გამოვიდა ჟურნალის „ეკლესია და დრო“ ახალი ნომერი

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.10.2023. გამოვიდა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის „ეკლესია და დრო“ მორიგი (103-ე) ნომერი, რომელიც უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით გამოდის წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის მიერ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასთან ერთად, – იუწყება სსკგ-ის პრეს-სამსახური.
რუბრიკა – „ღვთისმეტყველება“ წარმოდგენილია სტატიით „პიროვნება და მისია“. მისი ავტორია ღვთისმეტყველების დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ნიკოლო-უგრეშის სასულიერო სემინარიის რექტორი, ნიკოლო-უგრეშის სტავროპიგილური მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი იღუმენი მეთოდე (ზინკოვსკი). სტატია ეძღვნება ღვთისმეტყველების ჩარჩოებში პიროვნების ქრისტიანული მისიის ფენომენის განხილვას. იღუმენ მეთოდეს საავტორო მეთოდის განსაკუთრებულება მდგომარეობს ერთმთლიან მიდგომაში კაცობრიობისადმი, როგორც ღვთის ცოცხალი ხატისადმი, რომელიც მოწოდებულია პოლიჰიპოსტასური ერთობის სარეალიზაციოდ წმიდა სამების პირთა მყოფობის მსგავსად. ამ მიდგომის თანახმად, „მისია, როგორც მქადაგებლისა და მსმენელის პიროვნებების სინერგიული მოქმედება, აღესრულება მთავარი მისიონერების – ქრისტესა და სულიწმიდის პიროვნებების თანამონაწილეობით. მისიის უნარი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების სხვა ადამიანური პიროვნებებისადმი გადაცემის ცოდნა – აღიარებულია, როგორც მოწიფული პიროვნების მახასიათებელი“.
ღვთისმეტყველების კანდიდატის, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის რექტორის, პეტერგოფის ეპისკოპოს სილუანეს სტატია, ხსნის რუბრიკას „ეკლესიის ისტორია“. სათაურით „ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვიბორგის ეპარქია“, კვლევა მოიცავს ვიბორგის ეპარქიის ისტორიას, ასევე საბჭოთა-ფინეთის მეორე ომის შედეგებს კარელიის ყელზე და მათ გავლენას ფინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე. კონფლიქტის შედეგად სამრევლოებისა და ეკლესიების მნიშვნელოვანი რაოდენობა განადგურდა ან ძლიერ დაზიანდა, ხოლო მართლმადიდებლთა უმრავლესობა იძულებული გახდა, ევაკუირებულიყო. გადმოსახლებული მართლმადიდებლები ფინეთის სხვადასხვა რეგიონში განათავსეს და საეკლესიო საქმიანობა მიმართულ იქნა ამ გაფანტულ მოსახლეობასთან კონტაქტის შენარჩუნებაზე.
ამ რუბრიკის შემდეგი პუბლიკაცია არის მოციქულთასწორ ნიკოლოზ იაპონელის (†1912) შრომების კრებულის სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს წევრის გ.ე. ბესტრემიანაიასა და რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარის იუ. ს. ბესტრემიანაიას ერთობლივი კვლევა. სტატიაში ლაპარაკია სამ საეკლესიო-საგანმანათლებლო პროექტზე, რომლებიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ბოლოს - მე-20 საუკუნის დასაწყისში იაპონიაში რუსული სულიერი მისიის ისტორიის შესახებ ახალი მასალების სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანას, ესენია: 1) მოციქულთასწორის ნიკოლოზ იაპონელის შრომების სრული კრებულის გამოცემა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 2018 წელს; 2) ათონის მთაზე ბულგარეთის ზოგრაფის მონასტრის პროექტი, რომელიც 2016 წელს დაიწყო და გულისხმობს იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ბეჭდური და ხელნაწერი მასალების გაციფვრას; 3) იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო და საერო კრებების ტექსტების თარგმანები იაპონელი მართლმადიდებელი მღვდელმონაზონის ნიკოლოზის (ონო) დისერტაციაში, რომელიც ავტორმა 2018 წელს დაიცვა ზოგადსსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში.
ჟურნალის 103-ე ნომრის ისტორიული რუბრიკა გრძელდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო ინსტიტუტის მეცნიერებისა და განათლების განყოფილების „რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ოტორინოლარინგოლოგიის სამეცნიერო-კლინიკური ცენტრის“ წამყვანი მეცნიერ-მუშაკის, ყაზახეთის რესპუბლიკაში მოქმედი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქ. მოსკოვში არსებული სამიტროპოლიტო ოლქის წარმომადგენლობაში მიტროპოლიტის თანაშემწის, იღუმენ აგათნგელოზის (გაგუა) სტატიით. სტატიაში, „წმინდა ლუკას (ვოინო-იასენეცკი) და მთავარეპისკოპოს ალექსანდრეს (ტოლსტოპიატოვი) აპოლოგეტური შრომები 1945–1947 წლებში“, გაანალიზებულია ორი იერარქის აპოლოგეტური შრომები – „სული, სამშვინველი და სხეული“ და „რწმენის ფარი“. როგორც ავტორი აღნიშნავს, „იერარქებს მიაჩნდათ, რომ აუცილებელი იყო ანტი-უღმერთობის აპოლოგეტიკის განხორციელება ათეისტებსა და განათლებულ სასულიერო პირებს შორის პატიოსანი სამეცნიერო დისკუსიის საფუძველზე“.
ჟურნალის ისტორიულ რუბრიკაში შემდეგი სტატია გახლავთ ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის საეკლესიო ისტორიისა და ზოგადი ჰუმანიტარული დისციპლინების კათედრაზე სამეცნიერო ხარისხის მაძიებლის, ფსკოვის სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, მღვდელმონაზონ ალექსის (გოდლევსკი) კვლევა თემაზე „პოჩაევოს ლავრის გადარჩენა. „ხრუშჩოვისეული დათბობის“ დროინდელი მოვლენების 60 წლისთავთან დაკავშირებით“. სტატია ეძღვნება პოჩაევოს მიძინების ლავრის ისტორიას 1958-1964 წლების „ხრუშჩოვისეული დევნის“ პერიოდში, რომელიც გახდა გამოცდის დრო რუსული მონაზვნობისა და მთელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ავტორი ყურადღებას ამახვილებს საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებულ ანტირელიგიურ ღონისძიებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა პოჩაევოში სამონასტრო ცხოვრებისა და დასავლეთ უკრაინის მოსახლეობაზე პოჩაევოს ლავრის გავლენის შეზღუდვას.
„ეკლესიის ისტორიის“ რუბრიკა მთავრდება ღვთისმეტყველების კანდიდატის, შორეული საზღვარგარეთის საკითხებში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივნის, ზსად-ის დოქტორანტის, დეკანოზ სერგი ზვონარიოვის სტატიით. მის კვლევაში – „ამერიკის ავტოკეფალია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების არქივის დოკუმენტების მიხედვით“ – განიხილავს მე-20 საუკუნეში, ამერიკაში, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალური სტატუსის მოპოვების წინაპირობებსა და პროცესებს, ასევე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების რეაქციას აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით.
ჟურნალის, „ეკლესია და დრო“, 103-ე ნომერი სრულდება პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ე.ვ. ნიკოლსკის სტატიით „ღირსი სერაფიმე საროველი: ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფიული ფაქტები“. პუბლიკაცია ეძღვნება ღირსი მამის აღსრულების 190-ე და განდიდების 120-ე წლისთავს. იკვლევს რა წმინდა სერაფიმეს ცხოვრებას, მის შესახებ ლიტერატურულ და დოკუმენტურ მასალებს, ავტორი განიხილავს თანამედროვე ჰაგიოგრაფიის სპეციფიკას რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოღვაწის განდიდების კონტექსტში.