მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: დღეს რუსეთში კორონავირუსისგან სიკ…

მიტროპოლიტი ილარიონი: დღეს რუსეთში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელის დონე – საერთო ეროვნული კატასტროფაა


2021 წლის 6 ნოემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს დრო ტელეარხ „Россия 24“-ზე. აქ ჩვენ ყოველ კვირას კითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მოგესალმებით, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: კვლავ პანდემიისა და ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით: როსსტატმა (სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური) ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსმა და მისმა შედეგებმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თითქმის ნახევარი მილიონით შეამცირა – 462 ათასი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. მოსკოვში არასამუშაო დღეები გახანგრძლივდა, რამაც უდავოდ შეამცირა დატვირთვა საავადმყოფოებზე, მაგრამ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების თემა მაინც ძალიან მწვავედ რჩება. მე ახლა დავბრუნდი იტალიიდან და უნდა ვთქვა, რომ იქ როგორც იტალიელებისთვის, ისე ტურისტებისთვის ისეთი პირობებია შექმნილი, რომ აუცრელობა – ძალიან ძვირი და წამგებიანია. ყოველ ორ დღეში ერთხელ უნდა გაიკეთო ტესტი, რომელიც მაგალითად, სასტუმროში 150 ევრო ღირს ადამიანზე. QR კოდის გარეშე არ გიშვებენ არც მატარებელში, არც რესტორანში. თუ დაგაჯარიმებენ, ჯარიმა – 2 000 ევრომდეა. ერთი წამით წარმოვიდგინე, ასეთი ზომები რომ შემოღებულიყო რუსეთში, რა მოხდებოდა: რევოლუცია თუ ხალხი ამ QR კოდებს მასიურად გააყალბებდა? როგორ მიგაჩნიათ, როგორი უნდა იყოს სასჯელი საკარანტინო ზომების შეუსრულებლობისთვის?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, რომ არავითარი რევოლუცია არ იქნებოდა. ადრე თუ გვიან ჩვენ მივალთ აქამდე და რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რადგან დღესდღეობით ჩვენ ყოველდღიურად ათასზე მეტ ადამიანს ვკარგავთ – ეს იგივეა, თითქოს ომში ყოველდღე მთელ პოლკს ვკარგავდეთ. ასეთი სიკვდილიანობის ტემპით შეიძლება საუბარი საერთო ეროვნულ კატასტროფაზე მიდიოდეს. ახლა, ნოემბრის დასაწყისისთვის, რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა დღეღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით. ეს ძალიან საშინელი სტატისტიკაა. ვფიქრობ, ბევრწილად ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავენი იმაში, რაც ახლა ხდება, რადგან როდესაც ვირუსი მოვიდა, არავინ იცოდა, მასთან როგორ ებრძოლათ. ხალხი კვდებოდა, იმის გამო, რომ ვაქცინა არ იყო, მკურნალობა არ იყო. ახლა არის ვაქცინებიც და მკურნალობაც, მაგრამ ვაქცინაციის კამპანია არასაკმარისი აქტიურობით მიმდინარეობს.

მეც ასევე ცოტა ხნის წინ იტალიასა და ინგლისში ვიყავი – იქ დაახლოებით ერთნაირი სიტუაციაა: სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის დაახლოებით 70-80 პროცენტი უკვე აცრილია, ამიტომ პანდემია ყველგან კლებულობს. ამასთანავე, შენარჩუნებულია ძალიან მკაცრი ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები და შეზღუდვები მათთვის, ვისაც არ სურს, აიცრას. ფაქტობრივად ეს ადამიანები საზოგადოებრივ ადგილებში არ დაიშვებიან, QR კოდის გარეშე სადმე მისვლა შეუძლებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე მივალთ იმავე სიტუაციამდე.

ახლა დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო. მე არ ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს სავალდებულო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებსაც რაღაც მიზეზით არ სურთ ვაქცინაცია, ან უნდა ისხდნენ სახლში, რათა ინფექციის პოტენციური წყარო არ გახდნენ სხვა ადამიანებისთვის, ან მათთვის სპეციალური რეჟიმი უნდა დაწესდეს, სადაც ისინი შეძლებენ ან ვერ შეძლებენ გამოჩენას. QR კოდის რეჟიმმა ბევრ ქვეყანაში, ასევე ჩვენთან იმ რეგიონებში, სადაც ის გამოიყენებოდა და გამოიყენება – გაამართლა.

ე. გრაჩევა: სამწუხაროდ, იმ მსხვერპლთა შორის, რომელთა შესახებაც სტატისტიკიდან ვიგებთ, სამღვდელოების წარმომადგენლებიც არიან. ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, პაფნუტი-ბოროვის მონასტრის სულიერი მოძღვარი სქემარქიმანდრიტი ვლასი (პერეგონცევი) აღესრულა. ის ჩემი სულიერი მოძღვარიც იყო. მისი განსვლის შემდეგ ყველა მისი სულიერი შვილი ამბობს, რომ პირდაპირი გაგებით ისინი დაობლდნენ, რადგან მას ბევრი ადამიანი იცნობს არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მთელ ქვეყანაში, და მის ფარგლებს გარეთაც. მასთან დადიოდნენ, როგორც ბერ-მოძღვართან (სტარეცთან). ჩვენს ქვეყანაში ამდენი მოქმედი მონასტრების პირობებში, ცოტაა ისეთი, ვისაც ბერ-მოძღვარს უწოდებენ და მათთან რჩევისთვის მიდიან. რატომ არის ასე? ფაქტიურად რატომ შეწყდა ბერ-მოძღვრობის ინსტიტუტი რუსეთში?

მიტროპოლიტი ილარიონი: უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგისამძიმროთ თქვენც, და მამა ვლასიის ყველა სულიერ შვილს, რომლებიც მართლაც დაობლდნენ, რადგან მათთვის ეს უდიდესი დანაკარგია. ის იყო მწყემსი ძალიან ფართო და ძალიან კეთილი გულით. მასთან ხალხი მთელი რუსეთიდან მიდიოდა და არა მარტო რუსეთიდან. მართალია გარდაცვალების დროს ის უკვე 87 წლის იყო, მაგრამ რომ არა კორონავირუსი, ის კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. ვისურვებდი, რომ ჩვენმა მაყურებელმა ნახოს ის, რასაც ის აცრებზე ამბობდა: „მტკიცენი იყავით, არავითარ ხმებს არ დაუჯეროთ. აიცერით. არ დაივიწყოთ ამის შესახებ. აიცერით. თორემ ყველა ამბობს: მამა ვლასიმ გვითხრა არ აიცრათ. ახლა კი თქვენი მომზირალი ყველას გეუბნებით: აიცერით. და ჩვენ მტერს მოვიგერიებთ“. დაე, ახალშესვენებული მამა ვლასის ეს სიტყვები მოწოდებად და შეხსენებად ჟღერდეს არა მხოლოდ მისი სულიერ შვილებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც დღეს გვიყურებს.

და თუ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრი ბერ-მოძღვარი არასოდეს ყოფილა. ბერ-მოძღვრები ყოველთვის ერთეულები იყვნენ (მათ შორის, მაგალითად, მე-XIX საუკუნეში, ოპტინის უდაბნოს ცნობილი ბერ-მოძღვრების დროს), ისინი ათეულებოთ არასდროს ირიცხებოდნენ. ეს ყოველთვის ერთი ან ორი ადამიანი იყო, ამასთანავე როგორც წესი ბერ-მოძღვრობის „ესტაფეტა“ ერთიდან მეორეზე გადადიოდა. თეოდორე მიხაილის ძე დოსტოევსკი ბერ-მოძღვრებზე თავის რომანში „ძმები კარამაზოვები“ ძალიან საინტერესოდ მოგვითხრობს, რომელიც მან მას შემდეგ დაწერა, რაც ოპტინის უდაბნოში იმყოფებოდა და ბერ-მოძღვარ ამბროსის იურთიერთა, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ღირსი ამბროსი ოპტინელი. ამ შეხვედრამ და ურთიერთობამ მწერალზე ძალიან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. რომანში „ძმები კარამაზოვები“ ბერ-მოძღვარ ზოსიმეს პროტოტიპი სწორედ ღირსი ამბროსი ოპტინელია.

ე. გრაჩევა: მეუფევ, რაკი უკვე დოსტოევსკი ახსენეთ, არ შემიძლია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე არ გადავიდე – დოსტოევსკის დაბადებიდან 200 წლის იუბილეზე, რომელსაც ჩვენ 11 ნოემბერს აღვნიშნავთ. ვიცი, რომ ტელეარხ „კულტურა“-ზე ამ მოვლენის წინარე დღეებში, 8-11 ნოემბერს, თქვენი დოკუმენტური ფილმების სერია გავა, მთელი ციკლი სახელწოდებით „დოსტოევსკის სახარება“. ვიცი, რომ მასზე დიდი ხანი მუშაობდით, ალბათ, გადაღებას არა ერთი წელი დასჭირდა. გვიამბეთ, რატომ აქვს ასეთი სახელწოდება და დოსტოევსკი რას ნიშნავს პირადად თქვენთვის?

მიტროპოლიტი ილარიონი: დოსტოევსკის შემოქმედებას ადრეულ ახალგაზრდობაში გავეცანი. ალბათ 11-12 წლის ვიქნებოდი, როცა დოსტოევსკის ყველა მთავარ ნაწარმოებს გატაცებით ვკითხულობდი. შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში არ მიმიმართავს მისი შემოქმედებისთვის და როდესაც პანდემია დაიწყო და თავისუფალი დრო გამომიჩნდა, რამდენიმე მისი ნაწარმოები ხელახლა გადავიკითხე. გარდა ამისა, გავეცანი ძალიან საინტერესო გამომცემლობას, რომელსაც „თეოდორე მიხეილის ძე დოსტოევსკის სახარება“ ეწოდება. ეს იმ სახარების რეპრინტია, რომელიც მას კატორღაში ჰქონდა და ამ სახარების ორიგინალი რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაშია დაცული.

ისტორი ასეთია. დოსტოევსკი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში აღიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ბელინსკის გავლენით სოციალისტურმა იდეებმა გაიტაცა. ეს მას კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მას სიკვდილი მიუსაჯეს, ეშაფოტზე გაიყვანეს. შემდეგ სასიკვდილო განაჩენი კატორღული შრომით შეუცვალეს. როდესაც ის ციხეში მივიდა, მას იქ ერთი გულშემატკივარი ქალი დახვდა, ერთ-ერთი დეკაბრისტის ცოლი, რომელიც უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ციმბირში ცხოვრობდა. მან მას სახარება აჩუქა, რომელსაც ის არ შორდებოდა. ღამით თავსთუმალს ედო, დღისით კი კითხულობდა. მას არც მელანი და არც ფანქრები ჰქონდა, ამიტომ ჩანიშვნებს ფრჩხილით აკეთებდა. მოგვიანებით დოსტოევსკის ამ სახარების მკვლევარებმა ათას ხუთასზე მეტი ფრჩხილის და ჩანაკეცის კვალი აღმოაჩინეს.

სახარებამ დოსტოევსკის შემოქმედებაზე ისეთი კოლოსალური გავლენა მოახდინა, რომ მთელი თავისი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში იგი გამუდმებით სახარების თემებს, სიუჟეტებს მიმართავდა. კატორღის დატოვების შემდეგ მან სწორედ ამ ქალს, ნატალია დიმიტრის ასულ ფონვიზინას შესანიშნავი სიტყვები მისწერა: „მე ძალიან მარტივი რწმენის სიმბოლო ჩამომიყალიბდა. ახლა მე თქვენ მას გადმოგცემთ. მსოფლიოში არაფერია უფრო მშვენიერი, სრულყოფილი, ბრძენი, სიმპატიური, ვიდრე ქრისტე.“ ის ქრისტეს მთელ თავის შემოქმედებაში ეძებდა. მან ქრისტესმსგავსი გმირები შექმნა, ისეთები როგორებიც იყვნენ თავადი მიშკინი, ბერ-მოძღვარი ზოსიმე, ტიხონი რომანში „ეშმაკნი“, ალიოშა კარამაზოვი. ამ სახეების საშუალებით იგი თავისი თანამედროვეებისთვის ქრისტეს გაცხადებას ცდილობდა. ჩვენს დროში ის ქრისტეს ასეთ მოციქულად გვევლინება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სახარებას არ კითხულობს, მართლმადიდებლობის შესახებ არაფერი იცის, განსაკუთრებით თუ ვსაუბრობთ მათზე, ვინც ჩვენი სამშობლოს საზღვრებს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს ისინი დოსტოევსკის კითხულობენ და მისი წიგნების მეშვეობით თავისთვის ქრისტეს და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას აღმოაჩენენ.

ამ სერიალში ვარსკვლავური მსახიობების შემადგენლობა მყავს: ევგენი მირონოვი დოსტოევსკის ციტატებს კითხულობს, ჩულპან ხამატოვა – ანა გრიგოლის ასული დოსტოევსკაიას ციტატებს, ხოლო ვლადიმერ სპივაკოვი – კადრს მიღმა ტექსტს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, თქვენს ამ ციკლს აუცილებლად და სიამოვნებით ვნახავ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ის გამოვიდა და „კულტურის“ არხის ეთერში გავა. მაგრამ ამავდროულად, ჩემთვის სამწუხაროა, იმის გამო, რომ დოსტოევსკის შესახებ ასეთი ფილმები გაცილებით მეტი უნდა იყოს, განსაკუთრებით მისი დაბადებიდან 200 წლისთავზე. ანა გრიგოლის ასულის მოგონებებმა მე შემძრა – როგორ წუხდა ის უკვე დოსტოევსკის სიკვდილის შემდეგ, რომ სიღარიბის გამო თეოდორემ ვერ შეძლო თავისი ოჯახი, ის და შვილები, თავის ლეგენდარულ „პუშკინის სიტყვაზე“ წაეყვანა მოსკოვში ძეგლის გახსნაზე, არ ჰქონდა საამისო სახსრები. ახლა კი, 200 წლის შემდეგ, მეც მიჩნდება კითხვები: ჩვენს ქვეყანაში დოსტოევსკის საკმარისად აფასებენ? მე ხანდახან მეჩვენება, რომ დასავლეთში მას უბრალოდ აღმერთებენ, თითქმის როგორც წმინდანს.

მიტროპოლიტი ილარიონი: ახლახან ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიმყოფებოდი. ჩემი ლექციის თემა „დოსტოევსკის სახარება“ იყო, უფრო ზუსტად – „დოსტოევსკი და სახარება“. მე სტუდენტებს ვკითხე, რომლებიც რამდენიმე ასეული იყო: რომელ თქვენგანს წაუკითხავს დოსტოევსკი? ყველამ ხელი ასწია. შემდეგ მე ვკითხე: რომელ თქვენგანს აქვს წაკითხული სახარება? აუდიტორიის დაახლოებით მეხუთედმა ასწია ხელი. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში სახარება არის დაუფასებული.

და თუ დასავლეთსა და მთელ სამყაროზე ვისაუბრებთ, მაშინ დოსტოევსკის ყველა კითხულობს, მას ყველა იცნობს. რუსეთსა და მართლმადიდებლობას ბევრი ადამიანი სწორედ დოსტოევსკის ნაწარმოებებიდან გაეცნო.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ამ კვირაში ჩვენმა ქვეყანამ სახალხო ერთობის დღე აღნიშნა. აღნიშნა, შესაძლოა, ეს ხმამაღალი ნათქვამი იყოს, რადგან პანდემიის გასაგები მიზეზების გამო მასიური ღონისძიებები, სამწუხაროდ, წელს არ ყოფილა. საინტერესო თემა და საბაბია განსახილველად – თანამედროვე რუსის ცნობიერებაში რა არის სახალხო ერთობა? მოდური მწერალი ალექსანდრე ციპკინი თავის Instagram-ში წერს: „მწუხარებით გვიწევს აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ნამდვილად არაფერი დაგვრჩა გამაერთიანებელი, გარდა გამარჯვებისა. სრული იდეოლოგიური კატასტროფაა. საზოგადოება ნებისმიერი მიზეზის გამო იხლიჩება: კოსმოსში იულია პერესილდიდან დაწყებული ვაქცინაციებით დამთავრებული“. მეუფევ, თქვენ ეთანხმებით მწერალ ციპკინს, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს გამაერთიანებელი, გარდა გამარჯვების დღისა?

მიტროპოლიტი ილარიონი: დანაწევრებული საზოგადოება შეიძლება სხვა ქვეყნებშიც შევნიშნოთ. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოება იყოფა როგორც ვაქცინაციისადმი დამოკიდებულების პრინციპის მიხედვით, ასევე რესპუბლიკელების ან დემოკრატებისადმი დამოკიდებულების პრინციპით, და კიდევ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. გარკვეული გაგებით, ალბათ, ბუნებრივიც კია, რომ მთლიანობაში საზოგადოებაში ვერ იქნება ერთაზროვნება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებოს გარკვეული შემკვრელი და შეუძვრელი ცნებები, რომლებმაც უნდა გააერთიანოს, როგორც მე მიმაჩნია, ყველა რუსი – ეს არის ჩვენი ისტორიის სიყვარული, ჩვენი ისტორიის ცოდნა. მაგრამ იმისთვის, რომ გვიყვარდეს ჩვენი ისტორია, რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ ის და იმისთვის, რომ გვიყვარდეს ჩვენი წარსული, ასევე უნდა გვიყვარდეს ჩვენი აწმყო. ამიტომ, ვთვლი, რომ სამშობლოს სიყვარული – ეს არის ის, რაც უნდა აერთიანებდეს და, ვიმედოვნებ, ის მაინც აერთიანებს ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას. სახალხო ერთობის დღესასწაული – ეს ჩვენი ისტორიის იმ ფურცლების გახსენების ერთ-ერთი საშუალებაა, რომლებიც მართალია შორ წარსულში დარჩნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, აწმყოსთვის მაინც აქვთ მნიშვნელობა.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობ, ეკატერინე!

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის – „ეკლესია და მსოფლიო“ – ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: მოგესალმებით, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანს მონაზვნური ცხოვრების მოწოდება აქვს? მე 19 წლის ვარ. მე სურვილი მაქვს ჩემი ცხოვრება ღმერთს მივუძღვნა, მაგრამ ჩემი მშობლები ამის წინააღმდეგნი არიან. როგორ არ შევცდე ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში?

მიტროპოლიტი ილარიონი: ეს მართლაც გადაწყვეტილებაა, რომელშიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეცდომის დაშვება. როგორც არ შეიძლება შეცდომა დაუშვათ პატარძლის არჩევისას, ისე არ შეიძლება შეცდეთ სამონასტრო გზის არჩევანში, რადგან ამ შეცდომის გამოსწორება მოგვიანებით შეუძლებელი იქნება.

ამიტომ, პირველ რიგში, არ უნდა იჩქაროთ. თუ თქვენ 19 წლის ხართ, თქვენ საკმარისი დრო გაქვთ, რომ ყველაფერი გულდასმით მოიფიქროთ და აწონ-დაწონოთ. მეორე რიგში, გადაწყვეტილება თქვენი უნდა იყოს. ეს არ არის თქვენი მშობლების გადაწყვეტილება, არამედ თქვენი პირადი გადაწყვეტილება, რადგან თქვენ და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარ ხვედრზე. მესამე, მონაზვნობა არ შეიძლება მიღებულ იქნეს ასე, აბსტრაქტულად. მონაზვნობას მონასტერში იღებენ, ამიტომ, თუ მონასტრული ცხოვრება გაინტერესებთ, იპოვეთ მონასტერი თქვენთვის, მიდით იქ როგორც მუშაკი, მორჩილი, იცხოვრეთ იქ, ნახეთ, მოგწონთ თუ არა ამ მონასტრის ატმოსფერო, მზად ხართ თუ არა მთელი თქვენი ცხოვრება მონასტერს დაუკავშიროთ. თუ თქვენ გრძნობთ, რომ ეს თქვენი ადგილია, თქვენი სახლია, რომ იქ თავს კარგად გრძნობთ, მაშინ რამდენიმე წლიანი გამოცდის შემდეგ შეგიძლიათ მონაზვნობა მიიღოთ. თანაც, ამ შემთხვევაში მონაზვნობის მიღება თქვენზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ მონასტრის წინამძღვარზე: თქვენ თავს მის ნებას გადასცემთ, და ის იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ თავისთავად მონასტერში წასვლის გადაწყვეტილება, რომ ითხოვოთ სამონაზვნო აღკვეცა, ეს შეიძლება და აუცილებელიცაა რომ თქვენი იყოს. ის არ შეიძლება ვინმეს გავლენით იქნეს მიღებული.

კითხვა: თუ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექნა, მაშინ ის თავად როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს? აქვს თუ არა მას ხელები, ფეხები, შინაგანი ორგანოები? ის კაცია? თუ ის დროისა და სივრცის მიღმა არსებობს, მაშინ რატომ სჭირდება მას ეს ყველაფერი?

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიის სწავლების მიხედვით ღმერთი არის უხილავი, არამატერიალური და უსხეულო. მას არც ხელები აქვს, არც ფეხები, არც გარეგნული სახე. მაგრამ როდესაც ღმერთმა ინება ადამიანი გამხდარიყო, მან მიიღო ადამიანის სხეული. დღეს ჩვენ ვიგებთ უხილავი ღმერთის შესახებ მისი ხილული ძის – უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით.

თუკი იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა წარმოადგენს ადამიანში ღვთის ხატებას, მაშინ ეს არ არის ადამიანის სხეული. ეს არის – სული, გონება, სინდისი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები ამის შესახებ ბევრს წერდნენ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, მან მასში სიცოცხლის სუნთქვა შთაჰბერა, ანუ ღვთის სული ადამიანში შევიდა. ღვთის ეს სული აისახება ადამიანის სულში, სამშვინელსა და გონებაში.

კითხვა: მეუფევ, გთხოვთ მიპასუხოთ, რატომ არის მორწმუნე ადამიანებს შორის განსაკუთრებით ბევრი ვაქცინაციის წინააღმდეგი? რაიმე სახით არის თუ არა ეს დაკავშირებული არამეცნიერულ რელიგიურ მსოფლმხედველობასთან და გარემომცველი სამყაროს მისტიკურ აღქმასთან?

მიტროპოლიტი ილარიონი: პირველ რიგში, რელიგიური მსოფლმხედველობა არამეცნიერული არ არის, ისევე როგორც არ არის ანტიმეცნიერული. მას საერთოდ არაფერი საერთო არ აქვს მეცნიერებასთან. ძალიან ბევრი მეცნიერი ღრმად მორწმუნე რელიგიური ადამიანი იყო. მეორეც, ეკლესიაში ვაქცინაციის იმაზე მეტი მოწინააღმდეგე არ არის, ვიდრე ჩვენ ირგვლივ მყოფ საზოგადოებაში. შეიძლება, არც ნაკლები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეტი არაა. სასულიერო პირებს შორის ბევრია ისეთი, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს. არიან ისეთებიც, რომლებიც რაღაც მიზეზით უარს ამბობენ მასზე, მაგრამ ნამდვილად არა მისტიკური მოსაზრებებით.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის ირგვლივ მრავალი მითი არსებობს. ადამიანები ხანდახან უფრო მიდრეკილნი არიან დაიჯერონ მითები, ვიდრე ფაქტები. არსებობს, მაგალითად, მითი იმის შესახებ, რომ ვაქცინირებულები კორონავირუსისგან იმავე რაოდენობით კვდებიან, როგორც არავაქცინირებულები. არის ოფიციალური სტატისტიკა, არის ექიმების განცხადებები, მაგრამ ხალხს არ სურს ოფიციალური მონაცემების დაჯერება, არამედ მითების დაჯერება უნდა. ამას, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ აქვს მეცნიერულ მსოფლმხედველობასთან და ვაქცინაციაზე უარის თქმა – ეს თავისთავად ანტიმეცნიერული პოზიციაა, რადგან ვაქცინა სწორედაც მეცნიერებისა და მკვლევარების მიერაა შექმნილი. ის ძალიან ბევრ ადამიანზე მოწმდება, რომლებიც საკუთარი გამოცდილებიდან დარწმუნდნენ იმაში, რომ არავითარი საშიში შედეგები, რაზეც მითოლოგიის შემქმნელები აფრთხილებენ, არ არსებობს.

მე უკვე ამ გადაცემაში ვისაუბრე, რომ ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ხანაში ვაქცინაციით არა მხოლოდ ექიმები, არამედ მღვდელმსახურებიც იყვნენ დაკავებულები, და მაგალითად წმინდა ინოკენტი (ბენიამინოვი) მოვიყვანე. შემიძლია კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო: მღვდელი ტიხონ შალამოვი, ცნობილი მწერლის ვარლამ შალამოვის მამა, XIX საუკუნის ბოლოს და მე-XX საუკუნის დასაწყისში მისიონერი იყო ალიასკაში. ის ალეუტურ სოფლებში გამუდმებით დადიოდა, ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ლიტურგიას აღასრულებდა, ნათლავდა, ჯვარს წერდა და წესს აგებდა. მას გამუდმებით თან ჰქონდა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა და ადგილობრივ მოსახლეობას ცრიდა, ანუ ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა.

ამიტომ იმ ეკლესიური ადამიანების პოზიცია, რომლებიც ვაქცინაციის მომხრენი არიან, მრავალწლიან გამოცდილებაზეა დაფუძნებული, მათ შორის, საეკლესიო გამოცდილებაზე, ხოლო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანების პოზიცია, როგორც წესი, სხვადასხვა სახის მითოლოგიას ეყრდნობა.

კითხვა: მეუფევ, შევნიშნე პარადოქსი, რომელმაც გამაოცა. თავად განსაჯეთ: არაერთხელ ითქვა, რომ ჩვენი ეკლესია ევთანაზიას ცოდვად მიიჩნევს და იმავდროულად ახლა საყოველთაოდ მიმდინარე ვაქცინაციას – სიკეთედ. დარწმუნებული ვარ, ვაქცინაცია – იგივე ნებაყოფლობითი ევთანაზიაა... მხოლოდ გადავადებული.

მიტროპოლიტი ილარიონი: აი თქვენ, ასეთი მითოლოგიური მსოფლმხედველობის წარმომადგენლის ტიპიური მაგალითი, ანუ ევთანაზია კითხვის დამსმელის აზრით – ეს ვაქცინის მიღებაა. მაგრამ, მაპატიეთ, ვაქცინით არ კვდებიან, სწორედაც არავაქცინირებულები იღუპებიან კორონავირუსისგან. დღეში ათასობით ადამიანი კვდება. მე საერთოდ ძალიან მინდა, ვაქცინაციაზე საუბარი შევწყვიტო. ხშირად მეკითხებიან: გადაცემებში ვაქცინაციაზე მუდმივად რატომ საუბრობთ? ჩემთვის ბევრად საინტერესო იქნებოდა თქვენთან საღვთისმეტყველო საკითხების განხილვა, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ღვთისმეტყველებისთვის არ გვცალია. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეები უნდა გადავარჩინოთ. ამიტომ მოდით, გავერთიანდეთ იმისთვის, რათა ეს პანდემია შევაჩეროთ, რომელიც თავს დაგვატყდა, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ან მეტი სიცოცხლე მიაქვს.

მე მინდა ეს გადაცემა იესო ქრისტეს სიტყვებით დავასრულო მათესაგან სახარებიდან, მთაზე უფლის ქადაგებიდან: „ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ“ (მთ. 7:15).

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თავს მოუფრთხილდით, თქვენს ახლობელ ადამიანებს მოუფრთხილდით და დაე უფალი გფარავდეთ ყველას.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب