
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადება იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 10.04.2025. 2025 წლის 10 აპრილს წმინდა სინოდმა გაავრცელა განცხადება იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას.
2025 წლის 9 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი №2-5/25-00033 „ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ“ ესტონეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად მიზნად ისახავს აკრძალოს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში მყოფი თვითმმართველი ეკლესია.
ახალი კანონი აიძულებს მორწმუნეებს გაწყვიტონ კანონიკური კავშირი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდთან. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის სასულიერო პირების, მონაზვნებისა და ერისკაცების არაერთგზის გამოხატულ ნებას, რომლებიც თავისი იერარქიის ერთგულნი არიან. კანონი დისკრიმინაციას უწევს ესტონეთის 250 000 რელიგიურ მოქალაქს, ართმევს მათ სარწმუნოების თავისუფლებას.
ამ კანონის მიღების აუცილებლობის დასაბუთება იყო ცრუ მტკიცება, რომ თითქოს ესტონეთის მართლმადიდებელთა კანონიკური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან საფრთხეს უქმნის ესტონეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას და ქვეყანაში კონსტიტუციურ და საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, სრულიად იგნორირებულია ის ფაქტი, რომ ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. დღემდე არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, რომ მისმა სტრუქტურებმა ან მორწმუნეებმა რაიმე მუქარა შეუქმნეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
თუმცა, ამან ვერ შეაჩერა ესტონეთის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც რუსეთის მართლმადიდებლობასთან ბრძოლის კურსი აიღეს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ესტონელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი იყო. დევნის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა პიუხტიცას მონასტერი – მსოფლიო მართლმადიდებლობის სიწმინდე და სხვადასხვა ქვეყნიდან მორწმუნეთა მოსალოცი ადგილი.
ესტონეთის ხელისუფლების ქმედებები დღეს იმ მეთოდების რეამინირებაა, რომლებიც გამოიყენებოდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ათეისტური ღვთისმბრძოლობის პერიოდში.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტალინისა და სრულიად ესტონეთის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ევგენის, ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრებს, სასულიერო პირებს და ერთგულ შვილებს მის მიმართ მზარდი შევიწროების პირობებში და მოუწოდებს მათ, დარჩნენ წმინდა კანონების ერთგულები. მართლმადიდებლობა ესტონეთში რუსმა მისიონერებმა ათასი წლის წინ შემოიტანეს. მისი ისტორია მდიდარია რწმენისათვის გაბედული დგომის ნათელი მაგალითებით, დაწყებული მღვდელმოწამე ისიდორე იურიევიდან და მასთან წამებულთა – წმინდა მღვდელთმთავარ პლატონის, რეველის ეპისკოპოსის და ესტონეთის მიწის სხვა ახალმოწამეებამდე. გვჯერა, რომ მათი ლოცვითი შუამდგომლობით ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია ღირსეულად გაუძლებს მოწეულ განსაცდელებს.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სინდისზე ძალადობის ფაქტები და ესტონეთის ხელისუფლების უკანონო ჩარევა ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის შიდა საქმეებში, რაც აშკარად უგულებელყოფს რელიგიური თავისუფლების საერთაშორისოდ მიღებულ პრინციპებს.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო
13.03.2025
07.01.2025