მთავარი გვერდი ახალი ამბები
დოსტოევსკი და სახარება…

დოსტოევსკი და სახარება


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საღვთისმეტყველო ასოციაციის პრეზიდენტის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის ლექცია სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის „მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში“.

„მე საუკუნის ბავშვი ვარ, ურწმუნოებისა და ეჭვების შვილი დღემდე და კიდევ ... საფლავის კარამდე... და, მიუხედავად ამისა, ღმერთი ხანდახან ისეთ წუთებს მიგზავნის, რომლებშიც სრულიად მშვიდად ვარ; ამ წუთებში მე მიყვარს და ვპულობ, რომ სხვებისგანაც შეყვარებული ვარ, და ასეთ წუთებში ჩამოვაყალინე მე ჩემში რწმენის სიმბოლო, რომელშიც ჩემთვის ყველაფერი ნათელია და წმინდაა. ეს სიმბოლო ძალიან მარტივია, აი ის: დაიჯერო, რომ არაფერია უფრო მშვენიერი, ღრმა, სიმპათიური, გონიერი, მამაცი და სრულყოფილი ვიდრე ქრისტეა ... "

ასე წერდა 1854 წლის თებერვალში თეოდორე მიხეილის ძე დოსტოევსკი ნატალია დიმიტრის ასულ ფონვიზინას, ერთ-ერთი დეკამბრისტის მეუღლეს, რომელიც თავის ქმარს ციმბირში გაჰყვა. ოთხი წლით ადრე, როდესაც კატორღული სამუშაოებმისჯილი  და ბორკილდადებული დოსტოევსკი ტობოლსკის ციხეში მიიყვანეს, მან შეძლო მიეღო ნებართვა შეხვედროდა დოსტოევსკის და სხვა მსჯავრდებულებს, რომლებიც მონაწილეობდნენ „პეტრაშევების“ საქმეში. მან თითოეულ მსჯავრდებულს გადასცა სახარების თითო ეგზემპლიარი – ერთადერთი წიგნი, რომლის შენახვაც და წაკითხვაც ნებადართული იყო კატორღაში. ახლა კი, როდესაც კატორღა წარსულს ჩაბარდა და დოსტოევსკი სემიპალატინსკში გაგზავნას ელოდება, იქ რიგითი წოდებით სამხედრო სამსახურის გასავლელად, ის ფონვიზინას უყვება მისი „მრწამსის“ შესახებ, რომელიც არამარტო ამოკითხული იყო მის მიერ ნაჩუქარი წიგნიდან: ის კატორღის საშინელი გამოცდილებით იყო განცდილი.

ფონვიზინას მიერ დოსტოევსკისთვის ნაჩუქარი ეგზემპლარი სახარების რუსული თარგმანის პირველ გამოცემას წარმოადგენდა, მთავარეპისკოპოსი ფილარეტის (დროზდოვის) ხელმძღვანელობით გაკეთებული, რომელიც მოგვიანებით მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტი გახდა. თარგმანი გამოქვეყნდა 1823 წელს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის მეფობის დროს, დეკემბრისტების აჯანყებამდე ორი წლით ადრე. ამ თარგმანის გამოჩენამდე სახარების წაკითხვა მხოლოდ სლავურ ენაზე შეიძლებოდა, ხოლო განათლებული ფენა მას ფრანგულ ენაზე ეწაფებოდა.

დოსტოევსკი ამ წიგნს არც კატორღაში და არც მომდევნო წლებში არ განშორებია. ის  იყო არა მხოლოდ მისი სამაგიდო წიგნი – ის იყო მისი მთელი ცხოვრების წიგნი. ყველა მისი ნაწარმოები, რომელიც კატორღის შემდგომ არის დაწერილი, გაჯერებულია ახალი აღთქმის ციტატებით, ალუზიებით წმინდა წერილის ტექსტებზე. მრავალი სახარებისეული სურათი უდევს საფუძვლად მის ფილოსოფიურ შეხედულებებს, ქრისტეს მრავალი ნათქვამი ხდება ამოსავალი წერტილი მისი რომანების გმირების მსჯელობაში. დოსტოევსკის გაგება შეუძლებელია იმ განსაკუთრებული როლის გააზრების გარეშე, რაც სახარებამ შეასრულა მის შემოქმედებასა და ცხოვრებაში.

დოსტოევსკი აღიზარდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. მისი მამა მღვდლის შვილი იყო, ის მკურნალად მსახურობდა მოსკოვის ღარიბთა საავადმყოფოში. დედა  ღრმა ქრისტიანული ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. კვირა დღეს და დღესასწაულებზე მთელი ოჯახი, სადაც შვიდი შვილი იზრდებოდა, საავადმყოფოს ეკლესიაში დადიოდა.

მამის გადაწყვეტილებით, რომელიც ყველმხრივ ჩანს, რომ გამოირჩეოდა მტკიცე და დესპოტური ხასიათით, თეოდორე პეტერბურგის სამხედრო საინჟინრო სასწავლებელში ჩაირიცხა. სასწავლო პროცესი მისთვის უინტერესო იყო, და მთელ თავისუფალ დროს კითხვას უთმობდა. თანდათანობით მასში ჩნდება იდეა, რომ გახდეს პროფესიონალი რომანისტი, შეისწავლოს და აღწეროს ადამიანური ხასიათები.

18 წლის ასაკში დოსტოევსკი მამას კარგავს, რომელიც საოჯახო მამულ დაროვოეში ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა: მას გლეხები კლავენ და მისი ცხედარი ორი დღის განმავლობაში ცარიელ მინდორზე წევს.

მამის გარდაცვალება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა თედორეს ბედში. მას ის მძიმედ გადააქვს. მწერლის ქალიშვილის მოწმობით, სწორედ ამ დროიდან გამოჩნდა მასში ეპილეფსიის პირველი ნიშნები. სხვა მოწმობის მიხედვით, მხიარული და  ცელქი ბიჭისგან, ის უცებ იქცა გულჩაკეტილ და გულჩათხრობილ ახალგაზრდად.

1844 წელს დოსტოევსკი სამხედრო საინჟინრო სამსახურიდან შვებულებაში გადის, ხოლო 1845 წელს თავისი პირველი რომანი „ღარიბი ხალხი“ დაასრულა. რომანზე მუშაობა რთულად მიდიოდა და დოსტოევსკი მის წარმატებაში ეჭვობდა. წარუმატებლობის შემთხვევაში თავში თვითმკვლელობის აზრიც კი მოსდიოდა. თავის ძმას იგი წერდა: „თუ ჩემი საქმე არ გამოვა, შეიძლება თავი ჩამოვიხრჩო“; „თუ რომანს ადგილს ვერ მივიჩენ, მაშინ, შეიძლება, ნევაში ამოვყო თავი.”

ავტორის შიშების მიუხედავად, რომანს, ხმაურიანი წარმატება ჰქონდა. დოსტოევსკიზე საუბარი დაიწყეს, როგორც ახალ ფენომენზე რუსულ ლიტერატურაში. ნეკრასოვმა ერთ ღამეში წაიკითხა ხელნაწერი, დილის ოთხ საათზე კი დოსტოევსკისთან გაიქცა, რათა თავისი აღფრთოვანება გამოეხატა. ხოლო შემდეგ სიტყვებით „ახალი გოგოლი გამოჩნდა!“, ხელნაწერი ბელინსკის გადასცა. მანაც მოუწყვეტელად წაიკითხა რომანი და ავტორის გაცნობა ისურვა. „მოიყვანეთ, მალე მოიყვანეთ ჩემთან!“ – უთხრა მან ნეკრასოვს.

ბელინსკიმ ახალგაზრდა დოსტოევსკიზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა მოახერხა. მრავალი წლის შემდეგ ამაში თავად მწერალი გამოტყდება: „მე წავაწყდი მას მგზნებარე სოციალისტად, და მან ჩემთან პირდაპირ ათეიზმით დაიწყო... როგორც სოციალისტს, მას უპირველეს ყოვლისა ქრისტიანობა უნდა დაემხო; მან იცოდა, რომ რევოლუცია აუცილებლად ათეიზმით უნდა დაწყებულიყო... თუმცა, აქ რჩებოდა თავად ქრისტეს მანათობელი პიროვნება, რომელთანაც ბრძოლა ყველაზე რთული იყო... მაგრამ ბელინსკი თავის უწყვეტ, ჩაუქრობელ აღფრთოვანებაში ამ გადაულახავ დაბრკოლების წინაშეც კი არ ჩერდებოდა ...“

ბელინსკის გავლენით დოსტოევსკი სოციალიზმის იდეებით იქნა გატაცებული. მან  ახალგაზრდა თავისუფალი მოაზროვნეების წრეთა მონახულება დაიწყო, რომლებიც პარასკევობით საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის პეტრაშევსკის სახლში იკრიბებოდნენ. იქ ჭრელი აუდიტორია იყო: უტოპიური მეოცნებეებიდან დაწყებული რევოლუციონერებამდე, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაზე და მონარქიის დამხობაზე ოცნებობდნენ.

ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე დოსტოევსკიმ ხმამაღლა წაიკითხა ბელინსკის გოგოლისადმი მიწერილი ავადსახსენებელი წერილი, სადაც კრიტიკოსი თავს ესხმის დიდ მწერალს იმისთვის, რომ ის რელიგიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას იცავს. ეს გახდა მის მიმართ ბრალდების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, როდესაც ის წრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს და პეტრეპავლოვსკის ციხეში  მოათავსეს.

„პეტრაშევების“ საქმის გამოძიება რვა თვე მიმდინარეობდა და დასრულდა განაჩენით: ყველა უფლების ჩამორთმევა და კატორღულ სამუშაოებზე  რვა წლით გადასახლება.

ნიკოლოზ I–მა რეზოლუცია დაადო: „ოთხი წლითი, შემდეგ კი რიგითად“. თუმცა, მან მოისურვა, რომ წრის ყველა წევრისთვის საჩვენებელი დასჯის „რიტუალი“ მოეწყო. იდეა, ცხადია, მდგომარეობდა იმაში, რომ შეთქმულთათვის გაკვეთილი ჩაეტარებინა და ლიბერალური საზოგადოებისთვის სიგნალი გაეზგავნა: ეს არის ის, რაც დაგემართებათ, თუ არ შეწყვეტთ რევოლუციური აზრების გამოფენას.

ცერემონიის ყველა დეტალი პირადად იმპერატორის მიერ იყო საგულდაგულოდ მოფიქრებული. დეკემბრის მყინვარე დილას მსჯავრდებულები სემიონოვსკის მოედანზე  გადაიყვანეს, სადაც მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადეს. სამი პირი თეთრ პერანგში გამოაწყვეს და ბოძზე მიაბეს. დოსტოევსკი მეორე სამეულში იყო; როგორც ის ფიქრობდა, არა უმეტეს ათი წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მოვიდა მღვდელი, ყველა პეტრაშეველმა თაყვანი სცა ჯვარს. და როდესაც თითოეული მსჯავრდებული ფიქრით სიცოცხლეს ემშვიდობებოდა, მოულოდნელად უმაღლესი წყალობის დადგენილება მოვიდა: სასიკვდილო განაჩენის კატორღით შეცვლა.

ოთხი წლით კატორღაში ყოფნამ ასახვა ჰპოვა „მკვდარი სახლის ჩანაწერებში“. 18 წლის ასაკში დოსტოევსკი ადამიანური ხასიათების შესწავლაზე ოცნებობდა – ბედმა მისცა მას ისეთი შესაძლებლობა, როგორიც მე-XIX საუკუნის არცერთ რუს მწერალს არ ჰქონია. ყველა მათგანი, მცირე გამონაკლისის გარდა, აზნაური იყო და საკუთარ შრომებში სხვადასხვაგვარ „აზნაურთა ბუდე“-ს ასახავდნენ, სადაც დიდგვაროვნული ვნებები მძვივარებდა. თუკი ისინი უბრალო ხალხის მხარეს მიაპყრობდნენ მზერას, მაშინ მას ზემოდან ან გვერდიდან უყურებდნენ.

დოსტოევსკის კი „ხალხში შესვლა“ ეწერა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას სხვა მწერლები აკეთებდნენ, და არა ისე, როგორც რევოლუციონერები იქცეოდნენ, რომლებიც ხალხთან მიდიოდნენ, რათა საკუთარი იდეებით დაესნებოვნებინათ. დოსტოევსკი აღმოჩნდა სოციალური პირამიდის ფსკერზ, გახდა ერთ-ერთი იმ დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა, შეგინებულთა და გარიყულთა შორის, რომლებითაც სავსე იყო ციხის საკნები.

სწორედ კატორღაში შეიტყო დოსტოევსკიმ იმ უფსკრულის შესახებ, რომელიც შეიძლება ადამიანის სულში გაიხსნას და მიიყვანოს იგი საშინელ, საზარელ დანაშაულებამდე. მისი რომანების ბევრი პერსონაჟი ან დანაშაულს სჩადის, ან დანაშაულს განიზრახავს. დოსტოევსკიმ იცის ადამიანის გულის ეს უფსკრული. „აქ ღმერთი და ეშმაკი იბრძვის და ბრძოლის ველი – ადამიანების გულებია“, – ამბობს მისი ერთ-ერთი გმირი.

დოსტოევსკი კატორღამ ვერ გატეხა, ვერ გააბოროტა. მისი ტანჯვა ზოგჯერ აუტანელი იყო. მან თქვა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ის ცოცხლად იყო დამარხული და კუბოში ჩაკეტელი...

მაგრამ რა დაეხმარა მას გადაეტანა ტანჯვა, ტკივილი, დამცირება? რა გახდა მისთვის იმედის წყარო? ამაში არცთუ უკანასკნელი როლი შეასრულა სწორედ იმ სახარებამ, რომელიც მან ნატალია ფონვიზინასგან მიიღო. ოთხი წლის განმავლობაში ის მას ბალიშის ქვეშ ედო და მისი ერთადერთი საკითხავი იყო. მთელი სიგრძე-სიგანით შეისწავლა მან ეს წიგნი, ქრისტეს მრავალი სიტყვა ზეპირად დაიახსოვრა. და მისი მანათობელი სახე, რომელიც ბელინსკის გავლენით ჩაბნელდა, კვლავ განათდა მწერლის სულში, ისე რომ აღარასოდეს ჩამქრალა.

სწორედ ამას ამბობს დოსტოევსკი თავის წერილში ფონვიზინასთან, რომლითაც დავიწყე ჩემი ლექცია. ხოლო „მწერლის დღიურში" დოსტოევსკი წერს: „არ მითხრათ, რომ მე არ ვიცნობ ხალხს! მე მას ვიცნობ: მისგან მე კვლავ მივიღე ქრისტე ჩემს სულში, რომელიც ბავშვობაში მშობლების სახლში გავიცანი და რომელიც მე დავკარგე, როდესაც თავის დროზე „ევროპელ ლიბერალად“ გადავიქეცი.

მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დოსტოევსკი წერს არა ქრისტეს სწავლებაზე, არამედ თავად ქრისტეზე. სახარება – ეს არ არის წიგნი ზნეობის შესახებ, არ არის ზნეობრივი წესებისა და დარიგებების კრებული. ეს არის წიგნი ქრისტეს შესახებ – მისი პიროვნების შესახებ, მისი სიცოცხლის, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ. მთელი ქრისტიანობა დაფუძნებულია არა სწავლების ირგვლივ, არამედ პიროვნების ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხსოვნა, სახარების კითხვისას და დოსტოევსკის კითხვისას. კატორღის შემდეგ მთელი ცხოვრება იგი ცდილობდა შეეხედა ქრისტეს პიროვნებაში, ამ საოცარი პიროვნების ამოეხსნა გამოცანა.

მაგრამ დამნაშავეთა და მკვლელთა სამყარო, რომელსაც იგი კატორღაში გაეცნო,  განაგრძობს მწერლის გულში ცხოვრებას. და აი, საზღვარგარეთ ყოფნისას ის იგონებს რომანს, რომლის ფაბულასგამომცემელ კატკოვისადმი მიწერილ წერილში გადმოსცემს: „ეს – ერთი დანაშაულის ფსიქოლოგიური ანგარიშია ... ახალგაზრდა ადამიანი, უნივერსიტეტის სტუდენტობიდან გარიცხული, წარმოშობით მეშჩანი, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები, ქარაფშტულად, მერყევი ცნობიერებით, დაემორჩილა ზოგიერთ უცნაურ „დაუმთავრებელ“ იდეას, ჰაერში რომ იქცევიან, გადაწყვიტა ერთბაშად გამოსულიყო თავისი საზიზღარი მდგომარეობიდან: მოეკლა ერთი მოხუცი ქალი, ტიტულარული მრჩეველი, რომელიც ფულს პროცენტით იძლეოდა... მკვლელის წინაშე გადაუჭრელი კითხვები ჩნდება, წარმოუდგენელი და მოულოდნელი გრძნობები აწამებს მის გულს. ღვთის სამართალი, მიწიერი კანონი თავისას აკეთებს,  და ის ამთავრებს იმით, რომ იძულებულია საკუთარ თავი დაასმინოს – თუნდაც კატორღაში დაიღუპოს, მაგრამ კვლავ ხალხს შეუერთდეს... დამნაშავე თავად გადაწყვეტს, მიიღოს წამება, რათა თავისი საქმე გამოისყიდოს“.

აქ საკვანძო სიტყვაა: ღვთის სამართალი. ის გავლენას ახდენს დამნაშავეზე, იგი ვლინდება მისი სინდისის ტანჯვაში, მის შინაგან მეტანიასა და მერყეობაში. სწორედ ის ჟღერს გამომძიებელ პორფირის სიტყვებში, რომელსაც არავითარი ხელჩასაჭიდი არ აქვს, გარდა დამნაშავის სინდისისა. ნელა, მაგრამ მართებულად, ის იწყებს რასკოლნიკოვის გადახრას აღიარებისკენ, აპელირებს სწორედ ღმერთის ამ სამართალზე.

გამომძიებელთან საუბარში რასკოლნიკოვი გადმოსცემს თავისი თეორიის არსს. ყველა ადამიანი ორ კატეგორიად იყოფა: ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი. „პირველები ინარჩუნებენ სამყაროს და მას რიცხობრივად ამრავლებენ; მეორენი კი სამყაროს ამოძრავებენ და ის მიზნისკენ მიჰყავთ“. პირველები წარმოადგენენ მასალას თავიანთი მსგავსის წარმოსაშობად: ისინი უნდა იყვნენ მორჩილნი და იცხოვრონ კანონის მიხედვით. არაჩვეულებრივ ადამიანს კეთილშობილი მიზნებისათვის აქვს უფლება „ნება დართოს თავის სინდისს გადააბიჯოს.... სხვადასხვა დაბრკოლებას“. რაზე გადაბიჯების უფლება აქვს არაჩვეულებრივ ადამიანს? „თუნდაც გვამზე, თუნდაც სისხლზე“, – პასუხობს რასკოლნიკოვი. მისი თეორიის თანახმად, „კაცობრიობის კანონმდებლები და წესების დამდგენლები, ძველენიდან დაწყებული, უკლებლივ ყველანი დამნაშავეები იყვნენ...“.

რომანში რასკოლნიკოვის ანტიპოდი გამომძიებელი პორფირი ხდება. გამომძიებლის აზრით, ღმერთის რწმენა, უკვდავება და მარადიული ცხოვრება, იესო ქრისტეს სასწაულები შეუთავსებელია თეორიასთან, რომლის თანახმადაც მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს ორი განსხვავებული, პრინციპულად საპირისპირო და შეუთავსებელი მიდგომაა ზნეობრივი ღირებულებებისადმი.

მრავალრიცხოვანი სოციალისტური და რევოლუციური თეორია, რომლითაც ახალგაზრდობში გატაცებული იყო დოსტოევსკი და რომლებიც გაჟღერდა პეტრაშევის წრეში, არა მხოლოდ აღიარებს ამ უფლებას, არამედ მას აუცილებელ პირობად აქცევს საყოველთაო ბედნიერების მისაღწევად. სოციალისტები ასწავლიდნენ, რომ საყოველთაო ბედნიერება კაპიტალის სამართლიანი გადანაწილების წყალობითაა შესაძლებელი: მდიდრებს ჭარბი უნდა ჩამოვართვათ და ღარიბებს მივცეთ. ხოლო კაპიტალის ჩამორთმევა შეუძლებელია მისი მფლობელის მიმართებით ძალადობრივი ქმედებების გარეშე.

ქრისტიანობა პრინციპულად სხვა პოზიციაზე დგას. ქრისტიანობა არ აღიარებს ადამიანის უფლებას, მიაღწიოს რაიმე მიზანს უზნეო და დანაშაულებრივი საშუალებებით. უფრო მეტიც, ქრისტე საერთოდ არ იყო სოციალური რეფორმატორი და არ მოითხოვდა სოციალური წესრიგის შეცვლას. ის ადამიანურ ბედნიერებას ხედავდა არა მატერიალურ სიმდიდრეში, არამედ სულიერ ცხოვრებაში. ღვთის სამეფო არ შეიძლება აშენდეს დედამიწაზე, მაგრამ თითოეულ ადამიანს შეუძლია მოიპოვოს ის საკუთარ გულში.

რომანში გარდამტეხი მომენტი ხდება ეპიზოდი, როდესაც სონია მარმელადოვა რასკოლნიკოვს იოანეს სახარებიდან ლაზარეს აღდგინების ისტორიის შესახებ უკითხავს. ეს ეპიზოდი ძალიან ფრთხილად, საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული დოსტოევსკის მიერ. სახარების ამბავი რომანში მთლიანად არის ჩართული.

ამ მომენტიდან რასკოლნიკოვის მიერ თანდათან იწყება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გაცნობიერება, იწყება სინანულისა და ხელახალი სულიერი შობის გზა. ის დაუყოვნებლივ და სწრაფად არ დათანხმდება დანაშაულში გამოტყდომას. დიდხანს და წამებით მიდის ამ „გულწრფელ აღიარებამდე“; ყოყმანობს და მერყეობს: საკუთარი დამნაშავედ აღიარების სულ უფრო და უფრო მძაფრ სურვილსა და აღიარების შედეგების წინაშე შიშს შორის, მერყეობს რწმენასა და ურწმუნოებას შორის.

და მას შემდეგაც კი, რაც ის ყველაფერს აღიარებს და კატორღაში აღმოჩნდება, მისი შინაგანი ტანჯვა გრძელდება. იმ თეორიისგან გათავისუფლება, რომელმაც ის დანაშაულებამდე მიიყვანა, დიდი სირთულეებით სრულდება. სონია ეხმარება მას ამაში, მაგრამ არა სიტყვებით, არამედ თავისი მდუმარე ყოფნით, მისი უპირობო და უსაზღვრო ერთგულებით.

რომანი მთავრდება ეპილოგით, რომელშიც კვლავ სახარება ფიგურირებს. დოსტოევსკი მას არ ციტირებს, ის უბრალოდ აღნიშნავს მის ყოფნას გმირის ცხოვრებაში: „მისი ბალიშის ქვეშ იდო სახარება. მან ის მექანიკურად აიღო. ეს წიგნი იმ ქალს ეკუთვნოდა, ის იყო იგივე, საიდანაც იგი მას ლაზარეს აღდგინების შესახებ უკითხავდა. კატორღის დასაწყისში ის ფიქრობდა, რომ [სონია] მას რელიგიით დატანჯავდა,  სახარებაზე ისაუბრებდა და წიგნებს თავს მოახვევდა. მაგრამ მისდა გასაკვირად მას ერთხელაც არ უსაუბრია ამაზე, ერთხელაც არ შეუთავაზებია მისთვის სახარება. მან თვითონ სთხოვა თავის ავადმყოფობამდე ცოტა ხნით ადრე და სონიამ ჩუმად მიუტანა წიგნი. აქამდე მას ის არც კი გადაუფრუცლავს; არც ახლა გადაუშლია, მაგრამ ერთმა აზრმა გაიელვა მასში: „ნუთუ შეიძლება მისი შეხედულებები არ იყოს ახლა ჩემი შეხედულებებიც? უკიდურეს შემთხვევაში – მისი გრძნობები, მისი მისწრაფებები“... და აქედან იწყება ახალი ისტორია, ადამიანის თანდათანობითი განახლების ისტორია, მისი თანდათანობითი ხელახალი შობის ისტორია, ერთი სამყაროდან მეორეში თანდათანობითი გადასვლა, გაცნობა ახალ, აქამდე სრულიად უცნობი რეალობისა“.

რომანის ეს დასასრული ღრმად სიმბოლურია. რასკოლნიკოვს ჯერ კიდევ არ გადაუფურცლავს სახარება, მაგრამ სწორედ ეს ქმნის მთავარ ვექტორს იმ პროცესისას, რომელსაც დოსტოევსკი განახლებას და ხელახალ შობას უწოდებს.

დოსტოევსკის ყველა რომანი მეტ-ნაკლებად ავტობიოგრაფიულია. თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება, ეპიზოდები საკუთარი ცხოვრებიდან, მისი შეხედულებები, მისი იდეოლოგიური ოპონენტების შეხედულებები – იგი ამ ყველაფერს თავისი რომანების პერსონაჟებს შორის ანაწილებს. ბალიშის ქვეშ სახარების ამბავი რა თქმა უნდა ავტობიოგრაფიულია. დოსტოევსკის, რასკოლნიკოვისგან განსხვავებით, მკვლელობა არ ჩაუდენია. მაგრამ ახალგაზრდობაში ისიც გატაცებული იყო იმის მსგავსი თეორიებით, რითაც –რასკოლნიკოვი. ამაში მდგომარეობდა მისი დანაშაული, და თავისი სასჯელი მან მიიღო როგორც დამსახურებული, დაინახა მასში ხელახალი დაბადებისა და განწმედის შესაძლებლობა. ამ გზაზე სახარება იყო მისი მეგზური, ხოლო ქრისტეს ბრწყინვალე ხატება – გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი.

„დანაშაული და სასჯელი“ პირველი რომანი გახდა „დიდი ხუთწიგნეულიდან“, რომელმაც დოსტოევსკის მსოფლიო დიდება და აღიარება მოუტანა. მომდევნო ოთხ რომანში ის განავითარებს და გააღრმავებს აქ ასახულ თემებს. და თითოეული მათგანი გახდება მისი კუთვნილი სახარების ერთ-ერთი თავი, რომელშიც ის მკითხველს უცხადებს ქრისტეს სახეს და დიდ ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს.

რომანში „იდიოტი“ დოსტოევსკი აკეთებს თავის პირველ მცდელობასб მიეახლოს ქრისტეს პიროვნებას ქრისტეს მსგავსი გმირის სახით. ის თავის ნათესავს წერს: „რომანის მთავარი აზრი – მშვენიერი ადამიანის დადებითად გამოხატვაა. ამაზე უფრო რთული არაფერია ქვეყანაზე და განსაკუთრებით ახლა... ქვეყანაზე არის მხოლოდ ერთი დადებითად მშვენიერი სახე – ქრისტე, ასე რომ ამ უზომოდ, უსასრულოდ ბრწყინვალე სახის გამოჩენა, რა თქმა უნდა, უსასრულო სასწაულია. იოანეს მთელი სახარება – ამ გაგებითაა: ის ყველა სასწაულს პოულობს ერთ განხორციელებაში, მშვენიერის ერთ გამოჩინებაში“.

რომანის – „იდიოტი“ – ცენტრალური ფიგურა თავადი ლევ ნიკოლოზის ძე მიშკინია, უძველესი თავადაზნაური ოჯახის შთამომავალი, რომელიც მძიმე დაავადებით, ეპილეფსიით, იტანჯება. ამ დაავადებით თავად დოსტოევსკი იტანჯებოდა.

მაგრამ დოსტოევსკის გმირი არ იყო მხოლოდ ეპილეფსიით დაავადებული. რომანის სათაურში, ასევე მის ტექსტში მას მინიჭებული აქვს სახელი „იდიოტი“. ჯერ თავად თავადი იყენებს მას გენერალ ეპანჩინთან საუბარში, შემდეგ კი თავადის ყველა გარშემო მყოფი იყენებს. რაღაც მომენტში თავადის გაღიზიანებას იწვევს, რომ მას იდიოტს ეძახიან.

საერთო ჯამში სიტყვა „იდიოტი“ მისგან წარმოებულებთან ერთად, რომანის ტექსტში დაახლოებით 60-ჯერ გვხვდება. მაგრამ რაც უფრო ხშირად ჟღერს ეს სიტყვა, მით უფრო არაბუნებრივი ეჩვენება ის მკითხველს გმირთან მიმართებაში, რომლის ქმედებები და სიტყვები დემონსტრირებს განსაკუთრებულ, არამიწიერ კეთილშობილებას. ის ცდილობს, ყველას დაეხმაროს, არავის განსჯის, ყველგან თავისი მაგალითით მაღალ ზნეობრივ იდეალს წარმოაჩენს. სულიერ და ზნეობრივ ურთიერთობებში ის განუზომლად მაღლა დგას რომანის ყველა სხვა პერსონაჟზე, და თითოეული თავისებურად გრძნობს ამ სიმაღლეს. ამავე დროს, ის ყველასათვის იდიოტად რჩება, სულელად, „არა ამქვეყნიურ“ ადამიანად. „თავადო შენ სრულად, სულელი გამოდიხარ, – ეუბნება მას როგოჟინი. – და ისეთები, როგორიც შენ ხარ, ღმერთს უყვარს!“

თავად მიშკინის სახის შექმნისას, დოსტოევსკი შთაგონებული იყო რამდენიმე პოზიტიური ლიტერატურული გმირის სახით, რომელთაგან მან დონ კიხოტი პირველ ადგილზე დააყენა.

მაგრამ ყველა პოზიტიურ გმირში დოსტოევსკი ცდილობს, დაინახოს, უპირველეს ყოვლისა, „ქრისტეს ბრწყინვალე სახე“. სწორედ ქრისტეს სახარებისეული სახე წარმოადგენს იმ უპირობო ზნეობრივ ორიენტირს, რომელიც დგას მწერლის თვალწინ და რომელსაც ის ცდილობს მიუახლოვდეს თავად მიშკინის პიროვნების მეშვეობით. რომანის შავ მონახაზში ის თავის გმირს „თავად ქრისტეს“ უწოდებდა.

ქრისტესა და თავად მიშკინს შორის პარალელები მრავალრიცხოვანია. თავადის ცხოვრების წესი, აზროვნება და მოქმედებები მკვეთრად განსხვავდება ყველა მის გარშემო მყოფისგან. ის – არ არის ამქვეყნიური და არ ცხოვრობს ამ წუთისოფლის კანონებით, არამედ სახარებისეული სიყვარულისა და მიტევების კანონის თანახმად. არ არის ის მომხვეჭელი, ფული და მატერიალური სიმდიდრე მისთვის არაფერს ნიშნავს. ადამიანების სულელურ თვისებებს არ ამჩნევს, ყველაში ცდილობს მხოლოდ კარგი დაინახოს; აღსავსეა ადამიანების სიყვარულით. იგი მზად არის ყველას აპატიოს მანამდე, სანამ მისგან პატიებას ითხოვენ.

მსგავსად იმისა, როგორც ქრისტე თავისი დროის ადამიანების ცხოვრებაში მოულოდნელად შეიჭრა, თავადი მიშკინიც მოულოდნელად გამოდის სცენაზე, იჭრება დამკვიდრებულ ყოფაში და ადამიანთა მთელი ჯგუფის ცხოვრებაში ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდება. როგორც კაშკაშა შუქზე, რომელიც ავლენს არა მხოლოდ მშვენიერს, არამედ მახინჯსაც, თავად მიშკინის თანდასწრებით არა მხოლოდ ადამიანთა მშვენიერი თვისებები ვლინდება, არამედ – მათი ნაკლოვანებებიც და მანკიერებებიც. ამ თვალსაზრისით, თავად მიშკინის თანდასწრება რომანის გმირების სამყაროში „სასამართლო“ ხდება, რომლის წინაშეც თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს.

„იდიოტის“ ტრაგედია ისაა, რომ თავისი წესებით მას სურს იმ სამყაროში იცხოვროს, სადაც სხვაგვარი წესებით ცხოვრობენ. მაგრამ იესო ქრისტეს მიწიერი ტრაგედიაც ესაა: ის თავისი ზნეობრივი ნორმებით მოვიდა სამყაროში, სადაც უკვე დიდი ხანია სხვა კანონებით ცხოვრობდნენ. ადამიანური სტანდარტებით, მისი ქადაგება დედამიწაზე დასრულდა სრული წარუმატებლობით: ის გასამართლებული იქნა  და საშინელი, ტანჯვითი სიკვდილით მოკვდა. მკვდრეთით აღდგომისას და ზეცად ამაღლებისას ის წავიდა იქ, საიდანაც მოვიდა.

თავადი მიშკინი შორეული შვეიცარიიდან ჩადის, სადაც ექიმ შნაიდერის კლინიკაში იდიოტის ცხოვრების ატარებდა, და იქვე დაბრუნდა. როგოჟინის მიერ ნასტასია ფილიპეს ასულის მკვლელობის შემდეგ დაკარგა რა განსჯის უნარი, ის ბრუნდება იმ სამეფოში, საიდანაც მოვიდა. მკითხველს ესმის, რომ თავადმა ეს სამყარო უკანდაუბრუნებლად დატოვა.

„იდიოტი“ – ეს იგავი-რომანია ღრმა რელიგიური ქვეტექსტით. მისი დასრულებისას, დოსტოევსკი უკვე ფიქრობს ახალ „უზარმაზარ“ რომანზე, სახელწოდებით „ათეიზმი“. მთავარი გმირი – რუსი ადამიანია, რომელიც ღმერთის რწმენას კარგავს. შემდეგი გრანდიოზული ჩანაფიქრი – რომანი „დიდი ცოდვილის ცხოვრება“ არის. მაგრამ ეს რომანიც არ დაიწერება.

და დაიწერება რომანი „ეშმაკნი“, რომელშიც დოსტოევსკი ღია გამოწვევას უგზავნის რევოლუციურ, სოციალისტურ და კომუნისტურ იდეოლოგიას, რითაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში თავისთვის უზრუნველყოფს რეტროგრადის, მონარქისტის, პროგრესის და განათლების მოწინააღმდეგის სახელს.

რომანის ფაბულა დაფუძნებულია რეალურ მოვლენაზე – სერგეი ნეჩაევის მეთაურობით რევოლუციონერთა ჯგუფის მიერ სტუდენტ ივანოვის მკვლელობაზე. ჯგუფს ერქვა „სახალხო ანგარიშსწორება“. ივანოვი, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ გამოვიდა. აქცია გულისხმობდა მოსკოვის უნივერსიტეტში სტუდენტთა მღელვარების გამო, პეტროვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ბროშურების გაკვრა. ნეჩაევმა, რომელმაც ამაში იგრძნო წრეში თავისი ერთპიროვნული მმარველობის დაკარგვის საფრთხე, გადაწყვიტა, რომ ივანოვი უნდა მოკვდეს, წრის წევრები კი „სისხლით უნდა შეიკრან“. პეტროვსკის აკადემიის პარკში ნეჩაევმა რევოლვერის გასროლით მოკლა ივანოვი და გვამი ტბორში გადააგდო. თუმცა, საგამოძიებო ორგანოები სწრაფად დაეცნენ დამნაშავეთა კვალს, ოთხი მათგანი დააპატიმრეს და კატორღული სამუშაო მიუსაჯეს. ნეჩაევმა შვეიცარიაში გაქცევა მოახერხა.

იმისათვის, რომ გავიგოთ ვინ იყო ნეჩაევი და რა თეორიას ქადაგებდა, საჭიროა ჩავიხედოთ მის მიერ დაწერილ „რევოლუციონერის კატეხიზმოში“: „რევოლუციონერი – განწირული კაცია. მას არ აქვს საკუთარი ინტერესები, არანაირი საქმე, არანაირი გრძნობა, არანაირი მიჯაჭვულობა, არანაირი ქონება, არანაირი სახელიც კი. მასში ყველაფერი შთანთქმულია ერთადერთი გამონაკლისი  ინტერესით, ერთი აზრით, ერთი ვნებით – რევოლუციით ... ჩვენი საქმეა –  მგზნებარე, სრული, ფართოდ გავრცელებული და დაუნდობელი განადგურება“.

ეს, რა თქმა უნდა, შორს არის დეკემბრისტების რომანტიკული თეორიებისა და პეტრაშევების სოციალისტური უტოპიებისგან. და როდესაც ნეჩაევის იდეოლოგიამ იპოვა თავისი განხორციელება სტუდენტის მკვლელობაში, ამ მოვლენამ შეაშინა დოსტოევსკი. მან გააცნობიერა, თუ რა უფსკრულში შეიძლება ჩააგდონ რუსეთი მსგავსი მოდგმის რევოლუციონერებმა. ის უშუალოდ იცნობდა „ბოროტ ყაჩაღთა სამყაროს“: კატორღაში მან ამ სამყაროს მრავალი წარმომადგენელი ნახა. მან თავისთავში წარმოიდგინა, რა მოხდებოდა რუსეთში, თუ ის მათ ხელში აღმოჩნდებოდა, და გადაწყვიტა მრისხანე გაფრთხილება გაეკეთებინა.

1867 წელს დოსტოევსკი ჟენევაში „მშვიდობისა და თავისუფლების ლიგის კონგრესს“ დაესწრო, სადაც წინა დღეს ბაკუნინი გამოვიდა სიტყვით. დოსტოევსკიმ კონგრესის თავისი შთაბეჭდილებები მისი ნათესავისადმი მიწერილ წერილში აღწერა: „…დაიწყეს იმით, რომ დედამიწაზე მშვიდობის მისაღწევად ქრისტიანული რწმენა უნდა გადაშენდეს. განადგურდეს დიდი სახელმწიფოები და პატარები შეიქმნას; ყველა კაპიტალი შორს, რომ ბრძანების ძალით ყველაფერი საერთო იყოს, და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ოდნავი დასაბუთების გარეშე, ყველაფერი ეს ზეპირად დასწავლილია ჯერ კიდევ 20 წლის წინ, და ასეც დარჩა. და რაც მთავარია, ცეცხლი და მახვილი – და მას შემდეგ, რაც ყველაფერი განადგურდება, მათი აზრით, მაშინ იქნება მშვიდობა ...“

როდესაც 1869 წელს რუსეთში სტუდენტური მღელვარებები დაიწყო, ბაკუნინი შვეიცარიიდან ხელმძღვანელობდა რევოლუციურ აგიტაციას, რომელიც ნეჩაევს მიჰყავდა სტუდენტებს შორის. თუ ბაკუნინი იყო თეორეტიკოსი, მაშინ ნეჩაევი – პრაქტიკოსი. იმავე ურთიერთობას ვხედავთ „ეშმაკნში“ სტავროგინსა და პიტერ ვერხოვენსკს შორის. სტავროგინი – მასწავლებელია, ვერხოვენსკი – სტუდენტი, მაგრამ მასწავლებლის იდეების უკიდურესობამდე მიმყვანი, იგი პრაქტიკულ სიბრტყეში გადაიყვანს იმას, რაც ოდესღაც მისგან თეორიულად ისწავლა.

პიტერ ვერხოვენსკის სახე ყველაზე მეტად ასახავს იმ ზიზღს, რომელსაც რევოლუციური მიწისქვეშეთის მიმართ გრძნობდა დოსტოევსკი. თუ სტავროგინის სახე დაფარულია რომანტიკული ჰალოთი, მაშინ პეტრე ვერხოვენსკი მოკლებულია ყოველგვარ სილამაზეს, თუნდაც მხოლოდ გარეგნულს. ეს არ არის ეშმაკი, ეს პატარა დემონია: „ისმინეთ, ჩვენ არეულობას შევქმნით“, – ეუბნება ის სტავროგინს. – ... ჩვენ თავად ხალხში შევაღწევთ. რუსი ღმერთი უკვე გაუფასურდა. ხალხი მთვრალია, დედები მთვრალები არიან, ბავშვები მთვრალები არიან, ეკლესიები ცარიელია... ოჰ, მომეცით თაობა გავზარდო!.. ახ, რა სამწუხაროა, რომ არ არიან პროლეტარები! მაგრამ იქნებიან, იქნებიან, ყველაფერი ამისკენ მიდის ...“

იმ დროის საშინელ ნიშნებში დოსტოევსკი ხედავს მოსალოდნელ მოახლოებულ უბედურებას. რუსეთი კიდევ 45 წელი გაძლებს, სანამ რევოლუციური სტიქია საბოლოოდ გადაყლაპავს მას და ხელისუფლებაში ეშმაკები მოვლენ. თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის სახელით, მთელ ქვეყანას „წითელი ტერორი“  წალეკავს. განადგურდება მთელი კლასები და ფენები: თავადაზნაურობა, მდიდარი გლეხობა (ე.წ. კულაკები), ინტელიგენცია, კაზაკები. დასახული იქნება ეკლესიის განადგურების მიზანი სასულიერო პირების ფიზიკური განადგურების გზით. ქვეყანას მოიცავს მასობრივი უგუნურება, მებრძოლი ათეიზმი სახელმწიფო იდეოლოგიად გამოცხადდება.

არასწორია დოსტოევსკში დავინახოთ მხოლოდ კონსერვატორი პროგრესულებთან ბრძოლაში, სოციალიზმის მოწინააღმდეგე და კაპიტალიზმის მხარდამჭერი, მონარქიის დამცველი და კონსტიტუციური წესრიგის უარმყოფელი, სლავოფილი, რომელიც დასავლელებს ეწინააღმდეგება. დოსტოევსკი უფრო ღრმად ჭვრეტდა და შორს ხედავდა. მან დაინახა რევოლუციური მოძრაობის ღრმა ფესვები და იწინასწარმეტყველა, როგორ კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანდა ის.

დოსტოევსკის დროს კამათობდნენ საზოგადოების სამართლიანი რეორგანიზაციის გზებზე. ზოგი მხარს უჭერდა ევოლუციურ გზას, ზოგი – რევოლუციურს. მაგრამ დოსტოევსკი ერთადერთი იყო, რომელმაც რევოლუციურ იდეოლოგიაში დემონური არსი განჭვრიტა. არც ბელინსკი, არც ტურგენევი, არც გერცენი და არც ტოლსტოი მას ვერ ხედავდნენ, და ამიტომაც თითოეული მათგანი რევოლუციონერებს თავისებურად ეთამაშებოდა, თავისებურად თანაუგრძნობდა. ამაში გამოვლინდა მათი სულიერი ახლომხედველობა, რომლის მიზეზი იყო ჭეშმარიტი რელიგიური გამოცდილების არქონა. დოსტოევსკიმ ამ გამოცდილების სიღრმიდან დაინახა მომავალი რევოლუციის არსი და შეშინებული იყო მისით.

რას უპირისპირებს დოსტოევსკი რევოლუციურ სტიქიას, ათეიზმსა და ნიჰილიზმს? რომანში, „ეშმაკნი“, არის თავი, რომელიც ცენზურამ არ გაუშვა. სწორედ ის იძლევა სტავროგინის თვითმკვლელობის ამოხსნის გასაღებს. მას ჰქვია „ტიხონთან“. ეს არის მოხუცი, რომელთანაც სტავროგინი მიდის, რათა მოუყვეს ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ის არის კიდევ ერთი გმირი, რომლის მეშვეობითაც დოსტოევსკი ცდილობს ქრისტეს ხატთან მიახლოებას.

დოსტოევსკის სჭირდებოდა ეშაფოტი და კატორღა, რათა უარი ეთქვა ახალგაზრდობის ილუზიისგან და მისულიყო რწმენასთან, რომელიც მან თავისი გმირის ბაგეებში ჩადო: „ათეისტი არ შეიძლება იყოს რუსი“, „არამართლმადიდებელი არ შეიძლება იყოს რუსი“. დოსტოევსკის სჯერა, რომ რუსეთისა და ყოველი რუსი ადამიანის ხსნა – ჭეშმარიტ სახალხო რწმენაშია, – მართლმადიდებლობაში, ქრისტეში. ამაშია – მისი სახარების მთავარი აზრი.

დაბოლოს, ეპოპეა-რომანი „ძმები კარამაზოვები“. ეს დოსტოევსკის შემოქმედების მწვერვალია. ის წარმოადგენს დოსტოევსკის მთელი შემოქმედებითი გზის ერთგვარ შეჯამებას. აქ მწერალს  ქრისტეს მსგავსი კიდევ ორ გმირი შემოჰყავს –  მორჩილი ალიოშა კარამაზოვი და ბერ-მოძღვარი ზოსიმე. რომანი დაიწერა ოპტინის უდაბნოში მოგზაურობის შთაბეჭდილებით – მთელს რუსეთში ცნობილი მონასტერი, სადაც დოსტოევსკი შეხვდა და ესაუბრა ბერ-მოძღვარ ამბროსის, რომელიც ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანთა დასშია განდიდებული. სწორედ ღირსი ამბროსი ოპტინელია ბერ-მოძღვარი ზოსიმეს მთავარი პროტოტიპი.

დოსტოევსკის სამყარო – ეს, უმეტესწილად, ნევრასთენიკების, ისტერიკების, ეპილეფსიანების, რაიმე იდეით შეპყრობილი ადამიანების და ამის გამო დანაშაულზე წამსვლელთა მზადმყოფების, გატეხილი, გაორებული, ვნებებით და წინააღმდეგობით განადგურებული ადამიანების სამყაროა. ამ ფონზე ბერ-მოძღვარი ზოსიმეს სახე გამოირჩევა თავისი მთლიანობით, არაამქვეყნიურობით. ის არ არის რომანის „ძმები კარამაზოვების“ მთავარი გმირი, მაგრამ რომანში ცენტრალურ სულიერ ადგილს იკავებს. იგი – ქრისტეს სიყვარულის ის იდეალია, რომელსაც დოსტოევსკი ირგვლივ მყოფ რეალობას უპირისპირებს. სამი ძმა კარამაზოვიდან მხოლოდ ერთი – ალიოშა – თავისი ხასიათით და გონებრივი განწყობით უახლოვდება ამ იდეალს. რომანის დანარჩენი პერსონაჟები მას ძალიან შორს ჩამორჩებიან.

როგორც ეს დოსტოევსკის წინა რომანებში ხდებოდა, თავის გმირებს იგი  თავისებურ თვისებებს ანიჭებს და მათ ბაგეებში თავის აზრებს ათავსებს. ამავე დროს, დიმიტრი კარამაზოვის სახეში ზოგჯერ იმ პერიოდის ახალგაზრდა დოსტოევსკის ანარეკლს ხედავენ, რომელიც კატორღაში დასრულდა; ივანე ასახავს ბელინსკის იდეებით გატაცების პერიოდს, ხოლო ალიოშა – არის იდეალი, რომლისკენაც კატორღის შემდგომ პერიოდში დოსტოევსკი ისწრაფვოდა, როდესაც მასში „რწმენის ხელახალი შობა“ მოხდა და მან ქრისტე მოიძია.

ალიოშა კარამაზოვი – ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერსონაჟია რუსულ ლიტერატურაში. ის ძალიან რელიგიურია, თუმცა „სულაც არ არის ფანატიკოსი ... და საერთოდ არც მისტიკოსი“. მას უყვარდა ხალხი და „როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება ხალხში სრულად დარწმუნებული ცხოვრობდა“. წიგნის პირველი გვერდებიდან ის იხსნება როგორც სახარებისეული ქრისტეს მსგავსი იდეალი. მას ბევრი თვისობრივი აქვს თავად მიშკინთან. თუმცა დოსტოევსკიმ ის არ შეამკო ავადმყოფობის მახასიათებლებით: მიშკინისგან განსხვავებით, ის არც ეპილეფსიანი იყო, არც „იდიოტი“ გარშემომყოფთა თვალში. პირიქით, ლოყაგაღაჟღაჟებული ახალგაზრა ჯანმრთელობითა და ძალით ანათებს.

დოსტოევსკი ალიოშა თვითონ არ იქნებოდა, ის რომ მონასტერში დაეტოვებინა. სიკვდილის წინ მას ერში თავად ბერ-მოძღვარი ზოსიმე აგზავნის: „შენი ადგილი ჯერ აქ არ არის. გაკურთხებ ერში დიდი მორჩილებისთვის. ჯერ კიდევ ბევრი მწირობა გელის. ვალდებული გახდები დაქორწინდე, ვალდებული“. და ალიოშა, ბერ-მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ, ტოვებს მონასტერს, რათა კარამაზოვების ვნებების სამყაროში დაიძიროს, მაგრამ შინაგანად დაუმარცხებელი რჩება.

დოსტოევსკის ნაწარმოების ცენტრალური თემა – ადამიანის ტანჯვაა. რისთვის და რატომ იტანჯება ის? სად იმზირება ღმერთი, როდესაც ადამიანი იტანჯება? შესაძლებელია თუ არა გჯეროდეს სამართლიანი ღმერთის, თუკი ამდენი უსამართლობაა ირგვლივ და ღმერთი ამას უშვებს? ეს კითხვები დოსტოევსკის მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდა. ტანჯვის თემა, ტანჯვის მნიშვნელობის საკითხი – მისი შემოქმედების გამჭოლი თემაა. „ძმებ კარამაზოვებში“ ის განსაკუთრებული ძალით და სიმძაფრით არის წინწამოწეული.

ალიოშასთან საუბარში ივანე კარამაზოვი საუბრობს ბავშვების ტანჯვაზე, მოჰყავს მაგალითად ხუთი წლის გოგონა, რომელსაც მშობლები ყველა სახის წამებას უქვემდებარებდნენ. ალიოშა პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვების ტანჯვას. მაგრამ ის ცხარედ რეგირებს ძმის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც შეეძლო ეპატიებინა ბავშვთა მიმართ განხორციელებული ბოროტმოქმედება: „ძმაო, შენ ახლა თქვი, არის თუ არა არსება მთელს მსოფლიოში, ვისაც შეეძლო და ჰქონდა პატიების უფლება? მაგრამ ეს არსება არის და მას შეუძლია ყველაფერი აპატიოს, ყველას ყველაფრისთვის, იმიტომ რომ თავად მისცა თავისი უდანაშაულო სისხლი ყველასთვის და ყველაფრისთვის“.

ქრისტე არის ის, ვისი ტანჯვაც აზრს აძლევს ნებისმიერი ადამიანის ტანჯვას. ის ხორცშესხმული ღმერთია და მან თვითონ გაიარა ტანჯვისა და სიკვდილის გზა, რათა გამოისყიდოს ხალხი და აღდგომისკენ გზა გაუხსნას. ყველას, ვინც განიცდის ტანჯვას თავისი დანაშაულის გამო ან უდანაშაულოდ, შეუძლია მისი მყოფობა იგრძნოს თავის ტანჯვაში.

რომანში არის ერთი ფიგურა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დგას როგორც კადრს მიღმა, მაგრამ რაღაც მომენტში კადრში ჩნდება: ეს იესო ქრისტეა. დოსტოევსკი დიდხანს უახლოვდებოდა ამ სახეს. მას ასევე განზრახული ჰქონდა დაეწერა „წიგნი იესო ქრისტეს შესახებ“, რასაც მოწმობს მომავალი თხზულებების სია, რომელიც მან 1877 წლის შობის ღამეს შეადგინა. ქრისტეს ხატების გაგებას დოსტოევსკი ქრისტეს მსგავსი ადამიანების სახით ცდილობს მიუახლოვდეს: თავადი მიშკინით, ტიხონით, ბერ-მოძღვარი ზოსიმეთი, ალიოშა კარამაზოვით. მაგრამ დაჟინებული და მრავალწლიანი სურვილი დაეწერა რაღაც თავად ქრისტეზე, მას არ ტოვებდა, და მან რომანში. „ძმები კარამაზოვები“, ჩაურთო მთელი თავი, რომელშიც ქრისტე მოქმედ პირს წარმოადგენს.

ამ თავს ეწოდება „დიდი ინკვიზიტორი“. მოქმედება იშლება შუა საუკუნეების ესპანეთში. სევილიაში, სადაც რამდენიმე ხნის წინ თითქმის ასი ერეტიკოსი კოცონზე დაიწვა, ქრისტე გამოჩნდება. „ის ჩნდება ჩუმად, შეუმჩნევლად, და აი, ყველა – რაც უცნაურია – ცნობს მას... ადამიანები უძლეველი ძალით ისწრაფვიან მისკენ, მრავლდებიან მის ირგვლივ, მიჰყვებიან მას. ის უსასრულო თანაგრძნობის მშვიდი ღიმილით ჩუმად დადის მათ შორის. სიყვარულის მზე იწვის მის გულში, სინათლის სხივები, განმანათლებლობა და ძალა გადმოედინება მისი თვალებიდან და, ხალხზე დაღვრისას, მათ გულებს საპასუხო სიყვარულით არყევს. ის ხელებს იწვდის მათკენ, აკურთხებს მათ, მისი შეხებიდან, თუნდაც მხოლოდ მისი სამოსიდან, სამკურნალო ძალა გამოდის“.

აი ის  – ის „ქრისტეს ბრწყინვალე სახე“, რომელსაც დოსტოევსკი მთელი ცხოვრება ეძებდა. სევილიის ტაძარში შესვლამდე ქრისტე კურნავს ბრმას, აცოცხლებს გოგონას. შემდეგ კი 90 წლის მოხუცი მამაკაცი გამოჩნდება სცენაზე, კარდინალი დიდი ინკვიზიტორი, რომელიც ბრძანებს ქრისტეს დაპატიმრებას. იწყება მისი საუბარი ქრისტესთან, რომელიც რაღაცნაირად გვახსენებს რომაელი მმართველის პონტოელ პილატეს, როდესაც პილატე ქრისტეს უამრავ კითხვას უსვამდა, ხოლო მან „არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად“. განსხვავება პილატესა და ინკვიზიტორს შორის ისაა, რომ პირველი ელოდა პასუხებს იესოსგან, ხოლო მეორე – არა. ეს მოქმედებს როგორც ბრალმდებელი, და მისი სიტყვა – ეს მონოლოგია, რომელიც პასუხს არ ელოდება.

ქრისტესა და ეშმაკს შორის დავაში დიდი ინკვიზიტორი ეშმაკის მხარეს დგას. მას მიაჩნია, რომ ქრისტე შეცდა, როდესაც სამი საცდური უარყო, და რომ ქრისტიანობა ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაში დამარცხდება.

„დიდ ინკვიზიტორში“ დოსტოევსკის მკაცრი კრიტიკა მიმართულია არა კათოლიციზმზე, როგორც შეიძლება ვიფიქროთ ამ თავის ზედაპირული წაკითხვის საფუძველზე, არამედ სოციალიზმზე, რომელიც ღმერთის გარეშე ემყარება ადამიანთა ბედნიერების აღშენების შესაძლებლობის წარმოდგენას, სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების გარეშე, ერთ საფუძველზე, მხოლოდ „პურზე“ – მატერიალურ კეთილდღეობაზე და კმაყოფილებაზე, თავისუფლების დაკარგვის ფასად შეძენილზე.

ადამიანი არ არის შექმნილი თავისუფლებისთვის, თვლის ინკვიზიტორი, „არ აქვს ადამიანს იმაზე უფრო მტანჯველი საზრუნავი, თუ როგორ მოძებნოს ვინმე, ვისაც რაც შეიძლება მალე გადასცეს ეს ნაბოძები თავისუფლება, რომლითაც ეს უბედური არსება იბადება“. მიეცი ადამიანს მატერიალური კეთილდღეობა, აჭამე მას „და ადამიანი თაყვანს გცემს, რადგან პურზე უდავო არაფერია“.

ქრისტეს თანამოსაუბრე აღწერს, როგორ პრინციპზე აშენდება საერთო კეთილდღეობის საზოგადოება: „მიიღებენ რა ჩვენგან პურს, რა თქმა უნდა, ისინი ცხადად დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ მათი პური, მათი ხელითვე მოპოვებული, ვიღებთ მათგან, რათა მათვე დავურიგოთ, ყოველგვარი სასწაულის გარეშე“. აქ კვლავ გვესმის მკაფიო მინიშნება სოციალისტურ იდეაზე: ადამიანები საკუთარი ხელით მოიპოვებენ მატერიალურ სიმდიდრეს; სოციალისტური სახელმწიფოს ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ წაართვას მათ პირდაპირი წვდომა მათივე შრომის პროდუქტზე და მატერიალური სიმდიდრე საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს, ისე, რომ ხალხი მთლიანად ხელისუფლებაზე იყოს დამოკიდებული.

დოსტოევსკის გენიალურობა ისაა, რომ მან მიუთითა სოციალისტური იდეოლოგიის რელიგიურ ხასიათზე, უფრო სწორად, მის ფსევდო-რელიგიურ ხასიათზე. სოციალიზმი – ეს ცრუ-რელიგიაა, მას, ფილოსოფოს ნიკოლოზ ბერდიაევის აზრით, „სურს, ახალი რელიგია გახდეს, უპასუხოს ადამიანის რელიგიურ კითხვებს. სოციალიზმი მიმართულია საერთოდ არა კაპიტალიზმის ჩასანაცვლებლად... სოციალიზმი მიმართულია ქრისტიანობის ჩასანაცვლებლად, მას სურს შეცვალოს ქრისტიანობა “.

ქრისტე ასე დუმს ბოლომდე, ის არაფერს პასუხობს დიდ ინკვიზიტორს, რადგან მან ყველა პასუხი სახარებაში გასცა. და დიდმა ინკვიზიტორმა, ვერ გაიგო რა მისგან სიტყვა, კარს აღებს მის წინაშე და უშვებს მას.

სიცოცხლის ბოლო თვეებში დოსტოევსკი მძიმედ ავადმყოფობდა. მას განუვითარდა ფილტვების ემფიზემა, რის გამოც მუდმივად იგუდებოდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მწერალს ყელიდან ძლიერი სისხლდენა დაეწყო; გონებაც კი დაკარგა. როდესაც გონს მოიყვანეს, თეოდორე მიხეილის ძემ ცოლს  უთხრა: „ანია, სასწრაფოდ მოიწვიე მღვდელი, მე მინდა აღსარება ჩავაბარო და ვეზიარო!“. დოსტოევსკი დიდი ხანი აბარებდა აღსარებას,  შემდეგ მიიღო წმინდა საიდუმლოება. მეორე დღეს სისხლდენა არ განმეორებულა.

მესამე დღის დილას ცოლმა გაიღვიძა და დაინახა, რომ ქმარი მას დაჟინებით უყურებდა: „იცი, ანია, – თქვა თეოდორე მიხეილის ძემ ნახევრად ჩურჩულით, – მე უკვე სამი საათია არ მძინავს და სულ ვფიქრობ, და მხოლოდ ახლა გავაცნობიერე ნათლად, რომ მე დღეს მოვკვდები“. მან ცოლს სთხოვა, სახარება მიეცა­ – ზუსტად ის, რომელიც მას ნატალია ფონვიზინამ აჩუქა, როდესაც იგი ტობოლსკის ციხეში მიიყვანეს. ეს სახარება ყოველთვის ედო მას მაგიდაზე. ხშირად, რაღაცაზე ფიქრისას ან რაიმეში ეჭვის შეტანისას, ის შლიდა სახარებას შემთხვევითობით და კითხულობდა იმას, რაც გადაიშლებოდა. ახლაც ასეც მოიქცა: მან თავად გახსნა წიგნი და წასაკითხად ცოლს გადასცა. მან წაიკითხა: „ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?  მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“. „გესმის „აცადე“ – ეს ნიშნავს რომ მე მოვკვდები“, – თქვა დოსტოევსკიმ და წიგნი დახურა.

იგი იმავე დღეს გარდაიცვალა. მისი აღსასრული იყო „უმტკივნეულო, არასამარცხვინო, მშვიდობიანი“, ჭეშმარიტად ქრისტიანული. გარდაცვალებამდე მან თავისი ოთხი შვილი დალოცა, და ბრძანა ტობოლსკის ციხეში ნაჩუქარი სახარება მისი შვილისთვის – თეოდორესთვის გადაეცათ. დღეს ეს სახარება რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაშია დაცული.

დოსტოევსკის ოცნება ჰქონდა. ეს გამოხატულია 1870–იანი წლების შუა ხანების მისი ერთ–ერთი ჩანაწერების წიგნაკში: „მე მრწამს ქრისტეს სრული მეუფების. ძნელია პროგნოზირება თუ როგორ მოხდება, მაგრამ ეს იქნება. მე მრწამს, რომ ეს მეუფება დასრულდება ... და იქნება აზროვნებისა და სინათლის საყოველთაო მეუფება, და  ჩვენთან რუსეთში, შეიძლება ეს უფრო მალე იქნეს, ვიდრე სადმე სხვაგან“.

დოსტოევსკის არ ეწერა ენახა, თუ როგორ სრულდება ეს ოცნება. ის, რაც ხდებოდა მის თვალწინ, უფრო მეტად საპირისპიროს მოწმობდა: რუსი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის ქრისტესგან წასვლას, მათი ნიჰილისტური და სოციალისტური იდეებით გატაცებას. როგორც ჭეშმარიტმა წინასწარმეტყველმა, მან გააფრთხილა, განგაში ატეხა. და არ იღლებოდა იმის შეხსენებით, რაშიც ხედავდა რუსეთის ხსნას: ქრისტეს კაშკაშა ხატებაში, მისი უგანათლებულეს სახეში, მის მშვენიერ და სასწაულებრივ სილამაზეში.

 

გაზიარება:
შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب