
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას






სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.03.22. 2022 წლის 27 მარტს, დიდმარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის, კვირიაკეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების კავშირის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია აღასრულა მოსკოვში, დიდ ორდინკაზე, ღვთისმშობლის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახ. ტაძარში.
მწყემსთმთავარს ტაძრის კლირიკოსები თანამსახურებდნენ.
მრჩობლ კვერექსზე მეუფე ილარიონმა ლოცვა აღავლინა მშვიდობის დამყარებისა და შიდა მტრობის შეწყვეტისათვის.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მწყემსთმთავარმა მორწმუნეებს ქადაგების სიტყვით მიმართა:
„სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს წმინდა ეკლესია თაყვანსაცემად გამოაბრძანებს ქრისტეს პატიოსან, ცხოველსმყოფელ ჯვარს, რათა დიდმარხვის განზოგებისას მივიღოთ უფლის ჯვრიდან გამომავალი განსაკუთრებული სულიერი ძალა.
ეს ძალა არის მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც მან უბოძა ჯვარს, რათა ჯვარმა დაგვიცვას ყოველგვარი ბოროტებისგან და იყოს ჩვენი გზამკვლევი ცხოვრების გზაზე, რათა ქრისტეს ჯვრის მზერით განვმტკიცდეთ ჩვენ სულიერად და ფიზიკურად.
გამოსვლათა წიგნში ვხვდებით ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაადგა გზას ისრაელის ერი უწყლო უდაბნოში; და უცებ მათ იპოვეს წყარო, მაგრამ წყალი მწარე აღმოჩნდა. ხალხმა მოსეზე დრტვინვა დაიწყო. მაშინ მოსემ წყაროს სათავეში კვერთხი ჩააგდო და წალი მყისვე გახდა ტკბილი და სასმელად ვარგისიანი.
უკვე ადრექრისტიანულ ეკლესიაში ეს ისტორია მიიჩნეოდა როგორც ქრისტეს ჯვრის წინასახე, რადგან ქრისტეს ჯვარი ჩვენს ცხოვრებას ღვთის მადლით ავსებს, სიმწარეს სიტკბოდ აქცევს, და გვაძლევს ძალებს, იმედსა და ნუგეშს.
მარკოზისაგან სახარების დღევანდელ საკითხავში ჩვენ მოვისმინეთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: ვისაც უნდა, რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი და აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე (მარკ. 8:34). უფალმა იესო ქრისტემ ეს სიტყვები თავის ჯვარცმამდე წარმოთქვა. თავისი სულიერი ხედვით ის უკვე ჭვრეტდა საკუთარ ტანჯვას, საკუთარ აღსასრულს და ეს ჯვარი მოამზადა არა მხოლოდ თავისთვის, როგორც სასჯელის იარაღი, არამედ, ასევე, როგორც მაცხოვნებელი და თითოეული მორწმუნისთვის ცხოვრების გზაზე შესაწევნელი ძალა.
უფალი ყოველ ადამიანს მოუწოდებს, ატაროს საკუთარი ჯვარი. ეს ჯვარი იქმნება ცხოვრებისეული სირთულეების სიმძიმისგან, რომლებიც ყველა ადამიანს თავისი აქვს. ეს შეიძლება იყოს განუკურნებელი სნეულება, ან რთული ცხოვრებისეული გარემოება, ანაც ადამიანის გარემომცველი საზოგადოება, რომელშიც მას უჭირს ცხოვრება, ანთუ სხვა ცხოვრებისეული ვითარება.
უფალი მოგვიწოდებს, უარვყოთ საკუთარი თავი, ანუ არ ვიფიქროთ კომფორტზე, საკუთარ სარგებელზე, კეთილდღეობაზე, ამსოფლიურ წარმატებაზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა – ღმერთზე და იმაზე, თუ როგორ მივუძღვნათ ჩვენი თავი უფალს და ახლობლებს.
ერთ ადგილას უფალი სვამს შეკითხვას: რა სარგებელი აქვს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და ავნებს თავის სულს? (მარკ. 8. 36). ეს ნიშნავს: რა სარგებელს მიიღებს ადამიანი იქიდან, თუ იგი მოიხვეჭს მატერიალურ სიმდიდრეს, მიაღწევს წარმატებას, კეთილდღეობას, მაგრამ ამასთან, დაიზიანებს საკუთარ სულს, ვერ შეძლებს მასში სულიწმიდის მადლის მოხვეჭას?
გარდა ამისა, უფალი ამბობს სიტყვებს, რომლებიც ზოგიერთს შეიძლება გაუგებრად მოეჩვენოს: ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას (მარკ.8:35). სიტყვა „სული“ სხვადასხვა მნიშვნელლობით გამოიყენება. ადამიანთან მიმართებით ის შეიძლება აღნიშნავდეს მისი უკვდავი სულის თვისებას, ასევე შეიძლება ადამიანის ცხოვრებასაც აღნიშნავდეს. როდესაც უფალი ამბობს, ვისაც სურს საკუთარი სულის გადარჩენა, მაშინ აქ „სული“ გამოიყენება მთელი ცხოვრების მნიშვნელობით: თუკი ადამიანი მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ შეინარჩუნოს საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი კეთილდღეობა, მიწიერი კომფორტი, მაშინ იგი ცხონებას კარგავს. ხოლო თუკი ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს სხვებისთვის გასწირავს, თუკი ის საკუთარ ცხოვრებას ღვთის სამსხვერპლოზე მიიტანს და ეტყვის: „უფალო, აი, მე და ჩემი სიცოცხლე. ჰქმენ ჩემ მიმართ, რაც შენ გსურას, და უყავნ ჩემს ცხოვრებას, რაც შენ გნებავს!“ – მაშინ ის ცხონებას იხვეჭს.
აი, რას გვახსენებს დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს. აი, რატომ ისმის მაცხოვრის ეს სიტყვები მარკოზისაგან სახარებიდან, და აი, რატომაც ხდება ქრისტეს ჯვრის გამობრძანება ტაძრის შუაგულში, რათა თაყვანი ვსცეთ მას და განვმტკიცდეთ მისგან გამომავალი საღვთო მადლის ძალით.
მაშ ვცეთ თაყვანი ქრისტეს ჯვარს და გამივითხოვოთ უფალ იესომ ქრისტესგან ძალები დიდმარხვის ღვაწლის შესასრულებლად, ჩვენი ცხოვრებისეული ჯვრის სატარებლად, იმ გზის გასავლელად, რომელიც ჩვენ გვაცხოვნებს და ღვთის სასუფეველში მიგვიყვანს. ამინ“.
შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა შეასრულა ქრისტეს ჯვრის თაყვანისცემა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021