თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში
2022 წლის 14 იანვარს, უფლის წინადაცვეთის დღესასწაულსა და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ილარიონის საეპისკოპოსო ქიროტონიიდან 20 წლისთავი შესრულდა.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა დედაქალაქში დიდ ორდინკაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში.
ლიტურგიაზე მწყემსთმთავარს თანამსახურობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი, სარანსკისა და მორდოვის მიტროპოლიტი ზინობი, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსი კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი, აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვის საპატრიარქო ტახტთან არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, ტაძრის კლირიკოსები.
მრჩობლ კვერექსზე ლოცვითი ვედრება აღევლინა კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაღწევად.
მრჩობლი კვერექსის შემდეგ, მეუფე ილარიონმა ლოცვა აღავლინა, რომელიც მავნე სნებათა ჰაერით განფენის დროს იკითხება.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სსკგ-ის თავმჯდომარის სამღვდელთმთავრო კურთხევის 20 წლისთავთან დაკავშირებული მისალოცი მიმართვა გააჟღერა.
მოსკოვის საპტრიარქოს ტახტთან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების სახელით ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა მეუფე ილარიონს მიულოცა და, კერძოდ, აღნიშნა:
„ახალგაზრდული წლებიდანვე თქვენ მიიღეთ ღვთისადმი რწმენის ნიჭი. რა თქმა უნდა, ეს თქვენი პატივცემული დედის დამსახურებაა. და მთელი მომდევნო წლების განმავლობაში თქვენ ამ რწმენას ცხოვრებაში ხორცი შეასხით, განავითარეთ, ატარებდით თქვენში მოყვასის სიყვარულის ალს. წმიდა ეკლესიის მსახურების საფეხურებზე ასვლისას და სხვადასხვა მორჩილებაში ცოდნისა და გამოცდილების მოპოვებისას თქვენ აღმოაჩინეთ, თუ რამდენად მდიდარია უფალი ჩვენდამი წყალობით „მრავლითა სიყვარულითა მისითა“ (ეფეს. 2.4).
ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, ღვთის შეწევნით განაგრძობთ თქვენს გზას, არ კარგავთ რა თავდაჯერებულობას, გულწრფელად ემსახურებით რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ქადაგებთ ღვთის სიტყვას. მონაწილეობთ და ხელმძღვანელობთ სხვადასხვა საეკლესიო და რელიგიათაშორის კონფერენციებსა და ფორუმებს, თქვენ ფსალმუნთმგალობლის სიტყვებით ხელმძღვანელობთ: „ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ“ (ფსალმ. 113. 1.9).
მიტროპოლიტმა ნიფონმა მეუფე ილარიონს ღვთის შეწევნა უსურვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასიკეთოდ მსახურებაში. „დაე სიხარულმა, რომელსაც თქვენ ეკლესიას ანიჭებთ, თქვენი გული აღავსოს“, – ხაზგასმით აღნიშნა იერარქმა.
შემდეგ მეუფეს მიულოცეს ახალგაზრდული კლუბის – „ამაღლება“ წარმომადგენლებმა, რომელიც დიდ ორდინკაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძართან მოქმედებს.
შემდეგ ტაძარში მყოფ ყველა ადამიანს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მწყემსთმთავრული სიტყვით მიმართა:
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფევ მიტროპოლიტო დიონისე,
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფევ მიტროპოლიტო ნიფონ,
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფევ მიტროპოლიტო ზინობ,
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფევ მიტროპოლიტო ლეონიდე,
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფევ მიტროპოლიტო ანტონ,
ძვირფასო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო!
გულითადად გილოცავთ ყველას უფლის წინადაცვეთის დღესასწაულს და კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს, რომლის საღმრთო ლიტურგია დღეს აღვასრულეთ.
მთელი გულით მადლიერი ვარ ამ დღეს, როცა ვიხსენებ ჩემი საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლის იუბილეს, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესი. 20 წლის წინ, როგორც სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ის იყო ამ ქიროტონიის ინიციატორი. მან წარმადგინა უწმინდესს პატრიარქ ალექსი II-სთან სამღვდელთმთავრო მსახურების კანდიდატად, და მისი მხარდაჭერით, მომდევნო წლებში მე უკვე იერარქიულ მსახურებას ვასრულებდი იმ ადგილებში, სადაც მმართველი მღვდელთმთავრები მაკურთხებდნენ.
როდესაც სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე მოსკოვის საპატრიარქო ტახტზე აირჩიეს, მაშინ მისი და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მე მქონდა პატივი და პასუხისმგებლობა მეხელმძღვანელა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებისთვის – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი სინოდალური დაწესებულება, რომლის პასუხისმგებლობაშია მართლმადიდებელთაშორისი და ქრისტიანთაშორისი კონტაქტები, რელიგიათაშორისი დიალოგი, ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერა შორეულ საზღვარგარეთში, უცხო ქვეყნების პოლიტიკურ სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტები.
ეს ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, ყოველდღიურ დაძაბულობას, ყველაფრისთვის თვალყურის დევნებას, რაც მსოფლიოში ხდება, ასევე გარკვეულ დიპლომატიურ უნარებს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს სამუშაო ითხოვს საკუთარი ეკლესიისადმი აბსოლუტურ ერთგულებას, რომლის გარეშე ვერც მე და ვერც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მთელი კოლექტივი ვერ გავუმკლავდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ ამოცანებს.
ამოცანები კი სულ ახალ-ახალი ჩნდება. მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებში ჩვენ შევედით ისეთ ზოლში, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის მძიმეა. ჩვენ წავაწყდით არა მხოლოდ გაუგებრობას, არამედ ჩვენი ეკლესიის მიმართ მტრულ ქმედებებს კონსტანტინეპოლის პატრიარქის მხრიდან, რომელიც იმის ნაცვლად, რომ დაგვეხმაროს ყველას უკრაინაში არსებული განხეთქილების დაძლევაში, ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა იმისთვის, რომ ის გაეღრმავებინა და განხეთქილების განმკურნებელი მოლაპარაკებები ჩიხში შეეყვანა, რომელიც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა და შესაძლო იყო, ალბათ, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებამდე მივსულიყავით.
მაგრამ, სამწუხაროდ, პატრიარქმა ბართლომეოსმა მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც მსოფლიო მართლმადიდებლობის სხეული განყო არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოში.
ჩვენ თავმდაბლობით ვიღებთ მომხდარს, როგორც ღვთის დაშვებას, როგორც განსაცდელს, რომელიც ჩვენ გამოგვეგზავნა. თავისი ისტორიის მანძილზე ეკლესია მრავალ განსაცდელს გადიოდა. ჩვენმა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაიარა ისეთ განსაცდელებში, რომ იმ ურთულეს პირობებში მისი გადარჩენა მხოლოდ ღვთის სასწაულით შეიძლება აიხსნას, როდესაც ამოცანად იყო დასახული ეკლესიის ფიზიკური ამოძირკვა სამღვდელოების განადგურებით, ყველა მონასტრის დახურვით, ტაძრების დაკეტვითა და განადგურებით.
ჯოჯოხეთის ყველა ძალა მიუშვეს იმისკენ, რომ ეკლესია გაენადგურებინათ. მაგრამ ის გადარჩა. გარკვეული დროის განმავლობაში ის გარსებობდა როგორც პატარა სამწყსო, როგორც დევნილ ადამიანთა ჯგუფი. და მაშინ ღმერთმა სათნო-იჩინა აღედგინა ჩვენი ეკლესია, როგორც ჩიტი ფენიქსი ფერფლიდან. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, როგორ აღორძინდება, მკიტცდება ეკლესია, და არავითარი ძალისხმევა, რომელიც მისი დაკნინებისკენაა მიმართული, ნაყოფს არ იძლევა.
მოდით, დავფიქრდეთ ძალიან მარტივ ფაქტზე. მნიშვნელოვანი ძალები მიუშვეს იმისკენ, რომ ჩვენი ეკლესია განეყოთ. მაგრამ ეკლესია არ განიყო, და რჩება ერთიანი. დიდი პოლიტიკური და ფინანსური სახსრები ჩაიდო იმისთვის, რომ ჩვენი ეკლესია დაესუსტებინათ. მაგრამ ეკლესია არ დასუსტებულა, და ინარჩუნებს თავის ერთობას რუსეთშიც, უკრაინაშიც, ბელორუსიაშიც, მოლდოვაშიც, ყაზახეთშიც და სხვა ქვეყნებშიც, სადაც ის მოქმედებს. ეს ერთობა უზრუნველყოფილია, უპირველეს ყოვლისა, ეპისკოპატის, სასულიერო პირებისა და მორწმუნე ხალხის ერთობით. ჩვენს ეკლესიაში არავის არსად განშორება არ უნდა. ყველას უნდა ერთად ვიყოთ ერთ, დიდ, მრავალეროვნულ ოჯახში, რომელიც ჩვენი ძალისხმევით არ შექმნილა, და ამიტომ მისი დანგრევა ან დანაწევრება ჩვენს ნება-სურვილზე არ არის. ჩვენ მივიღეთ ის ისეთი, როგორიც ის ახლა არსებობს, იმ კანონიკურ საზღვრებში, რომელშიც ის ჩამოყალიბდა. და არავის აქვს ამ საზღვრების ხელყოფის უფლება.
ჩვენ ყოვლეგვარ ძალისხმევას ვიჩენთ, რომ ჩვენი ეკლესიის წმინდა საზღვრები დავიცვათ. ამიტომაც არსებობს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება, რათა დაეხმაროს უწმინდესს პატრიარქს, წმიდა სინოდს და რუსეთის ეკლესიის მთელ ეპისკოპატს ჩვენი წმინდა საზღვრების დაცვაში. რასაც ჩვენ ღვთის შეწევნით შემდეგშიც გავაკეთებთ.
მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ დღეს თქვენ, ძვირფასო მეუფევ მიტროპოლიტო დიონისე, კეთილი თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასა და მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველობას შორის. ასეთი თანამშრომლობის გარეშე ჩვენთვის რთული იქნებოდა იმ პრობლემებისა და საკითხების გადაჭრა, რომლებიც ყოველდღიურად ჩნდება და საჭიროებს გააზრებულ და მშვიდ განხილვას. და ამ სიმშვიდეს, და გააზრებას ჩვენ ვპოულობთ თქვენი სახით, რისთვისაც მე თქვენ გულითად მადლობას გიხდით.
მინდა გამოგიხატოთ ჩემი გულითადი მადლიერება თქვენ, ძვირფასო მუფევ მიტროპოლიტო ნიფონ, განსხვავებული როლისთვის, რომელსაც თქვენ ასრულებთ ქალაქ მოსკოვის საეკლესიო ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებში. თქვენ წარმოადგენთ არა მხოლოდ უძველეს, ანტიოქიის წმინდა ეკლესიას, რომელიც მოციქულების პეტრესა და პავლეს მიერ არის დაარსებული, არამედ, გარკვეული გაგებით, მსოფლიოს მთელ მართლმადიდებლობას, რადგან თქვენ სამართლიანად მიგიჩნევენ, როგორც ამბობენ დიპლომატიურ პრაქტიკაში, ქალაქ მოსკოვში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კორპუსის დუაიენად. გულითადად მოგესალმებით თქვენ და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებიან ტაძარში, ასევე, წმინდა ბასილი დიდის ენაზე რომ ვთქვა, კურთხეულთა გამო ბრალთა დამტევებელი“ – მათი, ვინც აქ არ იმყოფება, მაგრამ თავიანთი მილოცვები გამოაგზავნეს.
გულითად მადლობას ვუხდი თანამოძმე მწყემსთმთავრებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დღევანდელ ღვთისმსახურებაში – მაღალყოვლადუსამღვდელოეს დასავლეთ ევროპის ეგზარქოსს და ახლადდანიშნულ აფრიკის ეგზარქოსს.
მადლობას ვუხდი მეუფე მიტროპოლიტ ზინობს.
დღეს ჩვენ ვიწრო წრეში შევიკრიბეთ, რათა არ დავარღვიოთ ეპიდემიის წესები, მაგრამ იერარქების მთელი რიგი, რომელთაც სურდათ მონაწილეობა მიეღოთ ჩვენს დღესასწაულში, დღეს ჩვენ ლოცვით გვესწრებიან.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში და განყოფილების ყველა თანამშრომელს, ასევე ყველას, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში, თეოლოგიური განათლების სფეროში, ამ წმინდა ტაძრის სასულიერო პირებს, ახალგაზრდებს, ვინც აქ იმყოფებიან და ვინც დღეს თბილი და გულწრფელი სიტყვებით მომესალმნენ.
მინდა ყველა ჩვენგანს ვუსურვო, რომ უფალმა ჯანმრთელობა მოგვცეს, რომ ჩვენ და ჩვენს ნაცნობებს არ შეგვეხოს ვირუსმა, რომელიც, სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში განაგრძობს მძვინვარებას.
დაე უფალმა დაგვიფაროს ჩვენ ყოველგვარი ბოროტებისგან. დაე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაგვიფაროს თავისი პატიოსანი ომოფორით, და წმინდა ბასილი დიდის ლოცვა, რომლის ხსენებაც დღეს საზეიმოდ აღვნიშნეთ, გვიძღოდეს ჩვენ ცხოვრების გზაზე.
ყველას გილოცავთ დღესასწაულს! გფარავდეთ უფალი!“.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური