მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა სახარება ჩვენთვის დღესაც სიცოცხლის წყაროა
2021 წლის 10 ოქტემბერს, სულთმოფენობიდან მე-16 კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოსკოვში დიდ ორდინკაზე მდებარე „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
მწყემსთმთავარს შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამრევლოების კეთილმოწესე, მოსკოვის საპატრიარქოს სუროჟის ეპარქიის მღვდელი გიორგი ზავერშინსკი და ტაძრის კლირიკოსები თანამსახურებდნენ.
ამავე ტაძარში წინა საღამოს მიტროპოლიტმა ღამისთევის მსახურების წეს-განგება შეასრულა.
მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.
შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.
ღმრთისმსახურების დასრულებისას მწყემსთმთავარმა დამსწრეებს ქადაგების სიტყვით მიმართა:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ლუკას სახარების დღევანდელ საკითხავში ჩვენ მოვისმინეთ ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მიმოდიოდა უფალი იესო ქრისტე გალილეის ტბის ნაპირზე, დაინახა სათევზაო ნავები, ერთ მათგანში ჩაჯდა, ნაპირიდან გაცურა და ასწავლიდა ხალხს, რომელიც ნაპირზე იდგა. ქრისტე საკმაოდ ხშირად აკეთებდა ასე – რათა კარგად მოესმინათ ადამიანებს ის, რასაც ის ამბობდა.
როდესაც მან ხალხის სწავლება დაასრულა, მაშინ პეტრეს უთხრა: „შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად“ (ლუკა 5.4). რაზეც პეტრემ მიუგო: „მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე“ (ლუკა 5.5). და გააკეთეს რა ეს, თევზის იმდენი სიმრავლე დაიჭირეს, რომ ბადემ გარღვევა დაიწყო, და მათ დახმარებისთვის იქვე მყოფი სხვა მეთევზეების მოხმობა მოუხდათ, რათა მთელი ეს ნანადირევი წყლიდან ამოეყვანათ და ნავში მოეთავსებინათ.
მაშინ პეტრე მიხვდა, რომ მის წინ არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რადგან ვინ-ვინ და მან ნამდვილად იცოდა თევზის ფასი, რამდენის დაჭერა შეიძლებოდა დღისა და ღამის დროის გარკვეულ მონაკვეთში. მის ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ამიტომაც დაიჩოქა და უთხრა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“ (ლუკა 5.8). ის იმდენად იყო შიშით გაოგნებული, რომ ქრისტეს გვერდით ყოფნის ეშინოდა. მაგრამ უფალმა უთხრა მას: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“ (ლუკა 5.9).
ვკითხულობთ რა ლუკას სახარებიდან ამ ისტორიას, იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებდა უფალი თავისთვის მოწაფეებს გალილეის ტბის ნაპირზე სიარულისას, ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: სწორედ იქ რატომ ეძებდა ქრისტე თავის მოწაფეებს? თუ მას უნდოდა, რომ მასთან ყოფილიყო განათლებული ხალხი, სწავლულები, რომლებიც შეძლებდნენ მისი სიტყვების დამახსოვრებას და ჩაწერას, მაშინ მას ისინი სხვა ადგილზე უნდა ეძებნა, მაგალითად, იერუსალიმში, სადაც რაბინული სკოლები იყო, სადაც წმინდა წერილის მცოდნენი და მათი მოწაფენი ცხოვრობდნენ. იქნებ, იქ უნდა ეძებნა მოციქულები, რომლებიც უცდომელად ჩაწერდნენ ყველაფერს, რასაც ის იტყოდა?
მაგრამ უფლისთვის სათნო იყო ეძებნა, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, არა მსოფლიოს ბრძენნი, არა ისინი, ვინც თავს ბრძენად და გონიერად თვლიდა, არამედ უბრალო მეთევზეების მოწოდება მსახურებისთვის – უწიგნურები, წმინდა წერილში გამოუცდელნი, მაგრამ რომლებსაც უფლისთვის გული ღია ჰქონდათ.
საოცარია, რომ სწავლულმა ადამიანებმა, წმინდა წერილის მკვლევარებმა, რომელთა ხსენებაც ხშირადაა სახარებაში, რომლებიც უფალ იესო ქრისტეს ქადაგებას ისმენდნენ, მისი სასწაულებს ხედავდნენ, მაგრამ ამავე დროს ნაცვლად იმისა, რომ მისი ერწმუნათ, ისინი მასთან მიმართებით სიძულვილითა და ბოროტებით ივსებოდნენ. სწორედ ისინი იყვნენ შეთქმულების სათავეში, რის გამოც იესო ჯერ იერუსალიმის სინედრიონის სასამართლოს წინაშე წარადგინეს, შემდეგ კი რომაელი პრეფექტის სამსჯავროს გადასცეს.
ხოლო უბრალო ადამიანები, – რომელთაც არ შეეძლოთ არც კითხვა, არც წერა, და შეეძლოთ მხოლოდ სმენით მიეღოთ გაგონილი, დაემახსოვრებინათ და ჩაეწერათ, რომლებიც არ აღიხოცება და სამუდამოდ რჩება ადამიანის გულში, – უფლისგან იქნენ მოწოდებულნი, რათა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ მისი საქმე გაეგრძელებინათ.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია მხოლოდ უწიგნური ადამიანებისთვის შეიქმნა. ეკლესიაში თითოეული ადამიანისთვის არის ადგილი, მათ შორის განათლებული ადამიანებისთვის, ნაკითხებისთვის, წმინდა წერილში გაცნობიერებულებისთვის. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უფალი თავის მოწაფეთა პირველ თაობაში საულს არ მოუწოდებდა, რომელიც გახდა პავლე და ღვთისმეტყველებით ასაბუთებდა ყველაფერ იმას, რაც სხვა მოციქულებმა საკუთარი თვალით იხილეს. მაგრამ, შესაძლოა, მათ არ ჰყოფნიდათ საკმარისი გონება, რათა ეს ყველაფერი გაეაზრებინათ და ხალხისთვის გადაეცათ ისე, როგორც ეს პავლე მოციქულმა გააკეთა.
მომდევნო საუკუნეებში ღმერთმა ეკლესიის მსახურებისთვის მოუწოდა უბრალო ხალხსაც, განათლებულსაც, და მათაც, ვინც, მზაკვარი სიბრძნის გარეშე, მის წმინდა რწმენას იცავდნენ და საკუთარ სიცოცხლეს ქრისტესა და სახარებისთვის სწირავდნენ, და მათ, ვინც დახოლოვნებულები იყვნენ წმინდა წერილში და ელინურ ფილოსოფიაში და სხვა საერო მეცნიერებებში, და მთელ თავის ცოდნას ქრისტეს ფეხქვეშ ულაგებდნენ. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც, როცა ერესი გამოჩნდებოდა, საკუთარ თავში ძალასა და უნარს პოულობდნენ ცრუ სწავლების გამოვლენისა და უარყოფისათვის. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ შრომებს ქმნიდნენ, ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილს განმარტავდნენ, თანამედროვეთა გასაგებ ენაზე დოგმატურ ჭეშმარიტებებს გადმოსცემდნენ, პავლე მოციქულის კვალდაკვალ ეკლესიის საღვთისმეტყველო სწავლების ფორმულირებას ახდენდნენ. ასეთი ხალხი საჭირო იყო, და ასეთ ხალხს უფალი მოუწოდებდა და მოუწოდებს თავისი მსახურებისთვის.
მაგრამ პირველი მოციქულები უსწავლელი ხალხი იყო. უპირველეს ყოვლისა, უფალი მათგან ელოდა, რომ ისინი მას ყურადღებით მოუსმენდნენ, იქნებოდნენ მის გვერდით სანამ დედამიწაზე იმყოფებოდა, დაიმახსოვრებდნენ ყველაფერს, რასაც ის ამბობდა და შემდეგ ყოველივე ამას ახალ თაობებს გადასცემდნენ.
სახარებები, რომლებიც ჩვენთვის წარმოადგენს უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და სწავლების შესახებ ცოდნის მთავარ წყაროს, შედგენილია თავად მოციქულთა ან მათი სიტყვებიდან უახლოესი მოწაფეების მიერ. ეს სახარებები ჩვენთვის ძვირფასია, რადგან მათში ვპოულობთ ადამიანების მოწმობით ჩვენებებს, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს უფალი იესო ქრისტე. შესაძლოა, მათ ბევრი რამ არ ესმოდათ იქიდან, რასაც ის ამბობდა. სახარებებიდან ვიცით, რომ როდესაც უფალი თავის სწავლებებსა და იგავებს წარმოთქვამდა, მოწაფეები ხშირად ვერ იგებდნენ, რა ჰქონდა მას მხედველობაში, რაზე საუბრობდა. ქრისტე ერთს ამბობდა, ხოლო მოწაფეებს სხვა ესმოდათ და არაერთხელ უმეორებდნენ კითხვას, თხოვდნენ განემარტა, ის რაც ეს-ეს იყო ჰქონდა ნათქვამი.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, პირველი მოწაფეების სულში, გულში და გონებაში ქრისტეს სიტყვა თანდათან დაუნჯდა. და მისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ, მათ გადმოსცეს ის, რაც ნახეს და მოისმინეს მისგან. და მათი წყალობით ჩვენ ახლა გვაქვს წმინდა სახარებები, საიდანაც უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას.
წმინდა სახარება ჩვენთვის დღესაც სიცოცხლის წყაროა. ჩვენ ვკითხულობთ მას არა უბრალოდ, როგორც ისტორიულ წიგნს და მოწმობას იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ, არამედ როგორც ჩვენი ცხოვრების გზამკვლევს, რადგან უფალმა ამ წიგნში თავისი მოწაფეების მეშვეობით დატოვა საჭირო მითითებები ზეციურ სასუფეველში ჩვენს მისასვლელ გზაზე. თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ზეციურ სასუფეველს, თუ გვინდა ბოლომდე ვიაროთ იმ გზით, რომელზეც მაცხოვარმა დაგვაყენა, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რო მოწოდებულნი ვართ ყოველდღე ვიკითხოთ სახარება, ჩავწვდეთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს, მოვუსმინოთ, ვუმზიროთ მის ღვთაებრივ სახეს, გავხსნათ ჩვენი გულები მასთან შესახვედრად – მოძღვართან და ცათა სასუფევლის გზამკვლევთან. ამინ.
ყველას გილოცავთ დღესასწაულს! მოუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენს ახლობლებს და დაე, უფალი გფარავდეთ ყველას“.
შემდეგ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძრის სამრევლო სახლში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი მინსკის ყოველთა წიდათა სახელობის სამრევლოს ახალგაზრდული მოძრაობის AGIOS-ის მონაწილეებს შეხვდა. ახალგაზრდები მოსკოვში ჩამოვიდნენ წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღესასწაულში მონაწილეობისთვის, რომელიც წმინდა სერგის სამების ლავრაში 7-8 ოქტომბერს გაიმართა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური