მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილობას იღებს ემს-ს XI გენერალური ასამბლეის მუშაობაში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 31.08.2022. 2022 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მუშაობა დაიწყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალურმა ასამბლეამ. ასამბლეაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას მეთაურობს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, საპატრიარქოს ეგზარქოსი დასავლეთ ევროპაში, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი.
ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც კარლსრუეს კონგრეს-ცენტრში გაიმართა, სიტყვით გამოვიდნენ, კერძოდ, ემს-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იოანე საუკა, სხდომის მოდერატორი დ-რი აგნეს აბუომი, ასევე გერმანიის ევანგელისტური ეკლესიის საბჭოს თავმჯდომარე, გერმანიის ეკლესიათა კომიტეტის თავმჯდომარე და სხვ.
ნავარაუდევია, რომ ასამბლეაზე განიხილავენ ქრისტიანული სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების თემებს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ქრისტიანების დევნის საპირწონედ, ასევე წმინდა მიწაზე ქრისტიანების მდგომარეობასთან დაკავშირებულ ვითარებებს და ევროპაში მშვიდობიანი თანარსებობის საკითხებს. წამოწეული იქნება აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური უსამართლობის, რასიზმისა და ქსენოფობიის, ადამიანთა უფლებების დარღვევის პრობლემები. გარდა ამისა, იგეგმება მსჯელობა ეკოლოგიის სფეროსთან დაკავშირებით. ფორუმის მონაწილენი დისკუსიის მსვლელობისას შეეხებიან ასევე COVID-19 პანდემიის შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ემს-ს ასამბლეის მუშაობის პირველი დღის დასრულების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ თათბირი გამართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან. მეუფემ მათ კეთილი სურვილები გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან. დელეგაციის მეთაურმა დელეგატებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კომიტეტების მუშაობაში, ასევე, მტკიცედ გამოხატონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ასამბლეა წამოჭრის.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საპატრიარქოს ეგზარქოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტი სერგი; საპატრიარქოს ეგზარქოსი აფრიკაში, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე; ასტანის ეპარქიის ვიკარი, კასკელენის ეპისკოპოსი გენადი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი); სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოზე და ჟენევის საერთაშორისო ორგანიზაციებში, დეკანოზი მიხეილ გუნდიაევი; სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მართლმადიდებლური წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტი, დეკანოზი ვალენტინ ვასეჩკო; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში, დეკანოზი ვლადიმერ ხულაპი; სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთა შორის ურთიერთობათა საკითხებში, მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი); სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის უფროსი, მღვდელი ილია კოსიხი; მოსკოვის სასულიერო აკადემიის დოცენტი, მღვდელი ანტონი ბორისოვი; სსკგ-ის სანკტ-პეტერბურგის ფილიალის რეფერენტი, მღვდელი ვიაჩესლავ ზავალნი; სსკგ-ის თავმჯდომარის რეფერენტი, მღვდელი ალექსანდრე ერშოვი; სსკგ-ის ქრისტიანთაშორისო ურთიერთობების სამდივნოს თანამშრომელი, ბერდიაკონი პეტრე (ახმატხანოვი); სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის საკითხებში ვ.ვ. ყიფშიძე; სსკგ-ის სამდივნოს თანამშრომლები ქრისტიანთაშორისო ურთიერთობებში მ.ბ. ნელიუბოვა და ს.ვ. ჩემპიონი; ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდანთა მეთოდესა და კირილეს სახ. თეოლოგიური ინსტიტუტის სასწავლო-მეთოდოლოგიური განყოფილების მეთოდისტი ე.ვ. ერტოში.
საერთო ჯამში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ორი ათასზე მეტი დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024