
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ








2021 წლის 21 მოემბერს სულთმოფენობიდან 22-ე კვირას და მთვარანგელოზ მიქაელის კრების და სხვათა ზეციურ უსხეულოთა ძალთა დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ტაძარში ბოლშაია ორდინკაზე. მეუფეს თანამსახურებდნენ ტაძრის ღვთისმსახურები.
ლიტურგიაზე მრჩობლ კვერექსზე აღვლენილი იყო ლოცვითი ვედრება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით.
შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც იკითხება მავნე სნებათა ჰაერით განფენისას.
ლიტურგიის დასასრულს მეუფემ მორწმუნეთ სამოძღვრო სიტყვით მიმართა:
«სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა!
დღევანდელი კვირა დღე დაემთხვა უფლის წმინდა მხედრთმთავრის მთავარანგელოზ მიქაელის და სხვა ზეციურ უსხეულოთა ძალთა დღესასწაულს.
უსხეულო ზეციურ ძალთა – ანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაბიმთა შესახებ და სხვა ანგელოსთა დასების შესახებ ჩვენ ვიგებთ წმინდა წერილიდან – ძველი და ახალი აღთქმებიდან. მას შემდეგ, რაც ადამი და ევა სამოთხიდან გაძევებული იქნენ, ღმერთმა სამოთხის კარიბჭის მცველად ქერუბიმი დააყენა, რომ ადამიანი არ შეეშვა. წინასწარმეტყველი ესაიას გამოცხადებიდან ვიცით, რომ მას ექვსფრთიანი სერაფიმი მოევლინა და გავარვარებული ნახშირი ჩაუდო პირში. ამ გამოცხადებით აღინიშნა მისი მსახურების დასაწყისი, იმ მსახურების, რომლისთვისაც იგი ღვთისგან იყო მოწოდებული.
წმინდა წერილის სხვადასხვა წიგნებში ჩვენ ანგელოზთა სხვა დასების შესახებაც ვკითხულობთ. ზოგიერთ ანგელოზს სახელი აქვს: უფლის მხედრობის სარდალი მიქაელი, რომელიც ისრაელის ხალხს ევლინება საშველად; მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს მისგან მაცხოვრის დაბადებას ახარებს. ჩვენ გვსმენია ანგელოზის შესახებ, რომელიც იოსებს გამოეცხადა ძილში, რათა მისთვის უფლის ნება ეუწყებინა, და სხვა მრავალი ანგელოზის თაობაზე, რომლებიც სხვადასხვა გარემოებების დროს ეცხადებოდნენ ადამიანებს მათ დასახმარებლად.
წმინდა წერილის იმ ადგილებზე დაყრდნობით, სადაც ანგელოზებზე ყველა ეს ცნობაა გადმოცემული, ჩამოყალიბდა წმინდა მამათა სწავლება ანგელოზთა შესახებ. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ეს იერარქია ცხრა დასისგან შედგება. უმაღლეს დასში შედიან სერაფიმნი, ქერუბიმნი,საყდარნი; ანგელოზთა საშუალო დასში – უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი. ანგელოზთა დაბალი რანგის დასია – მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.
ანგელოზთა იერარქია იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს ღვთაებრივი ნათელი მოჰფინოს, ანუ ის ღვთაებრივი ნათელი, რომელიც უშუალოდ თავად უფლისგან გამოდის. ის ადამიანს ანგელოზების მიერ გადაეცემათ, ანგელოზთა იერარქიისგან კი – საეკლესიო იერარქიას, რომელშიც ასევე თავისი რანგებია: ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები, და უმდაბლესი საეკლესიო წოდებები. მთელი ეს იერარქია არის გამტარი ღვთაებრივი ნათლისა, რომელიც თვით უფლის არსებიდან გამოდის და ღვთაებრივ ენერგიას ანუ ღვთაებრივ ქმედებას წარმოადგენს.
ანგელოზი უფალმა ქალაქებსაც მიუჩინა, ეკლესიებსაც და ცალკეულ ტაძრებსაც. როგორც აპოკალიპსისის შესახებ იოანეს გამოცხადებაშია ნათქვამი: „საიდუმლოჲ შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან“ (გამოცხ. 1:20). საუბარია ადგილობრივ ეკლესიებზე, რომელთაგან თითოეულს უფლის ანგელოზი ჰყავს მიჩენილი.
მაგრამ ყოველ ტაძარსაც ჰყავს თავისი ანგელოზი. და ყოველ ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი. როდესაც წირვაზე ვლოცულობთ, ვითხოვთ, მოგვეცეს „ანგელოზი მშვიდობისა, მზრდელი სულისა და ხორცისა ჩვენისა“, ანუ საუბარია მფარველ ანგელოზზე, რომელიც უფალმა მოგვიჩინა და რომელიც გვეხმარება, გვიცავს, გვიფარავს და ზრუნავს ჩვენზე, გვარიდებს საფრთხეს. მფარველ ანგელოზს ლოცვით მივმართავთ ყოველდღე, რომ არ მოგვაკლდეს მისი ზეციური მფარველობა.
ანგელოზები უხილავად არიან ჩვენ შორის. მაგრამ ბევრი ადამიანი არათუ ვერ გრძნობს მათ სიახლოვეს, არამედ არც სწამთ ანგელოზების არსებობა და ამბობენ: „რა გამონაგონია?! რა ანგელოზები?! ისინი არავის უნახავს და მათი არავის სმენია!“. მაგრამ წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ანგელოზები ჩვენ გვერდით არიან. და ღვთისმსახურებაც ამასვე გვასწავლის, რამეთუ მთელი ჩვენი ღვთისმსახურება განმსჭვალულია ანგელოზთა საყაროს ჩვენს გვერდით ყოფნის შეგრძნებით აქ და ახლა.
როდესაც ქერუბიმთა საგალობელში ვამბობთ: „რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელსა სამებასა, სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა...“, – ჩვენ ამით ვამოწმობთ ჩვენ შორის ანგელოზთა ყოფნას და მათ მსგავსად – ანგელოზთა მსგავსად, რომელნიც წარდგომილ არიან წინაშე პირსა ღვთისასა გალობითა, შესხმითა, ღაღადებითა და ხმობითა აღავლენენ სამგზის წმიდასა გალობასა – ჩვენ ვადიდებთ უფალს. რომელ სამწმიდა გალობას აღავლენენ ანგელოზები? იმას, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით გუნდის შესრულებით: „წმინდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ. სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“.
საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენ ანგელოზებს ვუერთდებით – უფლის წინაშე წარდგომითა და უფლის განდიდებით. და როცა ტაძრიდან გამოვდივართ, ყოველ ჩვენგანთან მისი მფარველი ანგელოზი რჩება. ის არსად ა მიდის, ის ყოველთვის ჩვენ გვერდითაა.
უფალი მოგვიწოდებს, ვილოცოთ ჩვენი მფარველი ანგელოზის მიმართ. წმინდა ეკლესია ანგელოზების პატივისცემას გვასწავლის, როგორც ჩვენი ზეციური მფარველებისა და მათი, ვისი საშუალებითაც ჩვენ ღვთაებრივი ნათელი გვეფინება. და ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენთან არიან წმინდა ლიტურგიაზეც და ჩვენს ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
ვადიდებთ რა დღეს უფლის მხედართმთავარ მიქაელს და ზეციურ უსხეულო ძალთა დასებს, ვილოცოთ იმისთვის, რომ უფალმა ყოველთვის მოგვივლინოს უფლის ანგელოზები დახმარებისა და გადარჩენისათვის, რომ ანგელოზთა ძალამ არასოდეს მიგვატოვოს და ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში ვსწავლობდეთ ანგელოზთა მიბაძვას იმაში, რაც წარმოადგენს მათ მთავარ საქმიანობას – უფლის წინაშე წარდგომა, ლოცვა და უფლის განდიდება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და მთელი ჩვენი ცხოვრებითაც. ამინ.
ყველას გილოცავთ დღესასწაულს, ყველას გფარავდეთ უფალი“.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021