ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი: სიწმინდეებისა და მორწმუნეთა უფლებების დაცვა – ეს აღსარების ფორმაა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.12.2025. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ ინტერვიუ მისცა «სერბულ პორტალს „Живот Цркве“ („ეკლესიის ცხოვრება“), რომელშიც მან უპასუხა კითხვებს უკრაინაში კანონიკური ეკლესიის მდგომარეობის შესახებ.
– თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი პორტალისთვის ინტერვიუს მიცემაზე დათანხმებისთვის. პირველი კითხვა: რა ვითარებაა ამჟამად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული აკრძალვისა და მისი ტაძრებისა და ქონების ჩამორთმევის საფრთხესთან დაკავშირებით?
– უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება და არ უნდა ველოდოთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან უახლოეს დროში მოიხსნება, – მიუხედავად მისი აბსურდულობისა და წინააღმდეგობებისა უკრაინის მოქმედ კონსტიტუციასთან, სხვა საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართალთან. დღეისათვის ამ სასამართლო პროცესის ფარგლებში უკვე სამი მოსმენა ჩატარდა, შემდეგი დაგეგმილია 2026 წლის 24 თებერვლისთვის. გარდა ამისა, რიგ რეგიონში ადგილი აქვს მცდელობებს, შეზღუდონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა ადგილობრივ დონეზე, ასევე ჩამოართვან და შემდგომში სხვა კონფესიებს გადასცენ ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები.
არსებობს, აგრეთვე, ჩვენს თემებზე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზეწოლის შემთხვევები რელიგიური ორგანიზაციების ქონებისა და რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით. ახლა ისინი არც კი ცდილობენ ფიქტიური კრებების ჩატარებას „მეუ“-ში „გადასასვლელად“, არამედ, უბრალოდ, ხელახლა არეგისტრირებენ ფარულად ტაძარს ან სხვა საეკლესიო ქონებას ამ კონფესიის სახელზე. შემდეგ ახალი „მფლობელები“ მოდიან ჩვენს მღვდელთან და ატყობინებენ, რომ ტაძარი უკვე ჩვენი არ არის. ამასთან, სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები უზრუნველყოფენ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. სწორედ ამგვარად ხორციელდება ჩვენი სამრევლოების „მეუ“-ში ე.წ. „თავისუფალი გადასვლა“, რაზეც ასე უყვართ ლაპარაკი ამ კონფესიის სპიკერებს.
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული და საყოველთაო აკრძალვის საკითხი კვლავ უკიდურესად რთულია, როგორც იურიდიულად, ისე პრაქტიკულად, რადგან ეს არის უზარმაზარი რელიგიური თემი მილიონობით მორწმუნით, ათასობით სამრევლოთი, მონასტრებითა და სასულიერო პირებით. ტოტალური აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა გარდაუვლად ეჯახება იურიდიულ, სოციალურ და ჰუმანიტარულ შედეგებს. გამოცდილება აჩვენებს, რომ ტაძრის ჩამორთმევის შემთხვევაშიც კი, მრევლი და მღვდლები კვლავ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულნი რჩებიან. ღვთისმსახურებისთვის ისინი იძულებულნი არიან შეიკრიბონ ბინებში ან სხვა, ამისთვის საგანგებოდ შერჩეულ, შენობებში. ჩამორთმეული ტაძრები კი, სამწუხაროდ, ძირითადად ცარიელია, რადგან ვინც ტაძარს იტაცებდა, ის არც არასდროს გეგმავდა იქ სიარულს. მათთვის ეს იყო პოლიტიკური აქცია: ზოგჯერ მოტივირებული რწმენით, მაგრამ ხშირად – ფინანსური დაინტერესებით.
ეკლესიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მთავარს: ეკლესია არ არის ქონება და შენობა. ტაძრები და მონასტრები დიდი სიწმინდეები და ისტორიული მემკვიდრეობაა, მაგრამ თავად ეკლესია უპირველეს ყოვლისა ცხოვრობს ევქარისტიაში, რწმენაში და მორწმუნეთა თემში. ისტორიამ იცის მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ კარგავდა ეკლესია ტაძრებს, მაგრამ თავისი არსებობა არ შეუწყვეტია. თუმცა, სიწმინდეებისა და მორწმუნეთა კანონიერი უფლებების დაცვა – ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, არამედ აღსარების ფორმა, რომელიც მშვიდობიანად, კანონიერად და ქრისტიანული ღირსებით ხორციელდება. ეკლესიას უკვე გავლილი აქვს მსგავსი დროება. ამიტომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მოციქულის სიტყვები: ვითარცა მწუხარენი, და მარადის გიხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაი გუაქუს, და ყოველივე გუაქუს (2 კორ. 6:10).
საბოლოო ჯამში, ეკლესიის ბედი ღვთის ხელშია და ვერანაირი გარეგანი აკრძალვები ვერ გაანადგურებს ქრისტეს სხეულს. განსაცდელების წინაშე ეკლესია მოწოდებულია არა შიშისკენ, არამედ უფლისადმი ერთგულებისა და სასოებისკენ, რომელმაც ბრძანა: აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა (მთ. 28:20).
– ჩვენ არაერთხელ წაგვიკითხავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ აღიარებული ე.წ. „მეუ“-ს მომხრეების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების ჩამორთმევის შესახებ. ამ დარღვევებს თან ახლავს მორწმუნეთა ცემა და სიწმინდეების შეურაცხყოფა. მაგალითად, ჩერკასში, თავდასხმის დროს კინაღამ მოკლეს მმართველი ეპისკოპოსი. მითხარით, გეთაყვა, უკანონობის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიიღო თუ არა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლიდან რაიმე სიგნალი, რომ ფანარიონი გმობს ჩამორთმევებს და მზადაა ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ შეაჩეროს „მეუ“-ს მხარდამჭერების უკანონო ქმედებები?
– დღემდე ჩვენ არ ვიცით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არცერთი საჯარო, ოფიციალური ან ცალსახა განცხადება, რომელიც პირდაპირ და ნათლად გმობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების ჩამორთმევას, მორწმუნეების წინააღმდეგ ძალადობას, სიწმინდეების შეურაცხყოფას ან ეპისკოპოსებსა და სასულიერო პირებზე თავდასხმებს. ასევე არ ყოფილა რაიმე მოწოდება „მეუ“-ს მხარდამჭერების მისამართით, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები და დაეცვათ კანონიკური და სამოქალაქო წესრიგი.
ეს დუმილი ჩვენი მორწმუნეების მიერ აღიქმება, როგორც ღრმად მტკივნეული და დამაბრკოლებელი, რადგან ეკლესიურ ცნობიერებაში ძალადობა, იძულება და სიწმინდეების მიტაცება შეუთავსებელია ჭეშმარიტი ქრისტიანობის სულისკვეთებასთან. წმინდა მამები ნათლად ასწავლიდნენ, რომ ეკლესიის ჭეშმარიტება ძალით არ დგინდება და მადლი ვერ იმოქმედებს უკანონო გზით. ასე, მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირი წერს: „ეკლესიას ძალადობა არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტება თავისთავად ძლიერია“.
ამასთან, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს: კონკრეტულ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, მათ ეკისრებათ, ვინც ასეთ საქმეებს სჩადის და არანაირი საეკლესიო ან პოლიტიკური გადაწყვეტილება არ შეიძლება ამართლებდეს ცემას, მუქარას და ტაძრების შებილწვას. ეკლესიის ავტორიტეტების მხრიდან დუმილი ან მკაფიო ზნეობრივი შეფასების არარსებობა, რა მოტივებიც არ უნდა ჰქონდეთ, არ ათავისუფლებს მათ ღვთის წინაშე პირადი პასუხისმგებლობისგან.
ამ სიტუაციაში, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აირჩია მოთმინებისა და ლოცვის გზა, არ პასუხობს ბოროტებას ბოროტებით და განაგრძობს ქრისტეს მოწმობას არა ძალით, არამედ ერთგულებით, რაც შეესაბამება სახარებისეულ და პატრისტიკულ სულისკვეთებას. როგორც წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობდა, „ჭეშმარიტება ზეიმობს არა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეს ამარცხებს, არამედ მაშინ, როდესაც სიყვარულს ინარჩუნებს“.
– ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საეკლესიო კრიზისის დარეგულირების ვარიანტი შეიძლება იყოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და „მეუ“-ს გაერთიანება. რამდენად რეალურია ეს სცენარი?
– ჩვენ ყველანი ღრმად ვართ შეწუხებულნი და ვიტანჯებით ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლური საზოგადოების განხეთქილების გამო. თუმცა, ეკლესიურ ცხოვრებას აქვს საკუთარი კანონები, რომლებიც უმთავრესი უნდა იყოს ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრისას. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და „მეუ“-ს გაერთიანების საკითხის განხილვის მცდელობა უპირველეს ყოვლისა მოითხოვს არა იმდენად პოლიტიკური ან რაციონალური, რამდენადაც ეკლესიური, კანონიკური და სულიერი ხასიათის მიდგომას.
მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში და საეკლესიო პრაქტიკაში ეკლესიების გაერთიანება არ არის ადმინისტრაციული აქტი ან სტრუქტურების შერწყმა, არამედ ჭეშმარიტი ერთობის ჩამოყალიბება სულითა და ჭეშმარიტებით, რაც დაფუძნებულია წმინდა საიდუმლოებებში ზიარებაზე, კანონიკური საფუძვლების აღიარებაზე და ქრისტეში ურთიერთსიყვარულზე.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ დავადგინოთ სწორი საეკლესიო პერსპექტივა, რადგან საერო და თვით საეკლესიო საჯარო განხილვებშიც კი ხშირად ურევენ ერთმანეთში მართლმადიდებლურ აზროვნებაში ფუნდამენტურად განსხვავებულ ცნებებს. მართლმადიდებლობაში გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ როგორც კანონიკური და ევქარისტიული ერთობის აღდგენა, და არა როგორც კომპრომისი რელიგიურ სტრუქტურებს შორის ან როგორც ორგანიზაციების ადმინისტრაციული შერწყმა. ეკლესია არ არის შეთანხმებით შექმნილი კავშირი, არამედ ქრისტეს სხეულია, რომელიც სულიწმიდის მადლით ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ნათლად ითქვას შემდეგი: გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ კანონიკურ საფუძველზე. ეკლესიის ისტორია მოწმობს, რომ ყველა ჭეშმარიტი გაერთიანება ხდებოდა კანონიკურ ზიარებაში დაბრუნებით, სამოციქულო მემკვიდრეობის აღდგენით, ასევე, საეკლესიო განხეთქილებასა და უსამართლობაში მონაწილეობის მონანიებით. ამის გარეშე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ გარეგან შეთანხმებაზე, მაგრამ არა საეკლესიო ერთობაზე.
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის თვალსაზრისით, „მეუ“ წარმოიშვა კანონიკური წესრიგის გარეთ, კანონიკური სამოციქულო მემკვიდრეობის გარეშე, ადრე გასამართლებული სქიზმატური სტრუქტურების საფუძველზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ 2018 წლამდე ე.წ. „კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“ და „უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია“, რომლებიც გაერთიანდნენ „მეუ“-ს შესაქმნელად, ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მათ შორის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერაც, სქიზმატურად ითვლებოდა. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლით გაწერილი და მის სულისკვეთებასთან და ტრადიციასთან შესაბამისი დაბრუნება ეკლესიის წიაღში არ მომხდარა. განხორციელდა ლეგალიზაცია, და არა სქიზმის განკურნება. შესაბამისად, „ორი ეკლესიის გაერთიანებაზე“ საუბარი მკაცრი მართლმადიდებლური გაგებით – არაკორექტულია, რადგან ეკლესიას არ შეუძლია გაერთიანდეს იმასთან, რაც არ იმყოფება მის კანონიკურ და საიდუმლო არსებობაში.
აქედან გამომდინარე, იმ სახის გაერთიანება, როგორიც ზოგჯერ განიხილება მედიაში, – როგორც კომპრომისი ანუ ურთიერთაღიარება პრობლემის კანონიკური გადაწყვეტის გარეშე, – ასეთი სცენარი უსიცოცხლო და მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ის ეწინააღმდეგება ეკლესიური არსებობის საფუძვლებს და არღვევს მადლის, საიდუმლოებებისა და სამოციქულო მემკვიდრეობის ცნებებს.
მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ გვსურს და ვლოცულობთ, რომ ჩვენი ქვეყანის საზღვრებში იყოს ერთიანი ეკლესია, მაგრამ სახელდობრ ის ეკლესია, რომელიც ქრისტე მაცხოვარმა დააფუძნა, რომლისთვისაც სიყვარულის მცნება ქვაკუთხედია, ხოლო კანონიკური ნორმები – როგორც მარტივი, ისე რთული საკითხების გადასაჭრელი ძირითადი ინსტრუმენტებია.
– უკრაინაში ფუნქციონირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეგზარქოსო. არის თუ არა ეს გავლენიანი სტრუქტურა? შეიძლება თუ არა ის გახდეს ცენტრი, რომელიც გააერთიანებს იმ მართლმადიდებელ იერარქებსა და მორწმუნეებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ მოისურვებენ „მეუ“-ში გადასვლას? და საერთოდ, რამდენად რეალურია ევქარისტიული კავშირის აღდგენა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის?
– უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ძირეული პრინციპის აღნიშვნა: უკრაინაში არსებობს ერთი და ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. სწორედ ამ ეკლესიას გააჩნია უწყვეტი სამოციქულო მემკვიდრეობა, კანონიკური იერარქია, საიდუმლო ცხოვრების სისავსე და ისტორიული ფესვები უკრაინის მართლმადიდებელი ხალხის ცხოვრებაში. ამ გაგებით, მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია ნამდვილად გააერთიანოს მორწმუნეები, არა ადმინისტრაციულად, არამედ ევქარისტიულად – ქრისტეში და სულიწმიდის მადლში.
რაც შეეხება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეგზარქოსოს უკრაინაში, ის არ არის გავლენიანი ან დამოუკიდებელი სტრუქტურა. მისი არსებობა უფრო დამხმარე და წარმომადგენლობითი ხასიათისაა. ამიტომ წარმოდგენა იმისა, რომ საეგზარქოსო შეიძლება გახდეს ერთგვარი ალტერნატიული „გაერთიანების ცენტრი“ მართლმადიდებელი იერარქებისა და მორწმუნეებისთვის, რომლებიც არ აღიარებენ „მეუ“-ს, არ შეესაბამება მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას. მართლმადიდებლობაში აერთიანებს არა სტრუქტურა, როგორც ასეთი, ან იურისდიქციული კუთვნილება, არამედ კანონიკურ ეკლესიაში მყოფობა, ერთგულება, სადაც დაცულია მოციქულებრივი სარწმუნოება, კანონები და ევქარისტიული ერთობა. ამის გარეთ ახალი „ცენტრის“ შექმნა შეუძლებელია.
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის ზიარების შესაძლო აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ, პრინციპში, ეკლესია ყოველთვის მშვიდობისა და ერთობის აღდგენის იმედით ცხოვრობს, რადგან განხეთქილება – ეს არის ჭრილობა ქრისტეს სხეულზე. თუმცა, ასეთი კავშირის აღდგენა რეალურად შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონიკური სამართლის საფუძველზე. და არა საეკლესიო წესრიგის დარღვევების იგნორირებით. ერთობის ჭეშმარიტი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთ კანონიკურ ეკლესიად აღიარებით უკრაინაში, სქიზმატური სტრუქტურების მხარდაჭერაზე უარის თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის მთელს სისავსესთან შემხებლობაში არსებული საკითხების ზოგადსაეკლესიო, კრებსითი გადაწყვეტილებებით გადაჭრასთან დაბრუნებით. ამის გარეშე ვერანაირი გარეგანი ფორმები „თანაარსებობისა“ ან „პარალელური ცენტრებისა“ ვერ დაამყარებს ნამდვილ მშვიდობას ეკლესიაში.
– რას ფიქრობთ კიევში რომის პაპის გამოცხადებულ ვიზიტზე? გამოიწვევს თუ არა ეს პოტენციური ვიზიტი უკრაინაში უნიის ფორმირების მცდელობის გააქტიურებას?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, უნდა გავითვალისწინოთ თავად რომის პაპის პოზიცია, რომელმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კიევში თავის შესაძლო ვიზიტს ის უკავშირებს მხოლოდ და მხოლოდ ომის დასრულებას და მშვიდობის აღდგენას. ამ გაგებით, საუბარია არა უახლოეს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, არამედ ჰიპოთეტურ ვიზიტზე, რომელსაც თავად პაპი, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული და სიმბოლური მნიშვნელობით განიხილავს – როგორც ტანჯული ხალხის მხარდაჭერის ჟესტს და ძალადობის დასრულებისკენ მოწოდებას.
მართლმადიდებლური თვალსაზრისით, რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის ნებისმიერი ვიზიტი ტრადიციულად მართლმადიდებლურ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ნეიტრალურად აღქმული, რადგან ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ უნიატური პრობლემატიკა ყოველთვის უკავშირდება ტკივილს, განხეთქილებას და სერიოზულ ეკლესიოლოგიურ და თეოლოგიურ წინააღმდეგობებს. ამის ხსოვნა ცოცხალია და მისი იგნორირება შეუძლებელია.
ასევე მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია პრინციპიალურად უარყოფს უნიას, როგორც ერთობის გზას, რადგან ჭეშმარიტი ერთობა შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტ სარწმენოებაში და არა ერთი ეკლესიის ტრადიციების მეორისადმი დაქვემდებარებაში. ეს არაერთხელ გაცხადებულა ზოგადსაეკლესიო დონეზე, მათ შორის მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის ფარგლებში. სხვათა შორის, სწორედ ასეთი მიდგომა იყო დეკლარირებული უწმინდეს პატრიარქ კირილესა და პაპ ფრანცისკეს შორის 2016 წელს კუბაში გამართული შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში. ერთობა არ შეიძლება აშენდეს დოგმატებისა და ეკლესიოლოგიის დარღვევით. ეკლესია მოწოდებულია, იყოს ფხიზლად და შეინარჩუნოს სარწმუნიება, მაგრამ ამავე დროს არ დაემორჩილოს შიშებსა და მოარულ ხმებს. მოციქული გვასწავლის: ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ (1 თეს. 5:21).
საბოლოო ჯამში, მართლმადიდებლობის ბედი უკრაინაში არა გარე ვიზიტებით ან დიპლომატიური ჟესტებით, არამედ ეკლესიისა და ქრისტესადმი ერთგულებით, კანონიკური წესრიგის შენარჩუნებით და ცოცხალი, მადლით სავსე ცხოვრებით წყდება. სწორედ ეს, და არა უნია, რა სახითაც არ უნდა იყოს თავსმოხვეული, რჩება ეკლესიის ჭეშმარიტ გზად.