დასავლეთის დექრისტიანიზაცია – როგორ და რატომ ხდება ეს
გვიანდელი საბჭოური პრაქტიკები დასავლეთში
სერგეი ხუდიევი, პუბლიცისტი
ბოლო ათწლეულებია დასავლეთი (და განსაკუთხებით მკვეთრად თვალშისაცემი ეს აშშ-ში იყო) კულტურის ტექტონიკური ტრანსფორმაციის პროცესს განიცდიდა. თუკი „ცივი ომის“ პირობებში დასავლეთი „ქრისტიანულ ცივილიზაციად“ აღიქვამდა თავს, რომელიც „უღმერთო კომუნიზმს“ წინ აღუდგა, იმ წლების განმავლობაში, რომლებიც სსრკ-ის დაცემის შემდეგ გავიდა, მისი პოლიტიკური ელიტები სულ უფრო ნაკლებად გრძნობდნენ თავს ქრისტიანული წარსულის მემკვიდრეებად.
მათ, ვინც ამ დროს მოესწრო ჩვენგან, ახსოვთ, რომ მოკლეტალღიანი დასავლური რადიოსადგურები ხაზს უსვამდნენ, რომ სსრკ-ისგან განსხვავებით დასავლეთში აღმსარებლობის რეალური თავისუფლება არსებობს. ადამიანები ღიად გამოხატავენ, რომ სწამთ ღმერთი, აშენებენ ტაძრებს. ქადაგებენ ღვთის სიტყვას თუგინდ სტადიონზე, თუგინდ რადიოსა თუ ბეჭდვით გამოცემებში — და სახელმწიფო ამას ყოველმხრივ პატივისცემით ეპყრობა.
სსრკ-ში კი, როგორც ამას ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას ხაზგასმით აღნიშნავდნენ დასავლური რადიოსადგურები („მტრების ხმები“, როგორც მათ უწოდებდნენ მაშინ ირონიულად), საქმე სრულიად სხვაგვარად იყო. კონსტიტუციით ფორმალურად გარანტირებული იყო აღმსარებლობის თავისუფლება და ბრეჟნევის პერიოდის საბჭოთა მოქალაქე არ არღვევდა კანონს, თუ ღვთისმსახურებებს დაესწრებოდა.
მაგრამ რელიგიისადმი ინტერესი, სულ მცირე „გაფუჭებულ დახასიათებას“ ნიშნავდა. „დახასიათება“ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩასაბრებლად ან სამსახურში მოსაწყობად საჭირო დოკუმენტი იყო. მასში აღნიშნული იყო ადამიანის ხასიათის თვისებები — და მისი იდეოლოგიური კეთილსაიმედოობა. თუ დახასიათებაში ეწერა, რომ ადამიანი მორწმუნეა, ეს ნიშნავდა ფაქტობრივ უფლებრივ მარცხს. ის განიხილებოდა როგორც პირი, რომელიც ნდობას არ იმსახურებს. კარიერის კარი მისთვის დახურული იყო.
ამჟამინდელი ვითარება დასავლეთში (განსაკუთრებით კი აშშ-ში) მოგვაგონებს მდგომარეობას უძრაობის ხანის სსრკ-ში. სისხლიანი დევნა მასობრივი დახვრეტებითა და ბანაკებით არ არის – მაგრამ იზიარებდე ტრადიციულ ქრისტიანულ რწმენას, განსაკუთრებით ბიბლიურ შეხედულებებს ეთიკაზე სქესის საკითხებში, ნიშნავს „გაიფუჭო დახასიათება“ და საფრთხე შეუქმნა შენს კარიერას.
ყველაზე გახმაურებული შემთხვევებიდან შეიძლება გავიხსენოთ Mozilla-ს ყოფილი გენერალური დირექტორის ბრენდონ ეიკის ამბავი. 2008 წელს ეიკმა საკუთარი სახსრებიდან 1 ათასი დოლარი გამოყო კალიფორნიის კანონმდებლობაში „წინადადება 8“-ს სახელით ცნობილი შესწორების შეტანის მხარდაჭერის კამპანიისათვის. ეს შესწორება ქორწინებას განსაზღვრავდა, როგორც „კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის“. შესწორება მიიღეს, მაგრამ 2013 წელს ის გააუქმა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ. 2014 წელს ამ შემოწირულობის შესახებ შეიტყვეს ლგბტ (ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ) -აქტივისტებმა, რომელთა ზეწოლის გამოც ეიკმა დატოვა თავისი პოსტი.
მეორე შემთხვევა – ალაბამას ატლანტას სახანძრო დაცვის უფროსის კელვინ კოჩნერის საქმიანობის შეჩერება, შემდეგ კი სამსახურიდან გათავისუფლება. კელვინმა 34-წლიანი სანიმუშო სამსახურის შემდეგ გამოსცა წიგნი, რომელიც „დისკრიმინაციულად და „ანტიგეიურად“ ჩაითვალა.
კოჩნერი აღმსარებლობით ბაპტისტია და თავის წიგნში ამბობს, რომ სხეულებრივი კავშირის ადგილია – მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინება, ხოლო სიძვა, იქნება ეს შენივე თუ სხვა სქესის ადამიანებთან, „ფიტავს ადამიანს“. სწორედ ამ წინადადებამ, რომელიც იმ შეხედულებას გამოხატავს, თავისთავად რომ იგულისხმება ქრისტიანისთვის, გამოიწვია სამსახურიდან კოჩნერის გათავისუფლება.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში იმ ადამიანების დათხოვნა და კონტრაქტების შეწყვეტა, რომლებიც სქესის საკითხებში ეთიკაზე ქრისტიანული შეხედულებების ღიად გამოხატვას ბედავენ, რუტინად იქცა, და თავისი უკვე დამკვიდრებული სახელიც აქვს — cancel culture, ხოლო ლგბტ-იდეოლოგიამ აშკარად სახელმწიფოებრივის ნიშნები შეიძინა.
ბიბლიის ქონა არ იკრძალება (როგორც არ იკრძალებოდა გვიანდელ სსრკ-ში) – მაგრამ აი, მისმა საჯაროდ ციტირებამ შეიძლება უსიამოვნებებს გადაგყაროთ. მაგალითად, ფინეთის გენერალურმა პროკურორმა რაია ტოივიაინენმა სასხლის სამართლის საქმე გაღძრა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისრტის პიაივი რიასიანენის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ამ ქალმა თავის Facebook-ზე ბიბლიის ციტატა მოიყვანა – რომაელთა მიმართ 1:24-27, რომელშიც ჰომოსექსუალიზმია გაკიცხული. პროკურორმა ჩათვალა. რომ ბიბლიის ციტატა ექვემდებარება „სიძულვილის ენის“ ამკრძალავ კანონს. ბრიტანელი დოქტორი დევიდ დრიუ იმის გამო დაითხოვეს, რომ სამსახურში ბიბლიის ციტირებას ახდენდა, აშშ-ში მონიფა სტერლინგი შეიარაღებული ძალებიდან გაუშვეს იმ მიზეზით, რომ თავის კომპიუტერში ბიბლიის ციტატების წაშლაზე უარი თქვა – და ა. შ
როგორ მივიდა დასავლეთი, რომელიც ოდესღაც აღმსარებლობის თავისუფლების დასაყრდენი იყო, ქრისტიანების შევიწროებამდე მათი რწმენის გამო?
ახალი ტოტალიტარული იდეოლოგია ქრისტიანული ცივილიზაციის წინააღმდეგ
მნიშვნელოვანწილად ეს გამოწვეულია იმ მონათესავე იდეოლოგიური მიმდინარეობების გავლენის ზრდით, რომლებიც უკავშირდება იმას, რასაც „მემარცხენე“ ანუ „სოციალურ“ ლიბერალიზმს უწოდებენ.
ეს მიმდინარეობები – ლგბტ, ფემინიზმი, «wokeism» და «Вlack lives matter» – ზოგჯერ ერწყმის ერთმანეთს, ზოგჯერ კი მათ შორის წინააღმდეგობა ჩნდება, მაგრამ ის, რაც მათ აერთიანებს, არის მათი საერთო მტერი – „პატრიარქალური“, „მიზოგინური“, „ჰომოფობიური“ და, საერთოდ, ყოველმხრივ მჩაგვრელური და უსამართლო ქრისტიანული ცივილიზაცია.
ამ მოძრაობის ოპონენტები იყენებენ ტერმინს „კულტურული მარქსიზმი“ – და მართლაც, ძნელია, ვერ შეამჩნიოთ მსგავსება ჩვენთვის ნაცნობ მარქსიზმ-ლენინიზმსა და იმას შორის, რასაც ჩვენ ამჟამად ვხედავთ. ორივე შემთხვევაში „ჩაგრული კლასები“ ცხადდება „სოციალური პროგრესის“ მანოძრავებელ ძალად – იმ არსებითი განსხვავებით, რომ მარქსიზმ-ლენინიზმი ასეთ კლასად პროლეტარიატს თვლიდა, ჩვენს დროში კი ამ როლში სხვადასხვა „სექსუალურ“ და რასობრივ უმცირესობათა კოალიცია გვევლინება.
ორსავე იდეოლოგიაში ხდება საკუთარი მოწყვლადობისა და ჩაგრულობის მძაფრი განცდის კულტივირება, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება რეალურ სოციალურ პრობლემებს უკავშირდებოდეს, ნაწილობრივ კი უბრალოდ გამოგონილია (მრავალი მემერცხენე აქტივისტი პრესტიჟული ამერიკული კოლეჯების სტუდენტია, სოციალურად ყველაზე პრივილეგირებული ადამიანები ამქვეყნად).
ორსავე იდეოლოგიაში „ჩაგრულ ჯგუფებს“, რომლებიც იბრძვიან რა საკუთარი უფლებებისთვის, უფრო სამართლიანი მომავლისკენ უბიძგებენ კაცობრიობას, ენიჭებათ აბსოლუტური ზნეობრივი უპირატესობის სტატუსი – ისინი აპრიორი ვერ იქნებიან მტყუანნი ვერც ზოგადად და ვერც კერძო შემთხვევებში. როგორც მარქსისტ-ლენინისტებთან პროლეტარიატის წარმომადგენლები (ან უფრო ხშირად, ისინი, ვინც მათი სახელით მოქმედებს) ყოველთვის „ისტორიულად მართლები“ არიან ბურჟუაზიასთან კონფლიქტებში, ზუსტად ასევე ახლაც „ჩაგრული ჯგუფების“ სახელით მოქმედი აქტივისტები ვერასოდეს იქნებიან უსამართლობის წყარო.
თანამედროვე მემარცხენე-ლიბერალური დღის წესრიგის თვალსაზრისით ვერ იარსებებს ვერც ანტი-თეთრკანიანთა რასიზმი და ვერც ანტი-ქრისტიანული შეუწყნარებლობა ან უსამართლო მტრული დამოკიდებულება ტრადიციული ოჯახის მიმართ, იმიტომ, რომ „უსამართლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი“ შეიძლება იყოს „მხოლოდ „ჩაგრული უმცირესობების“ წარმომადგენელი.
ორივე იდეოლოგია პრინციპულად მტრულადაა განწყობილი ეკლესიისადმი, რაც სათავეს იღებს საკუთრივ მათი შეხედულებიდან სამყაროზე. ეკლესია მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ძველი, ღრმად უსამართლო წესრიგისა, რომლის დასანგრევადაც არიან სწორედ მოწოდებულნი ჩაგრული პროგრესული ჯგუფები.
მაგრამ თანამედროვე ვარიანტში ამ მტრობას აძლიერებს ისიც, რომ ტრადიციული ქრისტიანული (და არა მხოლოდ ქრისტიანული) ეთიკა სქესის საკითხებში მკაფიოდ „ჰეტერონორმატივისტული“ ხასიათისაა, ანუ სექსუალური კავშირის ადგილად წესისა და რიგის მიხედვით მიაჩნია მონოგამური ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის.
ეს „ჰეტერონორმატივიზმი“ განიხილება, როგორც აუტანლად მჩაგვრელური. ის, როგორც ირწმუნებიან, პასუხისმგებელია უბედური „გეებისა“ და „ტრანსგენდერების“ წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე და ასევე, პერმანენტულად მათი თვითმკვდელობამდე მიყვანისაზე.
ამგვარად, ეკლესია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოება, რომელიც სქესის საკითხებში ტრადიციული ეთიკის მიმდევარია, ბოროტ ძალად მიიჩნევა, რომელსაც ვაჟკაცურად წინ უნდა აღუდგეს ყოველი პატიოსანი და თანაგრძნობის მქონე ადამიანი.
ზოგიერთ გამონაკლისს უშვებენ ლიბერალური თემებისთვის, – რომლებმაც ამ საკითხში ღვთის მცნებების გადახედვაზე უარი არ თქვეს, – მაგრამ მცირე ხნით. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული დარბევებისას ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა მათ შორის სავსებით ლიბერალური ეკლესიები და სინაგოგები.
მემარცხენე-ლიბერალური (ანუ კულტურულ-მარქსისტული, თუ ამ ტერმინს გამოვიყენებთ) დღის წესრიგის ქრისტიანობისადმი პრინციპული მტრობა შეიძლებოდა კურიოზად ჩაგვეთვალა, – უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ეს დღის წესრიგი აშშ-ის, და მნიშვნელოვან წილად მთელი რიგი სხვა დასავლური ქვეყნების სახელმწიფო იდეოლოგიად რომ არ ქცეულიყო.
მემარცხენე-ლიბერალური დღის წესრიგის სახელმწიფო იდეოლოგიად გადაქცევა
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მემარცხენე-ლიბერალური დღის წესრიგი საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი პოზიციიდან აუცილებელ იდეოლოგიად გადაიქცა, რომელთან არ დათანხმებასაც ადამიანის სოციალური ცხოვრებისათვის ყველაზე ნეგატიური შედეგები მოყვება.
ახლახან ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოფინა მოსკოვში აშშ-ის საელჩომ (ასევე ბრიტანეთის საელჩომ) შვიდფერი დროშა „სიამაყის ერთთვიურის“ აღსანიშნავად, ხოლო რუსეთში აშშ-ის ელჩ ჯონ სალივანი ლგბტ-იდეოლიგიის მხარდამჭერი მიმართვით გამოვიდა.
ძნელად თუ არსებობს სახელმწიფოს სტრუქტურებს შორის იმაზე უფრო ოფიციალური წარმომადგენლობა, ვიდრე საელჩოა, და უფრო ოფიციალური პირი, ვიდრე – ელჩი. ამიტომ აღნიშნული შემთხვევა იმის მაჩვენებელია, რომ ლგბტ-იდეოლოგია სულ უფრო აშკარად იკავებს აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში სწორედ იმ ადგილს, რომელიც საბჭოთა კავშირში მარქსიზმ-ლენინიზმს ეკავა.
თავდაპირველად ლგბტ დღის წესრიგმა გარკვეული გავლენა კორპორატიულ სამყაროში მოიპოვა, სადაც წარმატებული კარიერისათვის მისი მიმდევარი უნდა ყოფილიყავით, ხოლო მის წინააღმდეგ აშკარა დისიდენტებს პრობლემები ექმნებოდათ.
მაგრამ მალე ეს დღის წესრიგი სახელმწიფომაც მიიღო.
ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 26 ივნისს „ერთნაირსქესიანთა ქორწინების“ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებად აღიარება.
თავიდან ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრების ქორწინებად აღიარების კამპანია წარიმართა ლოზუნგით „თქვენს ქორწინებას რას დააკლებს ერთნაირქესიანთა ქორწინება?“. ირწმუნებოდნენ, რომ ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრებისათვის „ქორწინების“ სტატუსის მინიჭება არავითარ ზიანს არ მოუტანს სხვებს. ასე, რომ ისინი, ვინც ამ სიახლეს ეწინააღმდეგება, ამას უაზრო სიძულვილისა და ფანატიზმის გამო აკეთებს.
რეალურად, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მთელი მორალური და იურიდიული კოორდინტების სისტემის ფუნდამენტურ გადახრად იქცა.
საქმე ისაა, რომ როდესაც რაიმეს ადამიანის უფლებად აღიარებ, ყველა დანარჩენს ავალდებულებ, პატივი სცენ ამ უფლებას. საკუთრების უფლება დამნაშავეებად აქცევს იმათ, ვინც ამ საკუთრებას ხელყოფს, საცხოვრისის ხელშეუხებლობის უფლება ნიშნავს იმათ დასჯას, ვინც სხვის სახლში უნებართვოდ იჭრება და ა.შ.
თუ ადამიანს რაღაცის უფლება აქვს, ამ უფლების უარყოფა ამორალურია (დეკლარაციის დონეზე) და დანაშაული – მოქმედების დონეზე.
თუ ერთნაირი სქესის ადამიანებს უფლება აქვთ თავიანთი ურთიერთობა დაარეგისტრირონ, როგორც ქორწინება, მაშინ ყველას ევალება ამ „ქორწინების“ აღიარება. უარი მათ დამნაშავეებად აქცევს სულ მცირე მორალური და, არ არის გამორიცხული, იურიდიული თვალსაზრისითაც.
ამდენად, ერთნაირ სქესიანთა თანაცხოვრების „ქორწინებად“ აღიარება იმას არ ნიშნავდა, რომ ყველა ცხოვრობს და სხვასაც აძლევს ცხოვრების საშუალებას. ეს ნიშნავდა „ჰეტერონორმატივისტული“ თვალსაზრისის – რომ ქორწინებად მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირი შეიძლება ჩაითვალოს, ფაქტობრივ დემონიზაციას და კრიმინალიზაციას.
ამასთან დაკავშირებით ნიშანდობლივია ანალოგია, რომელსაც მუდმივად მიმართავდნენ თვითონ „ერთნაირსქესიანი ქორწინების“ მომხრეები – ეს არის რასასთან ანალოგია.
მათ, ვინც ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრების „ქორწინებად“ აღიარების წინააღმდეგი იყო, გამუდმებით ადარებდნენ (და ადარებენ) რასისტებს, რომლებიც სხვადასხვა რასების წამომადგენელთა შორის ქორწინების წინაღმდეგი იყვნენ.
ამ ანალოგიის რამდენადმე საფუძვლიანად მიჩნევა შეუძლებელია – ქცევის თავისებურება, იქნება ის ალკოჰოლიზმი, ჰომოსექსუალურობა თუ აზარტული თამაშის მანია – არ ხდის ადამიანს სხვა რასის წევრად, ხოლო თვით ქორწინების ცნების გადახედვის მოთხოვნა არანაირად არ არის სხვადასხვა რასის წარმომადგენელთა ქორწინების დაშვების მოთხოვნის ანალოგიური.
მაგრამ ის, თუ რა ცენტრალურ ადგილს იკავებს ეს მოთხოვნა ლგბტ პროპაგანდაში, მეტყველებს იმაზე, თუ რა ადგილი აქვს მიჩენილი ყველა „ჰეტერონორმატივისტს“ და პირველ რიგში ქრისტიანს. ქრისტიანები აქ კუკ-ლუკს-კლანის ზუსტ ანალოგიად არიან გამოყვანილი, ადამიანი, რომელიც ქორწინებას მამაკაცისა და ქალის კავშირად თვლის –სრულიად იდენტურია რასისტისა, რომელიც რასის სიწმინდეზე ღელავს, და ასეთივე დამოკიდებულებას იმსახურებს.
კერძოდ მოთხოვნა, რომ კათოლიკური ეკლესია „სიძულვილის ჯგუფების“ ოფიციალურ სიაში იქნეს შეყვანილი, როგორც კუ-კლუკს-კლანი და სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფება, „ერთნაირსქესიანთა ქორწინების“ მიმართ მისი ოპოზიციურობის გამო, ჯერ კიდევ 2013 წელს იქნა გაცხადებული – და ეს შესაბამისი იდეოლოგიის სრულიად ლოგიკური გამოვლინებაა. ეს ტენდენცია მხოლოდ გაძლიერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გასაქანი მიეცა „ტ“ ასოს ლგბტ-ში — ტრანსგენდერებს.
„სქესის შეცვლის“ „ადამიანის უფლებად“, ხოლო ამ პრაქტიკის ნებისმიერი მიუღებლობის დანაშაულებრივ „ტრანსფობიად“ აღიარებამ გამოიწვია ის, რომ კაცებს, რომლებიც თავს ქალებად აცხადებენ, „უფლება“ მიეცათ ქალების გასახდელებითა და საშხაპეებით ესარგებლათ, იმ საშიშროებისა და დანაშაულების მიუხედავად, რომელსაც ეს დაშვება შეიცავდა ქალებისა და გოგონებისათვის, და რომლებიც ამის გამო ხდებოდა. მეტიც, დამნაშავე მამაკაცებისთვის, მათ შორის, მოძალადეებისათვის, გაადვილდა ქალთა ციხეში მოხვედრა, სადაც უფრო რბილი რეჟიმია. ამისათვის მათთვის საკმარისია, განაცხადონ საკუთარი თავის „ქალად იდენტიფიცირების“ შესახებ.
პატიმარ ქალთა ჩივილებს ამგვარი „თანასაკნელი ქალების“ მხრიდან ძალადობის შესახებ ისევე ახშობენ, როგორც ყბადაღებული „ტრანსფობიის“ გამოვლინებას. ნიშანდობლივია ამ მხრივ ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს დადგენილება ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლი ქალის საჩივართან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ ძალადობისთვის მსჯავრდებული მამაკაცების ქალთა ციხეებში მოთავსება სრულიად კანონიერია, თუ ისინი „ქალად თვითიდენტიფიცირების“ შესახებ აცხადებენ.
ტრანსგენდერული მოძრაობა განსაკუთრებით დამანგრეველი ბავშვებისა და მოზარდებისათვის აღმოჩნდა, რომელთა ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა იმას მიეწერებოდა, რომ ისინი „შესაფერ სხეულში არ დაიბადნენ“ და „სქესის შეცვლა“ სჭირდებათ. შვედეთის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მოზარდ გოგონათა რიცხვი, რომლებიც თავს ბიჭებად თვლიან, ამ ქვეყანაში 2008 წლიდან 2018 წლამდე 1500%-ით გაიზარდა.
ბავშვები და მოზარდები თავიდან იღებენ ეგრეთ წოდებულ puberty blockers – ანუ მძიმე ჰორმონალურ პრეპარატებს, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ნორმალური პროცესის ბლოკირებას ახდენს, შემდეგ კი დამასახიჩრებელ ოპერაციას იკეთებენ, რომელმაც მათი სხეული საწინააღმდეგო სქესის სხეულს უნდა დაამსგავსოს.
ამ ჯალათური მავნებლური პრაქტიკის წინააღმდეგ ნებისმიერი გამოსვლა (რომელიც მხოლოდ ქრისტიანებისგან არ მოდის) იდევნება, როგორც „ტრანსფობია“. მეტიც, ლგბტ-დღის წესრიგის იძულებით თავს მოხვევა იურიდიულ ხასიათს იძენს – რაც გარდაუვლად იწვევს როგორც ქრისტიანების, ისე ზოგადად მოქალაქეების უფლებების დარღვევას.
იდეოლოგიური იძულება და იურიდიული ზეწოლა
უკვე ჩვეულ ამბად იქცა იურიდიული ბრძოლა, დევნა და შევიწროება, რაც უკავშირდება მცდელობებს, აიძულონ ქრისტიანები – წვრილი მეწარმენი, მოემსახურონ ლგბტ-ღონისძიებებს. ამ თვალსაზრისით ნათელი მაგალითია ხაბაზი ჯეკ ფილიპსის ამბავი, რომელიც წლების მანძილზე იძულებული იყო თავი დაეცვა ლგბტ-აქტივისტების მცდელობებისგან, გაენადგურებინათ მისი ბიზნესი.
ეს ბრძოლები გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობს – აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი, უფრო კონსერვატიული შემადგენლობა არც თუ იშვიათად მორწმუნეთა სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებებს.
მაგრამ არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ საერთო იურიდიული ფონი დასავლეთის ქვეყნებში იხრება ქრიატიანული სარწმუნოებისა და მოძღვრობის პრაქტიკის კრიმინალიზაციისაკენ.
დასავლეთის ქვეყნებში ლგბტ-იდეოლოგიის სახელმწიფო ხასიათის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე. წ. „რეპარატიული თერაპიის“ – ანუ მცდელობის, დაეხმარონ ადამიანს (მისი სურვილის შემთხვევაში) ჰომოსექსუალურ ცხოვრების წესის დატევებაში – აკრძალვა.
როგორც, მაგალითად, რადიოსადგური „გერმანული ტალღა“ იუწყება, „ბუნდესრატმა მოიწონა კანონი, რომელიც კრძალავს ეგრეთ წოდებულ რეპარატიულ თერაპიას, რომელმაც თავის მიზნად გამოაცხადა ადამიანის სექსუალური გემოვნების შეცვლა ჰეტეროსექსუალურობის მიმართულებით. მსგავსი პროცედურების ჩატარებას შეიძლება ერთ წლამდე ვადით პატიმრობა მოყვეს, რეკლამა და შუამავლობა კი 30 ათას ევროიანი ჯარიმით ისჯება“.
შეტყობინებაში საგანგებოდაა დაზუსტებულია, რომ „ეს მცდელობები ხორციელდება არა მარტო ექიმების, ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების, არამედ ეკლესიებისა და რელიგიური თემების წარმომადგენლების მიერ“.
ეს ნიშნავს, მღვდელი, რომელიც თავის მრევლს ჰომოსექსუალური ცხოვრების წესისგან თავის დაღწევაში ეხმარება (რაშიც მდგომარეობს კიდეც მისი, როგორც მოძღვრის მოვალეობა), ამ კანონის მიხედვით დანაშაულს სჩადის.
ბრიტანეთში, სადაც „კონვერსიული თერაპიის“ აკრძალვის შემოღებას ჯერ მხოლოდ აპირებენ, ცნობილი ადვოკატი ფილიპ ჰოვერსი წერს, რომ ასეთი აკრძალვა ქრისტიანების ბევრ ყოველდღიურ მოქმედებას, მათ შორის სკოლასა თუ სახლში ურთიერთობას, უკანონოდ აქცევს.
იგულისხმება, რომ ფსიქოლოგიური კონსულტაციები, რომლებიც მოზრდილ ადამიანს, მისი სურვილის შემთხვევაში, უნდა დაეხმაროს უარი თქვას ჰომოსექსუალურ ცხოვრების წესზე, ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას. ამავე დროს ითვლება, რომ ჰორმონების დოზები და დამასახიჩრებელი ოპერაციები მოზარდისათვის „სქესის შეცვლის“ მიზნით ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს – პირიქით, დანაშაულად განიხილება მცდელობა, როცა ამგვარ ოპერაციაზე უარის თქმას ვურჩევთ ადამიანს.
ამასთან, როცა საუბარია ბავშვებზე, რომლებიც მოდისა თუ პროპაგანდის ზეგავლენით თავს „ტრანგენდერებს“ მიაკუთვნებენ, რიგ ქვეყნებში კანონი მშობლებს უკრძალავს რაიმე სახით ხელი შეუშალონ მათი „გადასვლის“ პროცესს. მაგალითად კანადელ ბობ ჰუდლანდს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა იმისთვის, რომ იყენებდა სიტყვებს „она“ და „её“ (მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი პირის ნაცვალსახელები) თავისი 14 წლის გოგონას მისამართით, რომელიც საკუთარ თავს „ბიჭად თვითიდენტიფიცირებდა“.
თავდასხმები და ვანდალიზმის აქტები
ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ზოგადად მტრული დამოკიდებულება, რომელსაც ნერგავს როგორც მას-მედია, ისე ხელისუფლება, თავს იჩენს ეკლესიებზე თავდასხმებისა და ვანდალიზმის აქტების მზარდ ტალღაში, რაც ვერც მედიის დიდ ყურადღებას იქცევს და ხელისუფლების მხრდანაც მას საკმაოდ დუნე რეაქცია მოჰყვება ხოლმე.
როგორც გეითსტოუნის ინსტიტუტი თავის ახლახან გამოცემულ მოხსენებაში იუწყება, 2019 წელს დასავლეთ ევროპას ანტიქრისტიანული ვანდალიზმის არნახულმა ტალღამ გადაუარა. ინსტიტუტმა „გააანალიზა ათასობით საგაზეთო ცნობა, პოლიციის ანგარიში, საპარლამენტო გამოძიებები და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული შეტყობინებები ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან“. კვლევები გვიჩვენებს, რომ დაახლოებით სამი ათასი ქრისტიანული ობიექტი – ეკლესია, სკოლა, სასაფლაო და მონუმენტები, 2019 წელს ვანდალიზმის, ძარცვის ან შეურაცხყოფის ობიექტად იქცა, რაც ანტიქრისტიანული მკრეხელობის რეკორდული მაჩვენებელია.
ყველაზე მეტი თავდასხმა ქრისტიანულ ობიექტებზე საფრანგეთში მოხდა, სადაც ეკლესები, სკოლები, სასაფლაოები და მონუმენტები დაარბიეს, შეურაცხყვეს ან გადაწვეს დღეში სამი ინციდენტის სიჩქარით. გერმანიაში პოლიციის ანგარიშების მიხედვით, დღეში დაახლოებით ორი მსგავსი ინციდენტი ხდებოდა.
მათ, ვინც ასეთ იერიშს ახორციელებს, – ცეცხლის წაკიდება, ძარცვა, შეურაცხყოფა, მოშარდვა და მოსაქმება წმინდა ადგილებში, წაბილწვა, სატანისტური წარწერების განთავსება და ვანდალიზმი, – იშვიათად იჭერენ. და ამ იშვიათ შემთხვევაშიც პოლიცია და მედია ხშირად მალავს ინფორმაციას მათი პიროვნებისა და წარმომავლობის შესახებ. დაკავებულებზე ხშირად ამბობენ, რომ მათ სულიერი აშლილობა აქვთ; ამიტომ ანტიქრისტიანული თავდასხმები, ჩვეულებრივ, არ განიხილება, როგორც „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები“ ...
კათოლიკურ ტაძრებზე თავდასხმებისას, განსაკუთრებით ხშირად ხდება წმინდა ძღვენის ხელყოფა, იესოსა და მარიამის ქანდაკებს კი ამსხვრევენ და შეურაცხყოფენ.
მოხსენების ავტორთა ცნობით, თავდასხმათა ნაწილი ევროპაში ახლახან ჩასული ექსტრემისტულად განწყობილი ლტოლვილების ჩადენილია, მაგრამ არა ყველა მსგავსი შემთხვევა. მოხსენებაში ნათქვამია:
«ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც ზოგიერთი რედიკალი ფემინისტები და რადიკალი სეკულარისტები პატრიარქალური ძალაუფლებისა დ ავტორიტეტის სიმბოლოდ აღიქვამს, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ასეთი თავდასხმები მოიცავს ეკლესიებისა და რელიგიური სიმბოლოების პოლიტიკური, უპირატესად, ანარქისტული და ფემინისტური ხასიათის წარწერებით დამახინჯებას. მაგალითად, ჟენევაში, შვეიცარია, „რეფორმაციის კედლის“ სახელით ცნობილი პროტესტანტული რეფორმაციის სახელგანთქმული ძეგლი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა, ის ლგბტ-ს შვიდფერი დროშის ფერებად შეღებეს“.
მოხსენებაში მოყვანილია რიგი სხვა კონკრეტული ფაქტებიც, რომელთა აქ მოყვანაც გაგვიძნელდებოდა, რადგან ამ სტატიის მოცულობა შეზღუდულია.
ზოგიერთი დასკვნა
დასვლეთში ტოტალიტარული იდეოლოგიის დამყარება, – რომელიც ყველასგან მისი სწავლების გაზიარებას მოითხოვს და, უპირველეს ყოვლისა, ოჯახზე, ქორწინებაზე, თვით ადამიანის – როგორც მამაკაცისა და ქალის – რაობაზე ბუნებითი შეხედულებების რადიკალურ გადასინჯვას, – ნიშნავს ქრისტიანთა მიმართ აღმსარებლობის თავისუფლების გარდაუვალ შეკვეცას და მათ სოციალურ გარიყვას. თუმცა არა მხოლოდ ქრისტიანების – ეს იდეოლოგია თრგუნავს სიტყვისა და სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას. მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს არა ვინმეს უფლებების დაცვის მოძრაობასთან, არამედ ანტიქრისტიანულ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან, რომელიც გლობალურ მასშტაბებს ესწრაფვის.