
მოსკოვის საპატრიარქო
ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

















2021 წლის 19 ნოემბერს, ღირსი ვარლაამ ხუტინელისა და მღვდელმოწამე კონსტანტინეს (ლიუბომუდროვი) ხსენების დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოსკოვში დიდ ორდინკაზე მდებარე „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა. მწყემსთმთავარს ტაძრის კლირიკოსები თანამსახურებდნენ.
ლიტურგიაზე მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.
მრჩობლი კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.
ღმრთისმსახურებისას ღირსი ვარლაამისა და მღვდელმოწამე კონსტანტინეს ხატების წინაშე სადიდებელი შესრულდა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა მრევლს მწყემსთმთავრული სიტყვით მიმართა:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
დღეს, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენებას აღვასრულებთ, რომლის საპატივცემულოდაც აიგო თავდაპირველად ტაძარი ამ ადგილას. შემდგომში ეს ტაძარი გაფართოვდა, გადაკეთდა, კეთილმოეწყო, მაგრამ ღირსი ვარლაამის თაყვანისცემა, რომელიც თავიდანვე არსებობდა, აქ დღემდე გრძელდება. ჩვენს ტაძარში ღირსი ვარლაამის განდიდებული ხატია დაბრძანებული, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვლოცულობდით.
მინდა შეგახსენოთ ერთი შემთხვევა ღირსი ვარლაამის ცხოვრებიდან. ერთხელ, როცა წმიდანი მდინარე ვოლხოვის ხიდზე გადიოდა, მან დაინახა, რომ სიკვდილით დასჯას ამზადებდნენ. ვარლაამი ჯალათთან მივიდა და სთხოვა, მსჯავრდებული მისთვის გადაეცა. „მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი დამნაშავეა, ის თავის ცოდვებს თავისთან სავანეში შეინანებს“ – უთხრა ვარლაამმა. და მისცეს მას მსჯავრდებული, რომელიც შემდგომში კეთილი ბერი გახდა და დარჩენილი დღეები სინანულში გაატარა.
სხვა დროს ღირსმა ვარლაამმა კვლავ გადალახა იგივე ხიდი. და ისევ სიკვდილით სჯიდნენ ვიღაც ადამიანს და წმინდანს ჩარევა სთხოვეს. მაგრამ ამჯერად ის არ ჩაერია და სიკვდილით დასჯა შესრულდა.
მაშინ მოწაფეებმა ვარლაამს ჰკითხეს: „ეს როგორ გავიგოთ? რატომ დაეხმარე ერთ ადამიანს, და მეორეს – არა?“. ღირსი მამის პასუხმა ისინი ძალიან გააოცა. ვარლაამმა უთხრა: „პირველ შემთხვევაში ის კაცი დამნაშავე იყო, მაგრამ მე ის სიკვდილისგან იმიტომ გადავარჩინე, რომ მას სინანული გამოეღო და თავისი დანაშაული წარეხოცა. მეორე შემთხვევაში კი ადამიანი უდანაშაულო იყო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ თუ ის ცოცხალი დარჩებოდა – შესცოდავდა. ახლა კი მისი სიკვდილით დასჯა, უდანაშაულო ადამიანის, მოწამეობრივ გვირგვინთანაა გათანაბრებული“.
უფალმა ღირსი ვარლაამ ხუტინელი ჭვრეტის უნარით დააჯილდოვა: ის ადამიანის ცხოვრებას არა მხოლოდ დროებითი პერსპექტივიდან ხედავდა, არამედ მარადიულიდანაც.
მიწიერ ცხოვრების ჩვენ საკუთარ თავს მარადიული ცხოვრებისათვის ვამზადებთ. ამქვეტნად საგანძურის შეგროვებით, ჩვენ მარადისობისთვის ვერაფერს მოვიპოვებთ, რადგან თუ დღეს ეს საგანძური არის, ხვალ აღარ იქნება, დღეს კაცი მდიდარია, ხვალ კი ღარიბი. საგანძური კი, რომელსაც ჩვენ ზეცაში მოვიპოვებთ, კეთილი საქმეების საგანძურია, – ის აქაც, დედამიწაზე, ადამიანებს სარგებელს მოუტანს და მომავალ საუკუნეშიც ჩვენთან დარჩება.
ღირსი ვარლაამი მთელი თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით შეგვახსენებს, რომ ადამიანის ცხოვრება არ შემოიფარგლება მიწიერი პერსპექტივით, რომ ყოველი ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვისაა მოწოდებული, და რომ სიკვდილი ზოგჯერ შეიძლება მოწამეობრივი გვირგვინი გახდეს, თუნდაც ამის შესახებ თავად უდანაშაულოდ გასამართლებულმა არ იცოდეს, რომელიც საშინელ წამებაში კვდება.
ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენებასთან ერთად, დღეს ჩვენ ვიხსენიებთ წმიდა მოწამეს, რომელიც ამ წმიდა ტაძარში მსხურობდა, მისი წინამძღვარი იყო და საშინელ 1937 წელს მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა, როდესაც მღვდელმსახურებსა და ეკლესიის მსახურებს ხვრეტდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთის რწმენას აღიარებდნენ. მღვდელმოწამე კონსტანტინე (ლიუბომუდროვი) ბუტოვოს პოლიგონზე დახვრიტეს, სადაც მისი ძვლები ასობით სხვა უდანაშაულოდ დახვრეტილისა და მოკლულის ნეშტთან ერთადაა დამარხული.
ჩვენ არ ვიცით, მამა კონსტანტინე სიკვდილით დასჯის დროს ფიქრობდა თუ არა, რომ მისი სიკვდილი მოწამეობრივი იქნებოდა. ჩვენ არ ვიცით, როგორი გრძნობები და აზრები ჰქონდა მას, მაგრამ მისი დაკითხვის ოქმებიდან ვიცით, რომ არავინ დაუბეზღებია, არავინ გაუსცა, ცილი არავისთვის დაუწამებია. მან არ აღიარა ის დანაშაულები, რომლებსაც აბრალებდნენ. მას არ ჩაუდენია ეს დანაშაულები, იყო პატიოსანი მწყემსი და უფლის სამკალის მუშაკი. ის ამისთვის ევნო, ამისთვის იქნა რეპრესირებული და მოგვიანებით დახვრეტილი.
ჩვენ დღეს განვადიდებთ მღვდელმოწამე კონსტანტინეს, ღირს ვარლაამ ხუტინელთან ერთად, რადგან მისი დახვრეტის თარიღი – 19 ნოემბერი – ღირსი ვარლაამის ხსენების დღეს დამეთხვა. ჩვენ განვადიდებთ ჩვენი ტაძრის ზეციურ მფარველებს – ძველ ნოვგოროდელ წმინდანს, რომლის საპატივცემულოდ ოდესაღაც ეს ტაძარი აიგო, და ახალმოწამეს, რომელიც უკვე არცთუ შორეულ წარსულში ევნო და რომელიც ასევე ჩვენი ზეციური მფარველია – და ვლოცულობთ მათ მიმართ რომ უფალმა გვიბოძოს უმწიკვლო, ქრისტიანული ცხოვრება, გვასწავლოს ვიყოთ მტკიცენი წმინდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და დაგვეხმაროს იმ სიმდიდრის დაგროვებაში, რომელიც მიწაზე კი არ დარჩება და გაფუჭდება, არამედ ჩვენთან ერთად გადავა მარადიულ ცხოვრებაში. ამინ.
ყველას გილოცავთ დღესასწაულს!“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021