მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.03.2026. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს შიოს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს,
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ!
უფალში საყვარელნო ძმანო-მღვდელთმთავარნო!
ღრმა მწუხარებით შევიტყვე ჩემი ძვირფასი მოძმისა და თანამუშაკის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ იმ მძიმე დანაკარგის გამო, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს მართლმადიდებელ და-ეკლესიას.
ყოვლისმპყრობელმა უფალმა უძველესი ივერიის ეკლესიას უბოძა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მიუძღვნა მის კეთილდღეობაზე დაუღალავ ზრუნვას. უწმინდესი და უნეტარესი ილიას თითქმის ორმოცდაათწლიანი პატრიარქობა საქართველოს ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის ცხოვრებაში მთელ ეპოქად იქცა. თავისი მოშურნე მსახურებითა და განმსჯელობის განსაკუთრებული ნიჭით, ღვთივგანსვენებულმა განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიხვეჭა არა მხოლოდ ეკლესიურ, არამედ ასევე ერთმორწმუნე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაშიც. იყო რა ნათლობაში მიმრქმელი უამრავი ბავშვისა, ის გახდა ასევე ნამდვილი სულიერი მამა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ერისა, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა (3 მეფ. 3:28).
ღვთივგანსვენებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ტრადიციულად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა ჩვენს ეკლესიასთან. მიიღო რა განათლება მოსკოვის სასულიერო სკოლებში, მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სიყვარული წმინდა სერგისა და მისი სავანის მიმართ, რადგან აუცილებლად მიაჩნდა ჩვენი ხალხების სულიერი ერთობის დაცვა ქრისტეში ამქვეყნიური სტიქიებისგან. იგი არაერთხელ სტუმრობდა რუსეთის ეკლესიის საზღვრებს და ყოველთვის ხვდებოდა ყველაზე გულთბილ დამოკიდებულებას და პატივისცემას მთავარეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და მრავალი მორწმუნის მხრიდან.
მართლმადიდებელ წინამძღვრებს შორის ასაკით ყველაზე უხუცესს, მას თავისი ბრძნული სიტყვით, მდიდარი გამოცდილებით, ღრმა ეკლესიურობითა და მაღალი ავტორიტეტით, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ღვთის წმინდა ეკლესიებში მშვიდობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. გვჯერა, რომ მისი სულიერი აღთქმები საიმედო ორიენტირად დარჩება ჩვენს საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში და ყველას დაგვეხმარება მშვიდობის საკვრელით სულის ერთობის შენარჩუნებაში (ეფეს. 4:3).
პირადად ჩვენ ძალიან კეთილი და სანდო ურთიერთობები გვაკავშირებდა, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეცვალა მოსაზრებები და ობიექტურად შეგვეფასებინა საბჭოთა კავშირში მაშინ არსებული დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ეს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაერთიანებდა და გვეხმარებოდა ერთად გვემუშავა უღვთო ხელისუფლებისგან მომდინარე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში.
უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც არის აღდგომა და სიცოცხლე (ინ. 11:25), დაე განუსვენოს თავისი ერთგული მსახურის სული ზეციურ სავანეებში, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
მარადიული და ლოცვითი ხსოვნა ახაშესვენებულ უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას.
ღრმა სამძიმრით და ქრისტეში სიყვარულით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026