რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

























სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.05.2025. 2025 წლის 20 მაისს მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზიდენციაში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიური მოღვაწეები, უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, რუსი და უცხოელი დიპლომატები, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რუსეთის ფედერაციის მთავრობის, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სადღესასწაულო შეხვედრას ესწრებოდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეეგება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ს.ვ. ლავროვი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების ეპარქიებში, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირადი მდივანი, რამენის ეპისკოპოსი ალექსი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეები: არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), დეკანოზი ნიკოლოზ ლიშჩენიუკი, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ა.ვ. შჩიპკოვი; საგარეო საეკლესიის კავშირების განყოფილების სასულიერო პირები და თანამშრომლები.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ, ასევე, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები მოსკოვის საპატრიარქო ტახტთან: იერუსალიმის ეკლესიიდან – არქიმანდრიტი სტეფანე (დისპირაკისი), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან – არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი).
სადღესასწაულო შეხვედრაზე შესრულდა სააღდგომო საგალობლები, რომლებიც შეასრულა მოსკოვის სინოდალურმა მგალობელთა გუნდმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციულ სააღდგომო შეხვედრაზე შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ს.ვ. ლავროვმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა – „მთავარი მართლმადიდებლური დღესასწაული, სულიერი განახლების, იმედისა და რწმენის სიმბოლო“.
მან დამსწრეებს ასევე მიმართა მილოცვის სიტყვებით დიდი გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით და განსაკუთრებით აღნიშნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი დიდი სამამულო ომის დროს და დაღუპული ჯარისკაცების ლოცვითი ხსოვნის შენარჩუნებაში.
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ს.ვ. ლავროვმა აღნიშნა, რომ 2014 წელს ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების შემდეგ, ყველაფერი, რაც ამა თუ იმ გზით უკავშირდება რუსეთს, თანმიმდევრულად ნადგურდება – რუსული ენა, კულტურა, ტრადიციები, რუსულენოვანი მედია; კანონიკურ მართლმადიდებლობასაც არ აძლევენ მშვიდად ფუნქციონირების საშუალებას: უკვე მრავალი წელია, რაც ქვეყნის უდიდესი კონფესიის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა მიმდინარეობს, „რომელიც კიევში დამკვიდრებულმა ხელისუფლებამ იურიდიულ ლიკვიდაციასთან ახლოს მიიყვანა“. „ეკლესიების ჩამორთმევა, ვანდალიზმი და მღვდლებსა და მრევლზე თავდასხმები არ წყდება, –აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა. –ღვთისმგმობი პოლიტიკის დასტურია მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა ქვეყნის მთავარ მონასტერში – კიევ-პეჩერის ლავრაში – „წმინდანთა წმინდა ნეშტების ინვენტარიზაცია და მათი ისტორიული და სამეცნიერო ღირებულების შემოწმება“. ეს სამუშაო ვეტერინარებს აქვთ დავალებული“. ამავდროულად, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ასეთი მკრეხელობები ხორციელდება ევროპის მრავალი ქვეყნის დაშვებითა და მხარდაჭერითაც კი, სადაც თავი წამოყვეს ნეონაციზმისა და სატანიზმის „აჩრდილებმა“.
„მინდა დავარწმუნო ყველა დამსწრე, რომ რუსეთი არ დატოვებს უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს გასაჭირში და მიაღწევს იმას, რომ მათ კანონიერ უფლებებს პატივი სცენ, ხოლო კანონიკურმა მართლმადიდებლობამ დაიბრუნოს თავისი ცენტრალური ადგილი ხალხის სულიერ ცხოვრებაში უკრაინის მიწებზე. ამ მიზნების მიღწევის გარანტია არის დასავლეთის მიერ შექმნილი უკრაინის კრიზისის სამართლიანი მოგვარების შესახებ რუსეთის ფედერაციის მტკიცე პოზიცია “, – განაცხადა ს.ვ. ლავროვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გააგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ძალისხმევის გაერთიანებას. „არ შეიძლება არ გვახარებდეს ის, რომ მოსკოვის საპატრიარქოს შემოქმედებითი საქმიანობა მსოფლიოს მრავალ ნაწილში ფართოვდება. ინტენსიურად ვითარდებიან საპატრიარქოს საეგზარქოსოები აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იზრდება საზღვარგარეთის სამრევლოების რაოდენობა“, – კონსტატაცია გააკეთა მინისტრმა.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი უწმინდესობის მოღვაწეობრივ ძალისხმევას მართლმადიდებელი მორწმუნეების ერთობის გასაძლიერებლად ქრისტიანების ტერორიზმისა და რელიგიური ფანატიზმის საფრთხისგან დასაცავად“, – მიმართა პატრიარქს ს.ვ. ლავროვმა. – განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სიტუაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კერძოდ, სირიაში, სადაც რადიკალური მებრძოლი დაჯგუფებები ახორციელებენ ნამდვილ ეთნიკურ წმენდას და ადამიანების მასობრივ მკვლელობებს ეროვნული და რელიგიური ნიშნებით“.
მან ასევე აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ შეფასებას აძლევენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილს მსოფლიო საქმეებში ვითარების გასაჯანსაღებლად, ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. გამოითქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გაფართოვდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის „სიკეთისა და სამართლიანობის იდეალების დაცვისა და ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში“.
ღონისძიებაზე შეკრებილებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ და მადლობა გადაუხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააღდგომო შეხვედრების ტრადიციის დაბრუნებისთვის, რომელიც 2020 წლის პანდემიის გამო იძულებითი წესით შეწყდა.
მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება დიდი გამარჯვების 80 წლის იუბილის მნიშვნელობაზე, რომელიც წელს აღინიშნება და რომელიც ჯარისკაცებისა და ფრონტზე მომუშავე მილიონობით ადამიანის გმირობის ფასად იქნა მიღწეული. „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს ყველას ხსოვნას, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი ხალხის თავისუფლებას და მადლობას უხდის უფალს მშვიდობის ბოძებისთვის, რომელიც ასეთი მაღალი ფასით იქნა მოპოვებული“, – განაცხადა პატრიარქმა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის შვილებიც მილიონობით ადამიანია სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველა კონტინენტინეტიდან, განაგრძობს თავის მსახურებას მსოფლიოში, რომელიც არა მხოლოდ სწრაფად იცვლება, არამედ სულ უფრო საგანგაშო ხდება, – განაცხადა უწმინდესმა მეუფემ. პატრიარქმა კირილემ ღრმა მწუხარებით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში შეინიშნება რელიგიური ცხოვრების დეგრადაცია და ოჯახის ინსტიტუტის ნგრევა, რომელიც ადამიანის უდიდესი ღირებულების – სიყვარულის ნიჭის გამოვლინებაა. მისი აზრით, ეს პროცესები საფრთხეს უქმნის ადამიანთა სოციალურ ერთობას, მათ შორის, სახელმწიფოებისა და ხალხების სიცოცხლეს.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ასევე გამოთქვა ღრმა შეშფოთება უკრაინაში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის გამო, რომელიც იურიდიული ლიკვიდაციისა და ამ ქვეყანაში მისი თემების ფაქტობრივი განადგურების საფრთხის წინაშე დგას. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები დუმან უკრაინაში უამრავი ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების დარღვევის შესახებ. უფრო მეტიც, იქ ვითარება უარესდება: ცოტა ხნის წინ დამტკიცდა პროცედურა რელიგიური ორგანიზაციების „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან აფელირების“ შესამოწმებლად. ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს, რელიგიური თემები მოწყვიტოს მმართველ ცენტრებს, შემდეგ კი თავად თემების ლიკვიდაცია მოახდინოს მათთვის ტაძრების წართმევითა და ძალადობრივად განხეთქილებაში მათი ჩაგდებით. ყველაზე დიდი ზეწოლა მართლმადიდებლურ სამრევლოებზე ამჟამად შენიშნება ჩერკასისა და ჩერნოვიცის რეგიონებში, სადაც ეკლესიების ძალადობრივი ჩამორთმევები განსაკუთრებით ხშირი და სასტიკია.
„კიევის ხელისუფლება შეშფოთებულია დევნის საერთაშორისო საჯაროობით, იხარჯება მნიშვნელოვანი თანხები ეკლესიის აკრძალვის კანონის გასამართლებლად, ავტორიტეტულ დასავლურ ჟურნალებში ქვეყნდება შეკვეთილი სტატიები, ორგანიზებულია უკრაინელი რელიგიური ლიდერების „გასტროელები“ აშშ-სა და ევროპაში, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინა რელიგიური თავისუფლების ქვეყანაა, რომ იქ არანაირი დევნა არ ხდება, – განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. – თუმცა, ამ პროპაგანდის წარმატება საეჭვოა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობა პრობლემებს უქმნის უკრაინის ხელისუფლებას, რადაგან ხელს უშლის მათ ქვეყანაში მართლმადიდებლობის საბოლოო განადგურებას. ამიტომ, ყველამ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, თუნდაც მყისიერი შედეგები არ ჩანდეს, უნდა გააცნობიერო, რომ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური თემის განადგურება“.
როგორც უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, „ჩვენი ეკლესიის დევნის პროგრამები, რომლებიც დასავლური სამყაროს ქვეყნებში ანტირუსული ძალების მიერ არის ინიცირებული, ამჟამად უკრაინის გარდა, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით ესტონეთში, ხორციელდება“. კერძოდ, 2025 წლის 9 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ“ კანონში, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს სტრუქტურები ქვეყანაში უკანონოდ გამოცხადდა.
„საიდან მოვიდა მართლმადიდებლობა ესტონეთში? არა ჩინეთიდან და არა პარიზიდან. ეს არის რუსეთიდან მიღებული მართლმადიდებლობა, და თაობიდან თაობამდე მართლმადიდებელი ადამიანები ამ ფასეულობათა სისტემაში იზრდებოდნენ და სწორედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში მოდიოდნენ“, – ხაზგასმით აღნიშნა უწმინდესმა მეუფემ. – და აი, ახლა, მთელი ევროპის თვალწინ, არა საეჭვო წარმოშობის ახლადშექმნილი რელიგიური თემი, არამედ თემი, რომელსაც ესტონეთში მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიეკუთვნება, ხოლო ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში ესტონეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიეკუთვნებოდა, ქვეყნის სულიერი და კულტურული ცხოვრების რუკიდან წაშლის საფრთხის ქვეშ დგას. „ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებით, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს სტრუქტურებს კანონგარეშე აყენებს, ესტონეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მართლმადიდებელ მორწმუნეებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადასვლას აიძულებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტ ალარ კარისის მიერ ჯერ დამტკიცებული არ არის იმის გამო, რომ ის ესტონეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და დასამუშავებლად არის დაბრუნებული, უმნიშვნელო ცშესწორებებით მისი მიღების საფრთხე კვლავ არსებობს“.
მისმა უწმინდესობამ ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვის ხელისუფლება აგრძელებს ესტონური სცენარის განსახორციელებლად მზადებას. ლატვიაში კი მართლმადიდებელი ეკლესიის „ავტოკეფალია“ პარლამენტმა ბევრი ფიქრის გარეშე გამოაცხადა, თუმცა ქვეყანაში ეკლესია იურიდიულად სახელმწიფოსგან გამოყოფილია. „სახეზეა რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე ქვეყნის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა. და მერე რა? აბსოლუტური დუმილი. მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ – არც საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე და არც სახელმწიფო დონეზე. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, მათ შორის, საერთაშორისო პლატფორმებზე, –დარწმუნებულია პატრიარქი კირილე. – ეს არის ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების აშკარა დარღვევა, აგრეთვე ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევა კონკრეტული (ამ შემთხვევაში კი, ყველაზე დიდი) რელიგიური თემის ჩაგვრის სისტემის შექმნის სახელით“.
მოლდოვაში კი, ხელისუფლების მხრიდან რუმინეთის საპატრიარქოს ეგრეთ წოდებული ბესარაბიის სამიტროპოლიტოს მფარველობის ფონზე, გაძლიერდა მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე პოლიტიკური ზეწოლა. ასე, მაგალითად, უწმინდესმა მეუფემ გაიხსენა, რომ ვნების შვიდეულში სასაზღვრო სამსახურებმა ხელი შეუშალეს ბელცისა და ფელეშტის მთავარეპისკოპოს მარკელის წმინდა მიწაზე გამგზავრებას წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სასულიერო პირებს დემონსტრაციულად უტარებენ დამამცირებელ ჩხრეკებსა და დაკითხვებს.
„ჩვენი მორწმუნეების მიერ განცდილი უხეში დისკრიმინაციის გამოვლინებები საერთაშორისო საზოგადოებისგან ადეკვატურ რეაგირებას და სამართლიან შეფასებას ელოდება“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა. – და მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს მრავალი ქრისტიანული და სხვა რელიგიური თემების ხელმძღვანელობასთან და წარმომადგენლებთან დიალოგის დროს, რუსეთის ეკლესია ხვდება თავისი შეშფოთების გაგებას და მზადყოფნას, ერთად იმუშაონ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების დასაცავად“.
თავის გამოსვლაში უწმინდესი პატრიარქი კირილე ასევე შეეხო ქრისტიანთაშორისი კონტაქტების თემას, კერძოდ, დამოკიდებულებას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. ასევე აღინიშნა, რომ დამოკიდებულება ევროპაში რიგ პროტესტანტულ თემებთან კრიზისშია მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ქრისტიანული ცხოვრების საფუძვლებიდან სერიოზული გადახრისა და სეკულარიზაციის გამო. ამავდროულად, მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნების ქრისტიანული საზოგადოებები ძირითადად ტრადიციულ შეხედულებებს იცავენ ოჯახისა და საზოგადოებრივი მორალის საკითხებთან მიმართებით.
„ჩვენი ეკლესიის თანამშრომლობა უძველეს აღმოსავლურ ეკლესიებთან სანდო და მნიშვნელოვანი ხასიათისაა, – განაგრძო პატრიარქმა. – მათი მეთაურები და უმაღლესი წარმომადგენლები მხარს უჭერენ კანონიკურ მართლმადიდებლობას უკრაინაში და გმობენ ჩვენი ეკლესიის საწინააღმდეგო დისკრიმინაციულ ზომებს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში, ეგვიპტეში, სირიაში, ლიბანში, ერაყში, ინდოეთში, ეთიოპიასა და ერიტრეაში არსებულ უძველეს აღმოსავლურ ეკლესიებთან ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რუსეთისა და რუსეთის ეკლესიის კავშირების განმტკიცების საქმეში ამ ქვეყნების ხალხებთან და რელიგიურ ჯგუფებთან.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ისაუბრა ქრისტიანული კონფესიათაშორისი საკონსულტაციო კომიტეტის საქმიანობაზეც, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციებს ეხმარება სანდო ურთიერთობების დამყარებასა და თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალურ პრობლემებზე პოზიციების კოორდინაციაში; ფართო დიალოგებს აწარმოებს არაქრისტიანული ტრადიციული რელიგიების ლიდერებთან და ორგანიზაციებთან ახლო და შორეულ საზღვარგარეთში; ეხმარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას კულტურათაშორის და რელიგიათაშორის ურთიერთობებში.
„ღვთის მცნებების დაცვა ყოველთვის რთული იყო. თუმცა, სწორედ ადამიანის ეს უნარი და მონდომება უწყობს ხელს გარემომცველი სამყაროს გარდაქმნას რწმენის, სიკეთისა და წყალობის, პატიოსანი შრომისა და შემოქმედების, ხალხებს შორის კეთილმეზობლური და ურთიერთპატივისცემის ურთიერთობების საფუძველზე“, – ასე შეაჯამა თავისი გამოსვლა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.
ღონისძიების ფარგლებში შედგა საპატრიარქო ჯილდოების გადაცემა რიგი რუსი დიპლომატებისთვის.
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ს.ვ. ლავროვი დაჯილდოვდა კეთილმსახური მთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის I ხარისხის ორდენით.
კეთილმსახური მთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის II ხარისხის ორდენი გადაეცა საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს გ.ბ. კარასინს – ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარებისა და მისი 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალური პრობლემების კომიტეტის ხელმძღვანელს, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს, „რუსეთი დღეს“, გენერალური დირექტორის მოადგილეს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ა.ვ. იაკოვენკოს მიენიჭა კეთილმსახური მთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის II ხარისხის ორდენი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.