მთავარი გვერდი სტატიები
„აღიარებს რა თქვენი უწმინდესი რუსეთის ეკლესიის განსაკუთ…

„აღიარებს რა თქვენი უწმინდესი რუსეთის ეკლესიის განსაკუთრებული კომპეტენციის სისავსეს...“


სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პედაგოგის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებათაშორისი დასწრების [სხდომების] წევრის, პროტოდიაკონ კონსტანტინე მარკოვიჩის სტატია

I

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის15 ოქტომბრის განცხადებაში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხრიდან რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ხელყოფასთან დაკავშირებით (http://www.patriarchia.ru/db/text/5283708.html, შემდგომ – წმინდა სინოდის განცხადება), მოყვანილია ციტატა კონსტანტინეპოლის უწმინდესი პატრიარქის ბართლომეოსის 1992 წლის 26 აგვისტოს წერილიდან, რომელიც მან უწმინდეს პატრიარქ ალექსის პასუხად გაუგზავნა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომელიც ეხებოდა კიევის მიტროპოლიტ ფილარეტის (დენისენკო) დამხობას მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელთმთავრო კრების 1992 წლის 11 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებით. წერილის ორიგინალი დაცულია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების არქივში და წარმოადგენს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიკურ-სამართლებრივი შეუმდგარობის მნიშვნელოვან მტკიცებულებას. საქმე ეხება ხარისხიდან განკვეთილი და ანათემას გადაცემული ყოფილი მიტროპოლიტის – ფილარეტის (დენისენკო) თანაზიარებაში მიღებას და მისი გაუქმებული „კიევის საპატრიარქოდან“ მისივე მიმდევრების მიერ „ხელთდასხმების“ კანონიკურად ცნობას.

პატრიარქ ბართლომეოსს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მსახურების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტის პირველობის დაცვა სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და ამ პირველობასთან დაკავშირებული უნიკალური პრივილეგიებით სარგებლობა. ამ ცნებაში იგულისხმება სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების საქმეებში ჩარევისა და მათთან წარმოშობილი სარწმუნოებრივი თუ კანონიკური მოუწყობლობის მოგვარების უფლება; ახლადშექმნილი ადგილობრივი ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების ერთპიროვნული უფლება. გარდა ამისა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მოსაზრებით, „დიასპორაში“ მართლმადიდებლური სამრევლოების ორგანიზებისა და მათი მართვის უფლება მხოლოდ მას აქვს – ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან სხვა ადგილობრივი ეკლესიების კანონიკური პასუხიმგებლობის სივრცეში. აღნიშნული შეხედულების თანახმად, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს უშუალო იურისდიქციას უნდა მიეკუთვნებოდეს მთელი მსოფლიო იმ რიგი ქვეყნების გამონაკლისით, რომლებზეც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქცია ვრცელდება. თუმცა, ამ გაგებით, მათზეც ვრცელდება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სასამართლო იურისდიქცია, რადგან მას ეკუთვნის „სასამართლო ხელისუფლება მთელს ეკლესიაში“ (δικαιώματαδικαστικάέντηκαθόλουΈκκλισία)» (1). მოსკოვის საპატრიარქო არ ეთანხმება ამ თეორიას და კონსტანტინეპოლის პატრიარქის პრივილეგიებს „არარსებულად“ მიიჩნევს. „ამ პრეტენზიებს იმ სახით, რომლითაც ისინი ახლა კონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ ხორციელდება, არასდროს ჰქონია მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის მხარდაჭერა“ (წმინდა სინოდის განცხადება).

II

კონსტანტინეპოლის პატრიარქის სააპელაციო და სასამართლო უფლებების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე სადავო თემაა კანონიკურ სამართალში. დავა განპირობებულია, ასევე, რიგი საეკლესიო კანონების განსხვავებული განმარტებით (ეს კანონებია: სარდიკიის კრების მე-3 და მე-5; IV მსოფლიო კრების მე-9, მე-17, 28-ე; ტრულის კრების 36-ე). ამ თემაზე ბევრი წიგნი და სამეცნიერო სტატია დაიწერა; ამაზე შეიძლება დაუსრულებელი დისკუსიები აწარმოო, ეკლესიის ისტორიიდან მტკიცებულებად მოიყვანო უამრავი როგორც „მხარდასაჭერი“, ისე „საწინააღმდეგო“ არგუმენტი და მაგალითი და იდავო თითოეული მათგანის ჭეშმარიტებაზე. ეს, უეჭველად, მნიშვნელოვანი საკითხია საღვთისმეტყველო და სამეცნიერო საეკლესიო-სამართლებრივი დისკუსიისათვის, მაგრამ უკრაინის სქიზმის პრობლემის კონტექსტში დავას იმის შესახებ, აქვს თუ არა პატრიარქ ბართლომეოსს აპელაციის მიღების უფლება ყოფილი მიტროპოლიტის – ფილარეტისგან, ყოველგვარ აზრს მოკლებულია: ფილარეტის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო პროცესი არც 2018 წლის ოქტომბერში და არც სხვა დროს არ შემდგარა.

წინამდებარე სტატიის მიზანია – ვაჩვენოთ უპირობო შეუსაბამობა პატრიარქ ბართლომეოსის ქმედებებისა ეკლესიის წმინდა კანონებთან, თუნდაც იმ ინტერპრეტაციით, რომლითაც ისინი წარმოდგენილია ექსტრა-იურისდიქციული პრივილეგიების თეორიაში (2), და რომლის თანახმადაც, კონსტანტინეპოლის პატრიარქს ნამდვილად აქვს უფლება „მიიღოს პეტიციები ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელთმთავრებისა და სხვა კლირიკოსებისგან“ (მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა და კურთხეული სინოდის 2018 წლის 11 ოქტომბრის კომუნიკე. https://ec-patr.org/nakoinothen-gias-kai-er-s-synodoy-11-okt-2018/).

საარქივო დოკუმენტი დამაჯერებელ საფუძველს იძლევა, ვამტკიცოთ, რომ ფილარეტის აპელაციის თემა არსებითად დახურული იყო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც მან დაწერა: „პასუხად შესაბამის ტელეგრამასა და წერილზე თქვენს ფრიად საყვარელ და ღრმად პატივცემულ ნეტარებას თქვენს უწმინდეს და-რუსეთის ეკლესიაში წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელმაც მისი წმინდა სინოდი მისთვის ცნობილმა მიზეზებმა მიიყვანა უახლოეს დრომდე სინოდის წამყვანი წევრის, კიევის მიტროპოლიტის ბატონ ფილარეტის განკვეთამდე. ჩვენ გვსურს, ძმურად ვაცნობოთ თქვენს სიყვარულს, რომ ჩვენი ქრისტეს წმინდა დიდი ეკლესია, აღიარებს რა თქვენი უწმინდესი რუსეთის ეკლესიის განსაკუთრებული კომპეტენციის სისავსეს ამასთან დაკავშირებით, იღებს სინოდალურ გადაწყვეტილებას ზემოთქმულის შესახებ, რამეთუ არ სურს არანაირი სირთულის შექმნა თქვენი და-ეკლესიისათვის“. მიუხედავად იმისა, რომ მღვდელთმთავრის გასამართლება, თუნდაც ის უხუცესი იყოს, თითოეული ადგილობრივი ეკლესიის შიდა საქმეა, უწმინდესმა პატრიარქმა ალექსი II ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა სამღვდელთმთავრო კრების სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე პატრიარქ ბართლომეოს და ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებს, ასევე, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს. აღმოსავლელი პატრიარქების მრგვილმოსავლელ ეპისტოლეში (1848 წ.) ნათქვამია, რომ არსებობს ჩვეულება, რომლის თანახმადაც ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები „უჩვეულო და რთული საქმეების შემთხვევაში“, „წერენ კონსტანტინეპოლის პატრიარქს“ და მიმართავენ „ძმური თანადგომისთვის“, მაგრამ „ეს ძმური თანადგომა ქრისტიანულ სარწმუნოებაში არ ხდება ღვთის ეკლესიების თავისუფლების ხარჯზე (თავ. 14). მოსკოვის საპატრიარქოდან მიღებულ შეტყობინებასთან ერთად, პატრიარქი ბართლომეოსი იმავდროულად იღებს აპელაციას უკვე განკვეთილი მიტროპოლიტი ფილარეტისგან (3). უფრო მეტიც, ხარისხიდან დამხობის შემდეგ ფილარეტი მიღებაზე მიდის პატრიარქ ბართლომეოსთან, რის შესახებაც ის თავად იტყობინება საკუთარ წერილში. სანამ ქრისტეს წმინდა დიდი ეკლესიის სახელით მოსკოვის კრების განჩინებასთან თანხმობას განაცხადებდა და რუსეთის ეკლესიის განსაკუთრებული კომპეტენციის სისავსეს აღიარებდა, პატრიარქმა ბართლომეოსმა მანამდე კიევში წარგზავნა პერგამის მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) – ერთ-ერთი წამყვანი ღვთისმეტყველი და გამოცდილებით განბრძნობილი იერარქი, და ეპისკოპოსი ვსევოლოდი (კოლომიცევ-მაიდანსკი) – „აშშ-ში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი“ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციიდან. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ფილარეტის განკვეთასთან თანხმობის შესახებ, აწონ-დაწონილი და მოფიქრებული იყო.

III

პირველ დადგენილებებს, სააპელაციო სასამართლოს პროცედურებთან დაკავშირებით, შეიცავს ანტიოქიის ადგილობრივი კრების კანონები, რომელიც ტრადიციულად უკავშირდება ანტიოქიაში აგებული გრანდიოზული ბაზილიკის – Domus Aurea „ტაძრის კურთხევას“ (341 წ. 6 ინვარს).

ამ კანონების თანახმად, თავისი ეპისკოპოსის მერ განსჯილ კლირიკოსს უფლება აქვს აპელაციით მიმართოს მიტროპოლიის ეპისკოპოსთა კრებას, სადაც „იგი წარსდგება თავის გამამართლებელი საბუთებით, და თუ კრება დაარწმუნა, მაშინ მისგან მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას საკუთარი თავის შესახებ“ (კან. 6). ეპისკოპოსმა ან კლირიკოსმა, რომელსაც ხარისხიდან ეპისკოპოსთა კრება განკვეთს, „მართებულია მიმართოს ეპისკოპოსთა დიდ კრებას, და ის, რაშიც ჰგონებს, რომ მართალია, შესთავაზოს ეპისკოპოსთა უმრავლესობას და მათ მიერ გამოძიებულსა და განჩინებულს დასჯერდეს“ (კან. 12). პროვინციის (სამთავროს) ეპისკოპოსთა კრების ერთაზრობრივი გადაწყვეტილება აპელაციას აღარ ექვემდეარება (კან. 15). ეპისკოპოსთა კრებები მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით უნდა გაიმართოს წელიწადში ორგზის და მათზე ერთობლივად გადაიჭრას ყველა სასამართლო საქმე (კან. 20).

343 წელს ქ. სარდიკიაში (თანამ. სოფია, ბულგარეთი) შედგა ადგილობრივი კრება, რომელმაც გააერთიანა დასავლეთ იმპერიის ეპისკოპოსები. თავიდან ნავარაუდევი იყო იქ მსოფლიო კრების მოწვევა, მაგრამ არიანობით დასნებოვნებული აღმოსავლელი ეპისკოპოსები განუდგნენ ამ კრებას და ფილიპოპოლში ცალკე შეიკრიბნენ. ამიტომ კრების კანონებში მოხსენიებულია რომის ეპისკოპოსი იულიუსი, მაგრამ „პაპის მიმართ რაც არის განჩინებული, ის კონსტანტინეპოლის პატრიარქსაც უნდა მივაკუთვნოთ, რადგან სხვადასხვა კანონში მასაც ყველაფერში იგივე პატივი მიეგება, როგორიც – პაპს“ (თეოდორე ბალსამონი. განმარტება სარდიკიის კრების მე-3 კანონზე). მე-3, მე-4, მე-5 და მე-14 კანონებში კრების მამებმა ჩამოაყალიბეს აპელაციის კანონიკური პროცედურა, რომელიც გამოიყენებოდა პროვინციალური კრებების მიერ ეპისკოპოსებისა და სხვა კლირიკოსების განკვეთის შემთხვევაში. კრების მიერ განკვეთილ ეპისკოპოსს ან კლირიკოსს უფლება ჰქონდა აპელაციით რომის ეპისკოპოსისთვის მიემართა და წარედგინა მისთვის თავისი უდანაშაულობის მტკიცებულება. პაპს ეძლეოდა განაჩენის სამართლიანობის პირველადი შეფასების უფლება – „თუ საკმარისად მიიჩნევს უკვე ჩატარებულ განხილვას და მიღებულ გადაწყვეტილებას ამ ეპისკოპოსის საქმეზე, მაშინ დაე, ის განაჩინოს, რასაც თავისი უკეთილგონიერესი მსჯელობით სასიკეთოდ მიიჩნევს“(კან. 5). „თუ ბრალდებული ვერ შეძლებს თავისი საქმის ისეთად წარმოჩენას, რომელიც მეორედ განსჯას მოითხოვს, მაშინ ერთხელ განჩინებული, დაე, ნუ დაირღვევა, არამედ რაც იქმნა, მტკიცე იყოს (კან. 3). თუკი რომის ეპისკოპოსი „მართებულად ჩათვლის მის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას, - მაშინ ესეც უნდა დავადგინოთ, რომ კეთილი ინებოს და მისწეროს იმ სამთავროს მოსაზღვრე ეპისკოპოსებს, რათა გულმოდგინედ და ზედმიწევნით გამოიძიონ ყველა გარემოება და ჭეშმარიტებაში დარწმუნების შემდეგ, წარმოთქვან საქმეზე მსჯავრი“ (კან. 5). სხვა სიტყვებით, რომის ეპისკოპოსის წარდგინებით საქმე უბრუნდება იმავე კრებას განსახილველად, რომელმაც პირველადი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ უკვე – გაფართოებული შემადგენლობით. რომის პაპს უფლება ჰქონდა კრების დამატებითი მონაწილენი დაენიშნა მეზობელი ეპარქიის ეპისკოპოსთა რიცხვიდან, ასევე, თავისი ლეგატები გაეგზავნა რომაელ პრესვიტერთაგან. 1992 წელს პატრიარქმა ბართლომეოსმა კანონიერად სცნო ფილარეტის განკვეთა და არ ჩათვალა საჭიროდ მისი აპელაციისთვის ოფიციალური მსვლელობა მიეცა, შესაბამისად, მან ჩათვალა, რომ საქმე არ საჭიროებდა ხელმეორედ განხილვას.

გარდა ამისა, სარდიკიის მე-4 კანონი განაწესებს, რომ თუ განკვეთილ ეპისკოპოსს განზრახული აქვს, ისარგებლოს აპელაციის უფლებით, მაშინ მისი კათედრა ვაკანტური უნდა დარჩეს იქამდე, ვიდრე ბოლომდე არ დასრულდება მისი საქმის პროცესი. მაგრამ როგორც ცნობილია, უწმინდესმა პატრიარქმა ბართლომეოსმა სცნო უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმერის (საბოდანი) გამორჩევა და აღიარა იგი კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 2014 წელს [მიტრ. ვლადიმერის ღვთივგანსვენების შემდეგ] იგივე აღიარება გააკეთა უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს (ბერეზოვსკი) მიმართ. ეს ფაქტი, ასევე ის, რომ პატრიარქმა ბართლომეოსმა საჭიროდ არ ჩათვალა ფილარეტის აპელაციისთვის ოფიციალური მსვლელობა მიეცა, მოწმობს, რომ იმ დროს კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფილარეტის საქმეს ისეთ საქმედ აღიარებდა, რომელიც გადახედვას და ხელმეორედ განხილვას არ მოითხოვდა.

IV

IV მსოფლიო კრების მამებმა მე-15 სხდომაზე (451 წ. 31 ოქტომბერი) 28 კანონი მიიღეს, რომელთაგან ორი – სახელდობრ, მე-9 და მე-17, განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლო წარმოების ზოგად ნორმებს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის მთელი ეკლესიისათვის. მე-9 კანონში ვკითხულობთ: „თუ რომელიმე კლირიკოსს სამართლებრივი დავა ექნება სხვა კლირიკოსთან, გვერდს ნუ აუვლის თავის ეპისკოპოსს და სამოქალაქო სასამართლოს ნუ მიმართავს. თავდაპირველად თავის ეპისკოპოსთან აწარმოოს საქმე, ან მისი ნებართვით ორივე მხარის მიერ არჩეულმა პირებმა შეადგინონ სასამართლო. ხოლო ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, კანონის ძალით დაისაჯოს; თუ კლირიკოსს თავის, ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან აქვს სამართლებრივი დავა, მაშინ სამთავროს კრებამ გადაწყვიტოს; ხოლო თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლირიკოსი, ასეთ შემთხვევაში ან დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს (τόν 'έξαρχον τής διοικήσεως), ან კონსტანტინეპოლის სამეუფეო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს“

მე-17 კანონი, რომელსაც მხედველობაში აქვს ეპისკოპოსებს შორის ტერიტორიული დავები, იმეორებს ამ დადგენილებას: „ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის, ან კონსტანტინეპოლის საყდრის სამსჯავროს, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი“. ისევე, როგორც სარდიკიის კრების კანონები მოსავენ რომის ეპისკოპოსს აპელაციის მიღების ერთპიროვნული უფლებით, მაგრამ არა – საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უფლებით მიღებულ აპელაციაზე, მსგავსადვე, ქალკედონის კრების კანონების თანახმად, კონსტანტინეპოლის პატრიარქს უფლება აქვს აპელაციის განსახილველად მიღებისა, მაგრამ პერსონალურად არ შეუძლია მასთან მიმართებით განაჩენის გამოტანა. ყველა სასამართლო საქმე განიხილებოდა ეპისკოპოსთა კრებებზე ან მიტროპოლიტის, ან დიდი სამთავროს ეგზარქოსის, ანუ პატრიარქის, პრიმასის, თავმჯდომარეობით. ტიტულით 'έξαρχος τής διοικήσεωςος τής ανατολικής διοικήσεως იწოდებოდა დომნე, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (4). ქალკედონის კრებამ სასამართლო საქმების განხილვის პრაქტიკის ლეგალიზება მოახდინა, მათ შორის, სააპელაციოსიც – „ენდემუსის კრებებზე“(σύνοδος 'ενδημοῦσα, მუდმივმოქმედი სინოდი) (იხ. IV მსოფლიო კრების მე-4 სხდომა, ფოტი ტვიროსელისა და ევსტათი ბერიტელის შესახებ. https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom4/1_1_8). კანონიკური სამართლის გამოჩენილი გერმანელი ისტორიკოსი კ. ი. ჰეფელე ასე განმარტავს ქალკედონის კრების მე-9 კანონის დასკვნით ფრაზას: „ჩვენი კანონის იდუმალი ნაწილი შეიძლება აიხსნას შემდეგი აზრით. კოსტანტინეპოლში ყოველთვის ბევრი ეპისკოპოსი იმყოფებოდა სხვადახვა ადგილიდან, რომლებიც იქ იმისათვის ჩადიოდნენ, რომ გადაეჭრათ თავიანთი დავები იმპერატორის სამსჯავროს წინაშე. ეს უკანასკნელი მათ საქმეებს ხშირად კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს გადასცემდა განსახლველად, რომელიც იმ მომენტში სხვადსხვა პროვინციიდან იქ მყოფ (ἐνδημοῦντες) ეპისკოპოსებთან ერთად ატარებდა σύνοδος ενδημούσα“ (5).

მართლაც, σύνοδος 'ενδημοῦσα კონსტანტინეპოლის პატრიარქის თავმჯდომარეობით, როგორც საეკლესიო სამართალწარმოების ორგანოს, ჰქონდა ექს-ტერიტორიალური იურისდიქცია და წარმოებაში იღებდა ეპისკოპოსებისა და კლირიკოსების სასამართლო დავების საქმეებს აღმოსავლეთ იმპერიის სხვადასხვა ადგილიდან. ხატმებრძოლობის შემდგომ ეპოქაში ენდემუსის სინოდები აქტიურად ცვლიან მსოფლიო კრებებს, რომელთა შეკრებაც ცნობილი ისტორიული გარემოებების გამო ძველებური ფორმით შეუძლებელი გახდა. როგორც კანონიკის ბერძენი ავტორიტეტული ისტორიკოსი პროფ. ს. ტროიანსი მიიჩნევს, „დროთა განმავლობაში σύνοδος 'ενδημοῦσα თავის იურისდიქციას სხვა საპატრიარქოების საქმებზეც კი ავრცელებს. ასე, მაგალითად, მიტროპოლიტების, მთავარეპისკოპოსების და საპატრიარქოს მაღალჩინოსნების გარდა სხვებიც ასევე ხშირად მონაწილეობდნენ სინოდის სხდომებში: სხვა საპატრიარქოს მიტროპოლიტები და პატრიარქებიც კი, როცა ისინი დედაქალაქში იმყოფებოდნენ. სხვა ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობდა დაწინაურებას, იყო ის, რომ არაბების შემოტევის შემდეგ, აღმოსავლეთის ბევრ ეპისკოპოსს, რომელთა საპატრიარქოების ტერიტორიები დამპყრობლების მიერ იყო ოკუპირებული, არ შეეძლო საკუთარი კათედრის დაკავება და კონსტანტინეპოლში რჩებოდა. მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების მე-18 კანონი, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, უშვებდა ასეთი ეპისკოპოსების „დროებით“ არ ყოფნას თავიანთ ეკლესიებში. რა თქმა უნდა, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა საპატრიარქოებიდან მრავალი ეპოსკოპოსი მონაწილეობდა კრების მუშაობაში, ძნელი იყო იმის განსაზღვრა, იყო ეს ჩვეულებრივი ენდემუსის სინოდი თუ ატარებდა ის ექსტრაორდინალური კრების ხასიათს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ვითარების გათვალისწინებით, არ არის ძნელი იმის ახსნის მოძიება, თუ რატომ დაიკავა ენდემუსის სინოდებმა მსოფლიო კრებების, როგორც ეკლესიაში მართვის უმაღლესი ორგანოს, ადგილი“ (6). სწორდ იმიტომ, რომ ენდემუსის საპატრიარქო სინოდში იწვევდნენ სხვა საპატრიარქოების წინამძღვრებსა და ეპისკოპოსებს, ასევე, იმპერატორთან სიახლოვის მიზეზით, რომლის კანონებიც და ძალაუფლებაც ფართოდ ვრცელდებოდა საეკლესიო ცხოვრების სფეროზე, გვიანბიზანტიურ ეპოქაში ეს კრებები წარმოადგენდა იმპერიის მთელი ეკლესიის ხმას. მაგრამ ჩვენს დროში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდი მხოლოდ თავის ადგილობრივ ეკლესიას წარმოადგენს. მის მუშაობაში არ იწვევენ სხვა ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებს ან წარმომადგენლებს, ამიტომაც შეუძლებელია მისი იურისდიქცია გავრცელდეს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ფარგლებს გარეთ. „ავტოკეფალურობის თანამედროვე პრინციპიდან გამომდინარე, – წერს მიტროპ. იოანე (ზიზიულასი), – მართლმადიდებელი ეკლესია თითოეულ ქვეყანაში თავისი კრების მიერ იმართება, ნებისმიერი სხვა ეკლესიის მხრიდან რაიმე ჩარევის გარეშე...“ (7). ამიტომ გვიანბიზანტიური σύνοδος 'ενδημοῦσα-ის სრულფასოვან „ანალოგად“ შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებისა და იერარქების შეკრება ყოველთა მართლმადიდებელთა სათათბიროს ფორმატში (Πανορθόδοξη Διάσκεψη) კონსტანტინეპოლის პატრიარქის თავმჯდომარეობით, ასეთები რომ რეგულარობის საფუძველზე ჩატარებულიყო. ამასთან კავშირში უნდა გავიხსენოთ, რომ 2005 წლის მაისში პატრიაქმა ბართლომეოსმა მოიწვია ყოველთა მართლმადიდებელთა სინოდი სტამბულში, იერუსალიმის პატრიარქის, ირინეოსის განკვეთის საქმესთან დაკავშირებით. სავსებით ლოგიკური იქნებოდა იმავე ფორმატში განხილულიყო იმ იერარქის სასამართლო საქმეც, რომელიც განკვეთამდე პირველი მიტროპოლიტი იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მართლმადიდებელ სახელმწიფოში.

V

ხელმძღვანელობს რა 1992 და 1997 წწ. მოსკოვის სამღვდელთმთავრო კრებების სასამართლო საქმეების ლოგიკით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს ფილარეტის მიერ შესრულებული ხელთდასხმებისა და სხვა საიდუმლოებების კანონიკურ სინამდვილეს, ასევე, მისი მიმდევრებისას ყოფილი „კიევის საპატრიარქოდან“, რომლებიც ამჟამად შეადგენენ ე.წ. მეუ-ს „ეპისკოპატისა“ და „კლირის“ უმრავლესობას, მათ შორისაა მათი მეთაური – „მიტროპოლიტი“ ეპიფანეც. ფილარეტი ხარისხიდან განკვეთეს, შემდეგ ანათემას გადასცეს. შესაბამისად, ვერც მისი მიმდევრები იქნებიან სამღვდელო მადლის მატარებელნი. სქიზმატებთან მიმართებით სასამართლო განაჩენების შეცვლა ან გაუქმება იკონომიის (სულგრძელების) პრინციპით, ეკლესიას შეუძლია მხოლოდ მათი სინანულისა და შემორიგების შემთხვევაში. თუმცა ასეთი უფლება მხოლოდ იმ ადგილობრივი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრებას აქვს, ვისაც ჩამოშორდა კონკრეტული სქიზმატური დაჯგუფება: „მათ მიმართ, ვინც თავიანთ ეპარქიებში ეპისკოპოსებმა ეკლესიის ერთობიდან განაყენეს...დაცული უნდა იქნეს კანონი, რომელიც აწესებს, რომ ერთის მიერ განკანონებული არ უნდა იქნეს სხვების მიერ შეწყნარებული“ (I მსოფ. კრების მე-5 კან.; იხ. ასევე მოციქულთა კან. 32; ანტიოქ. კრების კან. 6). „კონსტანტინეპოლის ეკლესიის სინოდს არ აქვს კანონიკური უფლება გააუქმოს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოტანილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრების მიერ“, – ნათქვამია რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის ზემოთ ციტირებულ განცხადებაში. კონსტანტინეპოლის სინოდს რეალურად არც კი უზრუნია, რომ განაცხადი გაეკეთებინა ამ გადაწყვეტილებების „გაუქმებაზე“; სინოდმა მათ იგნორირება გაუკეთა, როგორც ყოვლად უმნიშვნელო ფაქტს. იერარქიულ ხარისხში სქიზმატების „აღსადგენად“ მან საკმარის საფუძვლად ჩათვალა ის ფაქტი, რომ განხეთქილებაში ისინი აღმოჩნდნენ „არა დოგმატური მიზეზებით“. განხეთქილებას „დოგმატური მიზეზებით“ ეწოდება ერესი (მწვალებლობა). მოსკოვის საპატრიარქოს არც ფილარეტი და არც მისი მიმდევრები ერესში არ დაუდანაშაულებია. მაგრამ განა აგრესიული სქიზმატური საქმიანობა, რომელსაც „კიევის საპატრიარქო“ აწარმოებდა უკრაინაში, რუსეთში, მოლდოვაში – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებზე, ასევე, სხვადასხვა დროს მისი შეჭრა სხვა ადგილობრივი ეკლესიების – ელადის, სერბეთის, ბულგარეთის – საზღვრებში, ნუთუ არ არის მძიმე ცოდვა და დანაშაული ქრისტეს ეკლესიის ერთობის წინააღმდეგ?

კონსტანტინეპოლის საპატრიარქო დეკლარირებს, რომ უკრაინაში განხორციელებული მისი ყველა ქმედების მიზანია, განხეთქილების დაძლევა და საეკლესიო ერთობის მიღწევა. თუმცა რეალობაში მისმა ქმედებებმა მხოლოდ რელიგიური კონფლიქტების გამწვავება გამოიწვია. 2018 წლამდე სქიზმა უპირატესად რელიგიურ ხასიათს ატარებდა. მაგრამ ახლა მოხდა გაყოფა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და ზოგიერთი მათგანის შიგნით. კონსტანტინეპოლის ქმედებები არა მხოლოდ კანონიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელთა მიხედვითაც საუკუნეეების მანძილზე ეწყობა ეკლესიის ცხოვრება, არამედ აშკარად უპირისპირდება კიდეც „სქიზმის განკურნების“ მის მიერ გაცხადებულ მიზანს. ჯერ ერთი, პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან და მღვდელთმთავრებთან მიმართებით ურთიერთობის დიქტატორული სტილი აირჩია: სრულიად უგულებელყო მათი აზრი, ცნობიერება, შეხედულება, ნება. მეორეც, პატრიარქი კანონიკურ ეპისკოპოსებს აიძულებდა, სამწყემსო და ქრისტიანული სინდისის საწინააღმდეგოდ საეკლესიო თანაზიარებაში შესულიყვნენ და გაერთიანებულიყვნენ ახალ „ადგილობრივ ეკლესიაში“ იმათთან, ვისაც ეს ეპისკოპოსები თვლიან სამღვდელო მადლის არმქონე შეუნანიებელ სქიზმატ-თვითწმინდანებად. მათი ეს დამოკიდებულება ეფუძნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრების სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელთა კანონიერი ძალა ოფიციალურად იყო დამოწმებული თავად პატრიარქ ბართლომეოსის მიერ, და ეს დამოწმება არასდროს ყოფილა მის მიერ უკან გაწვეული.

VI

დასასრულ, გვმართებს, ჩამოვაყალიბოთ მოკლე თეზისები გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან.

1. სარდიკიის კრების მე-3 და მე-5 კანონების საფუძველზე, დოკუმენტურად დამტკიცებული თანხმობა მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელთმთავრო კრების გადაწყვეტილებასთან და უარი სააპელაციო პროცესის ჩატარებაზე ფილარეტის საქმესთან დაკავშირებით, ფილარეტის სამიტროპოლიტო კათედრიდან დამხობისა და სასულიერო ხარისხიდან განკვეთის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ოფიციალურ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს. თუკი პატრიარქმა ბართლომეოსმა 2018 წელს გადაწყვიტა თავისი პერსონალური გადაწყვეტილება შეცდომად ეღიარებინა, მაშინ მას თანახმად იმავე კანონებისა, უნდა მოეწვია მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელთმთავრო კრება და ამ საქმეზე ჩაეტარებინა ახალი სასამართლო პროცესი და სურვილის შემთხვევაში თავისი წარმომადგენლები დაენიშნა კრებაში მონაწილეობის მისაღებად, ანაც შეეკრიბა იმ ფორმატის მსგავსი ყოველთა მართლმადიდებელთა სინოდი, როგორიც შეკრებილი იყო პატრიარქ ირინეოსის საქმეზე.

2. კონსტანტინეპოლის პატრიარქს, როგორც 11.10. 2018 წ. კომუნიკეშია გაცხადებული, კანონიკური პრეროგატივა გააჩნია „კონსტანტინეპოლის პატრიარქისა, მიიღოს პეტიცია ყველა ავტოკეფალური ეკლესიის იერარქებისა და სხვა სასულიერო პირებისგან“ IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონების საფუძველზე. მაგრამ სასამართლო განაჩენის გამოტანა, სააპელაციო საქმეებთან დაკავშირებით, შეუძლია მხოლოდ შესაბამისი იურისდიქციის მქონე კრებას პატრიარქის თავმჯდომარეობით. ბიზანტიურ ეპოქაში ასეთი კრება იყო σύνοδος 'ενδημοῦσα, მისი იურისდიქცია აღიარებული იყო მთელი იმპერიის ტერიტორიაზე და ასევე მტკიცდებოდა იმპერატორის ხელისუფლებით. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის თანამედროვე იურისდიქცია არ ვრცელდება სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე. გარდა ამისა, სააპელაციო პროცესი შეუძლებელია ჩატარდეს იმ მსაჯულების დასწრებისა და ჩვენებების გარეშე, რომლებმაც წინანდელი საბრალდებო განაჩენი გამოიტანეს, და ახალ გადაწყვეტილებასთან იმ ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვრის თანხმობის გარეშე, რომელსაც მსჯავრდებული მანამდე მიეკუთვნებოდა.  

3. 1992 და 1997 წლების სამღვდელთმთავრო კრებების სასამართლო გადაწყვეტილებები დღესაც ინარჩუნებენ თავის იურიდიულ ძალას, რადგან არავის გაუუქმებია ისინი კანონიკურად. პატრიარქი ბართლომეოსი ცდილობდა, აეძულებინა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოტი, შესულიყო სქიზმატებთან ერთობაში, რომლებსაც არ ჰქონიათ კანონიკურად მიღებული ხელთდასხმები და საიდუმლოებები. ამიტომ ეს ქმედებები სამართლიანად კვალიფიცირდება როგორც ეკლესიის წმინდა კანონებისა და ქრისტიანული სინდისისადმი უხეში წინააღმდეგობა.

თესალონიკის მიტროპოლიტ ანასტასის მიმართ ერთ-ერთ წერილში წმინდა მღვდელთმთავარი ლეონ დიდი ასე ამხელდა ეპისკოპოსებს, ვინც თანამოძმეებზე უფროსობდნენ: „ისინი, ვინც „თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა“ (ფილიპ. 2:21)...სიამოვნებას იმაში პოულობენ, რომ ქედმაღლურად იუფროსონ და არა – დაქვემდებარებულებთან ერთად იმსჯელონ და რჩევა ჰკითხონ (consulere subditis placet); ისინი გაყოყოჩებულნი არიან საკუთარი ამპარტავნებით, ამიტომ ის, რაც მშვიდობისთვისაა დადგენილი (ანუ პირველობის პრინციპი), ამჟამად შუღლს და მტრობას ემსახურება“ (Ep. XIV. I. PL. 54.I Col. 669). როცა საქმე ეხება პირველ (primus) ეპისკოპოსსა და იურისდიქციულად უშუალოდ მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებს შორის ურთიერთობას, მაშინაც კი ეს ურთიერთობა უნდა შენდებოდეს იერარქიული უფლებების, ღირსებისა და თავისუფლების მიმართ ძმური პატივისცემის ნიადაგზე – ამაზეა დამყარებული კრებითობის პრინციპი; მით უფრო, დელიკატურობა და ურთიერთპატივისცემა იერარქიულ უფლებებთან მიმართებით, უნდა განსაზღვრავდეს ურთიერთობას იმ იერარქებს შორის, რომლებიც იურისდიქციულად არ არიან ერთმანთთან დაკავშირებულნი.

მსოფლიო ეკლესიის თანამედროვე მოწყობაში, როგორც ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების თანასაზოგადოებაში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პირველობა შეიძლება აღიარებული ყოფილიყო არა მხოლოდ როგორც პატივის ტიტულარული პირველობა, არამედ ასევე, როგორც ავტორიტეტის მორალური პირველობაც, – დაფუძნებული ეკლესიის ძველი კანონიკური ტრადიციებისადმი ბუნებრივ მოკრძალებასა და მოციქულთასწორი დიდი იმპერატორის მიერ დაარსებული საპატრიარქო საკათედრო ქალაქის 1700 წლიანი ისტორიის პატივისცემაზე. შეიძლებოდა – ამ ავტორიტეტსა და პატივისცემას ძირს რომ არ უთხრიდეს თავად ახლანდელი კონსტანტინეპოლელი წინამძღვარი.



1. Φωτιαδης Εμμανουήλ. «ΈξΆφορμήςένοςΆρθρου» Ορφοδοξία. 23. Αθήναι, 1948. 216.

2. დაწვრილებითი ინფორმაცია კონსტანტინეპოლის პატრიარქის ექსტრა-იურისდიქციული პრივილეგიის თეორიის შესახებ გადმოცემულია სტატიაში: Alexander G. Dragas. TheConstantinopleandMoscowDivide.Troitsky and Photiades on the Extra-Jurisdictional Rights of the Ecumenical Patriarchate.Φεολογίαт. 884 (2017). 135-190.

https://www.academia.edu/36576195/The_Constantinople_and_Moscow_Divide_Troitsky_and_Photiades_on_the_Extra_Jurisdictional_Rights_of_the_Ecumenical_Patriarchate

3. ქრისტუპოლის ეპისკოპოსის, ამჟამად ავსტრალიის მთავარეპისკოპოსის მაკარის სიტყვებით, 1992-2018 წლებში ფილარეტმა ექვსი აპელაცია გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეოსს (https://www.ukrinform.ua/rubric-society/2561256-episkop-makarios-hristopolskij-pomicnik-patriarha-varfolomia.html)

4. IV მსოფლიო კრების მე-14 სხდომა. J. D. Mansi. Sacrorumconciliorum nova etamplissimacollectio v.7 1762 p. 347.

5. Hefele Charles Joseph. A History of the Councils of the Church, from the Original Documents.Vol III Edinbourg 1883 p. 396.

6.SpirosTroianos. Patriarchal and Synodical Acts of the Tenth and Eleventh Centuries.Сборник. The History of Byzantine and Eastern Canon Law to 1500 Washington 2012.p. 164.

7. Иоанн (Зизиулас), митр. Пергамский. Бытие как общение. VII. I. https://predanie.ru/book/121626-bytie-kak-obschenie/#/toc43

 

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب