეშმარიტებით, წმინდა საიდუმლოებებში ზიარებით, საერთო კანონიკური საფუძვლებისა და ქრისტეში ურთიერთსიყვარულის აღიარებით. მაგრამ პრაქტიკაში, საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების საკითხი ღიად რჩება რიგი ობიექტური მიზეზების გამო. ჩემი ღრმა რწმენით, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი. საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ის ფორმატი, რომელიც შემოთავაზებული და განხილული იყო მე-20 საუკუნეში მართლმადიდებელთაშორის კონფერენციებზე და რომლის მსოფლიო მართლმადიდებლობაზე თავსმოხვევასაც ამჟამად ცდილობენ ფანარიონი და მასზე დამოკიდებული რიგი ეკლესიები, ვერანაირად ვერ ჩაითვლება კრებად ამ სიტყვის პატრისტიკული გაგებით. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთ შეკრებას კრების კომპეტენცია მიეწეროს. რას გვთავაზობენ ჩვენ? ასეთ საყოველთაო მართლმადიდებლურ კრებაზე ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის საყოველთაო მონაწილეობის ნაცვლად, როგორც ეს მოციქულთა დროიდან იყო დადგენილი და ეკლესიის მამების მიერ დადასტურებული, ჩვენ გვთავაზობენ თითოეული ადგილობრივი ეკლესიიდან თანაბარი რაოდენობის დელეგაციების მონაწილეობას თანასწორი ხმის უფლებით – იქნება ის 5 ეპისკოპოსის თუ 500 ეპისკოპოსის მქონე ეკლესიის დელეგაცია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხმას აძლევენ არა მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, თითოეული საკუთარი სინდისის თანახმად, არამედ ხმის თანაბარი გადამწყვეტი უფლებამოსილების მქონე დელეგაციები. ერთი დელეგაცია – ერთი ხმა. გამოდის, რომ 500 ეპისკოპოსის ხმაც ერთი ხმაა, და ხუთი ეპისკოპოსის ხმაც – ერთი; საყოველთაო მართლმადიდებლობის გადაწყვეტილებაზე მათი გავლენა ერთნაირი იქნება.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ გვთავაზობენ ეკლესიის კრების სიბრძნის მანიპულაციურ ჩანაცვლებას „მოსახერხებელი“ რეგლამენტის საფარქვეშ. და ეს იმ პირობებში, როდესაც ზოგადსაეკლესიო საკითხების მთელი რიგი ამჟამად ძალიან საკამათოა და მოითხოვს ნადვილ საყოველთაო მართლმადიდებლურ გადაწყვეტას და არა კულუარულ შეთანხმებებს. ნუთუ შესაძლებელია დელეგაციების ასეთი შეკრების გადაწყვეტილებების დაბეჭდვა, – მით უმეტეს კონსენსუსის არარსებობის პირობებში, – ფორმულით „ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ გვთავაზობენ წმინდა წყლის მანიპულაციას, რასაც პრინციპიალურად მოითხოვენ მართლმადიდებლობის გარკვეული ძალები. ჩვენ გვესმის, რატომ ითხოვენ ამას ასე დაჟინებით. როდესაც ისინი საუბრობენ სრულფასოვანი კრების ჩატარების ტექნიკურ შეუძლებლობაზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არსებობს რამდენიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლებსაც სავსებით შეუძლიათ (და გვთავაზობენ კიდეც) უზრუნველყონ ღირსეული პლატფორმა ნამდვილი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩასატარებლად. მაგრამ მათ ამის მოსმენაც არ უნდათ. ამიტომ არარეალურად მეჩვენება უახლოეს მომავალში საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების პერსპექტივაზე საუბარი.
– არის თუ არა უკრაინაში არსებული სიტუაცია კრიზისი, რომელიც წარმოიშვა მოსკოვის საპატრიარქოსა და ფანარიონს შორის იურისდიქციისთვის ბრძოლის შედეგად? თუ მას აქვს უფრო ღრმა ქვეტექსტი და ეხება დოგმიტიკის სფეროს? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან მათზე მიღებულ სწორ პასუხებზე დამოკიდებულია არსებული წინააღმდეგობების რეალური, და არა მხოლოდ დეკლარაციული გადაწყვეტა.
– რა თქმა უნდა, არსებობს ქვეტექსტი და ის ბევრად უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე ეს შეიძლება გარე დამკვირვებლისთვის ჩანდეს.
კანონიკური სამართლის თვალსაზრისით, სიტუაცია ასეთია: უკრაინაში არსებობს ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესიაა – დღეს მას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდება. ეს არის ისტორიული ეკლესია იმ მიწებზე, რომლებიც შედის თანამედროვე უკრაინის შემადგენლობაში და აქ ათას წელზე მეტია არსებობს. ჩვენი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის სამიტროპოლიტოს უწყვეტი მემკვიდრეა, 988 წელს წმინდა მთავარ ვლადიმერის მიერ რუსეთის ნათლობის დროიდან. შემდგომში, რუსეთის ეკლესიის დროებით ორ ნაწილად გაყოფის ორასწლიან პერიოდში, მას დასავლეთ რუსეთის სამიტროპოლიტო ეწოდებოდა; მე-20 საუკუნეში კი – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის საეგზარქოსო, ხოლო 1990 წლის 27 ოქტომბრიდან დღემდე – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და აქვს თვითმმართველი ეკლესიის სტატუსი ფართო ავტონომიით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსი II-ის სიგელის თანახმად.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო მემკვიდრეობა აღიარებულია მსოფლიოს ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ და მისი იერარქიის კანონიკურობა, მადლმოსილება და მისი საიდუმლოებების ნამდვილობა ეჭვგარეშეა. და პირიქით, ე.წ. „მეუ“-ს ხელთდასხმის კანონიკურობა, რბილად რომ ვთქვათ, მთელ რიგ საფუძვლიან ეჭვს ბადებს. სწორედ ეს არის მთავარი დამაბრკოლებელი ლოდი უკრაინაში ეკლესიური განხეთქილების საკითხის გადაწყვეტისას. უფრო მეტიც, ამ საკითხმა გამოიწვია აზრთა პრინციპული დაპირისპირება როგორც სხვა ადგილობრივი ეკლესიების იერარქებს, ასევე მთლიანად ადგილობრივ ეკლესიებს შორის. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხმა შესაძლოა გამოიწვიოს ახალი დიდი განხეთქილება მსოფლიო მართლმადიდებლობაში. მთელს მსოფლიოში მილიონობით მართლმადიდებელი ერისკაცის, მღვდლისა და იერარქის ქრისტიანული სინდისი ვერ შეეგუება იმას, რომ ფანარიონში კალმის ერთი მოსმით, გუშინდელი სქიზმატიკოსებით, მონანიებისა და კანონიერი ქიროტონიის გარეშე, ჩაანაცვლეს კანონიერი კანონიკური ეკლესია მთელი მართლმადიდებლური ქვეყნის, უკრაინის, საზღვრებში; და ამასთანავე დაიწყეს ისტორიული ეკლესიის განადგურება სახელმწიფო მანქანის გამოყენებით და სისხლიანი მეთოდებით.
როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარმა, რომლის ეპარქიაც ძლიერ დაზარალდა „მეუ“-ს ქმედებებისგან და რომელიც პირადად ვიცნობ უწმინდეს პატრიარქ ბართლომეოსს, 2025 წლის შემოდგომაზე ღია მიმართვით მივმართე მის უწმინდესობას. მასში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ყურადღება მივაპყარი უკრაინაში წარმოშობილი საეკლესიო პრობლემების ღრმა კანონიკურ და ისტორიულ მიზეზებზე. გავიხსენე, რომ ჩვენმა ეკლესიამ მსგავსი სირთულეები და დევნა განიცადა მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში მომხდარი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როდესაც ახალმა ბოლშევიკურმა მთავრობამ ქრისტიანების დევნა დაიწყო, მათ შორის განმაახლებელთა მეშვეობით, რომელიც წარმოადგენდა ხელოვნურად შექმნილ „წითელ ეკლესიას“, და რომელიც ზუსტად ისე, როგორც დღეს, ლეგალიზებული იყო კონსტანტინოპოლისა და მასზე დამოკიდებული ეკლესიების მიერ. სამწუხაროდ, პატრიარქმა ბართლომეოსმა დღემდე არ გვიპასუხა, თუ როგორ ესმის მას უკრაინაში ტაძრების ჩამორთმევისა და მორწმუნეთა ჩაგვრის საქმე, ასევე ამ დაპირისპირებების მოგვარების გზები.
– თქვენი აზრით, ამჟამად სხვა ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან რა სახის დახმარება იქნებოდა ყველაზე სასარგებლო უმე-სთვის?
– პირველ რიგში, ალბათ, ლოცვითი შეწევნა. და ის უკვე არსებობს. ზოგჯერ ჩვენ ამას უკრაინაში ძალიან მკაფიოდ ვგრძნობთ. გულწრფელ მადლობას ვუხდით სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს, ასევე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, იერარქებს, სამღვდელოებას და მორწმუნეებს ამ ლოცვითი და სულიერი მხარდაჭერისთვის.
დამატებით, ვფიქრობ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დიდად დაეხმარებოდა მოძმე ეკლესიების მხრიდან მხარდაჭერის ორი მიმართულება.
პირველი – ეს არის ხმამაღალი ლაპარაკი ქრისტიანების დევნაზე, – რომელიც ხდება XXI საუკუნეში ევროპის შუაგულში, – ყველა შესაძლო საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე საკუთარი მთავრობების წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველა, ვინც ამჟამად თანაგვიგრძნობს და ლოცვით დახმარებას გვიწევს, სრულად ჩაერთვება ამ მხარდაჭერაში, მაშინ მსოფლიო საზოგადოება ნებით თუ უნებლიეთ იძულებული გახდება, შეისმინოს მართლმადიდებლობის ხმა ევროპასა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში და შესაბამისი გავლენა მოახდინოს მდევნელებზე უკრაინაში.
მეორე – ეს არის მსოფლიო მართლმადიდებლობის კანონიკური წყობის, მისი ტრადიციებისა და წესრიგის კონსოლიდირებული დაცვა. პატრიარქ ბართლომეოსის მიერ უკრაინის განხეთქილების ლეგალიზების ცალმხრივი გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი ახლა ყველასთვის აშკარაა. ამ გადაწყვეტილების შედეგები კატასტროფულია. მან არა მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სისხლიანი დევნის პროცესი გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში, არამედ განხეთქილების პირას მიიყვანა მსოფლიო მართლმადიდებლობა. ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც თანაუგრძნობენ ჩვენს საერთო ტრაგედიას, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მტკიცე კანონიკურ პოზიციას დაიკავებენ, მაშინ დროთა განმავლობაში ჩვენ ერთად შევძლებთ არა მხოლოდ ამ საკითხის კანონიკურ ველზე მოგვარებას, არამედ სხვა ადგილობრივი ეკლესიების დაცვასაც მათ შიდა საქმეებში მსგავსი არაპროგნოზირებადი გარე ჩარევებისგან. და სწორედ ეს შეინარჩუნებდა მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობას მომავალი თაობებისთვის.
– თქვენი აზრით, რა გაკვეთილების გამოტანა მართებს სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის გამოცდილებიდან?
– ალბათ იმის გააზრება, რომ თუ თანამედროვე სამყაროში და საკუთარ ხალხში, სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ ახალი თაობების სისტემურ განათლებას მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ზნეობაში, საკუთარი ისტორიისა და ღვთისმოსავი წინაპრების მადლიერ ხსოვნაში, თავისი ისტორიული ეკლესიისა და ზოგადად თავისი ისტორიის პატივისცემაში, მაშინ ამ ნიშას ძალიან მალე სხვები დაიკავებენ. ისინი თავიდან მენტალურად დაასნებოვნებენ ერს, შემდეგ კი დაიწყებენ ეკლესიის, როგორც საშიში ატავიზმის, ფიზიკურ განადგურებას, ან შეცვლიან მას მორჩილი სიმულაკრით. და ამასთან უკვე ვეღარაფერს გააწყობთ. ამჟამად ბევრი ქვეყანა ამ გზით მიდის. ერთი წუთითაც არ შეიძლება მოდუნება, – ჩვენ ხომ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი ხალხებისა და ჩვენი ეკლესიების მომავალზე ჩვენი წმინდა წინაპრების წინაშე. პასუხს ამაზე უფალი ჩვენ მოგვთხოვს.
– ახლა კვლავ მწვავედ დგას კოსოვოსა და მეტოხიაში სერბეთის ეკლესიის ყოფნის შენარჩუნების საკითხი. გთხოვთ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფებავ, ლოცვას ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მღვდელმსახურებისა და მონაზვნებისთვის ჩვენთვის ამ წმინდა მხარეში. ასევე მადლიერები ვიქნებით თქვენი სამწყსო სიტყვისთვის, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ძმებს კოსოვოში.
– უკრაინაში არსებული ჩვენი პრობლემების მიუხედავად, ყოველთვის დიდი ყურადღებით და გულწრფელი თანაგრძნობით ვადევნებთ თვალყურს სერბეთში მიმდინარე მოვლენებს. გააძლიერე, უფალო, კოსოვოსა და მეტოხიაში ვნებული მრავალტანჯული მართლმადიდებელი სერბი ერი. ვლოცულობთ თქვენთვის, ძმებო! მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეში ჩვენც თქვენთან ერთად გვამხნევებს, როცა ამბობს: „თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი“ (2 კორ. 6:10). ეკლესია ხომ ქრისტეს სხეულია, რომელსაც ვერანაირი ნაკლულოვანება ვერ დაანგრევს, და თვით ჯოჯოხეთის კარიბჭეც ვერ სძლევს; და ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.