მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას




















2021 წლის 28 ნოემბერს სულთმოფენობიდან 23-ე კვირას, მოწამეთა და აღმსარებელთა გურის, სამონისა (299-306) და აბიბოს (322) ხსენების დღეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ტაძარში ბოლშაია ორდინკაზე. მეუფეს სამრევლოს კლირიკოსები თანამსახურებდნენ.
ლიტურგიაზე მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა ლოცვითი ვედრება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით.
შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც იკითხება მავნე სნებათა ჰაერით განფენისას.
ლიტურგიის დასასრულს მეუფემ მორწმუნეებს მწყემსთმთავრული სიტყვით მიმართა:
„სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა!
დღევანდელი სახარების საკითხავში ჩვენ მოვისმინეთ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მიუახლოვდა ერთი სჯულის-მეცნიერი იესო ქრისტეს და ჰკითხა: „მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?“ (ლუკა 10:25). უფალმა მას კითხვაზე კითხვით უპასუხა: „სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ?“ (ლუკა 10:26).
შემდეგ სჯულის-მეცნიერმა დაასახელა მოსეს კანონის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი“ (ლუკა 10:27). რაზეც ქრისტემ უთხრა მას: „მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე“ (ლუკა 10:28).
მაგრამ სჯულის-მეცნიერი იესოს კიდევ ერთ კითხვას უსვამს: „ვინ არს მოყუას ჩემდა“ (ლუკა 10:29), – რა თქმა უნდა, უფლისგან პირდაპირ პასუხის მიღებას ელოდებოდა. რამეთუ ისრაელის ერში მიიჩნევდნენ, რომ მათი ახლობლები – მხოლოდ ებრაელები იყვნენ, და ყველა დანარჩენი მტრები.
უფალი იმის ნაცვლად, რომ კითხვაზე პასუხი გასცეს, მოწყალე სამარიელზე იგავს ყვება.
ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონში მიდიოდა. გზა საშიში იყო, მოგზაურები მასზე ხშირად მძარცველებს აწყდებოდნენ. მძარცველები ამ მარტო მყოფ მოგზაურსაც დაესხნენ თავს, გაძარცვეს და ისე სცემეს, ძლივს ცოცხალი გადარჩა. იქვე უბედურ კაცთან მღვდელმაც, ლევიტელმაც, სამარიტელმაც გაიარა და ის მხოლოდ სამარიტელმა შეიბრალა – კაცმა, რომელიც არ ეკუთვნოდა იმავე სარწმუნოებას, რასაც ებრაელები.
სამარიტელმა, დაინახა ნაცემი და დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში მწოლიარე კაცი, შეებრალა იგი, აიყვანა და დასვა ვირზე, რომლითაც მიდიოდა, მიიყვანა სასტუმრომდე, გადაუხადა სასტუმროს მფლობელს და უთხრა: „იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ“ (ლუკა 10:35).
იგავი რომ დაასრულა, იესომ ჰკითხა სჯულის-მეცნიერს: „ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ?“ (ლუკა 10:36). სჯულის-მეცნიერი პასუხობს: „რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა“ (ლუკა 10:37). რაზეც ქრისტე ეუბნება მას: „ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე“ (ლუკა 10:37).
ეს იგავი, უპირველეს ყოვლისა, მოწმობს იმაზე, რომ ღმერთისთვის არ არსებობს განსხვავება ადამიანებს შორის მათი ეროვნების, რასის თუ აღმსარებლობის მიხედვით . ყველა ადამიანი ღმერთის მიერაა შექმნილი მის ხატად და მსგავსად. და ჩვენი მოყვასი არ არის მხოლოდ ჩვენი თანატომელი, არა მხოლოდ ის, ვისაც სწამს ისე, როგორც ჩვენ გვწამს, ან ვინც ფიქრობს ისევე, როგორც ჩვენ, არამედ ის – ვინც მოცემულ მომენტში ჩვენს წყალობას საჭიროებს.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ტანჯული ადამიანების გვერდით დგომა, რომლებიც შესაძლოა „ნაცემები“ იყვნენ ცხოვრებისეული გაჭირვებებითა ან ავადმყოფობებით, ან მწუხარებებით, ან სხვა რაიმე გარემოებებით. რამეთუ თავად უფალი მოგვიწოდებს, არ ჩავუაროთ მათ გვერდით, არ დავტოვოთ ისინი შეუმჩნეველი, არამედ მივაქციოთ ყურადღება ყველას, ვინც ჩვენს გვერდით არის, ვინც გაჭირვებაშია, მწუხარებაშია, სნეულებაშია, თანავუგრძნოთ ასეთ ადამიანებს და დავეხმაროთ მათ, რითაც შეგვიძლია. რამეთუ ყოველთვის შეიძლება რაღაცაში დაეხმარო – თუ მატერიალურად არა, მაშინ სულიერად. თუ არ არსებობს საშუალება ადამიანს მკურნალობაში დაეხმარო და გადაუხადო მას, მაშინ უკანასკნელ შემთხვევაში შეგიძლია მორალურად დაუჭირო მხარი. ზოგჯერ ასეთი მხარდაჭერა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური რესურსები.
ჩვენ მოწოდებული ვართ, ყველა, ვინც ჩვენს ცხოვრების გზაზე გვხვდება, ახლობლად აღვიქვათ, არ გავყოთ ხალხი ეროვნების, რწმენის აღმსარებლობის, სიმდიდრისა თუ სიღარიბის პრინციპით, ან რაიმე სხვა ნიშნით. უფალი მოგვიწოდებს ქმედითი სიყვარულისკენ, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მოწყალების საქმეებში ხორციელდება.
დღევანდელი იგავიც ამას გვახსენებს. შობის მარხვის პირველ დღეს ის ძალიან შესაფერისად ჟღერს. მართლაც, ბევრი ფიქრობს, რომ მარხვა მხოლოდ იმით ამოიწურება, რომ არ ჭამო ხორცი, კვერცხი, ყველი, ან რძე არ დალიო. მაგრამ ჭეშმარიტი მარხვა, როგორც საღვთისმსახურო საგალობლებში გვესმის, – ესაა ბოროტებისგან თავშეკავება, ესაა ჩვენი კეთილი საქმეები ახლობლებთან მიმართებაში. თუ გვსურს ნამდვილი სახით ვიმარხულოთ, მაშინ ჩვენ მოწოდებულნი ვართ სახლებში უსახლკაროები შევიფაროთ, მშივრები გამოვკვებოთ, მწყურვალი დავარწყულოთ და ყველას მივცეთ ის, რაც მას სჭირდება, ყველას დავეხმაროთ იმით, რითაც შეგვიძლია.
ამაში მდგომარობს ჭეშმარიტი მარხვა, და საბოლოო ჯამში – მთელი ქრისტიანობაც. სწორედ ამ ნიშნის მიხედვით განიკითხავს უფალი ადამიანებს საშინელ სამსჯავროზე და განყოფს ცხვრებს თხებისგან. ის არ შეხედავს იმას, ვინ რომელ წესებს იცავდა, მაგრამ ჩვენგან აუცილებლად მოიკითხავენ, როგორ ვექცეოდით ჩვენს მოყვასს.
დაე, ეს სახარებისეული იგავი, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, გაკვეთილი იყოს ჩვენთვის და გავიხსენოთ, თუ რა ქრისტიანულ სათნოებებს მოელის ჩვენგან უფალი, რათა გადავრჩეთ და შევიდეთ ცათა სასუფეველში. ამინ.
ყველა თქვენგანს გილოცავთ დღესასწაულს“.
შემდეგ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელით, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ფესტივალის „რუსული საზღვარგარეთი“-ის („Русское зарубежье“) პრეზიდენტს, სცენარისტს, რეჟისორს ს.ლ. ზაიცევს საპატრიარქო ჯილდო გადასცა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის განკარგულებით, საზოგადოებაში ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის ს.ლ. ზაიცევი კეთილმსახური მთავრის დანიელ მოსკოველის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ს.ლ. ზაიცევმა მადლობა გადაიხადა ესოდენ მაღალი ჯილდოსთვის და კინოფორუმის „რუსული საზღვარგარეთის“-ის ჩატარებაში მრავალწლიანი დახმარებისთვის ღრმა მადლიერების ნიშნად, სსკგ-ის თავმჯდომარეს კინოფესტივალის კატალოგები გადასცა.
შემდეგ მეუფე ილარიონმა „ახალგაზრდებისთვის მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლების კურსის“ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. კურსი ორგანიზებულია ბოლშაია ორდინკაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს სახელობის ტაძრის ახალგაზრდული კლუბის მიერ.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური