მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.05.2024. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წერილი გაუგზავნა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს, რომელშიც მწუხარება და აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთის ეკლესიის წინამძღვარს და პეჩის საპატრიარქოს მონასტერში სტუმრობისას მის თანმხლებ შვიდ მღვდელთმთავარს კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.
მის უწმინდესობას უწმინდეს პორფირეს, პეჩის მღვდელთმთავარს, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტს, სერბეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, ქრისტეში საყვარელო ძმაო და ღვთის საყდართან თანამსახურო!
ქრისტე აღდგა!
გულითადად მივესალმები თქვენს სიწმინდეს აღდგომის მოუკლებელი სიხარულის, მტკიცე ჯანმრთელობისა და ყოველგვარი სიკეთის სურვილებით აღდგომილი დიდების მეუფისგან.
დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ იმით, თქვენს უწმინდესობას და შვიდ თქვენს თანამოძმე-მღვდელთმთავარს, – რომლებიც პეჩის საპატრიარქოს მონასტერში გახლდნენ, რათა დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მის კედლებში აღსრულებული საპატრიარქო წირვით სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრება გაგეხსნათ, –კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ჩამოგართვეს.
ამ ნაბიჯს ჩვენ ვაფასებთ როგორც მტრობის ჟესტს წმინდა საბას ეკლესიისადმი და უარყოფას მისი დიდი სულიერი და ისტორიული როლისა, რაც უკავშირდება მის მრავალსაუკუნოვან ყოფნას კოსოვოს მხარეში.
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განგაშსა და შეშფოთებას იწვევს ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ კოსოვოსა და მეტოხიის სერბ მოსახლეობას სულ უფრო მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, ხორციელდება უხეში ზეწოლა ჩვენს დაუცველ ძმებზე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან პრიშტინეში, ექმნება ახალი საფრთხეები სერბეთის მართლმადიდებლობის უძველეს სიწმინდეებს.
ვლოცულობ ცხოვრების მომნიჭებელი და სიკვდილის დამთრგუნველი ქრისტეს მიმართ, რათა გარდამოუვლინოს თქვენს უწმინდესობას მადლმოსილი ნუგეში მოღვაწეობრივ შრომებში სერბეთის ეკლესიის სასარგებლოდ, დაგიფაროს საფარველსა ფრთეთა მისთასა და აღმსარებლობაში განამტკიცოს ძველი სერბეთის წმინდა მიწაზე მცხოვრები ერთმორწმუნე წმინდასაბასეული ერი.
ღვთივკურთხეულ წარმატებებს ვუსურვებ ეპისკოპოსთა კრებას და გულითად მისალმებას ვუგზავნი სერბეთის ეკლესიის ყველა ძმა-მღვდელთმთავარს.
აღდგომილ ქრისტეში ძმური სიყვარულით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024