მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს
საშობაო ეპისტოლე
მწყემსთმთავრებს, მწყემსებს, დიაკვნების, მონოზვნებს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს
უფლისმიერ საყვარელო მწყემსთმთავარნო, ყოვლადპატიოსანო მღვდელნო და დიაკონნო, ღვთისმოყვარე ბერებო და მონაზვნებო, ძვირფასო ძმებო და დებო!
გულითადად გილოცავთ ყველას ჩვენი უფალი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და მოგმართავთ უძველესი საეკლესიო ჰიმნის სიტყვებით: „ქრისტე იშვების – უგალობდეთ! ქრისტე ზეცით გარდამოვალს – მიეგებოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა – ამაღლდებოდეთ!“ (შობის გალობის კანონის პირველი ძლისპირი).
მოციქულმა პავლემ ღვთის განკაცების აღსრულებულ მოვლენას ღვთისმოსაობის დიდი საიდუმლო უწოდა (1 ტიმ. 3:16). ამ საიდუმლოს წინაშე მთელი მიწიერი სიბრძნე ძრწოლით დუმს. მის წინაშე ფერმკრთალდება ამაო ადამიანური ცოდნა. მას შეუძლია განაიარაღოს და შეარბილოს ყველაზე უხეში და ყველაზე გაქვავებული გულიც კი. ამქვეყნიური სისასტიკისა და ბოროტების ფონზე იბადება ის, ვისაც ერთადერთს შეუძლია განკურნოს ნებისმიერი განხეთქილება, მოგვანიჭოს ჭეშმარიტი მშვიდობა და ნამდვილი ბედნიერება
მას შემდეგ, რაც ადამიანურ ცხოვრებაში ცოდვა შემოვიდა, დედამიწაზე ტრაგიკული განყოფა მოხდა – და შემოქმედისგან, სინათლის ჭეშმარიტი წყაროსგან, მოწყვეტილმა მსოფლიომ, გარდაუვლად იწყო სიბნელესა და ქაოსში ჩაძირვა. მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა თავისი ქმნილება და არ დატოვა იგი უყურადღებოდ. მოთმინებით ამზადებოდა რა ჩვენს ხსნას, უფალი განკაცდა, შემოვიდა მიწიერ ისტორიაში და გახდა ერთ-ერთი ჩვენგანი. ძე ღვთისა გახდა ძე კაცისა, ყოველმხრივ ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა. მწუხარებით სავსე კითხვამ ადამ, სად ხარ?, რომელიც ოდესღაც სამოთხის ედემის ბაღში გაისმა, იპოვა, როგორც იქნა, პასუხი ბეთლემის მახლობლად მდებარე უბადრუკ გამოქვაბულში. პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაი, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით (1 კორ. 15:47), – როგორც მოციქული პავლე წერს. ქრისტეში, როგორც ახალ ადამში, ღმერთმა შეირიგა ქვეყანა (2 კორ. 5:19), განაახლა ადამიანური ბუნება, განკურნა იგი ცოდვის ჭრილობებისგან.
ადამიანური სიცოცხლე და მთელი მსოფლიოს სიცოცხლე მხოლოდ ღმერთში იკურნება – ეს არის მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელლოვანი ჭეშმარიტება, რომელსაც დღევანდელი დღესასწაული მოწმობს. როგორ არ გავიხსენოთ აქ ნეტარი ავგუსტინეს შთამაგონებელი სიტყვები, წმინდა ძრწოლით რომ ადიდებს ყოვლისმპყრობელი შემოქმედის ბრძნულ განგებულებას! „შენთვის შეგვქმენი და ვერ პოულობს ჩვენი გული განსვენებას, სანამ შენში არ დაივანებს“ (აღსარება). მხოლოდ იესო ქრისტეში მოიპოვება ღმერთთან ერთობა და ადამიანის ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი, რომელიც სამყაროს შექმნიდანვე მარადისობისკენ არის მოწოდებული.
სამყაროში მაცხოვრის მოსვლა – ეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების მიმართ ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებაა: სიყვარული, რომელიც, ერთი მხრივ, უსაზღვრო და ყოვლისმძლეველია, ხოლო, მეორე მხრივ, მშვიდი, რომელიც ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ (1 კორ. 13:7).
მაშ, როგორ შეგვიძლია ჩვენ ღირსეული პასუხი მივაგოთ ჩვენი შემოქმედის დიდ სიყვარულს და მივუახლოვდეთ მას? ეს სიახლოვე მიიღწევა და დასტურდება სახარებისეული მცნებების დაცვით, მოთმინებითა და ერთმანეთის მიმართ პირუთვნელი სიყვარულით და, რაც მთავარია, ქრისტესთან ჩვენი ერთობის მუდმივი განახლებით წმინდა ევქარისტიის საიდუმლოში.
დღეს იმედის დღესასწაულია. მშვიდობის დღესასწაული. წყნარი სიხარულის დღესასწაული. როდესაც ვადიდებთ შობილ მაცხოვარს და ვეგებებით მას ლამაზი საგალობლებითა და საეკლესიო ჰიმნებით, გავიხსენოთ მაღალი ქრისტიანული მოწოდება, უნდა ვიყოთ ნათელნი სოფლისანი და მარილნი ქუეყანისანი (მთ. 5:14,13) და, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროისად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა (გალ. 6:10). ვაჩუქოთ იმედი მგლოვიარებს, ვანუგეშოთ მწუხარენი, გავუზიაროთ სიხარული ახლობლებსა და შორებლებს და დავეხმაროთ გაჭირვებულებს – ასეთი ქმედებებით ჩვენ ჭეშმარიტად გავხდებით ქრისტეს სურნელებანი (2 კორ. 2:15) და სათნო ძღვენს მივართმევთ შობილ უფალს.
მათ კი, ვინც სხვადასხვა გარემოების გამო ჯერ კიდევ ეკლესიის მაცხოვნებელი ზღუდის გარეთ არიან და არ მონაწილეობენ ქრისტეს თემის ცხოვრებაში, მივმართავ მოწოდებით: გაუღეთ თქვენი გული მას, ვინც ესრეთ შეგვიყუარა ჩვენ, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი (ინ. 3:16). მაშ, ვადიდოთ უფალი და მაცხოვარი კაცობრიობისადმი მისი გამოუთქმელი წყალობისა და სიყვარულისთვის.
ყველას ვულოცავ შობის დღესასწაულს და, გისურვებთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, ძალების სიმტკიცეს და მოუკლებელ სიხარულს შობილ მაცხოვარში. მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა (ეფეს. 1:2). ამინ.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
ქრისტეს შობა
2025/2026 წ.
მოსკოვი
პატრიარქი
07.01.2026
18.09.2025
17.09.2025