მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.04.2026. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2026 წლის 12 აპრილს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა მის უნეტარესობას იოანე X-ს, დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს; მის უნეტარესობას თეოფილე III-ს, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს; მის უწმინდესობას პორფირეს, სერბეთის პატრიარქს; მის უნეტარესობას დანიელს, რუმინეთის პატრიარქს; მის უნეტარესობას დანიელს, ბულგარეთის პატრიარქს; მის უნეტარესობას იოანეს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს; მის უნეტარესობას საბას, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტს; მის უნეტარესობას როსტისლავს, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტს; მის უნეტარესობას ტიხონს, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტს; მის უნეტარესობას სტეფანეს, ოხრიდისა და მაკედონიის მთავარეპისკოპოსს; ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს.
მილოცვის გზავნილში, კერძოდ, ნათქვამია:
„ქრისტე აღდგა!
ამ სასიხარულო და სიცოცხლის დამამტკიცებელი უძველესი შეძახილით, ძმურად მოგესალმებით და გულითადად გილოცავთ დღესასწაულთა დღესასწაულსა და ზეიმთა ზეიმს.
დღეს აღსრულდა კაცობრიობის ხსნის დიდი საიდუმლო, რამეთუ ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა (1 კორ. 5:7), შეგვარიგა ჩვენ ღმერთთან და მამასთან და გაგვათავისუფლა მარადიული მსჯავრისგან, რათა ჩვენც ვიაროთ ახალ სიცოცხლეში (რომ. 6:4) და ვიყოთ ცათა სასუფევლის ზიარნი.
აღდგომის სასიხარულო უწყება ჩვენს გულებს შემოქმედისადმი ღრმა მადლიერებით ავსებს და აღგვძრავს, წმინდა მოციქულების კვალად, დაუღალავად ვაუწყოთ ახლობლებსა და შორეულებს მსოფლიოს მხსნელის მკვდრეთით აღდგომის დიდი სიხარული“.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს უსურვა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და უფალ იესო ქრისტეს მოუკლებელი დახმარება მათ საწინამძღვრო მსახურებაში, ასევე მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა მათ ღვთისმოყვარე სამწყსოს.
27.01.2026
07.01.2026