წმინდა მიწაზე აღნიშნეს იერიქონში რუსეთის სულიერი მისიის მეტოქიონის 150 წლის იუბილე






სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.12.2023. 2023 წლის 15 დეკემბერს, რუსეთის სულიერმა მისიამ იერუსალიმში საზეიმოდ აღნიშნა ქრისტეს წმინდა მოციქულის – ზაქეს, ყოფილი მებაჟის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის სახ. თავისი მეტოქიონის დაარსებიდან 150 წლისთავი,– იუწყება РДМ-ს პრეს-სამსახური.
მიწის ნაკვეთი, რომელიც რუსეთის სულიერი მისიისთვის მისმა მეთაურმა, არქიმანდრიტმა ანტონინმა (კაპუსტინი) 1873 წელს შეიძინა, ქრისტიანული გადმოცემის თანახმად ზაქე მებაჟის კარ-მიდამო იყო. ამ გადმოცემას ადასტურებს ბიზანტიური მონასტრის ნანგრევები და ქტიტორის მოზაიკა იღუმენ კვირიაკეს საფლავზე, რომელიც მეტოქიონის ტერიტორიაზე მდებარეობს.
იერუსალიმის წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის ლოცვა-კურთხევით, რუსეთის სულიერი მისიისთვის მნიშვნელოვან დღეს სადღესასწაულო ღვთისმსახურებას წარუძღვა ვოსტრიის მიტროპოლიტი ტიმოთე (იერუსალიმის საპატრიარქო).
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურებას უწევდნენ იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის უფროსი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი); იერიქონის წინასწარმეტყველ ელისეს ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პართენი; იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის, როგორც რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის მდგენელის, ხელმძღვანელი არქიმანდრიტი რომანი (კრასოვსკი); რუსეთის სულიერი მისიის მდივანი იღუმენი ნიკონი (გოლოვკო); იერუსალიმის საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მოციქულთა კონსტანტინესა და ელენეს სახ. ტაძრის კლირიკოსი არქიმანდრიტი ამფილოქე; ჰებრონში რუსეთის სულიერი მისიის წმინდა მამამთავართა სახ. მეტოქიონის მეკლიტური მღვდელმონაზონი ამბროსი (იგნატოვი); ეინ-კარემში გორნენის მონასტრის კლირიკოსი მღვდელმონაზონი ინოკენტი (ბესპალოვი), იერიქონის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახ. მონასტრის ბინადარი მღვდელმონაზონი აბრაამი (რუმინეთის საპატრიარქო).
ლიტურგიაზე ლოცულობდნენ ეინ-კარემის გორნენის დედათა მონასტრის იღუმენია ეკატერინე (ჩერნიშევა) დებთან ერთად; გეთსიმანიის დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედი (შმელცი) დებთან ერთად; მისიის მეტოქიონის უფროსი და იერიქონში მონაზონი ლუკინა (განიჩევა) მეტოქიონის ბინადრებთან ერთად; ადგილობრივი ქრისტიანული თემის წარმომადგენლები.
ტაძარში ლოცულობდა იერიქონის სამუზეუმო-საპარკო კომპლექსის დირექტორი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო «Госзагрансобственность»-ის წარმომადგენელი რ.ვ. დიკანსკი.
ღვთისმსახურებაზე, რომელიც შესრულდა საეკლესიო სლავურ, ბერძნულ, არაბულ და რუმინულ ენებზე, გალობდა გორნენის სავანის დების გუნდი.
მრჩობლი კვერექსის შემდეგ აღვლენილ იქნა ლოცვა მშვიდობისათვს.
საღმრთო ლიტურგიის წარგზავნის შემდეგ სასულიერო პირებმა განსასვენებელი ლიტია აღასრულეს იღუმენ კვირიაკეს საფლავზე. შემდეგ სასულიერო პირებმა, დებმა და მომლოცველებმა ჯვაროსნული მსვლელობა მოაწყვეს, მიტროპოლიტმა ტიმოთემ კი ეზოს ტერიტორია წმინდა წყლით აპკურა. შემდეგ გაჟღერდა წესდებული მრავალჟამიერები.
შემდეგ, არქიმანდრიტმა ბასიანემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა მიტროპოლიტ ტიმოთეს და, კერძოდ, აღნიშნა: „მე-19 საუკუნეში იერუსალიმის საპატრიარქოს სტუმართმოყვარეობამ საშუალება მისცა რუსეთის სულიერ მისიას მზრუნველობა და მეურვეობა გაეწია შორეული რუსეთიდან პალესტინის წმინდა ადგილების თაყვანსაცემად ჩამოსული მომლოცველებისთვის. ახლა კი, ამ ისტორიულ დღეს, როცა აღვნიშნავთ იერიქონში რუსული სულიერი მისიის მეტოქიონის არსებობის 150 წლისთავის იუბილეს, ჩვენ სიყვარულითა და სიხარულით, წმინდა ზაქეს სტუმართმოყვარეობის მიბაძვით, მოგესალმებით და გმასპინძლობთ თქვენ, ძვირფასო მეუფევ ტიმოთე. გვწამს და ვსასოებთ, რომ სწორედ ქრისტეს სიყვარული მოგვცემს ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანებს, იმის შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ ერთობა და ურთიერთგაგება და ამ მნიშვნელოვანი თვისებების დახმარებით გადავლახოთ ყველა სირთულე და განსაცდელი, და გადავცეთ მაცხოვნებელი სარწმუნოება ქრისტიანთა მომავალ თაობებს“.
საპასუხო სიტყვაში მიტროპოლიტმა ტიმოთემ ყველა დამსწრეს გადასცა მილოცვა და კეთილი სურვილები იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III-ისგან და, კერძოდ, აღნიშნა:
„წმინდა მიწაზე ძველი სავანის ადგილზე ტაძრის აღმართვა მნიშვნელოვანი ფაქტია ქრისტიანობის ისტორიაში. ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ამ კურთხეული მიწის სიწმინდის დამოწმების გაგრძელება, რომელიც მაცხოვრის ნაფეხურებითაა გაწმენდილი. ეს არის კეთილმსახურების შედეგი წმინდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის, – როგორც იმპერიული მმართველობისას, ისე თანამედროვე რუსეთის პირობებში, – როდესაც ჩვენს იერუსალიმის ეკლესიას არ გააჩნდა საკმარისი სახსრები, ზრუნავდა წმინდა ადგილების დაცვასა და აღდგენაზე.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხორციელი შობის დღესასწაულის წინა დღეს, ჩვენ მხურვალე ლოცვები აღვავლინეთ რუსეთსა და უკრაინაში ძმათაშორისი ბრძოლის დასრულებისთვის, აგრეთვე წმინდა მიწაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის, – მოქმედებებისა, რომელთა შედეგიც გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ტრაგედია, უდანაშაულო ბავშვების ტკივილი და სიკვდილი. ჩვენ ასევე მუდმივად ვლოცულობთ ჩვენი შინაგანი სიმშვიდისთვის, მშვიდობისთვის აქ და მთელს მსოფლიოში“.
მიტროპოლიტმა ტიმოთემ არქიმანდრიტ ბასიანეს მიულოცა იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელად დანიშვნა, უსურვა მას სულის სიმტკიცე და მოთმინება, რათა მისი მსახურება ქრისტეს ეკლესიისა და კერძოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე იყოს „ერთგული და იერუსალიმის ეკლესიის იერარქიასთან კეთილთანამშრომლობაში წვლილის შემტანი ორ ეკლესიას შორის სულიერი კავშირების განსამტკიცებლად“.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, იერიქონის მეტოქიონის მუშაკთა გულმოდგინებით, ყველა სტუმრისთვის მოეწყო საზეიმო მიღება.