
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა







სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.05.2025. 2025 წლის 8 მაისს, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გადასცა ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – სერბეთის რესპუბლიკის I ხარისხის ორდენი დიდ ჯაჭვზე.
დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მისი უწმინდესობის პატრიარქ კირილესა და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისადმი მიმართვისას, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა:
„ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია, მოგესალმოთ მთელი სერბეთის სახელით და პირადად გამოვხატო მადლიერება თქვენი განსაკუთრებული წვლილისთვის ჩვენს მოძმე სლავურ ქვეყნებსა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში. ჩვენ გაფასებთ თქვენ, როგორც ავტორიტეტულ, ბრძენ სულიერ ლიდერს, რომელიც იცავს სულიერ ქრისტიანულ ღირებულებებს და მართლმადიდებელი ხალხების ერთობას. ეს ფასეულებები უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა სერბეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ურყევ საფუძველს და მომავალში ჩვენი, როგორც ერის, როგორც მართლმადიდებელი ხალხების შენარჩუნების გარანტიას.
ჩვენ გაფასებთ, როგორც სერბეთის გულწრფელ მეგობარს, რომელიც ხმას იმაღლებს მისი სწმინდეების დასაცავად, კოსოვოსა და მეტოხიის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. თქვენთვის ლოცულობენ ჩვენს სერბულ ტაძრებში კოსოვოში, ბელგრადის წმინდა საბას უმშვენიერეს საკათედრო ტაძარში, რომელიც თავისი სილამაზით გამობრწყინდა რუსეთის ფასდაუდებელი დახმარების წყალობით.
ნება მომეცით, გადმოგცეთ თქვენ სერბეთის უმაღლესი ჯილდო – სერბეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის ორდენი – და გისურვოთ ჯანმრთელობა და ძალა ყველა თქვენს კეთილ საქმეში ჩვენი ეკლესიებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“.
შემდეგ გამოცხადდა სერბეთის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯილდო გადაეცემა „სერბეთის რესპუბლიკასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებაში და განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.
საპასუხო სიტყვაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ხაზი გაუსვა:
„ნებისმიერი ჯილდო, რა თქმა უნდა, ძალიან დადებით ემოციებს იწვევს. მაგრამ როდესაც ეს ხდება ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს, ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობების კონტექსტში, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ჯილდო.
საქმე ისაა, რომ სერბ და რუს ხალხს აკავშირებს ისტორია, საერთო ბრძოლა, საერთო რწმენა. ჩვენს ქვეყნებს არასდროს უომიათ ერთმანეთში, არასდროს უღალატიათ ერთმანეთისთვის – ეს საოცარი, უნიკალური შემთხვევაა, თუ ვილაპარაკეთ მთელ ევროპულ კონტექსტში.
და დღესაც სერბეთი და რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული სივრცითა და ამ სივრცეში არსებული სხვა საზღვრებით არიან გაყოფილნი, ინარჩუნებენ თავიანთ სულიერ ერთობას, კულტურულ ერთობას და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ემოციურ ერთობას. ინტელექტუალურად რომ გავაცნობიეროთ: დიახ, ჩვენ თითქოსდა, ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ ამავდროულად შეიძლება გული ჩუმად დარჩეს. აქ კი გული არ დუმს – ის ლაპარაკობს იმაზე, რომ საუბარია ჭეშმარიტად მოძმე ხალხებზე, მოძმე ეკლესიებზე, რომ ეს ნამდვილად ის ერთობაა, რომელიც დადასტურებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მთელი ისტორიით. და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს უნიკალური შემთხვევაა, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების კონტექსტში.
გულწრფელად გიხდით მადლობას, ბატონო პრეზიდენტო, გულითად მადლობას ვუხდი მთელ სერბ ხალხს რუსეთისადმი იმ სიყვარულისა და მხარდაჭერის დამოკიდებულების შენარჩუნებისთვის, რომელიც უკვე საუკუნეების განმავლობაში იყო აღბეჭდილი და გამოვთქვამ იმედს, რომ ეს სიყვარული, ეს მხარდაჭერა ყოველთვის ორმხრივი და სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ხალხებისთვის“.
დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრეთა შორის იყვნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს პირადი მდივანი, რამენის ეპისკოპოსი ალექსი; უწმინდესი პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.
სერბულ მხარეს წარმოადგენდნენ: სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, რემეზიანის ეპისკოპოსი სტეფანე; სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში მომჩილო ბაბიჩი; სერბეთის ჯანდაცვის მინისტრი ზლატიბორ ლონჩარი; სერბეთის მთავრობის მინისტრი ნენად პოპოვიჩი; პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ტანია იოვიჩი; პრეზიდენტის მრჩეველი დრაგუტინ მატანოვიჩი; სახელმწიფო კომპანია „სერბიაგაზის“ დირექტორი დუშან ბაიატოვიჩი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025