გამოვიდა ჟურნალ „ეკლესია და დრო“-ს მორიგი ნომერი
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 30.12.2025. გამოვიდა სამეცნიერო- საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის, „ეკლესია და დრო“, 110-ე ნომერი (№ 2 (2025). ჟურნალი წარმოადგენს წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის, და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ერთობლივ გამოცემას და გამოდის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით. ნომერში წარმოდგენილია მასალები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობის, მართლმადიდებლური დიასპორის ეკლესიოლოგიური და კანონიკური საკითხების და ეკლესიის ისტორიის შესახებ, – იტყობინება ზსად-ის საიტი.
.ნომერი იწყება წმინდა ანდრიას სახ. სტავროპიგიალური მონასტრის ადგილმონაცვლის, სინოდალური ბიბლიოთეკის დირექტორის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურის ხელმძღვანელისა და პროფესორის, იღუმენ დიონისეს (შლენიოვი) სტატიით. სტატიის სათაურია „მართლმადიდებლური დიასპორა მსოფლიოში: მისი კანონიკური სტატუსის საკითხი კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველობის თეორიისა და საკრებო ეკლესიოლოგიის პრიზმაში“. კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველობისა და მისი განსაკუთრებული სასამართლო და ადმინისტრაციული უფლებების თეორიის მომხრეთა შეხედულებების საპირწონედ, ავტორი ისტორიულ ბაზაზე დაყრდნობით, კრიტიკულად განიხილავს მართლმადიდებლური დიასპორის ხელმძღვანელობის საკითხს და, პირველ რიგში, ამ საკითხზე მსჯელობის ისტორიას მე-20 და 21-ე საუკუნის დასაწყისში. სტატიაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ეკლესიების ერთიან ოჯახს არასაკმარისი დასაბუთების გარეშე თავს ახვევენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელმძღვანელ როლს. თუმცა მისმა არაკანონიკურმა ნაბიჯებმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, სრულიად შეუძლებელი გახადა მისი კანდიდატურის განხილვა მთელი დიასპორის ხელმძღვანელის როლზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ასახავს საკრებო ეკლესიოლოგიის პრინციპებს და ადგილობრივი ეკლესიების პრინციპულ თანასწორობას, როგორც მათი საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში მოქმედებისას, ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, მის საზღვრებს გარეთაც, ანუ დიასპორაში.
ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო სახვითი ხელოვნების მუზეუმის ბავშვთა და ახალგაზრდობის ესთეტიკური აღზრდის ცენტრის, „მუსეიონი“-ს თანამშრომლისა და ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის, ოლგა სერგის ასული ტროფიმოვას სტატია წარმოადგენს მღვდელ პეტრე სლავოლიუბოვის საქმიანობის კვლევას, რომელიც 1845-1848 წლებში მსახურობდა ბორის მახლობლად მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ტაძარში (ამჟამად შედის ჩერნიგოვის საპატრიარქო მეტოქიონის შემადგენლობაში). ამ ინფორმაციის წყაროა სასულიერო წიგნების ცენზურის მოსკოვის კომიტეტის დოკუმენტები, სადაც მამა პეტრე 1838-1844 წლებში მდივნად მსახურების მორჩილებას ასრულებდა. ამ პერიოდში რუსეთში მართლმადიდებლური წიგნების გამომცემლობა ვითარდებოდა. იბეჭდებოდა წმინდა მამების თარგმანები, იზრდებოდა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პოპულარული სასულიერო ლიტერატურის გამოცემების რაოდენობა. კომიტეტის თანამშრომლების მოვალეობებისა და შედეგების შესწავლა უფრო ღრმა წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორი ადგილი ეკავა მართლმადიდებლური წიგნების გამოცემის განვითარებაში სასულიერო წიგნების ცენზურის მოსკოვის კომიტეტს. სტატიაში გამოყენებული საარქივო დოკუმენტების უმეტესობა პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
დამოუკიდებელი მკვლევარი ალექსი სერგის ძე როდიონოვი იკვლევს განმაახლებელთა „ძველი სამოციქულო ეკლესიის თემების კავშირის“ (СОДАЦ) სრულიად რუსეთისა და წინასაკრებო ყრილობის გამართვისა და ძირითადი გადაწყვეტილებების ისტორიას. 1920-იან წლებში რსფსრ/სსრკ-ში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების შეხვედრები იმართებოდა. განმაახლებლებმაც ისარგებლეს შესაძლებლობით, რომ თავი დაემკვიდრებინათ და ახალი რეჟიმისადმი ლოიალობა გამოეხატათ. 1923 წლის 15-17 მარტს მოსკოვში გამართულმა СОДАЦ-ის ყრილობამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა საბჭოთა რეჟიმს და დაგმო მასთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა. მან აღიარა ეკლესიის სამრევლო საბჭოების დაშლის აუცილებლობა, როგორც საბჭოთა რეჟიმისადმი არალოიალური სტრუქტურისა; გამოაცხადა, რომ ქალები თანასწორნი უნდა იყვნენ მამაკაცებთან საზოგადოებაში, ოჯახში და ეკლესიაში; მხარს უჭერდა განათლებულ მღვდლებს, რომლებიც აღიარებდნენ მეცნიერებისა და კულტურის მიღწევებს, ებრძოდნენ ცრურწმენასა და ბედისწერას და ცხოვრობდნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით; უშვებდა სასულიერო პირებისთვის მეორე ქორწინებას, მაგრამ კრძალავდა მონაზვნურ საეპისკოპოსოს. იმავე წლის აპრილის ბოლოს, „ადგილობრივი კრების“ წინ ჩატარდა СОДАЦ-ის წინასაკრებო ყრილობა, რომელიც შემოიფარგლა წმინდა პატრიარქ ტიხონის მკაცრი დაგმობით და რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის გაუქმების მოწოდებით. СОДАЦ-ის ორივე ყრილობის პოლიტიკური მოთხოვნები 1923 წლის „ადგილობრივი კრების“ გადაწყვეტილებებში აისახა, მაშინ როდესაც „კრებამ“ ფართო რეფორმებზე უარი თქვა. მალე СОДАЦ გაუქმდა და დავიწყებას მიეცა, ისევე როგორც მისი ყრილობები.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების შორეული საზღვარგარეთის საქმეთა მდივანი, წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის პროფესორი, ღვთისმეტყველების დოქტორი, დეკანოზი სერგი ზვონარიოვი თავის სტატიაში განიხილავს რუსეთისა და პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თანამშრომლობის თემას 1960-იან და 1970-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილებას თავმჯდომარეობდა მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი (როტოვი). ავტორი ასკვნის, რომ ეკლესიებს შორის მჭიდრო ისტორიული კავშირები, მათი და-ეკლესიური de jure და დედობრივ-შვილობრივი de facto ურთიერთობა მხარდაჭერილი იყო სსრკ-სა და პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებების მიერ და ხელს უწყობდა მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებში არსებული რთული საკითხების მოგვარებას, ემსახურებოდა საბჭოთა და პოლონელი ხალხების დაახლოებას. მოსკოვის საპატრიარქოს გამოქომაგებისა და დახმარების წყალობით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ პოლონეთის ეკლესიის იერარქიასთან ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო. რუსეთის და პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ოფიციალური საეკლესიო კონტაქტების სფეროში ნდობისა და თანამშრომლობის მაღალი დონიე გამოავლინეს მიმოწერისა და დელეგაციების ვიზიტების, ქრისტიანთაშორისი კავშირებისა და სამშვიდობო მოძრაობებში მონაწილეობის, აკადემიური თანამშრომლობისა და საეკლესიო პერიოდული გამოცემების გაცვლის გზით. პოლონეთის ეკლესიის სტუდენტების განათლებამ მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო სასწავლებლებში შექმნა ხელსაყრელი პირობები ძმური კავშირებისთვის მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
კვლევა მომზადდა საეკლესიო და სახელმწიფო არქივების მასალების გამოყენებით, ძირითადად, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების არქივიდან. რუსეთის და პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ორმხრივი საეკლესიო კავშირების შესახებ მრავალი დოკუმენტი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.