მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღესთან დაკავშირებით მისალოცი ადრესი გაუგზავნეს.
მის უწმინდესობას, უწმინდეს კირილეს,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო მეუფევ, დიდო უფალო და მოწყალე მამაო!
უფალში მოკრძალებული სიყვარულით გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა თქვენს დაბადების დღესთან დაკავშირებით.
ღვთისმოსავი მშობლების მიერ აღზრდილმა და ბავშვობიდანვე უფლისადმი მათი მტკიცე ნდობისა და გულწრფელი სიყვარულის მოწმემ, თქვენ ახალგაზრდობიდანვე ვერ წარმოიდგენდით ცხოვრებას ქრისტესა და მისი ეკლესიის გარეშე. რწმენის თესლი თქვენს სულში ჯერ თქვენმა ნეტარმა გარდაცვლილმა მშობლებმა, შემდეგ კი თქვენმა სულიერმა მოძღვრებმა ჩანერგეს, რომლებსაც სურდათ, რომ ღვთის კაცი სრულქმნილი ყოფილიყო, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული (2 ტიმ. 3:17).
ისმენდით რა სასარგებლო რჩევებს და ცდილობდით მოქცეულიყავით წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ (1 თეს. 2:10), თქვენ უხვად მორწყეთ რწმენის ნერგი ღვთის სიტყვის ცოცხალი წყლით, გაათბეთ იგი გულმხურვალე ლოცვით, გაამდიდრეთ სიყვარულის საქმეებით, დააფესვიანეთ ჭეშმარიტებაში და გასხელით ყველაფერი, რაც სულისთვის საზიანო იყო. წლების განმავლობაში ეს ნერგი ძლიერ ხედ იქცა, რომელიც უხვ კეთილ ნაყოფს ისხამს.
იცოდით, რომ ღმერთმა არა მოშიშების, არამედ ძლიერებისა და სიყვარულის სული მოგვცა (2 ტიმ. 1:7), ამიტომ თქვენ თამამად დაადექით მისი მსახურების გზას, რომელზეც ნახევარ საუკუნეზე მეტია დადიხართ. დაინახა რა თქვენში თავისი ვენახის მოშურნე მუშაკი, რომელიც ელტვოდა სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას და მოთმინებას (1 ტიმ. 6:11), უფალმა გიხმოთ სამღვდელთმთავრო, შემდგომში კი საპატრიარქო მსახურებაზე, რათა იმ წმინდა მღვდელთმთავართა ღვაწლში მიგეღოთ მონაწილეობა, რომლებმაც ჩვენი პირველსატახტო ქალაქი განადიდეს მართლმადიდებლობით ბრწყინვალედ შემოსილი და მთავარანგელოზების ფრთებით დაფარული (მოსკოველ წმინდანთა დასის სტიქარონი).
15 წელზე მეტია, თქვენ ყველა ღონეს ხმარობთ იმისათვის, რომ მღვდელმოწამე პატრიარქ ერმოგენეს სიტყვებით რომ ვთქვათ, არ დაიღუპოს წმინდა და ღვთივმოყვარე რუსეთი და ყველა ჩვენმა მტერმა გაიგოს, რომ ამაოა მათი მცდელობა (წმინდანის კანონი). მოსვენების არმქონე, თქვენ აქტიურად ზრუნავთ ეკლესიური ცხოვრების განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ავლენთ სიმტკიცეს და ურყეობას, უფლის საქმეში მარად მოუღლელი ხართ, რამეთუ იცით, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე (1 კორ. 15:58).
თქვენ შთაგონებით აღასრულებთ ღვთისმსახურებას, სტუმრობთ სხვადასხვა ეპარქიებს, მათ შორის შორეულებს, მართავთ შეხვედრებს მღვდელთმთავრებთან და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რეგულარულად ურთიერთობთ მღვდლებთან და ერისკაცებთან, მთავარ მიზნად ჩვენი ხალხის სულიერ აღორძინებას ისახავთ. თქვენს სულს იმაზე მეტად არაფერი სურს, ვიდრე ხალხში რწმენისა და სიყვარულის გამრავლებაა.
გერწმუნათ რა მრავალმილიონიან სამწყსოზე ზრუნვა, თქვენ არ ტოვებთ მას შეგონების გარეშე, მარილით შეზავებული მადლიანი სიტყვის გარეშე (კოლ. 4:6), არამედ დაუღალავად მეტყველებთ კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად (1 კორ. 14:3). ყველა რთულ ვითარებაში თქვენ ხალხთან ხართ, არ გაურბიხართ კურთიერთობებს, არ ემალებით ნუგეშსა და რჩევას მოწყურებულ ადამიანთა სიმრავლეს, არამედ ამხნევებთ და შთააგონებთ თქვენს თანამედროვეებს, რადგან იცით, რომ წუხილი ყველაზე ბოროტი სულია და ყველაზე მავნებელია ღვთის მონებისთვის (ერმას „მწყემსი“, მცნება 10). იმისათვის,რომ ანუგეშოთ დაბნეულობასა და შიშში მყოფნი, თქვენ ყოველთვის მიმართავთ მათ გულში ჩამწვდომი სიტყვით, დამაჯერებლად მოწმობთ, რომ ყოვლადბრძენი უფალი, რომელსაც საყოველთაო მშობლიური ზრუნვა აქვს თავის თავზე აღებული, სიბრძნის საჭით მართავს სამყაროს (ათენაგორა ათენელი, შუამდგომლობა ქრისტიანთათვის, 24).
ვმადლობთ რა ღმერთს ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, ყველანი ერთად სიხარულით ვღაღადებთ: ბრძენთ შეშვენით უგუნურთა განათლება, უფალში ძლიერებს – უძლურთა განმტკიცება; თქვენ შეგფერით წმინდა მღვდელთმთავრობა – მას, ვისაც ყოველივე შეუძლია იესო ქრისტეში! (კანონი მღვდელმოწამე ერმოგენესადმი).
მრავალი და კურთხეული წელი თქვენ, თქვენო უწმინდესობავ!
ის პოლა ეტი,დესპოლა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
20 ნოემბერი, 2025
პატრიარქი
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025