უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს














2022 წლის 2 იანვარს სანკტ-პეტერბურგის სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარში აღსრულდა საღმრთო ლიტურგია და სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძრის საპატიო წინამძღვრის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს უფროსი ძმის დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის წესის აგება. მამა ნიკოლოზმა 2021 წლის 30 დეკემბერს 82 წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.
ტაძრის ცენტრში დაბრძანებული იყო სასახლე ახლადშესვენებული დეკანოზის ნიკოლოზ გუნდიაევის ნეშტით.
სასახლეს ამკობდა გვირგვინები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინისგან, უწმინდესი პატრიარქი კირილესაგან, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ა.დ. ბოლოტოვისგან, სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო საკრებულოს თვმჯდომარისა და დეპუტატებისაგან, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტის ბარსანუფისგან და სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს სამღვდელოებისგან, ყვავილების კალათი სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან.
საღმრთო ლიტურგიაზე მსახურებას წარუძღვა სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი.
ლიტურგიაზე საკურთხეველში ლოცულობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე.
საკურთხეველში ასევე ლოცულობდნენ: ვიბორგისა და პრიოზერსკის ეპისკოპოსი ეგნატე; ტიხვინისა და ლოდეინოპოლის ეპისკოპოსი მსტისლავი; გატჩინისა და ლუგის ეპისკოპოსი მიტროფანე; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის რექტორი პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანე; სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს საეპარქიო სამმართველოს მდივანი დეკანოზი სერგი კუკსევიჩი; სანკტ-პეტერბურგის სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ ბრინდინი; სანკტ-პეტერბურგის წმ. ნიკოლოზის სახ. საზღვაო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ვლადიმერ სოროკინი; ქ. ჟენევის (შვეიცარია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი; სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის ვიბორგის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, ქ. სანკტ-პეტერბურგში პოროხოვზე ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე ბუდნიკოვი; უწმინდესი პატრიარქი კირილეს პირადი მდივანი არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი), ქ. სანკტ-პეტერბურგის სამება-იზმაილოვის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გენადი ბარტოვი; ვიბორგის ეპარქიის ტოქსოვის ოლქის კეთილმოწესე დეკანოზი ლევ ნეროდა და სხვა ღვთისმსახურები.
განსვენებულ მამა ნიკოლოზთან გამოსათხოვრად მოვიდნენ მისი ნათესავები და ახლობლები, სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს სამღვდელო და სამონაზვნო დასების წარმომადგენლები, ერისკაცები. ტაძარში მოვიდა ასევე სანკტ-პეტერბურგის მერი ა.დ. ბეგლოვი.
ლიტურგიის დასასრულს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის წესის აგების მსახურება ჩაატარა.
წესის აგების ღვთისმსახურების დაწყებამდე უწმინდესმა მეუფემ გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა:
„ჩვენ აღვასრულებთ ამ წმინდა ტაძრის საპატიო წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის წესის აგების მსახურებას და მე, როგორც მის ძმას, მსურს ორიოდ სიტყვა ვთქვა გარდაცვლილზე, ვთქვა შესაძლოა რაღაც ისეთი, რასაც სხვა ვერავინ იტყვის, რადგან ეს გარეშე თვალისთვის შეუმნეველი რჩებოდა.
მე მინდოდა მეთქვა, რომ მამა ნიკოლოზი ძალზე უბრალო და თავმდაბალი ადამიანი იყო. მიმადლებული ჰქონდა რა დიდი ნიჭი, მათ შორის საკუთარი აზრების როგორც ზეპირად, ისე წერილობით გადმოცემის უნარი, ის როგორც ახლა იტყვიან, ძალზე მოთხოვნადი იყო. თავის დროზე ზოგადსაეკლესიო ხასიათის ყველა დოკუმენტი მისი პირდაპირი მონაწილეობით იქმნებოდა. არცთუ იშვიათად ის იყო ამ დოკუმენტების ავტორი, მაგრამ ისინი არასოდეს გამოდიოდა მისი სახელით, ვინაიდან ზოგადსაეკლესიო ავტორიტეტისა იყო. ის მრავალ მწყემსთმთავარს ეხმარებოდა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტების შედგენაში, რომლებსაც ისინი საჯაროდ წარმოთქვამდნენ, როგორც საეკლესიო მსახურების მნიშვნელოვანი მიმართულებებისათვის პასუხისმგებელნი, ხოლო მამა ნიკოლოზი ჩრდილში რჩებოდა. და აი, რა არის მნიშვნელოვანი: ჩრდილში ყოფნა ხომ იმგვარადაც შეიძლება, რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს ამის შესახებ. განა ცოტა გვყავს სხვადასხვა ჯურის სპიჩრაითერები, რომელთა შესახებაც მთელმა ქვეყანამ იცის, ვის და რას უწერერნ? ცოტაა სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე, რომლებსაც არ ერიდებათ ხაზი გაუსვან საკუთარ მნიშვნელობას? აი, მამა ნიკოლოზი კი ყოველთვის საკუთარი სურვილით რჩებოდა ჩრდილში და ცოტამ თუ იცოდა, რომ ისტორიაში ზოგადსაეკლესიოს სახელით შესული დოკუმენტები მისი კალმით იყო დაწერილი.
მისი ნიჭი გამოიხატებოდა ასევე მის შესანიშნავ ქადაგებებში, რომელთა მეშვეობითაც, როგორც ჩემთვის უკვე მაშინ იყო ცნობილი, მრავალი ადამიანი მოექცა. სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარში შემთხვევით შესული ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მორწმუნენი, მოისმებდნენ რა მამა ნიკოლოზის ქადაგებას, ვეღარ ივიწყებდნენ მის სიტყვებს და საბოლოოდ, მისი მრევლი ხდებოდნენ.
ახლა მის სასახლესთან ამ ყველაფრის თქმა შესაძლებელი და აუცილებელია, მაშინ კი ეს ცოტამ იცოდა. მამა ნიკოლოზი ძალიან უბრალოდ მსახურებდა, ამასთან, ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვით. როგორც ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი წერილობითი ტექსტების შედგენის უნარი ჰქონდა, ის ძალიან საჭირო იყო მოსკოვში საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში. მას ამ მნიშვნელოვანი საეკლესიო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მაგრამ ამავე დროს სანკტ-პეტერბურგის, მაშინ ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორი და ამ ტაძრის წინამძღვარი იყო. ამიტომ მისი განრიგი ასეთი იყო: ორშაბათიდან პარასკევამდე მოსკოვში, შაბათს ლექციები აკადემიაში, შაბათ საღამოს ღამისთევით ლოცვა პრეობრაჟენსკის ტაძარში, კვირას კი აქვე ლიტურგია, შემდეგ კი მატარებლით –მოსკოვში. და როცა ვინმე, მათ შორის მეც, მის უშუალო უფროსობას მიმართავდა თხოვნით, რომ შესაძლებლობა მიეცათ მისთვის თუნდაც ორშაბათობით დარჩენილიყო ლენინგრადში, რომ ოჯახისთვის დაეთმო დრო, პასუხი მუდამ ასეთი იყო: „მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ მამა ნიკოლოზის გარეშე? არა, ჩვენ ყველაფერი გაწერილი გვაქვს, ის ადგილზე უნდა იყოს ორშაბათს, დილის 10 საათზე“. და ასე არა ერთი და ორი, არამედ მრავალი წელი მისი ცხოვრებისა...
მინდა ერთხელაც ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ადამიანების უმრავლესობისათვის ცნობილი არ იყო, მე პირველი ვამბობობ ამას, რადგან ეს ცნობილი უნდა იყოს. ის უბრალო და ძალიან ნიჭიერი, ღვთისგან უხვად დაჯილდოებული ადამიანი იყო. არასოდეს ცდილობდა თავისი ნიჭიერებით თავის მოწონებას, არ გამოჰკიდებია ჯილდოებს, არ გაუწევია განზე არავინ უფრო გამოსაჩენი ადგილის დასაკავებლად, ის ყოველთვის ოდნავ ჩრდილში იდგა და ნამდვილად არ ისწრაფოდა ადამიანური დიდებისკენ. გარკვეული თვალსაზრისით მამა ნიკოლოზი ყოველი ჩვენგანისთვის მაგალითი იყო – მათთვის, ვინც იცოდა მისი შინაგანი მდგომარეობა, მისი ცხოვრების წესი. მაგრამ ალბათ თუ ვეცდებით რაღაც შევაჯამოთ და მისი მსახურების ერთგვარი საშუალო მნიშვნელობა გამოვიყვანოთ, სრულიად ცხადი გახდება, რომ მრავალ მორჩილებათა და საქმეთა შორის მისთვის უმთავრესი იყო საღმრთო ლიტურგიის აღსრულება და ღვთის სიტყვის ქადაგება. ქადაგებისთვის ის ყოველთვის ემზადებოდა და მას მართლაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საქმედ თვლიდა, ამიტომაც მრავალი ადამიანი რეალურად მივიდა რწმენამდე, ერთხელ მოისმინა რა მისი სიტყვები.
მამა ნიკოლოზს მძიმე მოხუცებულობა ერგო – არა იმიტომ, რომ რაიმე გარეშე გარემოებებით იყო დამძიმებული, არამედ მძიმე ავადმყოფობის გამო. მაგრამ ბოლო წუთამდე თვალებში – სიტყვის წარმოთქმა უკვე აღარ შეეძლო – რაღაც განსაკუთრებული სხივი ედგა. მე ის აღსასრულამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ვინახულე და როცა ვკითხე: „მიცანი?“ – მან ვერ მიპასუხა, მაგრამ თვალები ისე გაუნათდა, რომ მე მივხვდი, რომ მიცნო და ამ ხანგრძლივი მზერით გამომემშვიდობა.
ვფიქრობ, მრავალი ადამიანი არ დაივიწყებს მამა ნიკოლოზს თავის ლოცვებში. ახლა კი გავაცილოთ ერთგული მონა ღვთისა, შევასრულოთ დეკანოზ ნიკოლოზის წესის აგების საიდმულო. დაე შეუნდოს უფალმა ცოდვანი ნებსითნი და უნებლიეთნი, დაე, შერაცხოს იმათ დასში, ვინც ღირს იქმნენ დაემკვიდრებინათ მარადიული საღვთო სასუფეველი! ამინ“.
წესის აგების შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მადლობა გადაუხადა ღვთისმსახურების მონაწილეთ ლოცვისთვის, ასევე ყველას, ვინც სამძიმარი გამოთქვა მამა ნიკოლოზის გარდაცვალების გამო:
„მინდა ყველას გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ლოცვებისთვის, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო რუსეთის ფედერციის პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის მიმართ, მისი სამძიმრისა და ამ შესანიშნავი გვირგვინისთვის. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სამძიმარი, ისევე როგორც გუბერნატორის, უამრავი სასულიერო პირისა და ჩვენი მორწმუნეთა სამძიმარი, ერთგვარი შეჯამებაა განსვენებული მამა ნიკოლოზის განვლილი ცხოვრებისა.
ახლა მას არავითარი მადლობა აღარ სჭირდება, მას ახლა მხოლოდ ლოცვა სჭირდება, და მე ყველას გთხოვთ მოიხსენოთ ის თქვენს ლოცვებში, როგორც შინ, ისე ტაძარში. მოიხსენეთ ერთგული და მდაბალი მონა ღვთისა დეკანოზი ნიკოლოზი, დაე განუსვენოს უფალმა თავის ზეციურ სავანეებში. ამინ!“.
შემდეგ სასახლე მამა ნიკოლოზის ნეშტით ალექსანდრე ნეველის წმინდა სამების ლავრაში გადაასვენეს.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური