XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 19.11.2025. 2025 წლის 18 ნოემბერს, მოსკოვში, XXVII მსოფლიო რუსული სახალხიო კრების პირველ დღეს, გაიმართა თემატური სექცია „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“.
სექციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ლეონიდ სლუცკი, რუსეთის ლიბერალური დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალური და სახალხო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რუსეთის მშვიდობის ფონდის საბჭოს თავმჯდომარე და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის პრეზიდენტი; მღვდელი ვასილი ლოსევი, მრსკ-ის სამდივნოს ხელმძღვანელი, მოსკოვის სამიტროპოლიტოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი; მარიამ ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორი; ვასილი შჩიპკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (უნივერსიტეტი) დოცენტი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის პირველი პრორექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, – იტყობინება Патриархия.ru მსოფლიო რუსული სახალხო კრების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სექციის მონაწილეთა მიმართ მისასალმებელ სიტყვაში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში ცდილობენ გაანადგურონ ისტორიული რუსეთის სულიერი მემკვიდრეობა. „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ პროვოცირებული საეკლესიო განხეთქილება, ასევე რუსეთის მართლმადიდებლობის დისკრიმინაცია მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონიმ. იერარქმა მიუთითა იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოსადმი მტრულად განწყობილი მთავრობის წარმომადგენლები ცდილობენ მორწმუნეებს წაართვან დედა-ეკლესიასთან კანონიკური ერთობის შენარჩუნების შესაძლებლობა ზეწოლის გზით, ხოლო ზოგჯერ იერარქების, სასულიერო პირების და მრევლის ღია დევნის საშუალებით. მიტროპოლიტ ანტონის თქმით, ეს მოვლენები საერთაშორისო საზოგადოებისგან ადეკვატურ რეაგირებას და სამართლიან შეფასებას ელოდება.
ლეონიდ სლუცკიმ ხაზი გაუსვა მართლმადიდებლობის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებში და აღნიშნა რუსული სამყაროსა და რუსული ცივილიზაციის განსაკუთრებული კონსოლიდაცია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს იდეების, მიდგომებისა და ქადაგებების გარშემო: „დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაახლოებით 30 000 სრულიად უსაფუძვლო, „დისლოკაციური“ სანქცია და შეზღუდვა გამოიყენება, რამაც, პირიქით, გააძლიერა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მართლმადიდებლური ერთიანობა, რომელშიც ყველა ხალხი გაერთიანებულია მისი უწმინდესობის პატრიარქ კირილიეს იდეების გარშემო. ეს განსაკუთრებით ეხება, კერძოდ, არამართლმადიდებელ ადამიანებსაც, რომლებიც იზიარებენ ამ ფასეულობებსა და მიდგომებს, ამიტომ დღეს მნიშვნელოვანია ყოველივე ამის შენარჩუნება და გამრავლება“.
„უნდა ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთქმედება მსოფლიო რუსული სახალხო კრების კოორდინატების სისტემაში იზრდება და ძლიერდება“, – დასძინა ლეონიდ სლუცკიმ და, აღნიშნა, რომ დიპლომატიისა და სამართლის პრინციპები, მათ შორის საერთაშორისო სამართალი, დღეს მსოფლიოში ხშირად ირღვევა – მის მრავალი მაგალითი არსებობს. კერძოდ, ლეონიდ სლუცკიმ მიუთითა აღმაშფოთებელ დარღვევებზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მათ შორის რუსულ ენასთან დაკავშირებით.
თავის გამოსვლაში მარიამ ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი მორწმუნეების უფლებების დაცვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მისი თქმით, ტერმინი „სქიზმა“ ამ ქვეყანაში გამოიყენება მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ ვითარებასთან მიმართებით, მაგრამ უფრო კორექტული იქნება უკრაინაში მართლმადიდებლობის პირდაპირ განადგურებაზე საუბარი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, უკვე მოამზადა ორი სპეციალიზებული ანგარიში უკრაინაში მართლმადიდებლობის დევნის შესახებ. მისი თქმით, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ილუზიები არ არსებობს და დიპლომატებს ესმით, რომ მორწმუნეების დევნის შესახებ მესამე ანგარიშიც იქნება.
„ჩვენ გვიწევს არა მხოლოდ უფლებებისა და კონსტიტუციური საფუძვლების დაცვა, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია – არსებობის დაცვა, სარწმუნოების დაცვა, – თქვა მარიამ ზახაროვამ და ხაზი გაუსვა, რომ საკუთარ თავს მართლმადიდებლობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის შესახებ დისკუსიების მონაწილედ კი არ მიიჩნევს, არამედ აქტიურ უფლებადამცველად. – რაზე უნდა იდისკუსიო? სადისკუსიო აღარაფერი დარჩა, აქ უკვე ღია ბრძოლა მიმდინარეობს, და აღარ არის უკან დახევის შესაძლებლობა – მხოლოდ წინ, განსახილველი უკვე აღარაფერია“.
მარიამ ზახაროვამ მოიყვანა მართლმადიდებლობასთან ბრძოლის მაგალითი, რომელიც ახლაც გრძელდება რუსეთის შიგნით. მისი თქმით, პრესაში გავრცელდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარი მოსკოვში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი ტაძარი, თურმე არ უნდა აღდგენილიყო, ასევე, ის უხარისხოდ აუშენებიათ, ხოლო უკეთესი იქნებოდა უბრალოდ ეკლესიის კონტური გამოესახათ მიწაზეო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორმა გაიხსენა, რომ რუსეთის კონსტიტუციაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ მართლმადიდებლობას განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ტრადიციული ფასეულობების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში. მარიამ ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს არის გამომხატველი და დამცველი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისა, რომლებსაც იზიარებენ სხვადასხვა ერები, კულტურები, რელიგიები. „ეს განსაკუთრებით შესამჩნევია თანამედროვე დასავლური სახელმწიფოების ულტრალიბერალური დესტრუქციული დადგენილებების ფონზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
საგარეო პოლიტიკის წარმმართველი უწყების ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორმა საზოგადოებას შესთავაზა მშობლიური ტრადიციული ღირებულებების ნუსხაში „სიყვარულის“ ცნების შეტანაც. მარიამ ზახაროვას თქმით, რუსეთის სახელმწიფო ამ ღირებულებაზეა აგებული და ჩვიდმეტი ტრადიციული ღირებულებიდან თითოეული ეფუძნება „სიყვარულის ცნებას და ღირებულებას“. „ამიტომ, მოდით, ის განვსაზღვროთ როგორც ყოვლისმომცველი, აბსოლუტური ფასეულობა ყოველგვარი უხეხულობის გარეშე. ეს უხერხულობა მცდარია, გამოწვეულია სიტყვა „სიყვარულის“ არასწორი ინტერპრეტაციით, რომელსაც თავს გვახვევენ არა მხოლოდ ბოლო წლებში, არამედ საუკუნეების განმავლობაში“, – თქვა მ. ზახაროვამ და აღნიშნა, რომ სიყვარული ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან დაკავშირებული ცოცხალი და ღრმა გამოცდილების საფუძველია.
თავის მხრივ, ვასილი შჩიპკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსული ცივილიზაციის იდენტობის ბირთვად რჩება. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა არ შეწყვეტილა რუსეთის ნათლობის დროიდან. „მისი უნიკალურობა მის ტრანსისტორიულ ბუნებაშია: ის რუსეთის ისტორიის სხვადასხვა ეპოქის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებს და იმარხავს ერის კოლექტიურ გამოცდილებას“, – თქვა ვასილი შჩიპკოვმა. მისი თქმით, მიუხედავად მმართველობის სხვადასხვა ფორმისა, სუვერენიტეტის მასშტაბისა ან მისი არარსებობისა, როგორც ეს ოქროს ურდოს უღლის დროს ან 1990-იან წლებში იყო, ასევე რუსული ენის ევოლუციის მიუხედავად, რასაც ადგილი ჰქონდა ერთი ეპოქიდან მეორეში გადასვლისას, ეკლესიამ შეინარჩუნა რუსული ცივილიზაციის იდენტობა. „დასავლეთში, რომელთანაც ჩვენ დაპირისპირებაში ვართ, ზოგადად უყვართ რუსეთი, მაგრამ უყვართ ისტორიული რუსეთი, ძველი რუსეთი – უსიცოცხლო, უნებისყოფო, მუზეუმფიცირებული, – აღნიშნა მომხსენებელმა. – არსებობს გამოთქმა, რომ მუზეუმი არის სილამაზის სასაფლაო. დასავლურ სამყაროს სურს, რუსეთი იხილოს როგორც სულიერების სასაფლაო“. „ჩვენ კი ვამბობთ, რომ რუსეთი არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ სულიერად ვითარდება კიდეც“, – დასძინა ვასილი შჩიპკოვმა.
კრიზისი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არის ლოკალური პრობლემა: ეს არის განხეთქილება ერთიანი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით, რომელიც მთელ რუსეთის ცივილიზაციას ეხება. „ერთ რეგიონში გამოცდილი განხეთქილებისა და შევიწროების პოლიტიკური ტექნოლოგია შემდგომში შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდეს. ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს რუსეთის ცივილიზაციის საფუძვლების შერყევას მის ფართო კულტურულ სივრცეში, სადაც ჩვენი მრევლი ცხოვრობს – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის პრორექტორმა.
„რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვა საზღვარგარეთ აუცილებელია აღვიქვათ რუსეთის ეკლესიისა და რუსეთის სახელმწიფოს შიდა ამოცანა. ეს არა გარეგანი, არამედ სიღრმისეული პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია რუსული ცივილიზაციის იდენტობისა და ერთიანობის შენარჩუნებასთან“, – ხაზგასმით განაცხადა ვასილი შჩიპკოვმა.
მღვდელმა ვასილი ლოსევმა აღნიშნა მართლმადიდებლობის დაცვის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის. „სადაც მართლმადიდებლობას საფრთხე ემუქრება, იქ წარმოიშობა სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობას საფრთხე“, – განაცხადა მღვდელმა. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი უკრაინაში. დღეს მოლდოვაში ხდება კანონიკური რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების ჩანაცვლება ბესარაბიის სამიტროპოლიტოს სტრუქტურებით (რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია), – აღნიშნა მღვდელმსახურმა. მისი თქმით, ეს კეთდება იმისათვის, რომ შესუსტდეს ჯანსაღი ძალები, რომლებიც ინარჩუნებენ საზოგადოების სულიერ საფუძვლებს და ეწინააღმდეგებიან კოლექტიური დასავლეთის დესტრუქციულ იდეოლოგიას.