ბაჩის მიტროპოლიტი ირინეოსი: უკრაინაში განყოფამ გამოიწვია განყოფა მთელს მართლმადიდებლობაში
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქის, ნოვოსადის მთავარეპისკოპოსის, ბაჩის მიტროპოლიტ ირინეოსის მიერ ბელგრადის გამოცემა „პეჩატის“-სთვის მიცემულ საშობაო ინტერვიუში, ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა უკრაინაში საეკლესიო განხეთქილების ტრაგედიას და მის მხარდაჭერას კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან. გთავაზობთ ინტერვიუს ამ ფრაგმენტს.
– უკრაინული განხეთქილების ტრაგედია არ მოხდებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არაკანონიკური ჩარევის გარეშე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რომელიც ავტონომიური ეკლესიაა მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში. თქვენი, როგორც ეპისკოპოსის აზრით, რომელიც ათწლეულების მანძილზე მართლმადიდებელ ეკლესიათაშორისი ურთიერთობებით ხართ დაკავებული, საით მივყავართ დღევანდელ ტრაგიკულ განყოფას? რა ხდება აღმოსავლურ ეკლესიაში? არის თუ არა სადავო საკითხების გადაწყვეტისა და მშვიდობის დაბრუნების იმედი, –წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებით ხომ, თავად ქრისტე არის ჩვენი მშვიდობა?
– თქვენი კონსტატაცია უკრაინის საეკლესიო განხეთქილების ტრაგედიისა და, ასევე დავამატებდი, კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინელი ხალხის ტანჯვის შესახებ, აბსოლუტურად სწორია. ახ, ეს რომ არ მომხდარიყო! უკრაინაში ტრაგიკულმა განყოფამ, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად გამოიწვია განყოფა მთელს მართლმადიდებლობაში, თანაც ორგვარი სახის განყოფა.
განყოფა, ერთიმ მხრივ, არსებობს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის – ერთნი უკრაინელი სქიზმატიკოსების არანაირ კანონიკურ ლეგიტიმაციას არ ცნობენ, რომელსაც ცრუ მიტროპოლიტი მოქალაქე დუმენკო ხელმძღვანელობს, მეორენი კი, რამდენიმე მცირერიცხოვანი ადგილობრივი ეკლესია, უკრაინელი სქიზმატების ლეგიტიმაცია ცნობენ, თუმცა დიდწილად ეს მოხდა უხალისოდ ან ზეწოლის ქვეშ, და მხოლოდ წინამძღვრის გადაწყვეტილებით – ეპისკოპოსთა კრების შესაბამისი განჩინების გარეშე.
მეორე მხრივ, ამ უკანასკნელთა შიგნითაც გაჩნდა განყოფა, რომელიც სადღაც მკვეთრად, სადღაც უფრო რბილი ფორმით არის წარმოდგენილი, რამაც გვერდი ვერ აუარა თვით ათონის მთასაც კი, მართლმადიდებლობის მრავალსაუკუნოვან ბურჯს, – განსხვავებით როგორც შორეული, ისე ახლო წარსულისგან.
განყოფაში დამნაშავეებმა, რომლებმაც უგულებელყვეს კრებები და კანონები და დაუპატიჟებლად შეიჭრნენ სხვა ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკურ სივრცეში და „განაპეს ქრისტეს კვართი“, თითქოს არ იცოდნენ წმინდა იოანე ოქროპირის და მართლმადიდებლობის სხვა დიდი აღმსარებლების სიტყვები, – დიდი ალბათობით იცოდნენ, მაგრამ უგულებელყვეს, – რომ განხეთქილების ცოდვა არ აღიხოცება და არ გამოისყიდება თავად ქრისტესთვისაც კი დაღვრილი მოწამეობრივი სისხლით.
მაინც არის იმედი ამ პრობლემის გადაწყვეტისა – რომელიც ყველაზე უმსხვილესია ეკლესიის ისტორიაში XI საუკუნის შემდეგ დღემდე, როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის დიდი განხეთქილება მოხდა – და მშვიდობისა და ერთობის აღდგენისა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ეს იმედი იმიტომ გვაქვს, რომ თავად ქრისტე და სხვა არავინ, ან სხვა რაიმე, არის „მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი – მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა“ (ეფეს. 2:14-16).
გთხოვთ, ამასთან დაკავშირებით ნება მომცეთ გავიმეორო პოზიცია, რომელიც ერთხელ უკვე ჩამოვაყალიბე ჩვენს ერთ-ერთ პირველ საშობაო საუბარში „პეჩატის“ გვერდებზე.
მიმაჩნია, რომ თუკი უწმინდესი მსოფლიო პატრიარქი კონსტანტინოპოლის ქრისტეს დიდი ეკლესიის სახელით გამოვა განცხადებით იმის შესახებ, რომ უკრაინის განხეთქილების ლიდერებმა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა შეცდომაში შეიყვანეს, უფრო ზუსტად, უხეშად მოატყუეს, რადგან უმტკიცებდნენ, რომ უკრაინაში ყველა ან თითქმის ყველა, კანონიკურ მიტროპოლიტ ონოფრედან დაწყებული და მოქალაქეებით – დენისენკოთი (თვითმარქვია „კიევის პატრიარქი ფილარეტი“), დუმენკოთი (თვითმარქვია „მიტროპოლიტი ეპიფანე“) და მალეტიჩით (თვითმარქვია „მიტროპოლიტი“) დამთავრებული, ყველანი მოუთმენლად ელიან კიევში „გაერთიანებული კრების“ ჩატარებას და „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის“ („მეუ") შექმნას", – ამ ეკლესიომორფული "კენტავრისას" ან "ტრაგელაფოსისას" (მითოლოგიური მონსტრი, ნახევრად თხა, ნახევრად ირემი), ხოლო შემდეგ გააუქმებს ძალით შეკოწიწებულ ამ კონსტრუქციას, რაც უზრუნველყოფს საეკლესიო status quo ante აღდგენას და პრობლემის დიალოგის გზით გადაწყვეტას, ერთი მხრივ, აქამდე მოუნანიებელ უკრაინელ სქიზმატიკოსებსა და მათ „მფარველებს“ და, მეორე მხრივ, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ანუ უკრაინის კანონიკურ ეკლესიას შორის, ასევე დიალოგს ყოველთა მართლმადიდებლთა დონეზე, მაშინ ეს არა მხოლოდ თავიდან აგვაცილებდა ახალ განხეთქილებას – იმაზე უარესს, რომელიც უკვე არსებობს რომაულ-კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, არამედ, ასევე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაუბრუნებდა ადრინდელ რეპუტაციას და ნდობას, თავად პატრიარქ ბართლომეოსს კი ისტორიის სამსჯავროზე გააცილებდა როგორც დიდ და ბრძენ პატრიარქს.
შემდგომი გაჯიუტება, არსებული კანონიკური არეულობის შესანარჩუნებლად, დარწმუნებული ვარ, არაპროგნოზირებად კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს – ეს იქნება ხანგრძლივი განხეთქილება და, შესაძლოა, ახალი ათასწლოვანი განხეთქილება, მაგრამ ამჯერად არა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ქრისტიანულ დასავლეთს შორის, არამედ აღმოსავლურ მართლმადიდებლობაში. ასეთი განხეთქილება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმადიდებლობის მისიას და მოწმობას მთელს მსოფლიოში, ამასთან, წარმოშობს არცთუ ცოტა ეკლესიოლოგიურ ერესს. ღმერთო, დაგვიცევ ამისგან! მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მთელი ძალით მუშაობა და ბევრი და გულმოდგინე ლოცვა გვმართებს.