I მსოფლიო კრების მემკვიდრეობა განიხილეს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გამართულ კონფერენციაზე
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.10.2025. 20-25 ოქტომბერს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმართა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენცია თემაზე: „I მსოფლიო კრების მემკვიდრეობა: 325–2025: ტრადიციის ერთოობა და ეპოქების გამოწვევები“.
ღონისძიება, რომელიც ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ორგანიზებული იყო წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული მართლმადიდებლური უნივერსიტეტისა და სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის მიერ.
აკადემიის პრეს-სამსახურის ცნობით, 23-25 ოქტომბერს კონფერენცია სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიმართა.
23 ოქტომბერს მკვლევრები შეიკრიბნენ სესიაზე „თანამედროვე დოგმატური გამოწვევები“, რომელსაც მოდერაციას უწევდნენ სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის დოცენტი, ღვთისმეტყველების დოქტორი, მღვდელი მიხეილ ლეგეევი და მღვდელი ალექსი ნოგოვიცინი. ძირითადი დისკუსია სამ ძირითად მიმართულებას ეხებოდა, რომლებიც უშუალო კავშირშია თანამედროვე ღვთისმეტყველების კრიტიკულ გააზრებასთან.
პირველი და ცენტრალური მიმართულება ეკლესიოლოგიას დაეთმო: მამა მიხეილ ლეგეევის, ს. მ. ტუტეკოვის და მამა ალექსეი ილინის ნაშრომებში გაანალიზებული იყო საეკლესიო ცხოვრების ფუნდამენტური კონცეფციები (როგორიცაა „ინსტიტუცია“ და „ქარიზმა“, ზოგადი და კერძო), ასევე დოგმატური ენის გადააზრება წამყვანი თანამედროვე ღვთისმეტყველების სისტემებში. ამან შექმნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკლესიოლოგიურ ტენდენციებთან პოლემიკის კონცეპტუალური ჩარჩო.
მეორე მიმართულება ტრიადოლოგიის საფუძვლებს შეეხო: მამა ალექსი ნოგოვიცინმა და მონაზონმა ლონგინამ (პეტროვა) ერთსამება ღმერთის შესახებ სწავლების ისტორიული და ლოგიკურ-ფილოსოფიური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, რომელიც მიმართულია მისი მარადიული ჭეშმარიტების დადასტურებაზე თანამედროვე ინტელექტუალური გამოწვევების წინაშე.
დაბოლოს, მესამე მიმართულება კონცენტრირებული იყო დოგმატის პრაქტიკულ განხორციელებაზე ეკლესიის ცხოვრებაში: ა.ა. გორბაჩოვის მოხსენებაში აქტუალიზდა სწავლება საიდუმლოებების შესახებ, ხოლო მღვდელმონაზონ იონისა (კუდრიაკოვი) და ლ.იუ. სტაროჟილოვას მოხსენებებში წამოიჭრა საკითხი კრებსითად მიღებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპებისა და I მსოფლიო კრების კანონიკური კანონების აქტუალობის შესახებ თანამედროვე საეკლესიო რეალობაში.
ამას მოჰყვა მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე „კავშირი „ბინარულ მიდგომასა“ და „ნეოპაპიზმს“ შორის თანამედროვე კონსტანტინოპოლის ღვთისმეტყველებაში“. დისკუსიის პანელის მონაწილეებმა გაანალიზეს ამ კავშირის ისტორიული და თეოლოგიური წყაროები, ხაზი გაუსვეს პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის როლს ამ კონცეპტუალური წყვილის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძირითადი ცნებების სისტემატურ ანალიზს მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასის) ღვთისმეტყველების მაგალითზე: ზიარების შესახებ მისეული კონცეფციები შედარებულ იქნა სხვა მოაზროვნეების კონცეფციებთან, ასევე, გამოკვლეულ იქნა მისი სწავლება ეპისკოპოსის, როგორც ეკლესიური ჰიპოსტასის – ბინარული პრინციპის უკიდურესი გამოხატულების – შესახებ. თეორიული გააზრების გარდა, მრგვალი მაგიდის ფარგლებში ასევე განიხილეს პრაქტიკული ასპექტი, რომელიც ეხებოდა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიასთან არსებული თანამედროვე ეკლესიოლოგიური კვლევების საზოგადოების საქმიანობას.
იმავე დღეს აკადემიაში გაიმართა სექციის – „მსოფლიო კრების ინსტიტუტი, როგორც ისტორიული მოვლენა“ სხდომა. სესიას უძღვებოდნენ აკადემიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობის პრორექტორი და ეკლესიის ისტორიის კათედრის პროფესორი, დეკანოზი კონსტანტინე კოსტრომინი და სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის კათედრის უფროსი ლექტორი, დიაკონი ნიკოლოზ ბორისოვი.
ისტორიულ-თეოლოგიური სექცია ფოკუსირებული იყო კრების ინსტიტუტის გენეზისსა და განვითარებაზე – ნიკეამდელ პერიოდში მისი განვითარებიდან და I მსოფლიო კრების პოლიტიკური ფონის ანალიზიდან დაწყებული, იმპერატორ კონსტანტინე დიდის როლითა და ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს, როგორც ერესების დაძლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტის, ჩამოყალიბებით დამთავრებული.
ცალკე ყურადღება დაეთმო საეკლესიო განხეთქილების დაძლევის პრაქტიკას წმინდა მღვდელთმთავარ ბასილი დიდის მაგალითზე, როდესაც მან ანტიოქიური სქიზმა განკურნა.
მეცნიერებმა ისაუბრეს ანტილათინურ პოლემიკასა და ჰიმნოგრაფიასა და სარწმუნოების სიმბოლოს რედაქციებში ნიკეის კრების საქმეთა ასახვის შესახებ, რაც მოჰყვა მე-17 საუკუნეში წიგნების შესწორებებს; განიხილეს აგრეთვე კრებების მემკვიდრეობის რეცეპცია და გააზრება ძველ რუსეთში.
დაბოლოს, თანამედროვე შეხედულება წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნეში სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მსოფლიო კრების მოწვევის მცდელობისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ტრადიციაში ნიკეის კრების აღქმის თავისებურებების ანალიზით.
24 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის წიგნების დარბაზში, ტ.ვ. ბარსოვის სახელობის საეკლესიო სამართლის შემსწავლელი საზოგადოების (ბარსოვის საზოგადოება) მრგვალი მაგიდა გაიმართა, თემაზე: „I მსოფლიო კრების როლი და მნიშვნელობა საეკლესიო სამართლის მეცნიერებისთვის“.
იმავე დღეს გაიმართა პლენარული სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემებზე: „ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო ძველი ეკლესიის ტრადიციის შუქზე: ტექსტის შექმნის ისტორია და მის უცვლელობაზე წარმოდგენების ევოლუცია“ (ავტორები: უფროსი მეცნიერმუშაკი, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სისტემატური ღვთისმეტყველებისა და პატროლოგიის კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი გ.ე. ზახაროვი და ძველი ენებისა და ადრეული ქრისტიანული დამწერლობის კათედრის დოცენტი, მეცნიერმუშაკი, თეოლოგიის კანდიდატი პ.ა. პაშკოვი), „მატერიალიზმი და იდეალიზმი I მსოფლიო კრებისა და არიანელებთან პოლემიკის შუქზე“ (ავტორი: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სანქტ-პეტერბურგის ისტორიის ინსტიტუტის ზოგადი ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერმუშაკი, ეკლესიის ისტორიის კათედრის დოცენტი ს.ა. ისაევი), „I მსოფლიო კრების ხსოვნა სერბეთში; შუასაუკუნეებიდან დღემდე“ (ავტორი: ღვთისმეტყველების დოქტორი, ბელგრადის უნივერსიტეტის დოცენტი, დიაკონი ივიცა ჩაიროვიჩი).
კონფერენცია 25 ოქტომბერს დასრულდა მრგვალი მაგიდით თემაზე: „ნიკეის კრება: ასახვა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანების გადმოცემებსა და მეხსიერებაში“. სხდომის მოდერატორი იყო სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ეკლესიურ-პრაქტიკული დისციპლინების კათედრის დოცენტი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, არქიდიაკონი კონსტანტინე მარკოვიჩი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურის გამგემ, იღუმენმა დიონისემ (შლენოვი); მურმანსკის ეპარქიის მისიონერული განყოფილების თავმჯდომარემ, იღუმენმა მიხეილმა (კისელიოვი); სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, არქიდიაკონმა ვლადიმერ ვასილიკმა; და მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ლექტორმა, ბერდიაკონმა გრიგოლიმ (ტროფიმოვი).
მრგვალი მაგიდის მონაწილეთა შორის იყვნენ, კერძოდ: რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები, მოსკოვის ღვთისმშობლის არქიეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსი ნიკოლოზ დუბინინი და პონტიფიკალური უნივერსიტეტის, „ანგელიკუმის“, პროფესორი, მღვდელი იაკინფ დესტიველი, ხოლო რუსეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიას წარმოადგენდა თეოლოგიის დოქტორი, სანქტ-პეტერბურგის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის სემინარიის რექტორი, პასტორი ა.ვ. ტიხომიროვი.