
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ესტონეთის პიუხტიცას მიძინების მონასტრის იღუმენიასა და დებს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.04.2025. ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის მესამე მოსმენა ესტონეთის პარლამენტში 2025 წლის 9 აპრილს არის დაგეგმილი. კანონპროექტი ხმების უმრავლესობით უკვე მიღებულია პირველი ორი მოსმენით. კანონის მიღების შემთხვევაში მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების მოთხოვნით ეწოდა ესტონეთის ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია, მოუწევს მთლიანად უარი თქვას კავშირებზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ტაძრები და მონასტრები ვეღარ შეძლებენ დაემორჩილონ მმართველ ორგანოს, რომელიც, ესტონეთის მთავრობის აზრით, მდებარეობს „უცხოურ სახელმწიფოში, რომელიც საფრთხეს უქმნის ესტონეთის უსაფრთხოებას“.
განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა პიუხტიცას სტავროპიგიალური მონასტრის ირგვლივ, რომელიც მდებარეობს იდა-ვირუმას მაზრის სოფელ კურემიეში. მიძინების მონასტერი არ შედის ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურაში; მონასტრის არქიმანდრიტი არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი. იურისდიქციის შეცვლის მოთხოვნით მონასტერზე ზეწოლის შედეგი იყო მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ფილარეტას (კალაჩევა) და მონასტრის მკვიდრთა გადაჭრითი უარი. „სტავროპიგიალური სტატუსის მინიჭების ან გაუქმების საკითხი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის უპირატესი უფლებაა“, – დაწერა იღუმენია ფილარეტამ ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ წერილში. „მონასტრის წესდება ასევე არ ითვალისწინებს პატრიარქისადმი ასეთი თხოვნით მიმართვის შესაძლებლობას“, – აღნიშნა მან.
2024 წლის 6 ნოემბერს ტალინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე – „მართლმადიდებელი ეკლესია ესტონეთში – დამოუკიდებლობა: განვითარების შესაძლებლობები, რისკები, შედეგები", იღუმენია ფილარეტამ განაცხადა, რომ პიუხტიცას მონასტერი პოლიტიკური ძალების შეტაკების მძევლად იქცა, და ეს საფრთხეს უქმნის მის არსებობას. „ჩვენ გვაიძულებენ დავარღვიოთ საეკლესიო წესდება, არსებითად გვაძევებენ სამართლებრივი ველიდან და გვაქცევენ გარიყულ, მეორეხარისხოვან ადამიანებად, რომლებსაც კანონის და ზნეობის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად შეიძლება მოექცნენ“, – გაცხადა დედა ფილარეტამ.
საკუთარი მხარდაჭერა პიუხტიცას სტავროპიგიალურ დედათა მონასტრის იღუმენიასა და დებს უკვე გამოუცხადეს: მაცხოვრის ფერისცვალების ვალაამის სტავროპიგიალურმა მამათა მონასტერმა, მაცხოვრის ფერისცვალების სოლოვეცკის სტავროპიგიალურმა მამათა მონასტერმა, ოპტის უდაბნოს ღვისმშობლის ტაძრად მიყვანების სტავროპიგიალურმა მამათა მონასტერმა, ნოვოდევიჩის სტავროპეგიალურმა დედათა მონასტერმა, წმინდა სამების სერაფიმე-დივეევოს დედათა მონასტერმა, – იუწყება Patriarchia.ru მონასტრებისა და ბერმონაზვნობის სინოდალური განყოფილების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
პიუხტიცას მონასტრის ბინადრებისადმი გაგზავნილ წერილებში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრების ადგილმონაცვლენი, წინამძღვრები, იღუმენები და იღუმენიები ლოცვით უსურვებენ დებს სულიერ სიმტკიცეს და უხმობენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, ზეციურ დედოფალს და ყველა წმინდანს, მიანიჭონ სავანის დებს ურყეობა და სიმამაცე ქრისტესთვის ტანჯვებში.
13.03.2025
07.01.2025